პირველი ასეთი პრესკონფერენცია თბილისის "დინამოს" პრეზიდენტმა, ბატონმა რომან ფიფიამ მოაწყო.
- პირველ რიგში, მინდა ვისარგებლო შემთხვევით და დიდი მადლობა მოვახსენო მასმედიის წარმომადგენლებს, რომლებმაც "ალაშკერტთან" დაპირისპირება გააშუქეს. უკლებლივ ყველა საინფორმაციო საშუალების თანადგომას ვგრძნობდით, რაც, მერწმუნეთ, ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის. ჩვენ ყველა მსურველ ჟურნალისტს ხელი შევუწყვეთ
"დინამო" აფასებს ჟურნალისტებს და მათ საქმიანობას. განსაკუთრებული მადლობა ელექტრონული მედიის წარმომადგენლებს, ასეთი რაოდენობით ისინი არასდროს ყოფილან წარმოდგენილნი გასვლით მატჩზე. ვფიქრობ, ჩვენი პრესსამასახურის მხრიდან ეს სწორი გადაწყვეტილება იყო.
ახლა კი შევეცდები ამომწურავად გაგცეთ პასუხები თქვენს საინტერესო შეკითხვებზე.
- როგორ შეაფასებდით "ალაშკერტთან" მატჩს და რას ფიქრობთ ზაგრების "დინამოსთან" ჩვენს შანსებზე?
- "დინამომ" პირველი ტაიმი საკმაოდ კარგად ითამაშა - რაც მთავარია, გაიტანა გოლი. თუმცა რამდენიმე რეალური საგოლე მომენტი გაანიავა. ძალიან ცხელოდა და შეუძლებელი იყო ტემპის შენარჩუნება, მით უმეტეს, იმ დროს, როდესაც მთავარი მიზანი უკვე მიღწეული იყო და შემდეგ ეტაპზე გამსვლელის ვინაობა პრაქტიკულად გარკვეული.
ბიჭების მესმის, ისინი ფიქრით შემდეგ ეტაპზე იყვნენ. თან არ დაგვავიწყდეს, რომ მატჩს ხორვატი "მზვერავები" ესწრებოდნენ.
რაც შეეხება მომავალ ეტაპს - ზაგრებთან უშანსოდ ნამდვილად არ ვართ. ვუყურე ამ გუნდის შეხვედრებს და "ვარდარი" არაფრით ჩამოუვარდებოდა. თითქმის ბოლომდე არ იყო გარკვეული, თუ ვინ გავიდოდა. ჩვენი მწვრთნელი ესწრებოდა ამ შეხვედრას, თვითონ ნახა მეტოქის შესაძლებლობები. ხორვატთა ჩემპიონს თამაშის დასამალად ნამდვილად არ ეცალა.
ასე რომ, იურაის ხელშია ახლა მომავალი შეხვედრის ტაქტიკის შერჩევა და სტრატეგიის გათვლა. დარწმუნებული ვარ, არც ის და არც ფეხბურთელები მცდელობას არ დააკლებენ. ამ დაპირისპირებაში ჩვენი გუნდის მიზანი შემდეგ ეტაპზე გასვლაა.
- იარაბეკს "დინამოსთან" ერთწლიანი კონტრაქტი აკავშირებს... რამდენად იქნება დამოკიდებული სლოვაკი სპეციალისტის მომავალი ევროთასებზე ნაჩვენებ შედეგზე?
- ჩვენი შეთანხმების მთავარი პუნქტი და ჩემი მოთხოვნა იყო, "დინამო" გავიდეს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე.
- როგორც არ უნდა დასრულდეს ჩვენთვის ევროტურნირი, იგეგმება თუ არა გუნდის ბირთვის შენარჩუნება?
- როგორც არ უნდა დამთავრდეს - ასე ვერ განვიხილავ! გუნდმა ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ დამთავრდეს წარმატებით. კიდევ ერთხელ ვამბობ: "დინამოს" მთავარი ამოცანა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გასვლაა!
ვინც იმსახურებს და სურვილი აქვს, რა თქმა უნდა, უნდა, დარჩება; ვისაც წასვლა უნდა, ეს მათთვის მიმინდვია, თავად დაფიქრდნენ და გადაწყვიტონ, ყველაფერზე მოვრიგდებით. მით უმეტეს, თუ მიზანი მიღწეულ იქნა. არადა, ვხედავ, რომ "დინამოს" ეს შეუძლია..
ახლა ბოლომდე მონდომება და იმის დაჯერებაა საჭირო, რომ მათ ეს გამოუვათ.
- განვითარების რა სტადიაზეა "დინამო" და თქვენი გათვლებით, როდის მიიღებთ იმ შედეგს, რისთვისაც ამდენი შრომა და ფინანსები გაიღეთ?
- მადლობა ღმერთს, კლუბში ყველაფერი დალაგებულია და შემიძლია ვთქვა, რომ ამ მხრივ ევროპული ოჯახის სრულუფლებიანი წევრი ვართ. ვაკმაყოფილებთ საერთაშორისო სტანდარტებს და პარამეტრებს. თუმცა ამის მიღწევა ერთ დღეში არ მომხდარა, ეს ურთულესი პროცესია.
ინფრასტრუქტურის გამართვაც არ ყოფილა იოლი, მაგრამ აქვე უნდა ვაღიარო, რომ თუ სპორტული შედეგიც ადეკვატური არ იქნა, ამ ოდენობის ბიუჯეტის ხარჯვა, ჩვენი ჩემპიონატის პირობებში შეუძლებელია. მით უმეტეს, თუ შედეგი არ არის დამაკმაყოფილებელი. ეს კარგად უნდა გაითავისოს ყველამ.
დიახ, მე ყველაფერს გავიღებ წარმატების მისაღწევად და მიზანს თუ მივაღწევთ, არავის არაფერი დააკლდება. მე ყოველთვის ბოლომდე ვიხარჯები, ვტვირთავ ჩემს თავს და მენეჯმენტს, ჩემი გული და კაბინეტის კარი მუდამ ღიაა ფეხბურთელებისთვის და მათგანაც ვითხოვ თავდადებას.
სწორად გამიგეთ, ამდენ თანხას და ენერგიას, მხოლოდ პირადი სიამოვნებისთვის არ ვხარჯავ. ამას იმიტომ ვაკეთებ, რომ ჩვენი ხალხი გავახარო, გულშემატკივარი მინდა, რომ კვლავ გაღიმებული დადიოდეს სტადიონზე.
- "დინამოზე" არანაკლებ ყურადღებას აქცევთ აკადემიას...
- ვიტალი დარასელიას სახელობის ტურნირმა ყველას გვაჩვენა, რომ უნიჭიერესი თაობა გვეზრდება. მათი დიდ ფეხბურთელებად ჩამოყალიბება ჩემი მთავარი მიზანია. ისინი იქნებიან პირველი მოსავალი, რომელსაც "დინამოს" აკადემია მოგვიტანს და ეს სისტემატური უნდა გახდეს.
"დინამომ" ძირითადი შევსება აკადემიიდან უნდა მიიღოს. ამისთვის, ჩვენ მომავალ სეზონშიც ვგეგმავთ ვიტალი დარასელიას სახელობის საერთაშორისო ტურნირის მასპინძლობას 19-წლამდელთა შორის. ასევე, ვმუშაობთ მეორე ტურნირის, უკვე 15 წლამდე ფეხბურთელთა შორის მოსაწყობად. არ მოაკლდებათ მათ უცხოურ ტურნირებზე გამოსვლაც.
გავითვალისწინოთ რომ პირველ ეტაპებზე მსაჯები პანტა-პუნტით გვიგდებენ ფეხბურთელებს მოედნიდან.
საერთაშორისო სტანდარტები რომ დააკმაყოფილოთ გუნდმა 90 წუთში 400-დან 700 სპრინტამდე უნდა გააკეთოს. "დინამომ" კი პირველ თამაშში მხოლოდ 56 და მეორეში 49 სრპინტი გააკეთა.
ჯგუფურ ეტაპზე მოხვედრა ყველა ქართველი გულშემატკივარის ოცნებაა, მაგრამ ამ კომპონენტის გარეშე ეს წარმოუდგენელია.
ჩემი მოსწავლეებიდან 90 წუთში ნებისმიერი აკეთებს 45 სპრინტს და თუ ვინმეს დააინტერესებს შემიძლია გამოცდილება გავუზიარო.
გულშემატკივრებო, 2 აგვისტოს სტადიონზე ყოფნით დავეხმაროთ "დინამოს" გასვლით თამაშზე დაფიქსირებული ანგარიშის მიუხედავად!