უმძიმესი 8 თვე - გიორგი პაპავა მოედანს კვიპროსში დაუბრუნდება?

AutoSharing Option
როცა ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი გუნდის გაძლიერებას ცდილობს და ახალ "სისხლს" ეძებს, ერთ-ერთი ფეხბურთელი, რომელსაც ეროვნული ნაკრებისთვის სარგებლის მოტანა შეუძლია, გიორგი პაპავაა.

მერვე თვეა, რაც ის მოედანს აღარ გაჰკარებია და ბევრმა დაივიწყა კიდეც. მაგრამ ეს უნივერსალი ფეხბურთელი ჯერ 23 წლისაა და მთელი კარიერა წინ აქვს...

გიორგი პაპავას "ჯვაროსნების" შემადგენლობაში 3 მატჩი აქვს ჩატარებული. მისი კარიერა აღმავალი ხაზით მიდიოდა. ჯერ კვიპროსულ "ნეა სალამინაში" თამაშობდა და მოლაპარაკება ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ბერძნულ კლუბ ათენის აეკ-თან ჰქონდა, სადაც თავის დროზე თემურ ქეცბაია თამაშობდა.

მაგრამ
ზაფხულში ყველაფერი აირია. აეკ-თან მოლაპარაკება არ შედგა. "ნეა სალამინას" ბიუჯეტი გაუნახევრდა და შესაბამისად, პაპავასაც პირობები გაუუარესდა - ქართველმა ერთწლიანი კონტრაქტი საკუთარი ნებით დაარღვია და კვიპროსული კლუბიდან წამოვიდა.

ასე მოულოდნელად აღმოჩნდა საყრდენი ნახევარმცველი აეკ-ის ნაცვლად გორის "დილაში" და ერთი წლის წინ ამ გუნდს ბელგრადის "პარტიზანთან" ჩემპიონთა ლიგის მატჩებზე დაეხმარა. მერე კი დაშავდა და ახალი სეზონის დაწყებას, ჯერჯერობით, უგუნდოდ ხვდება.

"შარშან ნოემბერში დავშავდი. ქობულეთის "შუქურას" თავდამსხმელთან შეჯახებისას მუხლი ამომიტრიალდა და საშინელი ტკივილი ვიგრძენი. აღმოჩნდა, რომ ჯვარედინი იოგი იყო დაზიანებული. მას შემდეგ მერვე თვე გავიდა.

ნოემბერში გერმანიაში ოპერაცია გამიკეთეს და კარგა ხანს რეაბილიტაციას გავდიოდი. მიხარია, რომ ამ პერიოდში გვერდში ბევრი კარგი ადამიანი დამიდგა. ოპერაციისთვის აუცილებელი 10 ათასი ევრო მამუკა ჯუღელმა გადაიხადა, რეაბილიტაციის 70 პროცენტი კი - "იმედი L-მა", რადგან ხელფასის ნაწილს ამ სადაზღვევო კომპანიაში ვრიცხავდი...

სხვათა შორის, მიუხედავად იმისა, რომ გორის "დილას" ვეღარ ვეხმარებოდი, გუნდი თანხას პატიოსნად მირიცხავდა.

ადამიანი ყველაფერს გადაიტანს და გაუმკლავდება. მაგრამ უფეხბურთოდ გატარებული 8 თვე ჩემს ცხოვრებაში ყველაზე საშინელი პერიოდი იყო", - ამბობს პაპავა.

მან ვარჯიში ცოტა ხნის წინ განაახლა:

"ისე დაემთხვა, საქართველოში სეზონი რომ დასრულდა, ჩემი ოპერაციიდან 6 თვე იყო გასული. იდეალური ვარიანტი იყო, რადგან ვარჯიშის ექვს თვეში დაწყება სარისკოა, ახლა კი რეაბილიტაცია მშვიდად დავასრულე და გერმანელმა ექიმმა, რომელმაც ოპერაცია გამიკეთა, სრული დატვირთვით ვარჯიშის ნება დამრთო.

თავს ძალიან კარგად ვგრძნობ და შემიძლია, ახალ გუნდში ჩავირიცხო. დარწმუნებული ვარ, აგვისტოს ბოლოს ფორმაში ვიქნები და ახალ გუნდს დავეხმარები".

პაპავამ არც ის დეტალები დამალა, აქამდე კონტრაქტი რატომ არ გააფორმა:

"დროებით საქართველოში თამაში მსურდა. რადგან ჯვარედინ იოგებზე ოპერაციის შემდეგ ხელოვნურ საფარზე დატვირთვა სარისკოა, ისეთ გუნდში ჩარიცხვა მსურდა, რომელიც ბალახისაფარიან მოედანზე ვარჯიშობს და თამაშობს.

სხვათა შორის, მე განსაკუთრებულ ხელფასს და პირობებს არც ვითხოვდი, რადგან ამ ეტაპზე მთავარი სათამაშო პრაქტიკა იყო.

თბილისის "ლოკომოტივსა" და კიდევ ორიოდე გუნდს ველაპარაკე. მაგრამ მე მხოლოდ ნახევარწლიანი ხელშეკრულების გაფორმება მსურდა, რადგან წასვლაზე ვფიქრობ. მათ კი წელიწადნახევრიან კონტრაქტზე ნაკლები არ აწყობდათ და ეს ვარიანტი ჩაიშალა".

ამის მიუხედავად, ახალგაზრდა ფეხბურთელი იმედიანადაა განწყობილი:

"შესაძლოა, მალე კვიპროსის უმაღლესი დივიზიონის კლუბ ახნას "ეთნიკოსში" გადავიდე, სადაც სამი ქართველი თამაშობს - ელგუჯა გრიგალაშვილი, რეზო ბარაბაძე და ნიკა კაჭარავა. ეს ვარიანტიც მამუკა ჯუღელის დახმარებით გამოჩნდა.

გამორიცხული არ არის, კვიპროსში მალე წავიდე და ფორმის აღდგენამდე ვივარჯიშო. მაქვს კიდევ ერთი წინადადება და მალე მეცოდინება, კარიერას რომელ კლუბში გავაგრძელებ".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული