ასათიანმა ისაუბრა თუ როგორ გრძნობ თავს საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ, გააკეთა კომენტარი საქართველოს ნაკრების ბოლო მატჩზე და ასევე სხვა საინტერესო საკითხებზეც ისაუბრა.
გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან.
- ასათიანმა დიდი ფული იშოვა და ფეხბურთი აღარ აინტერესებდაო. არ გწყინს ასეთი შეფასებების მოსმენა?
- ვიღაცისთვის, შესაძლოა, ასეც ჩანდეს, მაგრამ ეს მათი უფლებაა... სხვა მიზეზებთან ერთად, მთავარი მაინც ის იყო, რომ რუსეთის ჩემპიონატში მინდოდა თამაში, ლოდინში კი დრო გავიდა და
- სულ უთამაშებლობას არ სჯობდა, საქართველოს ჩემპიონატში გეთამაშა?
- რატომაც არა, შეიძლებოდა. დრო რომ გადის, მერე უკეთ აანალიზებ ყველაფერს, ხვდები, რომ ბევრი რამის გაკეთება სხვაგვარად აჯობებდა, მაგრამ რაღა დროს. წარსულის გახსენებას რა აზრი აქვს?! თავიდან დაწყება რომ შემეძლოს? ბევრ რამეს შევცვლიდი...
- როგორ ფიქრობ, ქართული ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთმა ყველაზე გულიანმა და მებრძოლი ხასიათის მოთამაშემ, თემურ ქეცბაიამ, ნაკრების სათავეში რატომ ვერ მიაღწია წარმატებას?
- ვერ გეტყვით, მაგრამ ძალიან მონდომებული რომ იყო, ყველა ხედავდა. საერთოდაც, საქართველოს ნაკრებში განსაკუთრებული წარმატებით არც არავის უმუშავია, თითო გამორჩეულ მატჩს კი ნაკრები ყველა მწვრთნელის დროს გამოურევდა ხოლმე.
- დაესწარი საქართველოს ნაკრების ბოლო მატჩს?
- ნაკრების მატჩებს უმეტესად ტელევიზიით ვუყურებ ხოლმე. ავსტრიასთან შეხვედრის მეორე ტაიმში კარგად ვითამაშეთ, ბოლო წუთებზე საჯარიმოსაც მივაჯაჭვეთ სტუმრები, მაგრამ ორბურთიანი ჩამორჩენის გაბათილება ძალიან რთულია... ავსტრიას განსაკუთრებული არაფერი უჩვენებია - ორი მომენტი ჰქონდა და ორივე გამოიყენა.
- სწორედ ამაშია სხვაობა - მაღალი კლასის გუნდი ყველა მომენტს იყენებს...
- ავსტრია უმაღლესი კლასის გუნდი ნამდვილად არ არის, მაგრამ ჩვენზე მეტი გამოცდილება კი აქვს. ეს პირველი შეხვედრა იყო, ჯგუფშიც არა გვყავს გერმანიის ან იტალიის მსგავსი გამოკვეთილი ფავორიტი, ასე რომ, შანსი არის.
- ქართველებს ბურთი გვიყვარს, ტექნიკურები ვართო და... შენსავით ტექნიკური ფეხბურთელისთვის მძიმე საყურებელი არ არის გუნდის თამაში, სადაც მხოლოდ ორი-სამი მოთამაშე გამოირჩევა ტექნიკით, პასით, მოედნის ხედვით?
- ინდივიდუალურად ყველა კარგია, გუნდური თამაში კი სულ იყო ჩვენი ნაკრების პრობლემა. სხვა მოთამაშეების გამოყოფაც შეიძლება, მაგრამ გადაცემებითა და კარში დარტყმებით მაინც ჯანო ანანიძეს გამოვარჩევ. ჯანო ჩინებული ფეხბურთელია, კლუბშიც გამორჩეულ სეზონს ატარებს და ნაკრებსაც ეხმარება.
- სიომინმა მითხრა, ასათიანი ნამდვილი არისტოკრატი იყო, ჩივაძეს მაგონებდაო. შენ რას გაიხსენებ იური პალიჩზე?
- კარგის მეტი არაფერი მახსენდება, ერთმანეთთან ყოველთვის თბილი დამოკიდებულება გვქონდა და მიხარია, სიომინი მოსკოვის "ლოკომოტივში" რომ დაბრუნდა. "ლოკო" მისთვის მშობლიური კლუბია, თუ კლუბმა რამეს მიაღწია, სწორედ იური პალიჩისა და კლუბის პრეზიდენტ ფილატოვის დამსახურებაა.
- როგორ ფიქრობ, ქართულ ფეხბურთს როდის შეეტყობა ფეხბურთის განვითარების სახელმწიფო პროგრამის შედეგი?
- როცა ნულიდან იწყებ, მიზნის სწორად დასახვა და დროა აუცილებელი. წლების წინ ქართულმა ფეხბურთმა ყველაფერი დაკარგა. ასეთი რამ სხვებსაც დაემართათ, მაგრამ მაგალითი მათგან უნდა ავიღოთ, ვინც სწრაფად და სწორად განვითარდა. იმავდროულად, უნდა შევეგუოთ, რომ შედეგი მალევე ვერ იქნება, წლებია საჭირო. აუცილებელია მიმართულება, ფულის სწორად დახარჯვა და დრო.
- ფეხბურთელები?
- ნიჭიერი მოთამაშეები დღესაც საკმარისად გვყავს, მაგრამ ახალგაზრდა ფეხბურთელებს კვალიფიციური მწვრთნელები სჭირდებათ, სტადიონზე და მის მიღმა მოქცევის წესები რომ ასწავლონ, ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად მოამზადონ. მოზარდს პატარა ასაკიდან უნდა ჩამოუყალიბდეს პროფესიონალიზმი. თუ პროფესიონალი მწვრთნელი არ ავარჯიშებს, რაც უნდა ნიჭიერი ახალგაზრდა იყოს, დროთა განმავლობაში მაინც დაიკარგება. უფრო სწორად, თუ გაუმართლა, მხოლოდ ნიჭის ხარჯზე მიაღწევს შედეგს... სამწუხაროდ, ცოტა გვყავს პროფესიონალი მწვრთნელები, რომლებმაც ბავშვებთან მუშაობა იციან. გგონიათ, ახალგაზრდობაში მე არ ვოცნებობდი კარგ ავტომანქანაზე, ან რომ შემძლებოდა, არ ვიყიდდი? მაგრამ ყველაფერს თავის დრო აქვს. პირველ რიგში, ფეხბურთზე უნდა იფიქრო და მხოლოდ შემდეგ მანქანაზე.
- გაითვალისწინეთ, რომ გაზეთ "კვირის პალიტრის" ექსკლუზიური და ანალიტიკური სტატიების წასაკითხად უნდა გახდეთ ხელმომწერი - ინტერვიუს სრული ვერსია
ავტორი: რატი შელეგია