[ოთხშაბათის საკითხავი] ბოლო ევროშანსი

AutoSharing Option
ხვალ, 18 აგვისტოს, ევროპალიგის პლეი ოფის პირველ მატჩში თბილისის "დინამო" ბერძნულ პაოკ-ს უმასპინძლებს, გუნდს, რომელიც ადგილობრივი გრანდების გვერდითაა და რომლის დამარცხებაც ძალიან ძნელი იქნება, თუმცა არა - შეუძლებელი.

მაშ, რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ბერძნულ გუნდს ღირსეულად ვეთამაშოთ? პირველ რიგში, ძალიან კარგია, პირველი მატჩი შინ რომ გვაქვს. ზოგადად, ეს პირიქითაა, მაგრამ ჩვენს შემთხვევაში არაერთხელ დადასტურებულა, რომ ჩვენ პირველ მატჩში მასპინძლობა გვირჩევნია.

რისი გარანტიაა ეს? უპირველესად იმის, რომ ორრაუნდიან დუელს შინ "სუფთა ფურცლიდან" დაიწყებ და არ შეგაწუხებს პირველი, გასვლითი მატჩიდან გამოყოლილი
წნეხი. როგორც წესი, გასვლაზე ძალიან გვიჭირს ხოლმე. თუნდაც ზაგრების "დინამოსთან" მატჩი ავიღოთ - ღრმად ვარ დარწმუნებული, შემდეგ ეტაპზე გასვლის მეტი შანსი გვექნებოდა, პირველი შეხვედრა თბილისში რომ ჩაგვეტარებინა.

შეიძლება ამ საკითხზე სხვა სხვანაირად ფიქრობდეს, მაგრამ მე ასე მგონია. რა თქმა უნდა, პირველი, საშინაო შეხვედრა არც არაფრის გარანტიაა, მაგრამ ხალხი სტადიონს ააგუგუნებს. იქნება მუხტი. ესაა ჩვენთვის ბოლო ევროშანსი წლეულს და სტადიონზე მისვლას არავინ დაიზარებს. იქნებ ეს შანსი გამოვიყენოთ.

რა არის მთავარი ნაკლი "დინამოს" თამაშში? ეჭვგარეშეა, ეს გახლავთ გუნდის მოქმედება შეტევის ბოლო, დამაგვირგვინებელ ფაზაში. დიდწილად, დღეს სწორედ ამით იზომება ძალიან ბევრი გუნდის სათამაშო კლასი. მოკლედ რომ ვთქვათ, გუნდმა, რომელიც სერიოზულ მიზნებს ისახავს, გოლის გატანა აუცილებლად უნდა იცოდეს.

ეს წერილი რომ იწერება, "დინამოში" უკვე აღარ ირიცხება ნიკა გელაშვილი, გიორგი ქვილითაია ვენის "რაპიდის" ფეხბურთელია და "დინამოს" აუცილებლად დასჭირდება, სულ მცირე, ერთი ფორვარდის დამატება პაოკ-თან შეხვედრამდე. კანდიდატურებიც არის, მაგრამ ეს ცოტა ადრე უნდა გაკეთებულიყო...

არ ვიცი, ვინ როგორ ფიქრობს, მაგრამ მე ამ ფორმაციის "დინამოსთვის" საშურ საქმედ მეკარის დამატება მიმაჩნია. დინამოელთა ფრანგ კიპერ ანტონი სკრიბეს მაღალი კლასისა ვერაფერი შევატყვე და ამ მოსაზრებაში მარტო არ ვარ. არადა, ფეხბურთში არავის შეუცვლია დაუწერელი კანონი, რომლის მიხედვითაც, მეკარე ნახევარი გუნდია...

აქ შეიძლებოდა, რომ იტყვიან, "ტუზი დაგვცემოდა". ნუკრი რევიშვილმა რუსულ "მორდოვიასთან" კონტრაქტი გაწყვიტა და იქნებ დახმარებოდა "დინამოს", მაგრამ ეს შანსიც დაიკარგა - საქართველოს ნაკრების მეკარე ისრაელის უმაღლეს ლიგაში გადავიდა...

რა თქმა უნდა, მეტად უნდა დაეხმარონ გუნდს ლეგიონერები. იქნებ პაოკ-თან მატჩისთვის გამოჯანმრთელდეს მათ შორის ყველაზე კლასიანი - სტეფან ველევი. ბულგარეთის ნაკრებში ფეხბურთელს ტყუილად არ მიიწვევენ. რა თქმა უნდა, ველევი არ არის სუპეროსტატი, მაგრამ იმ მასშტაბის კი არის, რომ ასეთ დონეს თავისუფლად ითამაშებს. მეორეც - ვინ იცის, სად დაგვჭირდება მისი უნივერსალიზმი, რომელიც უკვე გამოგვადგა "ალაშკერტთან" შეხვედრაში...

რა თქმა უნდა, "დინამოს" დამრიგებელ იურაი იარაბეკს აქვს თავისი პლუსები და მინუსები. პირადად მე ბევრი რამ მომწონს კიდეც სლოვაკი სპეციალისტისა, მაგრამ ერთი რამ ვერ გამიგია - რატომ არ ითამაშა ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე მათე ცინცაძემ, თუ არ ჩავთვლით ზაგრების "დინამოსთან" სტუმრად ნათამაშებ ბოლო 12 წუთს?

ვის ათამაშებს და ვის არა, ეს, უდავოდ, მწვრთნელის გადასაწყვეტია. ყველაზე მეტად მწვრთნელის არჩევანის შეფასებას ვერიდები ხოლმე, რადგან ის ყოველთვის უყურებს შიდა სამზარეულოს, უყურებს ვარჯიშებს და ამის მიხედვით ადგენს ძირითად შემადგენლობას.

და მაინც, ცინცაძეს შეუძლია, უკეთესი გახადოს "დინამო". ამის მაგრად მჯერა და ამაში ვერავინ გადამარწმუნებს. დანარჩენი იარაბეკის საქმეა - აგერ, ჩვენ და აგერ, პაოკ-ი.

როცა "დინამოს" მეტოქეზე ვსაუბრობთ, აუცილებლად უნდა ვთქვათ, რომ ის ყველა გზას იყენებს წარმატების მისაღწევად. რაც მე მინახავს, ის ერთ-ერთი ყველაზე აგრესიული გუნდია მსოფლიოში და ასეთივე ქომაგი ჰყავს.

გულშემატკივარი ტყუილად არ გვიხსენებია. რა თქმა უნდა, "დინამოსთვის" ძალიან რთული იქნება საპასუხო, ბერძნული მატჩი, მაგრამ ჩვენები არ უნდა შედრკნენ. ამ "დინამოს" სულ ახალგაზრდულ გუნდს კი ვეძახით, მაგრამ ისიც ვთქვათ, რომ თვალსა და ხელშუა ბიჭებმა გამოცდილება შეიძინეს.

რამდენიმე მათგანი საქართველოს ეროვნული ნაკრების ტიტულარია, რამდენიმე მის კარზე აკაკუნებს. ლეგიონერები კი, წესით, იმიტომაც უნდა მოსულიყვნენ გუნდში, რომ მეტი გამოცდილება მოეტანათ.

მოკლედ რომ ვთქვათ, ამ ორმატჩიან დუელში ძალიან დიდი მნიშვნელობა ექნება ჩვენი გუნდის ფსიქოლოგიურ მდგრადობას. არ უნდა შეგვეშინდეს და, ვინძლო, ეს უკვე იყოს გასაკეთებელი საქმის ნახევარი.

რა თქმა უნდა, პაოკ-ი ჩვენზე მაღალბიუჯეტიანი კლუბია და უფრო ტიტულოვანი ფეხბურთელებით არის დაკომპლექტებული, მაგრამ თუ ამ ხაზს გავყევით, კარგა ხანს მოგვიწევს ლოდინი, სანამ ევროპალიგისა თუ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპებზე ვითამაშებთ...

ამიტომ ერთხელ მაინც უნდა გადავახტეთ საკუთარ თავს. ვაღიაროთ: წილისყრამ გაგვიმართლა. რა თქმა უნდა, შეიძლებოდა პაოკ-ზე ცოტა სუსტი გუნდი შეგვხვედროდა, მაგრამ ასეთს ჩვენ არავინ აგვარჩევინებს. ბრძოლა შეიძლება. სადაც "გაბალა" უგებს "ლილს", იქ "დინამომ" რატომ ვერ უნდა მოუგოს პაოკ-ს?

მოკლედ, ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი. ფავორიტი მეტოქეა, მაგრამ თუ ჩვენს შანსებს უდიერად არ მოვეპყრობით, შეიძლება სენსაცია მოვახდინოთ...

ცნობილი ფეხბურთელები არიან ბრაზილიელი ლეო მატოსი და უკრაინელი შახოვი (ორივე თითქმის დაშლილ "დნიპროს" წაართვა პაოკ-მა); დიეგო ბისესვარი იქნებ საქართველოს ნაკრების ქომაგსაც ახსოვდეს ჰოლანდიის 19-წლამდელთა ნაკრებიდან, წლების წინ რომ ითამაშა საქართველოში; კრესპოს და კანიასს არაერთი სეზონი გაუტარებიათ პრიმერაში, მაგრამ მათთან თამაში შეიძლება. მათი განვითარება კარიერის რაღაც ეტაპზე შეფერხდა და სწორედ იმიტომ აღმოჩნდნენ საბერძნეთის ჩემპიონატში. პაოკ-იდან რამდენიმე ფეხბურთელს იწვევენ ბოლო დროს კრიზისში მყოფ საბერძნეთის ნაკრებში.

ბერძნებთან თამაში რომ შეიძლება, ისრაელის ჩემპიონმა "ბეერ შევამაც" გვიჩვენა, როცა ასპარეზობას პაოკ-ზე უკეთ დაკომპლექტებული "ოლიმპიაკოსი" გამოთიშა. პაოკ-ი კი ეჭიდავა "აიაქსს", მაგრამ ამსტერდამელებმა, ერთხელაც რომ დაიცალეს სარფიანად ხელი წამყვანი მოთამაშეებისგან, მაინც მოახერხეს გადამწყვეტ ჟამს მობილიზება...

რა თქმა უნდა, პაოკ-ი იმედგაცრუებულია იმით, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე რომ ვერ მოხვდა. ცხადია, ამის იმედად ვერ ვიქნებით, მაგრამ კარგი იქნება, ელადელებს ჩვენთან თამაშამდე თუ გაჰყვებათ ეს იმედგაცრუება.

რა თქმა უნდა, ბერძნებთან დუელი საგანგებო მნიშვნელობისაა "დინამოს" სლოვაკი თავკაცისთვის. მას შემდეგ დიდი ხანი არ გასულა, რაც მისი გაწვრთნილი "ტრნავა" სწორედ პაოკ-მა გამოთიშა ევროთასებიდან.

ხვალ იარაბეკს რევანშის შანსი ექნება. თანაც, იმ კლუბის მთავარი მწვრთნელის პოსტზე, რომელიც ბერძნებთან დამარცხებულ სლოვაკურ გუნდთან შედარებით ყველაფრით მაღლა დგას...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 15 /
ჩუმად უნდა ვიყოთ! ჩუმად ! პაოკს, რომელიც სულ ჯგუფურ ეტაპზეა, ეს დინამო ძვრას ვერ უზამს. მორჩით ამ ბაქიობას და გაიგეთ, რომ ზღაპარია დინამოს წარმატება
გგგ
15:06 17-08-2016
0
ისეთივე შანსია როგორც დინამო ზაგრებთან
7777
15:13 17-08-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული