რევაზ ჩელებაძე: ამას პირველად "ლელოსთან" ვამბობ...

AutoSharing Option
საქართველო დაუსრულებელი დაპირებების ქვეყნად არის ქცეული. 25 წლის განმავლობაში, რასაც ხალხს შეჰპირდნენ, იმის მეათედიც რომ შეესრულებინათ, ალბათ, საკმაოდ ძლიერი ქვეყანა გვექნებოდა. ამიტომ ხალხი ყველა დაპირებას ეჭვის თვალითა და სიფრთხილით უყურებს.

მაგრამ აჭარის მთავრობის ახალი პროექტი, რომელიც ზღვისპირა რეგიონის სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებას ითვალისწინებს, ვფიქრობთ, რეალური უნდა იყოს. თანაც, ის თავისი მნიშვნელობით ფეხბურთის ფარგლებს სცდება და თუ განხორციელდა, ქვეყნის ეკონომიკაზეც მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს.

ახლა კონკრეტულად: პროექტის არსებობა "ლელოს" ქობულეთის "შუქურას" დირექტორმა რევაზ ჩელებაძემ გაუმხილა.

"აჭარის მთავრობის ახალმა თავმჯდომარემ, ზურაბ პატარაძემ წამოაყენა იდეა,
თუ როგორ შეიძლება ჩვენს ზღვისპირა ზოლში ტურიზმის კიდევ უფრო განვითარება. მან დამატებით რესურსად სპორტული ტურიზმის განვითარება გამოაცხადა.

მაგრამ ეს არაა საარჩევნო დაპირება და შემდგომი წლებისთვის გაწელილი პროგრამა, არამედ სავსებით კონკრეტული ვარიანტია. ლაპარაკია ბათუმსა და ქობულეთში დიდი სპორტული ცენტრის მშენებლობაზე, სადაც სპორტის სხვადასხვა სახეობის წარმომადგენლებისთვის ყველა საჭირო პირობა შეიქმნება, განსაკუთრებული ადგილი კი საფეხბურთო მოედნებისა და სტადიონების მშენებლობას დაეთმობა. მარტო ქობულეთში 10-15 ახალი, უმაღლესი ხარისხის მოედნის მოწყობაზეა ლაპარაკი.

ერთი სიტყვით რომ ვთქვათ, ეს გრანდიოზული ჩანაფიქრია, რომელიც აჭარაში ზამთარ-ზაფხულს, სპორტული ტურიზმით შემოსავლის გაზრდას ითვალისწინებს", - ამბობს ჩელებაძე.

ცხადია, ეს მშვენიერი ჩანაფიქრია, მაგრამ რამდენად რეალურია? თბილისის "დინამოს" ყოფილ თავდამსხმელს ეს კითხვაც დავუსვით:

"იცით, მთავარი რა არის? ადრე ზღვისპირეთში მოედნების მოწყობის აუცილებლობაზე საფეხბურთო სამყარო ლაპარაკობდა, ახლა კი მთავრობა დაინტერესდა და ეს უზომოდ მახარებს. ჩემი ნატვრაა, საქართველოში საფეხბურთო ინდუსტრია ჩამოყალიბდეს, ამისკენ კი პირველი ნაბიჯი გადაიდგა!

კონკრეტული ფაქტები ადასტურებს, რომ ეს რეალური ჩანაფიქრია. პროექტის განხორციელება ხვალ და ზეგ კი არა, არამედ უკვე იგეგმება და პირველი ნაბიჯები გადაიდგა - აჭარის მთავრობამ ავტონომიის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრს და ქობულეთის გამგეობას ტერიტორიების შერჩევა დაავალა და ამ პროცესში მეც ჩავერთე.

ზღვისპირა ზოლში სასტუმროები უნდა იყოს და ასეც აჯობებს. სიღრმეში, სასტუმროებიდან 5 წუთის სავალში კი მოედნები და პატარა ტრიბუნებიანი სტადიონები უნდა მოეწყოს.

დიდი იმედი მაქვს, რომ ეს პროექტი მალე განხორციელდება და მერწმუნეთ, ამით არა მხოლოდ აჭარა, არამედ ქართული ფეხბურთი და მთელი ქვეყანა ისარგებლებს".

ჩელებაძის აზრით, ამ პროექტის განხორციელება ქვეყანას ეკონომიკურ ეფექტს მოუტანს:

"ზურაბ პატარაძე თურქეთში ელჩად მუშაობდა, იქაურობას კარგად იცნობს და გაიაზრა, რომ ჩვენმა მეზობლებმა სპორტული ტურიზმით, ანუ უცხოური გუნდებისა თუ ნაკრებების ჩაყვანით რამხელა სარგებლობა ნახეს. მან ისიც დაინახა, რომ მსგავსი ბიზნესის საქართველოში განვითარებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს. ეს ეკონომიკასაც წაადგება და ადგილობრივ ფეხბურთსაც - თუ დააკვირდებით, თურქული ფეხბურთი სწორედ ზღვისპირა ტურიზმის განვითარების კვალობაზე მოღონიერდა.

საქართველოში კი, გაძლევთ გარანტიას, რომ ბევრი გუნდი ჩამოვა და პირადადაც ბევრს მოვიწვევ - სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, უკრაინიდან, რუსეთიდან, ყაზახეთიდან, მოლდოვიდან, ბელორუსიდან, ბალტიისპირეთიდან, აზიის პოსტსაბჭოური ქვეყნებიდან. როდესაც ბათუმსა და ქობულეთში ძლიერი გუნდები ჩამოვლენ, ტურნირების ჩატარება თავისთავად აუცილებელი გახდება, ბავშვები კი მათზე უშუალო დაკვირვებით ბევრს ისწავლიან და სტიმული გაუჩნდებათ, ჩვენი გუნდების ნახევარი მაინც უცხოეთში აღარ წავა და ფულს დაზოგავს.

ამას გარდა, საერთო კუთხით რომ შევხედოთ, აჭარაში ტურისტული სეზონი 3 თვიდან 6 თვემდე შეიძლება გახანგრძლივდეს, ხალხი დამატებით დასაქმდება, ადგილობრივი სოფლის მეურნეობის პროდუქტები გასაღდება და მათი რეკლამირება მოხდება.

თურქეთსა და კვიპროსზე წამსვლელთა 10 პროცენტიც რომ ჩამოვიდეს, ეს საქართველოს ეკონომიკაზე ძალიან დიდი გავლენას მოახდენს".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 12 /
სააკის ბალღებთან კამათს აზრი არ აქვს. მე სხვა რამ მაწუხებს. მჯერა, აშენდება ბაზები, შემოსავალიც იქნება, მაგრამ ქართულ კლუბებს ეს ვერ უშველის. მაინც თურქეთში წავლან. რატომ? იმიტომ რომ იმხელა ფასებს დაადებენ, იქ წასვლა უფრო იაფი იქნება. ისევე როგორც დღესაა ტურიზმში. აქ სომხები ჩამოდიან დასასვენებლად, ქართველები კი თურქეთში მიდიან - 2ჯერ, 3ჯერ უფრო იაფი რომ ჯდება იმიტომ! ეეეჰ
alexandre
16:49 16-08-2016
0
100 ქარხნის შემდეგ სტადიონები და ბაზები უნდა ააშენოთ?!...ქვეყანა ხომ ააშენეთ.. ღრმა და უსაშველო ქოცების გარდა კიდევ ვის სჯერა ამ ზღაპრების?..))
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული