ჩვენი ფეხბურთის კვალობაზე ეს ვერ იქნება რიგითი ტრანსფერი. ვაწაძე კარგი ფორვარდია, მას სახიფათოდ შეუძლია საჯარიმოში ტრიალი და გოლების გატანა.
მას სათამაშო პრაქტიკა აღარ ჰქონდა დანიურ "ორჰუსში" და წამოსვლა ამჯობინა. ფეხბურთელმა უნდა ითამაშოს. ის მხოლოდ ფულისთვის ვერ იჯდება სათადარიგოთა სკამზე. ამ შემთხვევაში მათემ სწორი არჩევანი გააკეთა.
ზუსტად ვიცი: ვაწაძეს ჰქონდა ფინანსურად ძალიან ხელსაყრელი შეთავაზება აზიის ერთ-ერთი ქვეყნიდან და მან საქართველოს ჩემპიონატში თამაში არჩია. ესეც სწორია: ის ჯერაც იმ ასაკშია (17
ერთიც: მათე ვაწაძემ გადადგა ნაბიჯი, რომელიც სამაგალითო უნდა იყოს თითოეული ჩვენი ფეხბურთელისთვის, ვინც შუა სეზონში უგუნდოდ დარჩა. სხვა თუ ვერაფერი, საქართველოს ჩემპიონატში თავგამოჩენილ ფეხბურთელს ეროვნულ გუნდში თავის დამკვიდრების შანსი მიეცემა.
ეს კი კარიერის ხელახლა აწყობის ერთ-ერთი მთავარი საშუალებაა. ნაკრების ფეხბურთელი უფრო მიმზიდველი ლუკმაა უცხოური კლუბებისთვის.
არადა, დღეს არაერთი ქართველი ფეხბურთელია უგუნდოდ. ამბობენ, ნუკრი რევიშვილი თბილისის "დინამოს" ვერ შეუთანხმდაო. არ ვიცი ამ მოლაპარაკების დეტალები, მაგრამ ძალიან კი მტკივა გული იმის გამო, რომ რევიშვილი უგუნდოდაა.
რევიშვილი მხოლოდ მაგალითად მოვიყვანეთ. დღეს ასეთი არაერთია. არადა, თუ გვინდა, რომ საქართველოს ჩემპიონატი მართლა ჩემპიონატს დაემსგავსოს, სწორედ კლასიანი ფეხბურთელები უნდა მოვიდნენ ქართულ კლუბებში.
უნდა მოვიდნენ, რადგან ის დაძაბულობა, რომელიც დღეს ჩვენს ჩემპიონატშია და რომლითაც უკვე ხშირად ვიწონებთ თავს, დონის საზომად ვერაფრით გამოდგება იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ კლასი და დაძაბულობა აბსოლუტურად სხვადასხვა ცნებებია.
გვესმის, დღეს ქართული კლუბები ზღაპრულ პირობებს ვერ შესთავაზებენ უგუნდოდ დარჩენილ ჩვენს ლეგიონერებს, მაგრამ მათ ნაბიჯი უნდა გადმოდგან საქართველოსკენ. თუნდაც ერთი ნაბიჯი უკან, რათა ხვალ ორი გადადგან წინ.
ბოლოს და ბოლოს, არსებობს რაღაც არაფორმალური მოვალეობაც - ჩვენ ყველამ რაღაც უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ქართული ფეხბურთი, ჩვენი ეროვნული ჩემპიონატი უკეთესი გახდეს...
რაღა შორს წავიდეთ - საქართველოს ჩემპიონატში დაასრულა სათამაშო კარიერა ალექსანდრე იაშვილმა, სამაგალითო კაცმა, ფეხბურთელმა და პროფესიონალმა. ყველას ვერ მოსთხოვ, იაშვილი იყოს, მაგრამ რაღაც მინიმუმის გაკეთება ყველას შეუძლია.
ასე მგონია: გაურკვეველ მოლოდინს, უკონტრაქტობას ან სათადარიგოთა სკამზე ჯდომას საქართველოს ჩემპიონატში თამაში ჯობია. ხატოვნად რომ ვთქვათ, ჯობია საშუალოებში იყო პირველი, ვიდრე ძლიერებში ბოლო.
მათე ვაწაძე, ლადო დვალიშვილი, აკაკი ხუბუტია... არ მინდა, ვინმე გამომრჩეს, ამათმა ეს ნაბიჯი გადადგეს. მინდა, რომ სხვებმაც გადადგან. საქართველოს ჩემპიონატში ნაღდი ფეხბურთი მინდა და მინდა, რომ ნაკრების კანდიდატმა ითამაშოს.
მინდა, რადგან ნაღდი ფეხბურთი აღარ გვაქვს, მადა კი გვარიანია. მალე საქართველოს ნაკრები უმძიმეს ბრიტანულ ტურნეში (ორი შესარჩევი მატჩი უელსსა და ირლანდიასთან) წავა. იქ მრავლად იქნებიან ფეხბურთელები, რომლებიც ან საერთოდ არ თამაშობენ, ან თითქმის არ თამაშობენ.
მათე ვაწაძის მაგალითმა მე ძალიან გამახარა. მის ამ მაგალითს ჰქონდა წინამორბედი მაგალითები და კარგი იქნება, თუ გაგრძელებაც ექნება.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"