ევროტურნირებზე ქართული გუნდების წარმატებული ასპარეზობით განებივრებულნი ნამდვილად არა ვართ, თუმცა, ხანდახან, ერთი-ორი `გამონათებაც~ გვაქვს-ხოლმე; მაგრამ, ისიც უნდა ვთქათ, რომ ეს `გამონათებები~ უეფას თასსა და აწ უკვე გაუქმებული თასების მფლობელთა თასზე ყოფილა. ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, 1981 წელს თბილისის `დინამომ~ თასების მფლობელთა თასის გათამაშებაში გაიმარჯვა, მეორე წელს კი იმავე ტურნირზე ნახევარფინალამდე მიაღწია. უეფას თასზეც არაერთი წარმატებული მატჩი გვქონია: მაშინაც, როცა საბჭოთა კავშირის სახელით ვასპარეზობდით და მერეც, უკვე როგორც დამოუკიდებელი ქვეყნის წარმომადგენელი. ამ შემთხვევაში, რაღა თქმა უნდა, 2004-05 წლების სეზონს ვგულისხმობთ, როდესაც
განსაკუთრებით მტკივნეულად კი, რაღა თქმა უნდა, უმთავრესი საკლუბო ტურნირის ჩემპიონთა ლიგის ნაადრევად `მიტოვებას~ განვიცდიდით; ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო გათამაშებაში ქართული გუნდები თექვსმეტჯერ მონაწილეობდნენ და ჯგუფურ ეტაპზე ვინ ჩივის, მესამე ეტაპზე... არც ერთი გასულა! ანუ, ჩვენი გუნდები ან პირველივე საკვალიფიკაციო ეტაპზე ეთიშებოდნენ ასპარეზობას, ან კიდევ _ მეორეზე...
მოკლედ, ბევრი რომ არ გავაგრძელოთ, რუსთავის `ოლიმპს~ დღეს მშვენიერი შანსი აქვს ქართული ფეხბურთის ისტორიაში შევიდეს; გასაგებია, რომ ორბურთიანი სხვაობის აღმოფხვრა იოლი საქმე არ იქნება, მაგრამ, მეტოქედ ხომ ყაზახური `აქტობე~ ჰყავს და არა _ რომელიმე ევროპული განდი. იმის იმედიც ვიქონიოთ, ბოლო ორ თვეში ერთიანად გადახალისებულ-გადასხვაფერებული `ოლიმპის~ საქომაგოდ რუსთაველი გულშემატკივრებიც `დაირაზმებიან~ და `ფოლადის~ სტადიონზეც ანშლაგი იქნება; იმის იმედიც დავიტოვოთ, რომ ქართულ საკლუბო ფეხბურთში მოღვაწე მწვრთნელთაგან ყველაზე გამოცდილი სპეციალისტი თემურ მახარაძე თავის არანაკლებ გამოცდილ კოლეგას ვლადიმერ მუხანოვს (სხვათა შორის, `აქტობეს~ თავკაცი თავის დროზე ურიგო ფეხბურთელი არ იყო და 70-80-იან წლებში საბჭოთა კავშირის ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში არაერთი სეზონი აქვს ჩატარებული) გარვეულ სიურპრიზსაც შესთავაზებს. მანამდე კი, ისევ და ისევ, ევროტურნირებზე, კერძოდ, ჩემპიონთა ლიგაზე ქართული გუნდების, მართლაც, უსიამოვნო ტრადიციის დარღვევა ვისურვოთ; მნიშვნელობა არა აქვს, საიდან (თბილისიდან, რუსთავიდან), _ ყველანი `ფოლადის~ სტადიონზე მივიდეთ და ჩვენ ჩემპიონს მხურვალედ ვუქომაგოთ; ბოლოს და ბოლოს, ნავსი ერთხელ მაინც ხომ უნდა გატყდეს და ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპი დავძლიოთ? თანაც, `ოლიმპის~ ფეხბურთელთა 90-95 პროცენტი ახალწვეულია და თითოეულ მათგანს საკუთარი შესაძლებლობების დამტკიცების მშვენიერი შანსიც ეძლევა; მით უფრო, რომ აბსოლუტურად ყველა ახალწვეულს (გრიგოლ ბედიაშვილს, ზურაბ ბათიაშვილს, რევაზ ქემოკლიძეს, ალექსანდრე კვახაძეს, ლაშა ჯაფარიძეს, ლუკა რაზმაძეს, დავით ბოლქვაძეს, გრიგოლ დოლიძეს, გიორგი ჭელიძეს, რევაზ გეწაძეს, ირაკლი მოდებაძეს) ფეხბურთის თამაში... `გუშინ თუ გუშინწინ~ არ დაუწყია; ამას გარდა, ასევე ყველა მათგანს ევროტურნირებზე ასპარეზობის საკმარისზე მეტი გამოცდილებაც აქვს (სხვადასხვა გუნდებში, რაღა თქმა უნდა). ჰო, ის შემთხვევაა, როცა უაღრესად გამოცდილ მთავარ მწვრთნელს, ერთდროულად თერთმეტ ახალწვეულსა (!) და ორი თვისწინანდელი შემადგენლობიდან `შემორჩენილ~ ექვს ფეხბურთელს (თემურ ღონღაძე, დავით გიგაური, გიორგი რეხვიაშვილი, დენის დობროვოლსკი, გიორგი ხიდეშელი, გიორგი ჭედია), ანუ, `ოლიმპის~ ყველა ძველ-ახალ წევრს, ამ საღამოს საკმარისზე მეტი მოტივაცია რომ უნდა ჰქონდეს!..
ტკბილი მოგონებები
ახლა კი ჩემპიონთა ლიგაზე (ადრე, ჩემპიონთა თასზე) ქართული გუნდების წინა 15 მონაწილეობაც გავიხსენოთ და რაღა თქმა უნდა, სადებიუტო გათამაშება ვახსენოთ. მით უმეტეს, რომ ამ უპრესტიჟულეს ტურნირზე ქართული გუნდის პირველი მონაწილეობა დღესაც დაუვიწყარ მოვლენად რჩება. რა მიხვედრა სჭირდება, _ 1979-80 წლების ჩემპიონთა ლიგის გათამაშებას ვგულისხმობთ, როცა თბილისის `დინამოს~ პირველსავე წრეში (ანუ 1/16 ფინალში) იმ დროისათვის მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო კლუბი, ინგლისური `ლივერპული~ შეხვდა! `დინამოსთვის~ ევროტურნირებზე მხოლოდ მეხუთე გათამაშება იყო, მაშინ როცა `ლივერპული~ ზედიზედ... მეთექვსმეტედ მონაწილეობდა; ამას გარდა, `ლივერპული~ ჯერ კიდევ იმ დროისთვის სხვა მიღწევებითაც მოიწონებდა თავს: ინგლისის თერთმეტგზის ჩემპიონი იყო და ორ-ორჯერ ჰქონდა მოგებული ჩემპიონთა თასი და უეფას თასი! პირველი მატჩი `დინამომ~ სტუმრად ჩაატარა და 1:2 წააგო. აღსანიშნავია, რომ დინამოელთაგან ერთადერთი გოლი ალექსანდრე ჩივაძემ გაიტანა; ეს კი იმას ნიშნავს, რომ ჩემპიონთა თასზე პირველი `ქართული გოლის~ ავტორი სწორედ ლეგენდარული ქართველი ფეხბურთელი, ალექსანდრე ჩივაძე გახლდათ.
1979 წლის 3 ოქტომბერი ქართული ფეხბურთის ისტორიაში ყოველთვის განსაკუთრებულ თარიღად დარჩება: ნოდარ ახალკაცის დამოძღვრილმა `დინამომ~ მრისხანე და ტიტულოვან მეტოქეს არანაირი შანსი არ დაუტოვა და `ლივერპულის~ კარში სამი (!) უპასუხო გოლი გაიტანა! სამწუხაროდ, კენჭისყრამ არც მერვედფინალში გაგვიმართლა და ოთხი ყველაზე არასასურველი მეტოქიდან (მადრიდის `რეალი~, `ჰამბურგი~, `ნოტინგემი~ და `აიაქსი~) სწორედ ერთ-ერთი შეგვხვდა. ყოველ შემთხვევაში, საყოველთაოდ მიჩნეულია, რომ კლუბის მრავალწლიან ისტორიაში `ჰამბურგს~ ერთ-ერთი საუკეთესო შემადგენლობა სწორედ იმ დროს ჰყავდა (კევინ კიგანი, მანფრედ კალტცი, ჰორსტ ჰრუბეში, ფელიქს მაგათი, ივან ბულიანი). არადა, მერვედფინალში დიდი ალბათობა იყო, აშკარად `უკეთესი~ მეტოქე რომ შეგვხვედროდა: დანიის `ვეილე~, რუმინეთის `~არჯეში~, კვიპროსის `ომონია~, ირლანდიის `დანდალკი~, საფრანგეთის `სტრასბურგი~, შვეიცარიის `სერვეტი~, გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის `დინამო~ (ბერლინი) თუ ჩეხოსლოვაკიის `დუკლა~ (პრაღა). რა ბევრი მტკიცება სჭირდებოდა იმ ფაქტს, რომ ყველა ამ პოტენციურ მეტოქეს მაშინდელი `დინამო~ იოლად გაუსწორდებოდა. თუმცა, კენჭისყრამ აშკარად გაგვწირა და1979 წლის შემოდგომაზე `დინამომ ~ მეორე სასწაულის მოხდენა ვერ შესძლო _ გამოცდილი იუგოსლავიელი მწვრთნელის ბრანკო ზებეცის `ჰამბურგმა~ კევინ კიგანისა და მანფრედ კალტცის ბრწყინვალე თამაშის ხარჯზე ორივე მატჩი მოგვიგო...
თავიდანვე... დავითარსეთ
1993 წლიდან ქართული გუნდები ევროტურნირებზე როგორც დამოუკიდებელი ქვეყნის წარმომადგენლები, ისე ასპარეზობდნენ. იმ სადებიუტო სეზონში უეფამ მხოლოდ ერთი ადგილი მოგვცა _ გივი ნოდიას ხელმძღვანელობით თბილისის `დინამო~ ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაში ჩაერთო. ჯგუფურ ეტაპზე მოსახვედრად მაშინაც სამი ეტაპი უნდა გადაგელახა, ოღონდ, მხოლოდ სახელწოდებები იყო შეცვლილი: ჯერ წინასწარ წრეს თამაშობდი, შემდეგ 1/16 ფინალს და მერე _ 1/8 ფინალს. წინასწარ წრეში `დინამოს~ მეტოქე ჩრდილოირლანდიური `ლინფილდი~ იყო და ორი მატჩის ჯამში (2:1, 1:1) შემდეგ ეტაპზეც ჩვენ გავედით. აქვე, ბარემ გოლების ავტორებიც ვახსენოთ: თბილისურ მატჩში თავი გამოიჩინეს შოთა არველაძემ და გელა ინალიშვილმა, სტუმრად _ კვლავაც შოთა არველაძემ. სამწუხაროდ, უეფასგან უმკაცრესი ვერდიქტი გველოდა: თბილისურ შეხვედრაში თურქი არბიტრების მოქრთამვის გამო დისკვალიფიკაცია მივიღეთ...
...ჩემპიონთა ლიგის მომდევნო სამი გათამაშება ქართული გუნდების გარეშე ტარდებოდა; მართალია, იმ პერიოდში `დინამო~ საქართველოს ჩემპიონობას არავის უთმობდა, მაგრამ ჩემპიონთა ლიგას 1997 წლამდე არ გვაკარებდნენ. დაბრუნება წარმატებული გამოდგა: ჩრდილოირლანდიულ `კრუზეიდერსს~ ორივე მატჩი მოვუგეთ (3:1, 5:1), მაგრამ მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე ლევერკუზენის `ბაიერს~ ვერაფერი მოვუხერხეთ: გერმანიაში კატასტროფული ანგარიშით (1:6) წავაგეთ, თბილისში კი, დავით მუჯირის ერთადერთი გოლით გავიმარჯვეთ. აი, მომდევნო წელს კი, მართლაც `ერთი ხელის გაწვდენაზე~ ვიყავით ჯგუფურ ეტაპამდე: მურთაზ ხურცილავას ხელმძღვანელობით `დინამომ~ პირველი საკვალიფიკაცი ეტაპზე ალბანურ `ვლაჟნიას~ აჯობა. თუმცა, ამ შემთხვევაში უეფა, უკვე ჩვენ `მოგვეხმარა: ალბანელებმა თბილისურ მატჩში ისეთი ფეხბურთელი ათამაშეს, განაცხადში შეყვანილი რომ არ ჰყავდათ (!) და 3:0 მოგებაც ჩაგვეთვალა; თორემ, ასე რომ არ მომხდარიყო, შემდეგ ეტაპზე `ვლაჟნია~ გავიდოდა, რადგანაც ალბანეთში 3:1 გვაჯობა. აი, მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე კი ბილბაოს `ატლეტიკს~ შინ 2:1 ვაჯობეთ, მაგრამ განმეორებით მატჩში ბასკების ლიდერმა ხოსება ეჩებერიამ ერთადერთი გოლი გაგვიტანა და ჯგუფურ ეტაპზე მოხვედრის ოცნებაც კვლავაც დიდი ხნით გადაიდო...
შემდეგ ზედიზედ ორი იმედგაცრუება გველოდა, როდესაც ქართული გუნდები ჩემპიონთა ლიგას პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზევე ეთიშებოდნენ: 1999-2000 წლების სეზონში იოჰან ბოსკამპის ხელმძღვანელობით მოასპარეზე `დინამომ~ მოლდოვის `ზიმბრუს~ ვერ აჯობა (2:1, 0:2), მომდევნო სეზონში კი ქუთაისის `ტორპედო~ იყო უშანსოდ სერბულ `ცრვენა ზვეზდასთან~ (0:4, 2:0). სამაგიეროდ, `ტორპედო~ ამის მერე ზედიზედ ორი სეზონი შედარებით უფრო წარმატებულად ასპარეზობდა ჩემპიონთა ლიგაზე: ყოველ შემთხვევაში, პირველ საკვალიფიკაციო ეტაპის დაძლევა არ უჭირდა (`ლინფილდთან~ და ფარერების `ტორსჰავნთან~), სამაგიეროდ, მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე დანიური `კოპენჰაგენისა~ და ჩეხური `სპარტას~ ბარიერის დაძლევას ვეღარ ახერხებდა. 2003 წელს ჩემპიონთა ლიგას თბილისის `დინამო~ დაუბრუნდა, მაგრამ დღესაც ვერ აგვიხსნია, თუ როგორ ვერ შეძლო ივო შუშაკის გუნდმა პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის გავლა: `ტირანას~ საშინაო მატჩში 3:0 მოვუგეთ, სტუმრად კი ანალოგიური ანგარიშით დავმარცხდით და მერე პენალტების სერიაში ალბანელებმა გაიმარჯვეს. თუმცა, ეს კიდევ არაფერი იყო იმასთან შედარებით, მომდევნო წელს რაც მოხდა: პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის დაძლევის შემდეგ (ფარერების `ტორსჰავნთან~ შინ 5:0 მოიგო, სტუმრად 0:3 წააგო), `ვიტ ჯორჯია~ პოლონურ `ვისლასთან~ შერცხვა: 2:8 და 0:3! ამის შემდეგ ზედიზედ ორჯერ ჩვენი ჩემპიონები (`დინამო~ და `სიონი~) პირველ საკვალიფიკაციო ეტაპს გადიოდნენ და საინტერესოა, რომ ორივე გუნდის მთავარი მწვრთნელი კახა ცხადაძე გახლდათ, თუმცა, მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე ჯერ დანიურმა `ბრონდბიუმ~ გვაჯობა, მერე _ ბულგარულმა `ლევსკიმ~ სამაგიეროდ, 2007 წელს `ოლიმპის~ დებიუტი ჩემპიონთა ლიგაზე წარუმატებელი აღმოჩნდა _ რუსთავულმა კლუბმა ყაზახურ `ასტანას~ ვერ აჯობა (0:0, 0:3). შედარებით უკეთ იასპარეზა ჩვენმა მომდევნო ჩემპიონმა `დინამომ~: ფარერების `რენავიკთან~ პირველი ეტაპი `დაგეგმილად~ გავიარეთ (3:0, 0:1); თუმცა, რაინერ ცობელის ხელმძღვანელობით მოასპარეზე `დინამო~ მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე ბერძნულ გრანდ `პანათინაიკოსს~ რომ ვერ აჯობებდა, ამას ბევრი მტკიცება არ სჭირდებოდა.
შარშან, ისე როგორც წლეულს, ჩვენი ჩემპიონი პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე არ ასპარეზობდა _ პირდაპირ მეორედან ჩაერთო; თუმცა, `ვიტ ჯორჯიამ~ სლოვენიური `მარიბორის~ ძლევა ვერ მოახერხა. ვნახოთ, იქნებ ახლა მაინც გატყდეს ნავსი და რუსთავის `ოლიმპმა~, პირველად ქართული ფეხბურთის ისტორიაში, შესძლოს და ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპი გაიაროს!