დინამო (თბ) VS დინამო (ზ) - ძნელი, მაგრამ არა შეუსრულებელი

AutoSharing Option
დღევანდელი მატჩი თბილისის "დინამოსათვის" მართლაც განსაკუთრებულია: ზაგრების "დინამოს" ბარიერის დაძლევის შემთხვევაში ჩვენი ყველაზე ტიტულიანი გუნდი ხომ პირველად მოიპოვებს ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფში ასპარეზობის უფლებას!

ჰო, აქამდე არასდროს მომხდარა, თბილისის "დინამოს" ჩემპიონთა ლიგის ორი ეტაპი წარმატებით რომ დაეძლია და ამ ტურნირის პლეი ოფში ეთამაშა, იმ პლეი ოფში, საიდანაც ერთი ნაბიჯიღა რჩება ასე ნანატრ და სანუკვარ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპამდე...

...ალბათ, არავინ იდავებს იმაზე, თუ როგორი ძნელი იქნება ჩვენი ჩემპიონისათვის ორბურთიანი ჩამორჩენის გაბათილება; თუმცა, იმასაც ვერ ვიტყვით, რომ "დინამოს" მწვრთნელ-ფეხბურთელებს შეუძლებელი მისია
აკისრიათ: მეტოქისადმი დიდი პატივისცემის მიუხედავად, მაინც მიგვაჩნია, რომ ზაგრების "დინამოსთან" ჩვენთვის სასურველი ანგარიშის მიღწევა სულაც არ უნდა განეკუთვნებოდეს ფანტასტიკის სფეროს.

ასეთი ოპტიმისტური განცხადების საფუძველს კი დღევანდელ მეტოქეთა კვირის წინანდელი დაპირისპირებაც გამოდგება, სადაც, იმ კოშმარულ სამწუთიან მონაკვეთს (როცა კონცენტრაციის დაკარგვა ორ გაშვებულ გოლად დაგვიჯდა) თუ არ ჩავთვლით, ხორვატიის დედაქალაქში ჩვენს ჩემპიონს ურიგოდ ნამდვილად არ უთამაშია.

რაც მთავარია, დინამოელთა თამაშში მეტოქისადმი შიში არ იგრძნობოდა და ქართველ გულშემატკივართა ძალიან დიდი ნაწილიც ვერ დარჩებოდა გულგრილი ჩვენი ჩემპიონის თამამი და, რაც მთავარია, შემტევი სათამაშო სტილით. სხვა საქმეა, თუ რა შედეგი მოგვიტანა გასვლით მატჩში ასეთმა შემტევმა ტაქტიკამ, თანაც, ჩვენი "დინამოსგან" განსხვავებით, ზაგრებელებმა სულაც 2 გოლი გაიტანეს.

იმ გოლებზეა ლაპარაკი, რომელთა გაბათილებაც მოუწევს დღეს ჩვენს ჩემპიონს და იმაშიც ღრმად ვართ დარწმუნებულნი, რომ როგორც თბილისის "დინამოს" ფეხბურთელები არ დააკლებენ ცდას საბოლოო წარმატებისთვის, ასეთივე განწყობა იქნება "დინამო არენის" ტრიბუნებზეც!

ასეთ დროს გულშემატკივრის მხარდაჭერა მთლად გადამწყვეტი თუ არა, უმნიშვნელოვანესი ფაქტორია და ყოველივე ეს ნამდვილად არ ესწავლებათ დიდ გამარჯვებებს მონატრებულ ქართველ ქომაგებს!

02.08. თბილისი. "დინამო არენა". 21:00. LIVE "I არხზე"
დინამო (თბილისი)-დინამო (ზაგრები)

პირველი მატჩი საქართველოს ჩემპიონმა 0:2 წააგო, თუმცა არის იმედი, რომ ჩვენი "დინამო" რთულ ამოცანას წარმატებით გაართმევს თავს და ეს გუნდის მთავარმა მწვრთნელმა იურაი იარაბეკმაც აღნიშნა გუშინდელ პრესკონფერენციაზე. მას თან "დინამოს" მცველი უჩა ლობჟანიძეც ახლდა.
თავიდან სიტყვა იურაი იარაბეკმა აიღო...

- ჩემი აზრით, 2 აგვისტოს იქნება დღესასწაული. ზაგრების "დინამო" ძალიან კარგი გუნდია, მაგრამ ჩვენ შანსი აუცილებლად გვექნება. თუნდაც ის რად ღირს, რომ მეტოქის 15 ფეხბურთელი თამაშობს სხვადასხვა ნაკრების შემადგენლობაში...

რაც შეეხება ზაგრებში გამართულ შეხვედრას, იქ სულ სამი წუთით დავკარგეთ კონცენტრაცია და ეს ძვირად დაგვიჯდა. ჩვენ ჩვენი შანსის გამოყენებას შევეცდებით. მჯერა, რომ სტადიონზე ბევრი გულშემატკივარი მოვა და თავიდან ბოლომდე გვიქომაგებს.

- ითამაშებს თუ არა გიორგი ქვილითაია?
- გიორგის ტრავმა აქვს და ის ისედაც ვერ ითამაშებდა დღევანდელ შეხვედრაში, თან ვენის "რაპიდში" სამედიცინო შემოწმება უნდა გაიაროს. ვფიქრობ, "ალაშკერტთან" გატანილი გოლი მისთვის ამ ეტაპზე ბოლო იყო "დინამოს" მაისურით.

- რა იქნება "დინამოს" კოზირები 2 აგვისტოს მატჩში?

უჩა ლობჟანიძე:
- მწვრთნელის გადასაწყვეტია, რა კოზირებს გამოიყენებს. მან არაერთხელ გააანალიზა ზაგრების "დინამოს" თამაში და მოგვცა ფასეული მითითებები. რაც შეეხება იმ სამწუთიან ჩავარდნას, ასეთი რამ ფეხბურთში ხდება ხოლმე, როცა ერთ გოლს უშვებ, უცებ კარგავ კონცენტრაციას და უშვებ მეორესაც. ყველას დიდი იმედი გვაქვს, რომ საპასუხო მატჩში წარმატებით ვითამაშებთ.

- ანუ გჯერათ, რომ ზაგრებული ბარიერის გავლა შესაძლებელია?
- ამის რომ არ გვჯეროდეს, აქ არც ვიქნებოდით. რა თქმა უნდა, გვჯერა, რომ ეს შესაძლებელია.

- ზაგრებში "დინამომ" "პირველ ნომრად" ითამაშა. რამდენად შეძლებთ თბილისურ მატჩში, რომ თავიდან აირიდოთ მეტოქის მწვავე კონტრშეტევები?

იურაი იარაბეკი:

- ზაგრებში ჩვენი მთავარი ამოცანა იყო, როგორმე გოლი არ გაგვეშვა. მას შემდეგ, რაც პირველ ტაიმში ჩამოვრჩით ორი ბურთით, შეცვლაზე შევუშვით ნიკა გელაშვილი, თუმცა გატანა მაინც ვერ მოვახერხეთ... რა თქმა უნდა, საპასუხო შეხვედრაში ჩვენ სხვანაირ, გაცილებით შემტევ ტაქტიკას ავირჩევთ. ანუ ბევრს შევუტევთ! ყველანაირად ვეცდებით, რომ გულშემატკივარიც ბოლომდე ავიყოლიოთ.

- ძირითად შემადგენლობაში თუ გეგმავთ ცვლილებებს?
- მაპატიეთ, მაგრამ ამ კითხვას თამაშის დაწყებამდე არასოდეს ვპასუხობ.

- გიორგი ქვილითაია ასეთი მნიშვნელოვანი თამაშის წინ გუნდიდან გაუშვით თუ მან თავად ისურვა "დინამოდან" წასვლა?
- "დინამომ" ვენის "რაპიდისგან" კონკრეტული შეთავაზება მიიღო. გიორგის კლუბთან კონტრაქტი ჰქონდა... ისე, ვენის "რაპიდში", ავსტრიის ასეთ სახელოვან კლუბში ფეხბურთელის გაყიდვა გარკვეული რეკლამაა "დინამოსთვისაც" და ზოგადად, ქართული ფეხბურთისთვისაც. განა ასე არ მოიქცა ზაგრების "დინამოც" მარკო პიაცას შემთხვევაში?

- როგორია "დინამოს" ფსიქოლოგიური მდგომარეობა?
- ყველა საბრძოლველად არის განწყობილი. ჩვენ უნდა შევუტიოთ. მოწინააღმდეგე ძალიან ძლიერი გუნდია, ოთხი-ხუთი მაღალი დონის ინდივიდუალისტი ჰყავს - როგი, ჩორიჩი, სუდანი, ფერნანდესი... ისინი მაღალი დონის ფეხბურთელები არიან.

- ჩორიჩს განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევთ?
- ჩორიჩს უნდა ვეთამაშოთ ძალიან ახლოს, არ უნდა მივცეთ სივრცე. ეს ჩვენმა ფეხბურთელებმა კარგად იციან. მას პასის დიდებული კულტურა აქვს.

* * *
...ამის შემდეგ დაიწყო თბილისის "დინამოს" ვარჯიში, რომელიც მედიისთვის 15 წუთში დაიხურა. ინდივიდუალურად ივარჯიშა მასპინძელთა ბულგარელმა ლეგიონერმა სტეფან ველევმა.

ამის შემდეგ დარბაზში ხორვატიული "დინამოს" დამრიგებელი ზლატკო კრანჩარი და ზაგრებელთა მარცხენა მცველი იოსიპ პივარიჩი შემოვიდნენ. თავიდან კრანჩარმა დაიწყო...

- ჩვენ ძალიან რთულ თამაშს ველოდებით. 2:0 მოვიგეთ, მაგრამ ისე უნდა ვითამაშოთ, თითქოს ანგარიში არის 0:0. ძლიერი მოწინააღმდეგე გვყავს და სტადიონზეც ძალიან ბევრი ქომაგი მოვა. ჩვენი მიზანია ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გასვლა და ამისათვის ყველაფერს გავაკეთებთ.

იოსიპ პივარიჩი:
- პირველი მატჩის შედეგის მიუხედავად, ჩვენ ძალიან რთულ შეხვედრას ველოდებით. "დინამოს" ბევრი ქომაგი დაუჭერს მხარს. ვეთანხმები მწვრთნელს: ჩვენ გვაქვს ერთადერთი ამოცანა - შემდგომ ეტაპზე გასვლა და ამისთვის ბოლომდე ვიბრძოლებთ.

- საინტერესოა, თბილისის "დინამოდან" რომელ ფეხბურთელებს გამოარჩევდით?

ზლატკო კრანჩარი:
- არ მინდა, ვინმე გამოვარჩიო. ჩემზე მთლიანად გუნდმა მოახდინა კარგი შთაბეჭდილება.

- თბილისში ოპტიმალური შემადგენლობით ჩამოხვედით?
- არა. სამწუხაროდ, მაჩადო დაგვაკლდება.

- ტაქტიკას თუ შეცვლით?
- ეს არ არის პრესკონფერენციაზე სალაპარაკო თემა...

- ბოლო მატჩში ზაგრების "დინამომ" შინ ფრედ ითამაშა ხორვატიის ჩემპიონატში. თბილისის "დინამოსთან" თამაშზე ფიქრობდით თუ გადაღლილობის ბრალი იყო?
- რამდენიმე ფეხბურთელი დავასვენეთ და, ამავე დროს, გარკვეულ ტაქტიკურ სიახლეებსაც მივმართეთ.

- თბილისში აქცენტს სწრაფ გოლზე გააკეთებთ?
- ამის აუცილებლობას ვერ ვხედავ. ჩვენს შანსს დაველოდებით და ვეცდებით, გამოვიყენოთ მეტოქის შეცდომები.

ჩვენი მეგობარი ივო
ზაგრებში თბილისის "დინამო" მომეწონა
ზლატკო კრანჩარის პრესკონფერენცია რომ დასრულდა, ჩვენი კოლეგა და მეგობარი ლევან სალუქვაძე დარბაზში ივო შუშაკს შემოუძღვა - თბილისის "დინამოსა" და საქართველოს ნაკრების ყოფილ მწვრთნელს, საქართველოს დიდ ტრფიალს, ფეხბურთის ჩინებულ მცოდნეს, უბრალოდ - დიდებულ ადამიანს.

Sportall.Ge

ბატონმა ივომ ძველი მეგობრები გულში ჩაგვიკრა და მერე გავისაუბრეთ კიდეც...

- 2:0 კარგი ანგარიშია ზაგრების "დინამოსთვის", მაგრამ ყველაფერი თბილისში გადაწყდება. წინ კიდევ 90 წუთია სათამაშო და, შეიძლება, მეტიც. ერთიცაა - ზაგრების "დინამო" ვერ არის იდეალურ ფორმაში.

- ვიცით, რომ საქართველოში განსაკუთრებით კარგად გრძნობთ თავს...
- ჩემთვის უზომოდ სასიამოვნოა საქართველოში ყოფნა, ძველი მეგობრების ნახვა... პირდაპირ შემიძლია ვთქვა, რომ დღეს ძალიან ბედნიერი ვარ.

- პირველ თამაშზე რას იტყვით?
- ზაგრებში თბილისის "დინამო" მომეწონა. განსაკუთრებით კარგად ითამაშეს პირველი 40 წუთის განმავლობაში. ზაგრებში კრანჩარს შეგნებულად არ დაუთმია სივრცე "დინამოსთვის". მომეწონა თბილისელების ორგანიზებული თამაში. სამწუხაროა, რომ საპასუხო მატჩის შემდეგ ერთ-ერთი გუნდი გამოეთიშება ჩემპიონთა ლიგას. ჩემთვის ხომ ორივე ახლობელი კლუბია...

- საქართველოში ყოველთვის ყურადღებით ადევნებენ თვალს ივო შუშაკის საქმიანობას. ამჟამად რითი ხართ დაკავებული?
- სამი კვირის წინ ჩამაბარეს ზაგრების "დინამოს" აკადემია. დილიდან საღამომდე ვშრომობ. უდიდეს სიამოვნებას ვიღებ ფეხბურთისგან.

- დინამო (ზ) - დინამო (თბ) 2:0 - სამწუთიანი კოშმარის საფასური [VIDEO]

ავტორები: გია ტუხაშვილი ალეკო კაკაურიძე
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 34 /
ავკრძალოთ ფეხბურთი საქართველოში და ყველა დავისვენებთ. მივხედოთ რაგბს
koba
22:42 02-08-2016
0
არ გვეშველება არა. ქართული ფეხბურთი უშველებელი, ერთი დიდი პრობლემაა
გივი
21:54 02-08-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული