ისტორიიდან: როდის შეძლო ბოლოს "დინამომ" ორბურთიანი სხვაობის აღმოფხვრა

AutoSharing Option
თბილისის "დინამოს" ევროტურნირებზე დებიუტი 1972 წელს ჰქონდა და იქიდან მოყოლებული, ექვსჯერ მოხდა, როცა სტუმრად ჩატარებულ მატჩში ორბურთიანი სხვაობით დამარცხდა.

ამ ექვსი შემთხვევიდან თუ რამდენჯერ მოვახერხეთ ამ ორბურთიანი ჩამორჩენის აღმოფხვრა და მომდევნო ეტაპზე გასვლა, ამას ქვემოთ გაიგებთ...

შენგელიას სუპერგოლმაც ვერ გვიშველა...
ევროტურნირებზე პირველ მატჩში ორბურთიანი სხვაობის გაბათილება ძველ "დინამოსაც" უჭირდა. არადა, იმ "დინამოზეა" ლაპარაკი, გასული საუკუნის 70-იანი წლების ბოლოსა და 80-იანების დასაწყისში სამართლიანად რომ მიიჩნეოდა ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო გუნდად...

პირველი ასეთი შემთხვევა 1978 წლის შემოდგომაზე მოხდა, როცა უეფას თასის 1/16-ფინალში "დინამოს" მეტოქე
დასავლეთ ბერლინის "ჰერტა" იყო. ამ ორრაუნდიანი დაპირისპირების წინ ქართველი გულშემატკივრები საკმაოდ ოპტიმისტურად იყვნენ განწყობილნი: ნოდარ ახალკაცის დამოძღვრილმა "დინამომ" ხომ 1/32-ფინალში "ნაპოლის" აჯობა ორი მატჩის ჯამში (2:0, 1:1).

თუმცა, "ჰერტასთან" ვერაფერს გავხდით: დასავლეთ ბერლინში გამართული პირველი მატჩი მასპინძელთა გამარჯვებით (2:0) დამთავრდა, საპასუხო შეხვედრაში კი რამაზ შენგელიას მიერ გატანილი ერთადერთი გოლი საკმარისი არ აღმოჩნდა. ისე, გოლი მართლაც დიდოსტატური იყო - საჯარიმოსთან ზურგით მყოფმა ბურთი მიიღო თუ არა, ერთი მოძრაობით მეურვესაც დაუსხლტა და მერე მეტოქის კარსაც ზუსტად დაუმიზნა, თანაც, ეს ყველაფერი წამებში მოახერხა...

ისევ გერმანული ფაქტორი...
მომდევნო სეზონში "დინამოს" პირველად უნდა მიეღო მონაწილეობა ჩემპიონთა თასზე. წილისყრამ საწყის ეტაპზევე ისეთი გრანდი შეგვახვედრა, წყვილის უპირობო აუტსაიდერად ყველა რომ "დინამოს" მიიჩნევდა - იმ დროისათვის მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო კლუბი "ლივერპული"!

პირველად სწორედ მაშინ აღიარა საფეხბურთო ევროპამ ნოდარ ახალკაცის სამწვრთნელო გენიაც და ჩვენი ფეხბურთელების ოსტატობაც.

აბა, მართლაც ვინ იფიქრებდა, რომ ჩემპიონთა თასისა და უეფას თასის ორ-ორგზის მფლობელი გუნდი პირველ მატჩში მოპოვებული მინიმალური გამარჯვების (2:1) შემდეგ თბილისში სასტიკად განადგურდებოდა?!.

1979 წლის 3 ოქტომბერს, 100 000-ზე მეტი (!) გულშემატკივრით შეგულიანებულმა "დინამომ" 3:0 გაიმარჯვა საპასუხო შეხვედრაში და მერვედფინალშიც გავიდა.

თუმცა, წილისყრამ ამჯერადაც გაგვწირა: მეტოქედ გვერგო იმდროინდელი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის უძლიერესი გუნდი "ჰამბურგი", რომლის შემადგენლობაში არაერთი მაღალი კლასის ფეხბურთელი თამაშობდა ინგლისელი ვარსკვლავის, კევინ კიგანის "თამადობით".

ვარსკვლავები იმდროინდელ "დინამოსაც" არ აკლდა და ერთ-ერთმა მათგანმა, დავით ყიფიანმა სულაც გახსნა ანგარიში (დიდოსტატური გოლით) პირველ, ჰამბურგულ მატჩში. თუმცა, უპირატესობის შენარჩუნება ვერ შევძელით, ისე, როგორც ვერაფრით ავლაგმეთ "ჰამბურგის" მარჯვენა მცველის, მანფრედ კალტცის გაუთავებელი ფლანგური რეიდები და გამჭოლი გადაცემები. სტუმრად 1:3 დავმარცხდით...

ამის მიუხედავად, 1979 წლის 7 ნოემბერს, ჩვენს უმთავრეს საფეხბურთო სარბიელზე შეკრებილი 80 000 გულშემატკივარი მაინც იმედიან განწყობაზე იყო: ერთი თვით ადრე თუ "ლივერპულის" კარში მოახერხა "დინამომ" სამი გოლის გატანა, "ჰამბურგთან" ორბურთიანი ჩამორჩენის აღმოფხვრა რაღა უნდა ყოფილიყო?..

სამწუხაროდ, კიგანის შეჩერება ვერც თბილისში შევძელით, არადა, საპასუხო მატჩის დასაწყისი ისეთი იყო, უკეთესს ვერც ვინატრებდით: ჩვენმა კიდევ ერთმა ვარსკვლავმა, ვლადიმერ გუცაევმა მე-5 წუთზე გაიტანა გოლი და კიდევ ერთი ბურთი გვაშორებდა ჩემპიონთა თასის მეოთხედფინალს, თუმცა...

ბრანკო ზებეცის დამოძღვრილმა გერმანულმა გუნდმა სათავისოდ შემოატრიალა თამაში და თბილისშიც მოგვიგო - 3:2.

მესამე და წარმატებული!
საბჭოთა კავშირის სახელით მოასპარეზე თბილისის "დინამომ" ევროტურნირებზე უკანასკნელად 1987 წელს იასპარეზა და სულ მცირედი დააკლდა უეფას თასის მეოთხედფინალში გასასვლელად.

1/32-ფინალში "დინამოს" მეტოქე ბულგარეთის "ლოკომოტივი" იყო და სოფიაში ჩატარებულ მატჩში მასპინძლებმა, ერთი შეხედვით, კომფორტული, ორბურთიანი უპირატესობით (3:1) გაიმარჯვეს.

თუმცა, საპასუხო მატჩში "დინამომ" შემტევი ფეხბურთი მოახვია თავს მეტოქეს და სრულიად დამსახურებულადაც გაიმარჯვა დიდი ანგარიშით - 3:0. თითო გოლი ჩვენი გუნდის დამსახურებულმა ვეტერანებმა, 1981 წლის თასების მფლობელთა თასის ტრიუმფატორებმა, თენგიზ სულაქველიძემ და ალექსანდრე ჩივაძემ გაიტანეს, ერთი (თანაც, გადამწყვეტი) კი იმ დროისთვის 23 წლის გია გურულმა - დაახლოებით 35 მეტრიდან უძლიერესი დარტყმით მეკარეს შანსი არ დაუტოვა!..

ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა ევროტურნირებზე თბილისის "დინამომ" პირველი მატჩის მერე არსებული ორბურთიანი ჩამორჩენა აღმოფხვრა.

ამის შემდეგ თბილისის "დინამო" ევროტურნირებზე დამოუკიდებელი საქართველოს სახელით მონაწილეობს...

ტკბილად გასახსენებელი
დამოუკიდებელი საქართველოს სახელით ასპარეზობისას, ასევე სამჯერ მოხდა, როცა თბილისის "დინამომ" ევროტურნირების პირველი მატჩი ორბურთიანი სხვაობით წააგო.

სამწუხაროდ, ამ სამი შემთხვევიდან მხოლოდ ერთხელ შეძლეს დინამოელებმა ორბურთიანი ჩამორჩენის გაბათილება.

2004 წლის 12 აგვისტოს, უეფას თასის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში ჩეხურმა "სლავიამ" 3:1 მოუგო თბილისის "დინამოს", თუმცა საპასუხო შეხვედრაში, იმ ტკბილად გასახსენებელ დღეს, ჩვენმა გუნდმა ისეთი შედეგით (2:0) დაასრულა, მომდევნო ეტაპის საგზურს რომ იძლეოდა!

პირველი გოლი ლევან მელქაძემ გაიტანა, მეორე და გადამწყვეტი კი - იმ დროისთვის 18 წლის ჯაბა კანკავამ.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ნაკრების ამჟამინდელ კაპიტანს მანამდე მხოლოდ 2 მატჩი ჰქონდა "დინამოს" ძირითადში ჩატარებული და კარიერაში პირველი გოლი სწორედ ასეთ მნიშვნელოვან შეხვედრაში გაიტანა!

შეგახსენებთ, რომ იმ ევროტურნირებზე თბილისის "დინამომ" ისეთ წარმატებას მიაღწია, დღემდე რომ საუკეთესოა დამოუკიდებელი ქართული საკლუბო ფეხბურთის ისტორიაში: გია გეგუჩაძის ხელმძღვანელობით მოასპარეზე გუნდმა მესამე საკვალიფიკაციო ეტაპიც დაძლია (პოლონურ "ვისლას" აჯობა ორრაუნდიან დაპირისპირებაში) და უეფას თასის ჯგუფური ეტაპის საგზური მოიპოვა!

ამჯერად ვეღარ ვიყოჩაღეთ...
"სლავიასთან" დაპირისპირების შემდეგ კიდევ ორჯერ მოხდა, როცა ევროტურნირების პირველ მატჩში თბილისის "დინამო" ორბურთიანი სხვაობით დამარცხდა, თუმცა ორივე შემთხვევაში საპასუხო შეხვედრებში ვეღარ მოახერხა სასურველი შედეგის მიღწევა და ასპარეზობას გამოეთიშა.

აღსანიშნავია, რომ ორივე შემთხვევაში "დინამოს" მეტოქეები ავსტრიული გუნდები იყვნენ: 2006 წელს, "ინტერტოტოს თასის" მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში თბილისელები სტუმრად დამარცხდნენ "რიდთან" (1:3) და წააგეს (0:1) საპასუხო შეხვედრაც.

ბევრად უფრო ახლოს ვიყავით წარმატებასთან მომდევნო შემთხვევაში. "შტურმთან" პირველ მატჩში სტუმრად 0:2 წავაგეთ. საპასუხო შეხვედრა კახა კაჭარავას დამოძღვრილმა "დინამომ" აქტიურად დაიწყო და უკვე მე-10 წუთისთვის 1:0-ს იგებდა (გოლი ჩვენი გუნდის ბრაზილიელმა ლეგიონერმა რობერტინიომ გაიტანა), მაგრამ მერე საქმეში სერბი არბიტრი ჩაერთო!

თავად განსაჯეთ: იმ დროისთვის დამწყებმა მსაჯმა, დღესდღეობით კი ცნობილმა არბიტრმა მილორად მაჟიჩმა "დინამოს" ორი ფეხბურთელი გაუძევა და "შტურმმაც" 9 კაცით მოთამაშე მასპინძელთა კარში ერთი ბურთის გატანა მოახერხა. შესაბამისად, საბოლოო ანგარიში (1:1) ავსტრიული კლუბისთვის სრულიად მისაღები იყო...

- დინამო (თბ) VS დინამო (ზ) - ძნელი, მაგრამ არა შეუსრულებელი

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
შტურმთან მგონი პირველი სახლში ვითამაშეთ
0
გაიხსენა ბებიამ თავისი ქალიშვილობა და ყმაწვილკაცი მოუნდა :)
Guadua
16:25 02-08-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული