ოთარ კიტეიშვილი: სტუმრად "ალაშკერტთან" გოლი კი არა, იქნებ, გოლებიც გავიტანოთ!..

AutoSharing Option
თბილისის "დინამოსა" და ერევნის "ალაშკერტის" მატჩის მეორე ტაიმი ახალი დაწყებული იყო, მინდორზე თბილისური კლუბის 20 წლის ნახევარმცველი ოთარ კიტეიშვილი რომ გამოჩნდა. თამამად შეიძლება ითქვას, რომ კიტეიშვილმა თამაში საჩვენოდ დაატრიალა. ჯერ იყო და, მშვენიერი გოლი გაიტანა და მერეც, მთელ რიგ მომენტებში ძალიან აქტიური იყო და არაერთხელ გაამწვავა თამაში.

- დინამო-ალაშკერტი 2:0 - უფრო შემქმნელი, მრავალფეროვანი და საშიში [VIDEO+PHOTO]

"ლელო" კიტეიშვილს დაუკავშირდა და ინტერვიუ სთხოვა, რაზეც "დინამოს" ახალგაზრდა შუახაზელი სიამოვნებით დაგვთანხმდა...

- ოთარ, თავდაპირველად მეტოქის შესახებ უნდა გკითხოთ: რას ელოდით და რა
მიიღეთ?

- "ალაშკერტს" რაც შეეხება, შესაძლოა, არ იყო განსაკუთრებული სიძლიერის გუნდი, მაგრამ ჩვენ მთელი სერიოზულობით მივუდექით ამ თამაშს. სომხეთის ჩემპიონია, საკუთარ ქვეყანაში საუკეთესო გუნდია და, აქედან გამომდინარე, ბოლომდე ვაფასებდით და ახლაც ვაფასებთ მოწინააღმდეგეს. საბოლოო შედეგით უკმაყოფილების არანაირი საფუძველი არ გვაქვს. ორი გოლი გავიტანეთ და კარი "მშრალად" შევინახეთ, თუმცა კიდევ იყო მომენტები და შეგვეძლო, მეტიც გაგვეტანა.

- როგორ ფიქრობთ, რით იყო გამოწვეული ის გარემოება, რომ "დინამომ" პირველი ტაიმი მაღალ დონეზე ვერ ჩაატარა?
- ალბათ, რამდენიმე გარემოება დაემთხვა ერთმანეთს. პირველი ის, რომ სეზონის სასტარტო თამაში იყო და ამ დროს ყოველთვის გარკვეული დროა საჭირო ოფიციალური თამაშის რიტმში ჩასაჯდომად. ალბათ, გარკვეულწილად, ემოციის მომენტიც იყო და მეტოქესაც ვზვერავდით. მეორე ნახევარში მკვეთრად გამოსწორდა სიტუაცია - გოლებიც გავიტანეთ და საგოლე მომენტებიც ბლომად შევქმენით.

- საინტერესოა, თამაშის წინ რა დაგავალათ იურაი იარაბეკმა?
- პირველი რიგის ამოცანა ის იყო, რომ საკუთარ კარში არ გაგვეშვა გოლი და იქით რაც შეიძლებოდა მეტი გაგვეტანა. ამასთან, უნდა გვეთამაშა "პირველ ნომრად". ვფიქრობ, შევძელით ამ დავალებების შესრულება.

- პირადად თქვენ რა დავალება მოგცათ მწვრთნელმა, როცა სათამაშოდ გიხმოთ?
- განსაკუთრებული დავალება არ მოუცია. მითხრა - შენი ძალიან დიდი იმედი მაქვსო. ზოგადად, დავალება იყო, რომ უფრო აგრესიულად მეთამაშა მეც და ჩემს პარტნიორებსაც.

- თქვენ მიერ გატანილი გოლის ეპიზოდი გაიხსენეთ...
- გოლამდე იყო კარგი კომბინაცია. "კედელი" გათამაშდა და ვახტანგ ჭანტურიშვილისგან მივიღე ბურთი. ორი მცველი მედგა წინ, მაგრამ მაინც მოვახერხე ბურთის "გასწორება" და დაბალ კუთხეში დავარტყი.

- როგორ ფიქრობთ, როდის დადგა ამ თამაშში გარდამტეხი მომენტი?
- პირველი გოლის შემდეგ. "ალაშკერტი" იძულებული გახდა, მეტად გახსნილიყო, მეტი შეეტია. ჩვენ კი თავისუფალი ზონები დაგვრჩა და ეს კარგად გამოვიყენეთ. ერთ გოლს მეორე მოჰყვა, მერე კიდევ უნდა გაგვეტანა...

- ლადო დვალიშვილმა პირველად ითამაშა "დინამოში". როგორ ფიქრობთ, რა შესძინა მან გუნდს?
- ლადო ძალიან გამოცდილი თავდამსხმელია, საქართველოს ნაკრების ფორვარდია ბოლოს და ბოლოს. მან ძალიან კარგად ითამაშა. თქვენც დააკვირდებოდით, ყველა პირველი ბურთი მოიგო. მჯერა, მომავალშიც ძალიან დაეხმარება "დინამოს".

- რას ფიქრობთ ერევანში გასამართავი მატჩის წინ?
- რა თქმა უნდა, ეიფორიაში ჩავარდნა ან დამშვიდება არ ივარგებს. სანერვიულო ახლა "ალაშკერტს" უფრო აქვს, ვიდრე ჩვენ. ცხადია, მეტოქე შემოგვიტევს, ჩვენ კი ჩვენს შანსს დაველოდებით და იქნებ, გოლი კი არა, გოლებიც გავიტანოთ.

- "დინამო" ერთადერთი ქართული კლუბია, ევროთასებს რომ შემორჩა. ეს ფაქტორი როგორ მოქმედებს თქვენზე?
- ძალიან დასანანია, ევროპის ლიგას სამივე ქართული გუნდი რომ გამოეთიშა. ვიცი, ახლა მთელი საქართველო "დინამოს" უყურებს იმედით და ეს ჩვენს მოტივაციას აორმაგებს.

- თქვენი აზრით, შესაძლებლობების რამდენი პროცენტი აჩვენა "დინამომ" "ალაშკერტთან" თბილისურ შეხვედრაში და აქვს თუ არა გუნდს მომატების პოტენციალი?
- ასე პროცენტულად გამიჭირდება თქმა, მაგრამ ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ "დინამოს" მომატების პოტენციალი გააჩნია.

- ლეგიონერებზეც მინდა გკითხოთ: როგორ შეეწყვნენ ისინი "დინამოს"?
- ვფიქრობ, ბოლომდე შეეწყვნენ გუნდს. მაღალი დონის ფეხბურთელები და პროფესიონალები არიან. ნაყოფიერი შეკრება გაიარეს გუნდთან ერთად.

- როგორ გგონიათ, შეძლებს "დინამო" ჩემპიონთა ლიგის, ან ევროპის ლიგის ჯგუფში მოხვედრას?
- ყველას ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ შევძლებთ. რა თქმა უნდა, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში მოხვედრა სჯობია, მაგრამ უარს არც ევროპის ლიგაზე ვიტყვით.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 24 /
kvaxa-ს შენაირი .... ქართველები რომ ყავს საქართველოს იმტომააა წელში გამართული? სადაური დხარ რომელი რაიონიდან ოღმისგან არგასკდე.
თბილისელი
12:00 18-07-2016
0
დინამო!!! დინამო!!!
Temo
10:56 18-07-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული