ჩვენი ჩემპიონის მეტოქეზე ამომწურავად მაშინ ვისაუბრეთ, ევროპალიგის წილისყრის შედეგები რომ გაცხადდა. ამჯერად კი მხოლოდ იმას დავძენთ, რომ "დინამოს" ხვალინდელი მეტოქე, ტიტულებითა თუ ისტორიით თავის ქვეყანაში მხოლოდ სამ გრანდს ("ოლიმპიაკოსი", "პანათინაიკოსი", აეკ-ი) ჩამორჩება.
იმასაც ვიტყვით, რომ პაოკ-ი, იშვიათზე იშვიათი გამონაკლისის გარდა, ფაქტობრივად, ყოველწლიურად მონაწილეობს ევროტურნირებზე და ევროპალიგის ჯგუფურ ეტაპზეც ექვსჯერ არის გასული.
ევროპალიგაზე განსაკუთრებით წარმატებულად კი პაოკ-ი ბოლო
ოღონდ ამ შემთხვევაში იმ პერიოდს ვგულისხმობთ, როცა ჩვენი გუნდები ევროტურნირებზე დამოუკიდებელი ქვეყნის სახელით ასპარეზობდნენ: საბჭოური პერიოდის დროს თბილისის "დინამომ" შეძლო და ბერძნული გუნდი ჩამოაცილა ევროტურნირებს, აი, 90-იანი წლებიდან მოყოლებული კი, ფრეც სანატრელი ჰქონდათ ჩვენს გუნდებს...
ერთადერთი და ტკბილად მოსაგონებელი
ერთადერთი შემთხვევა, როცა ჩვენმა გუნდმა ევროტურნირებზე ბერძნულ კლუბს აჯობა, 1980 წლის ადრეულ შემოდგომაზე მოხდა, როცა თასების მფლობელთა თასის 1/16-ფინალში თბილისის "დინამომ" ორი მატჩის ჯამში (0:0, 2:0) დასძლია "კასტორიას" წინააღმდეგობა. ეს ფაქტი გასაკვირი არავისთვის უნდა ყოფილიყო: თბილისის "დინამოს" უკვე საკმარისზე მეტი გამოცდილება ჰქონდა მიღებული ევროტურნირებზე (წინა წლებში ხომ "ინტერი", "ნაპოლი" თუ "ლივერპული" ჰყავდა დამარცხებული), მაშინ, როცა მართლაც პროვინციული "კასტორია" პირველად მონაწილეობდა ევროტურნირებზე - პირველად და უკანასკნელად, ისე, როგორც პირველი და უკანასკნელი აღმოჩნდა 1980 წელს მოპოვებული ტიტული (საბერძნეთის თასი)...
"კასტორიასა" და ნოდარ ახალკაცის დამოძღვრილი "დინამოს" პირველი დაპირისპირება საბერძნეთში, ყოვლად უხარისხო მოედანზე გაიმართა და 0:0 დამთავრდა.
საპასუხო შეხვედრაში კი, იმდროინდელი ევროპული ფეხბურთის ორი ვარსკვლავის, რამაზ შენგელიასა და ვლადიმერ გუცაევის გოლებით "დინამომ" 2:0 მოიგო და მომდევნო ეტაპზეც გავიდა.
შეგახსენებთ, რომ "კასტორიას" ირლანდიური "უოტერფორდი" მოჰყვა, მერე - ინგლისური "ვესტ ჰემი", ჰოლანდიური "ფეიენოორდი" და ყველაფერი კი 1981 წლის 13 მაისს, დიუსელდორფში დამთავრდა, როცა გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის გუნდს "კარლ ცაისს" 2:1 მოვუგეთ და თასების მფლობელთა თასიც თბილისში ჩამობრძანდა!..
კოშმარული სერია
მას შემდეგ, რაც დამოუკიდებელი ქვეყნის სახელით გამოვდივართ, ქართული გუნდები ევროტურნირებზე ათჯერ დაუპირისპირდნენ და მართლაც კოშმარული შედეგი გვაქვს: 1 მოგება, 1 ფრე და 8 წაგება (ბურთების სხვაობა: 4-27). აქვე, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ის ერთადერთი მოგება საკმარისი მაინც არ აღმოჩნდა მომდევნო ეტაპზე გასასვლელად (თუმცა, ამ კონკრეტულ შემთხვევაზე ქვემოთ ვისაუბრებთ).
ანუ ბერძნული კლუბებისათვის ჯერ არ გვიჯობნია და ყველაფერი კი 1997 წელს დაიწყო, როცა "ინტერტოტოს თასზე" ბერძნული "ირაკლისი" ევროტურნირების დებიუტანტს, თბილისის "მერანი 91"-ს ხვდებოდა. "ინტერტოტოს თასის" გათამაშება ჯგუფური ეტაპით იწყებოდა (5 გუნდი ერთ წრედ ასპარეზობდა).
თემურ მახარაძის დამოძღვრილმა "მერანმა", როგორც მოსალოდნელი იყო, პირველი მატჩი თბილისში წააგო მოსკოვის "ტორპედოსთან" (0:2), შემდეგ კი ასეთივე ანგარიშით დათმო გასვლითი შეხვედრა "ირაკლისთან".
სხვათა შორის, "მერანი 91"-ის იმდროინდელი შემადგენლობიდან ზოგიერთი კვლავაც აგრძელებს აქტიურ კარიერას: თემურ მახარაძე "გურიის" მთავარი მწვრთნელია, ალექსანდრე გოგობერიშვილი კი "სიონიდან" წამოსვლის მერე ცოტა ხანი უგუნდოდ იყო, თუმცა ამჟამად პირველი ლიგის გუნდში, ხონის "იმერეთში" აპირებს თავისი ისედაც ხანგრძლივი კარიერის გაგრძელებას!..
...უარესად გაგრძელდა!
უფრო ზუსტად, მართლაც საშინელი გაგრძელება მოჰყვა, რამეთუ "მერანი-91"-ის წაგება ბერძნულ კლუბთან ძალზე მტკივნეულად არ აღუქვამს ქართველ გულშემატკივარს, რასაც ვერ ვიტყვით 1999 წლის კოშმარულ სექტემბერზე... ისე მოხდა, რომ უეფას თასის 1/64- ფინალში ერთდროულად ორი ქართულ-ბერძნული დაპირისპირება უნდა შემდგარიყო. თუმცა, "დაპირისპირება" აშკარად უადგილო ტერმინი აღმოჩნდა: აეკ-მა და პაოკ-მა, შესაბამაისად, ქუთაისის "ტორპედოსა" და თბილისის "ლოკომოტივს", ორი მატჩის ჯამში, 16 გოლი გაუტანეს!
რა თქმა უნდა, ფავორიტებად თავიდანვე ბერძნული გუნდები მიიჩნეოდნენ, მაგრამ ასეთ კატასტროფას მაინც არავინ ველოდით. განსაკუთრებით კი "ლოკომოტივის" საშინაო წაგება იყო მტკივნეული: ეროვნულ სტადიონზე ჩატარებულ იმ მატჩში ბერძნებმა 7(!) უპასუხო გოლი გაიტანეს ქართული გუნდის კარში.
- როგორც ჩაგვახედა სარკეში პაოკ-მა 17 წლის წინ [VIDEO]
აი, "ტორპედომ" კი პირველი (საშინაო) შეხვედრა მინიმალური ანგარიშით (0:1) დათმო. სამაგიეროდ, ათენში აეკ-მა იმძლავრა და 6:1 დაამარცხა საქართველოს თასის მაშინდელი მფლობელი...
უსიამოვნოდ გასახსენებელი...
ქართულ-ბერძნული გუნდების კიდევ ერთი დაპირისპირებაც აშკარად უსიამოვნოდ გასახსენებელია; უფრო ზუსტად, უსიამოვნო "გაგრძელება" მოჰყვა ერთი შეხედვით ჩვეულებრივ მატჩს, თანაც, ეს შეხვედრა... თვით ინტერპოლის ინტერესის სფეროშიც მოექცა! არადა, 2004 წელს, გია გეგუჩაძის ხელმძღვანელობით მოასპარეზე თბილისის "დინამომ" ჩინებულად გაიარა სამი საკვალიფიკაციო ეტაპი და უეფას თასის ჯგუფური ეტაპის საგზურიც მოიპოვა.
ბერძნულ "პანიონიოსამდე" მატჩამდე, ჯგუფურ ეტაპზე "დინამომ" ყველა შეხვედრა წააგო, მაგრამ ინგლისურ "ნიუკასლთან", პორტუგალიურ "სპორტინგთან" და ფრანგულ "სოშოსთან" დამარცხების გამო ჩვენი ყველაზე ტიტულოვანი კლუბი არავის გაუკიცხავს.
აი, არაფრით გამორჩეულ (არც მანამდე და არც - მერე) "პანიონიოსთან" წაგება კი, რბილად რომ ვთქვათ, უსიამოვნოდ გასახსენებელია. ისე, როგორც უცნაური იყო მატჩის "სცენარიც" და საერთოდ, ანგარიშიც: პირველი ტაიმი "დინამომ" 1:0 მოიგო, შესვენების შემდეგ კი ბერძნებმა იმძლავრეს და საბოლოოდ 5:2 გაიმარჯვეს.
ისიც უნდა ითქვას, რომ "პანიონიოსმა" მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში... 2 გოლის გატანა მოახერხა "დინამოს" კარში! მერე და მერე ირკვეოდა, რომ გარკვეულ პირებს (უცხოელებს) უსერიოზულესი ფსონები ჰქონდათ დადებული არა მხოლოდ "პანიონიოსის" დიდი ანგარიშით გამარჯვებაზე, არამედ კონკრეტულად ზუსტი ანგარიშის (5:2) გამოცნობაზე!
ამ მატჩის მანიპულირებაში ეჭვმიტანილი რამდენიმე პირი ინტერპოლმა დააკავა, ზოგი კი უკვალოდ გაქრა...
შეგუებული მარცხი
ქართულ-ბერძნული გუნდების მორიგი დაპირისპირება 2008 წელს შედგა, როცა ჩემპიონთა ლიგის II საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს ჩემპიონ თბილისის "დინამოს" მეტოქედ ერგო ბერძნული საკლუბო ფეხბურთის გრანდი "პანათინაიკოსი". ანუ, ფაქტობრივად, თითქმის ყველა შეგუებულნი ვიყავით, რომ მომდევნო ეტაპზე ჩვენს ჩემპიონზე ბევრად უფრო ძლიერი "პანათინაიკოსი" გავიდოდა. თანაც, "დინამოს" იმდროინდელ მთავარ მწვრთნელს, კახა კაჭარავას, დღევანდელისაგან განსხვავებით, არც განსაკუთრებული საწვრთნელ-მოსამზადებელი პირობები ჰქონდა და შემადგენლობაშიც ბევრი გამოუცდელი ახალგაზრდა ჰყავდა.
მოკლედ, "პანათინაიკოსის" გასვლა მომდევნო ეტაპზე ლოგიკური იყო: ბერძნებმა პირველი მატჩი შინ 3:0 მოიგეს, თბილისში კი საპასუხო შეხვედრა 0:0 მორჩა.
მიზანთან ძალიან ახლოს...
ბერძნული კლუბის ბარიერის გადალახვასთან ყველაზე ახლოს ჩვენი გუნდი 2011 წელს იყო. ესპანელი სპეციალისტის, ალექს გარსიას ხელმძღვანელობით მოასპარეზე თბილისის "დინამომ" წარმატებით გაიარა ევროპალიგაზე სამი საკვალიფიკაციო ეტაპი და ჯგუფურ ეტაპზე მოსახვედრად პლეი ოფიღა რჩებოდა, სადაც ასევე ესპანელი სპეციალისტის, მანოლო ხიმენესის დამოძღვრილი აეკ-ი გველოდა. პირველი შეხვედრა ათენში ჩატარდა. თამაში უაღრესად დაძაბული და ნერვული გამოდგა (არბიტრმა ორივე გუნდის ფეხბურთელებს 9 ყვითელი ბარათი უჩვენა). მატჩის ერთადერთი გოლი კი მასპინძლებმა 87-ე წუთზე გაიტანეს.
საპასუხო შეხვედრას ყველა დიდი იმედით ველოდით. ამის დასტურად ის ფაქტიც გამოდგება, რომ ევროპალიგის პლეი ოფის საპასუხო შეხვედრას თბილისის "დინამოს" სტადიონზე 40 000 გულშემატკივარი დაესწრო!
ახლა იმ საპასუხო შეხვედრის დასაწყისს არ იკითხავთ? ჯერ 1 წუთიც არ იყო გასული მატჩის დაწყებიდან, როცა ალექსანდრე კოშკაძემ გოლი გაიტანა და ორი მატჩის ჯამში ანგარიში გათანაბრდა.
პირველის მსგავსად, საპასუხო შეხვედრაც უაღრესად ნერვულად წარიმართა, გაფრთხილებები ამჯერადაც უხვად იყო. ეგ კი არა, ორივე გუნდის ესპანელმა მწვრთნელებმა ერთმანეთზეც კი გაიწიეს (ძლივს გააშველეს)...
მოკლედ, ძირითად დროში "დინამომ" 1:0 მოიგო. დამატებითი 30 წუთი, რომლის დროსაც დაძაბულობამ პიკს მიაღწია და საბოლოოდ, სტუმრებმა 10 კაცით ჩაამთავრეს მატჩი, "დინამომ" კი - 9 ფეხბურთელით.
თუმცა, 120-ე წუთზე მეტოქეთა გუნდებიდან თითო ფეხბურთელის გაძევებას მატჩის შედეგზე გავლენა აღარ ჰქონდა: მთავარი ხომ უკვე მომხდარი იყო - სამწუხაროდ, 110-ე წუთზე ცნობილმა სლოვენიელმა არბიტრმა დარკო ჩეფერინმა "დინამოს" კარში პენალტიც დანიშნა და ფეხბურთელიც (ლევან კაკუბავა) გაუძევა, ეს პენალტი კი გოლად აქცია აეკ-ის ყველაზე ცნობადმა ფეხბურთელმა, ვეტერანმა ისლანდიელმა შემტევმა ეიდურ გუდიონსენმა.
დარჩენილ ათიოდ წუთში "დინამოს" კიდევ ორი გოლი უნდა გაეტანა აეკ-ის კარში, რაც არარეალური იყო და ევროპალიგის ჯგუფურ ეტაპზე ბერძნული გუნდი გავიდა...
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"