ფეხბურთი და ბიზნესი: გამოეხმაურება ბიზნესი ბიძინა ივანიშვილის მოწოდებას?

AutoSharing Option
"პირველი მერცხალი" საქართველოში ფეხბურთის პირველ ნაბიჯებს ასახავს. თითქოს, ფილმი დღევანდელობასთან არაფერ კავშირშია, მაგრამ რეჟისორ ნანა მჭედლიძის შედევრი დღესაც აქტუალურია.

აკაკი ბაქრაძემ ეს ლეგენდარული ფილმი დღევანდეობისთვის ზედგამოჭრილი სიტყვებით დაახასიათა: "თანამოქალაქეთა მხრიდან დაცინვის, ოჯახის წევრების უკმაყოფილებისა და უსახსრობის მიუხედავად, "მერცხალის" წევრები თავგამოდებით აგრძელებენ ვარჯიშს და ზრუნვას ფეხბურთის პოპულარიზაციისთვის".

მართალია, საქართველოში კლუბები დიდი ხნის დაფუძნებულია, მაგრამ თანამედროვე იასონებსაც სჭირდებათ ენთუზიასტების შემოკრება და მათი დარწმუნება, რომ "სენაკელებთან და თურქული გემის მეზღვაურებთან" (ანუ ადგილობრივ და მწირი კალიბრის უცხოურ გუნდებთან) გამარჯვებულებს, რომლებიც ინგლისელ მეზღვაურებთან სასტიკად მარცხდებიან
(თანამედროვე ენაზე შეგვიძლია ვთქვათ - ევროსარბიელზე), "მერცხალს" მაინც აქვს მომავალი.

მართალია, ბიჭები, რომლებიც ადრე "ბრდღვნიდნენ ყველაფერს", დღეს ვეღარ დაფრინავენ, მაგრამ მისი გაცოცხლების იმედი კიდევ არსებობს. არსებული კრიზისის გამო ბევრს ჰგონია, რომ ქართული ფეხბურთი ახლა საერთოდ არავის აინტერესებს. მაგრამ დღემდე ყურადღების ობიექტია და მისი დახმარების სურვილი დიდ თუ პატარა ბიზნესმენებს ბევრჯერ ჰქონიათ - არა ძველებურად, მაგრამ მაინც. სამწუხარო ისაა, რომ ბევრი მათგანი უარით გაისტუმრეს. ეს ისტორიები ცნობილია და "ლელოშიც" არაერთხელ დაგვიწერია...

* * *
1999 წელს, გერმანიაში უშედეგოდ დასრულდა თბილისის "დინამოს" მაშინდელი პრეზიდენტის, მერაბ ჟორდანიასა და კლუბის პოტენციური მყიდველის, ეგვიპტელი ბიზნესმენის, მოჰამედ ალ ფაიედის მოლაპარაკება, რომელმაც 1997 წელს ინგლისური "ფულჰემი" შეიძინა და კიდევ რამდენიმე ევროპული კლუბის (ჰოლანდიური, ბელგიური, ჩეხური) დაფინანსებას აპირებდა - "დინამოს" მომავალი მის მეპატრონეებსა და შსს-ს შორის ომს შეეწირა;

* * *
2005 წელს, ქუთაისის "ტორპედოში" თურქული ინვესტიციის ჩადებაზე მოლაპარაკება იბრაჰიმ ართვინლიმ დაიწყო. მაგრამ საკონტროლო პაკეტის ნაცვლად, მხოლოდ 40% დაუთმეს და განაწყენებულმა ლაზმა ბიზნესმენმა მოლაპარაკება ჩაშალა.

ერთი წლის შემდეგ მას დაბრუნება შესთავაზეს და "ტორპედოს" 100%-იანი წილი მოითხოვა, მაგრამ უფულო ქალაქისა და კლუბისგან ისევ უარი მიიღო და აქეთკენ აღარც გამოუხედავს;

* * *
2006 წელს, გორის "დილას" აყვანა "იბერია ბიზნესჯგუფს" სურდა, მაგრამ კლუბს სტადიონი და სხვა მატერიალური ქონება არ ეკუთვნოდა, რაშიც ადგილობრივმა ხელისუფლებამ კომპენსაცია მოითხოვა.

ეს იმ დროს, როცა უფულო კლუბში ინვესტორის მისვლა უნდა გახარებოდათ - "დილამ" ფეხზე დადგომის ეს შანსი დაკარგა;

* * *
2012 წელს უკრაინელ ბიზნესმენს, უკრაინის პრემიერლიგის კლუბ ლვოვის "კარპატის" მეპატრონე პიოტრ დიმინსკის ბათუმის "დინამოს" შესყიდვა და კლუბის ბიუჯეტის 3 მილიონ დოლარამდე გაზდა სურდა, თუმცა ეს მოლაპარაკებაც ჩაიშალა;

* * *
2015 წელს, რუსთავის "მეტალურგი" კომუნალური გადასახადების (სულ 28 ათასი ლარის) დაფარვასაც ვეღარ ახერხებდა. მოსკოვის "დინამოს" მეწილე, რუსეთში მოღვაწე ქართველი ბიზნესმენი სტადიონის, იქვე მდებარე პარკისა და საკმაოდ საინტერესო ისტორიის მქონე კლუბის შესყიდვით დაინტერესდა და სოლიდურ ინვესტიციასაც აბანდებდა, მაგრამ... ისიც ჩამოიშორეს.

* * *
ჯერ კიდევ უცნობია, "ტორპედოს" გასხვისებაზე ქუთაისის მერიასა და ბიზნესმენ ზაზა ჩაჩავას ჯგუფს შორის ხელშეკრულება აქამდე რატომ არ გაფორმდა?

გავრცელდა ხმები, რომ პოტენციური ინვესტორი (რომელიც ფულს უკვე აბანდებდა) მოლაპარაკების გაწელვითა და პირობების შეცვლით დაიღალა და გუნდზე უარი თქვა. მაგრამ ბიზნესმენს ეს ხმები ოფიციალურად ჯერ არ დაუდასტურებია.

* * *
ქართული ფეხბურთს დახმარება ბიძინა ივანიშვილმა ჯერ კიდევ 2005 წელს სცადა, თუმცა ცნობილია, მერე რაც მოხდა...

"ქართული ფეხბურთის მესვეურებმა ჩემთან ვიღაცები გამოგზავნეს. ჩემს დისშვილს ფეხბურთი ძალიან უყვარს, იცნობდნენ და ასეთი შეთავაზება გავუგზავნე: პირველ 3 წელიწადში 100 მილიონს მოგცემთ და შემდგომ ვნახოთ, როგორ გაგრძელდება, ოღონდ, ფედერაციაში ერთ-ერთი ვიცე-პრეზიდენტი მე უნდა დამენიშნა, რომელიც ფინანსებს გააკონტროლებდა, შემოსავალი და გასავალი მიზნობრივი რომ ყოფილიყო.

მაგრამ არ მოისურვეს და მას შემდეგ ახლოს აღარ გავიკარე. იარეს ამ პროექტით, ბოლოს თავი დავანებე და რაგბის დახმარება დავიწყე", - გემახსოვრებათ, ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ეს "საზოგადოებრივი მაუწყებლის" გადაცემაში ("მშვიდობით, იარაღო") თქვა.

* * *
ბიძინა ივანიშვილმა ქართული ფეხბურთის თემა კიდევ ერთხელ რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონულ მედიასთან შეხვედრისას წამოსწია. პრემიერ გიორგი კვირიკაშვილზე საუბრისას მან მოულოდნელად თემა შეცვალა.

"კვირიკაშვილი ყველაფერს აკეთებს და მაქსიმალური ხელშეწყობა აქვს დღეს ბიზნესს, რათა მეტი სამუშაო ადგილი გაჩნდეს, მეტი შემოსავალი შევიდეს ბიუჯეტში და განვითარდეს, მათ შორის, ფეხბურთიც. ქართველებმა იციან თამაში და მოწოდებით ფეხბურთელები არიან. ჩვენ კარგი ისტორია გვაქვს, მაგარი მოთამაშეები გვყავდა და ეს სახეობა აუცილებლად უნდა ავაღორძინოთ. ამ ყველაფერს ეკონომიკის აღორძინება და ფული სჭირდება", - განაცხადა ივანიშვილმა.

* * *
საერთოდ, ასეთი გავლენიანი ადამიანის მსგავსი დამოკიდებულება გადამდებია. იქნებ, საქართველოსა და უცხოეთში დასაქმებულმა ჩვენმა ბიზნესმენებმა ქართული ფეხბურთის განვითარებაში მონაწილეობა ახლა მაინც გადაწყვიტონ?

იმიტომ, რომ "თანამოქალაქეთა მხრიდან დაცინვის, ოჯახის წევრების უკმაყოფილებისა და უსახსრობის მიუხედავად", ფეხბურთის პოპულარიზაციაზე ზრუნვა და "პირველი მერცხალის" იდეალების განხორციელება დღემდე ოცნებად დაგვრჩა და ამიტომაც ვერ წავედით წინ.

შემთხვევითი არ იყო, რომ უეფას ახალმა პრეზიდენტმა ალეკსანდერ ჩეფერინმა სლოვენიურ გამოცემა Najdi-სთან ინტერვიუში საქართველო ახსენა: "ვერ ვიტყვი, თითქოს სლოვენიაში ფეხბურთისადმი სათანადო ინტერესი არ არის. ჩვენთან, სლოვენიაში, 40 ათასზე მეტი ფეხბურთელია, ხოლო, მაგალითად, საქართველოში, რომლის მოსახლეობაც 4 მილიონზე მეტია - 16 ათასი".

გულშემატკივარი სწორად წერდა გამოხმაურებაში: "სლოვენიაში თითქმის ორჯერ ნაკლები (2,06 მილიონი) ადამიანი ცხოვრობს, ვიდრე საქართველოში (3,72 მილიონი), მაგრამ ჩვენზე ბევრად მეტი მოთამაშე ჰყავთ. იმიტომ, რომ საქართველოში მათი რაოდენობა წლიდან წლამდე მცირდებოდა.

რამ გამოიწვია ეს, იოლი მისახვედრია: სწრაფი ტემპით იყიდებოდა და შემდეგ ინგრეოდა სტადიონები, "კორპუსომანიამ" მოიცვა მთელი ქვეყანა. შესაბამისად, გუნდების რაოდენობა შემცირდა და სად ივლის ბავშვი ფეხბურთზე, თუ სტადიონი არ არის"?

ქვეყანამ, რომელმაც არაერთი გუნდის განადგურება მშვიდად გადაიტანა და მარტო თბილისში 29 მოედანი, სტადიონი და საფეხბურთო სკოლა მოინელა, ფეხბურთისადმი მიდგომა უნდა შეცვალოს და გერის როლში მყოფს სასუნთქი არტერია გაუხსნას. არა იმიტომ, რომ ეს ვინმეს ვალია, უბრალოდ, ქვეყანას ჯანსაღი ახალგაზრდობა და განვითარებული საფეხბურთო ინდუსტრია წაადგება.

ამის წამოწყება კი ბიზნესს შეუძლია. გახდება თუ არა ივანიშვილის მოწოდება მათთვის სტიმული, დრო გვაჩვენებს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 16 /
მაქვს ფეხბურთის განვითარების ისეთი პროგრამა(დაფინანსებას ეხება ძირითადად), რომლის ამოქმედების შემთხვევაში, დიდი თანხები ჩაიდება ფეხბურთში, 90-იან წლებში ამ პროექტის შესახებ ფინანსთა სამინისტროში გვითხრეს, რომ ამას არ საუშვებს მსოფლიო ბანკი და სავალუტო ფონდიო. ვისაც აინტერესებს მოგვმართონ ს.კ. "სამგორი"-ს ხელმძღვანელებს
tamazino
18:31 26-09-2016
0
ადგილობრივი ხემძღვანელობა უშლის ყოველთვის კერძო ინვესტორს რიგ შემთხვევებში კლუბის შეძენა განვითარებაში ხელს,აგერ გორის დილას მაგალითი გამოდგება ებრაელ ბიზნეს ჯგუფს ვერა და ვერ გადაუფორმეს კლუბის აქციები, როცა პირიქით უნდა ხდებოდეს ხელს უნდა უწყობდნენ და რაც შეიძლება მალე უნდა ამთავრებდენ ამ პროცედურას სანამ იმ ბიზნეს ჯგუფს არ გადაუფიქრებია კლუბის შეძენა.
bebeto
15:31 26-09-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული