ერთი გამოკითხვის გამო - საკულტო გმირისა და რწმენის ამბავი

AutoSharing Option
"ქინქი" ინგლისში დღემდე ახსოვთ და მის მიღწევებს პერიოდულად იხსენებენ. მაგალითად, "საუთჰემპტონთან" გატანილი ქართველი ჯადოქრის გოლი დღემდე პრემიერლიგის საუკეთესო ათეულში შედის, ახლახან კი ის "მანჩესტერ სიტის" ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს.

ეს სიახლეც უკვე ყველამ იცის: ინგლისური dreamteamfc.com-ის გამოკითხვაში - ვინ არის ინგლისის პრემიერლიგის ისტორიაში საუკეთესო 7 ნომერი? - გიორგი ქინქლაძეც მოხვდა. ქართველი ამ დროისთვის აბსოლუტური უპირატესობით ლიდერობს. ბოლოს რომ ვნახეთ, ერიკ კანტონას მხარს 1% უჭერდა, დევიდ ბექჰემს - 1,3%, კრიშტიანო რონალდუს - 3,4%, ლუის სუარესს
და რობერ პირესს - 0,4 და 0,6%, მეტ ლე ტისიეს - 0,3%, ხოლო ქინქლაძეს - 93,1%!

"შეგვეძლო, აგვერჩია მხოლოდ იმ გოლის გამო, რომელიც "საუთჰემპტონს" გაუტანა. ეს იყო დაახლოებით ისეთივე, როგორიც "მიდლსბროს" კარში დიმიტრი პაიეს გოლი, მაგრამ ქინქლაძის გოლი მილიონჯერ უკეთესია. გიორგი ქინქლაძე ბრწყინვალე "7 ნომერი" იყო და ის დღემდე "მანჩესტერ სიტის" ფანების საკულტო გმირია", - წერს გამოცემა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge
ხმები მხოლოდ საქართველოდან?!
ამ ამბავმა კიდევ ერთხელ აგვაფორიაქა. ცხადია, გვეამაყება, რომ გიორგი ქინქლაძე მსოფლიო დონის ვარსკვლავი გვყავდა.

მაგრამ ცხოვრების ყველა სფეროში ასეა - იმედიანს უიმედო უპირისპირდება. ეს განსაკუთრებით ფეხბურთსა და პოლიტიკაში იგრძნობა და ყველაზე მეტ კამათს იწვევს. ეს მშვენიერი ცნობაც ლამის მარადიულად ქცეული დაპირისპირების საფუძველი გახდა - ვართ თუ არა საფეხბურთო ქვეყანა და რა შეგვიძლია?

"ალბათ, ხმებს მხოლოდ საქართველოდან აძლევენ, ასე რონალდოს კი არა, მესის და მარადონასაც გადაასწრებს. სასაცილოა, ინგლისში ფეხბურთელი ერთი გოლის გამო გააღმერთო... ქინქლაძეს მთელი კარიერის განმავლობაში მეტი არაფერი გაუკეთებია, ჭამას და ძილს გადააყოლა თავისი ნიჭი", - ასეთი აზრიც გამოხატეს.

ერთხელ ჟოაო აველანჟმა თქვა - 1966 წლის შემდეგ ყველა მსოფლიოს ჩემპიონატი ჩაწყობილი იყოო. მაშინ ფიფას ექსპრეზიდენტი 98 წლისა გახლდათ და უეფასა და ფიფას ხელმძღვანელებმა კომენტარისგან თავი შეიკავეს - იფიქრეს, მოხუცდა კაციო...

ბოლომდე არავინ უწყის, ვინ და რა პრიზი აიღო დამსახურებულად თუ დაუმსახურებლად, მაგრამ ჩვენში საკუთარი მიღწევების თუ დამსახურებების მიწასთან გასწორების უცნაური სურვილი რომ იგრძნობა, ეს ფაქტია.

ვის რა სჯერა?
გავყვეთ ლოგიკას, რომლის თანახმადაც, ინგლისურ ვებგვერდზე ქინქლაძეს ხმას მხოლოდ ქართველები აძლევენ. გამოდის, რომ "მანჩესტერ სიტის" ტრიბუნებიდან მას ტაშს მხოლოდ იქ მყოფი ქართველები დაუკრავდნენ და მისი თამაში სიამოვნებას მხოლოდ ჩვენებურებს ანიჭებდა, ინგლისელები კი ამას ვერ ამჩნევდნენ.

არგენტინაში მიხეილ მესხი რომ გარინჩას შეადარეს, "გრუზინული" ლეგენდააო;

"სანტიაგო ბერნაბეუზე" თბილისის "დინამოს" მიუნხენის "ბაიერნი" არ დაუმარცხებია (არადა, წინა დღეს ბავარიელ თანატოლებს "დინამოს" დუბლებმაც მოუგეს);

"ლივერპულთან" და "ფეიენოორდთან" ყარაულის თოფივით გაგვივარდა ან ტოტალიზატორის ამბავი იყო;

ასევე მოხდებოდა ესპანეთთან 7 ივნისს მოგებულ მატჩშიც - ქართველებისთვის საამაყო გამარჯვებას მცირე ნაწილი ტოტალიზატორთან კავშირით "ხსნიდა".

სამწუხაროა, რომ ჰგონიათ, თითქოს, ქართული ფეხბურთი მხოლოდ 13 მაისის გაელვება იყო. საამაყო თაობები და გუნდები მანამდეც გვყავდა, მაგრამ ეს საკმარისი არ ყოფილა, საქართველო საფეხბურთო ქვეყნად რომ გვეღიარებინა. არ სჯერათ, რომ თორნიკე ოქრიაშვილს "მარსელი" იწვევდა, ქინქლაძეს - "ლივერპული", შოთა არველაძეს - "ლევერკუზენი", ზაზა ჯანაშიას - "ლაციო", დავით მუჯირს - "იუვენტუსი", ლევან კობიაშვილს - "ბაიერნი"...

მაგრამ სჯერათ, რომ ქართველ ფეხბურთელებში ბევრი ნარკომანია, არაფერი შეუძლიათ და ზარმაცები არიან.
არათუ სჯერათ, ზოგჯერ ისე ჩანს, უხარიათ კიდეც, ასეთი მართლა თუ გამოჩნდება - ალბათ, თავიანთი ვერსიების დასტურად.

გულშემატკივარს წარმატება ახარებს, წაგება კი გულს სტკენს. ყოველ შემთხვევაში, ტკივილზე დაცინვა და მცირეოდენ წარმატებაზე ცინიკური ლაპარაკი გაუგებარია.

კონსტიტუციური უფლება
დაცინვა ადვილია, მას არც შრომა სჭირდება, არც მონდომება და არც ინვესტიცია, მაგრამ დიდი ძალა აქვს - სუსტ ადამიანებს შხამავს და იმედებს უკლავს. ფეხბურთელებს საქართველოში ხშირად ესმით, რომ არაფერი შეუძლიათ და ბევრის გონებაში ბავშვობიდან არასრულფასოვნების კომპლექსი იბუდებს და მერე დიდობაში იჩენს ხოლმე თავს.

მაგრამ ადამიანებს აქვთ კონსტიტუციური უფლება, იქილიკონ, ფეხბურთელები არ გაამხნევონ, ხაზი გადაუსვან, ლანძღონ და თქვან, რომ - "ამათგან მაინც არაფერი გამოვა", რომ "საქართველოში ფეხბურთი უნდა აიკრძალოს"...

ერთი შეხედვით, ლოგიკა მათ მხარესაა - ჩვენ მსოფლიო ფეხბურთის გრანდი არასოდეს ვყოფილვართ, ახლა საქართველო ფიფას რეიტინგში ასეულს მიღმაა, კლუბები კი ევროსარბიელს პირველივე ეტაპზე ეთიშებიან.

მაგრამ ესეც ლოგიკურია - დამოუკიდებლობის პერიოდში ქართულ ფეხბურთს არასოდეს ჰქონია სასურველი გარემო, პირობები და ნორმალური ინფრასტრუქტურა, წარმატება კი ნგრევასა და ომებში არ იბადება. მით უფრო იმ ქვეყანაში, სადაც სტადიონებს მზესუმზირასავით ყიდიან.

ესეც ლოგიკურია - ასეთ დროს, ასეთ გარემოში გაზრდილი ფეხბურთელებით ესპანეთს რომ მოუგებ და ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალისტს გასვლაზე ქულას გამოგლიჯავ, გამოდის, მთლად წყალწაღებულებიც არ ვყოფილვართ. დავაზუსტოთ, რომ ჩვენ სწორედ ამას ვამბობთ და არ ვამტკიცებთ, რომ ესპანეთ-გერმანიას ვჯობნით.

რწმენით გაკეთებული
ერთი წამით წარმოიდგინეთ, ანდრო ჟორდანია უიმედო რომ ყოფილიყო, ვარსკვლავების მთელ პლეადას აღმოაჩენდა, თბილისის "დინამოს" გავრილ კაჩალინი ჩემპიონობამდე აღაზევებდა? ნოდარ ახალკაცი კი - 13 მაისამდე?

შორს რომ არ წავიდეთ, დაქცეული ქვეყნის გუნდს გია გეგუჩაძე უეფას თასის ჯგუფურ ეტაპამდე ვერ გაიყვანდა, ხოლო რეზო გაგუა, ვახტანგ კოპალეიშვილი, კობა ჟორჟიკაშვილი, ვასილ მაისურაძე და გია ცეცაძე ასაკობრივ ნაკრებებს - ევროპის ჩემპიონატზე.

მაგრამ მათ სჯეროდათ ის, რაც სხვებისთვის გაუგებარი და სასაცილო იყო, ახლოს არ გაიკარეს ჩაგონება "არაფერი გამოვა" და ისეთი გამოუვიდათ, დღემდე რომ გვახსენდება და გვეამაყება.

რაც შეეხება ძველის გახსენებას - ქართული ფეხბურთის ისტორიაში სასიხარულო და საამაყო ამბებიც მომხდარა და მათი აღნიშვნისა და დაფასების უფლება ჩვენც გვაქვს. იმიტომ, რომ ამ წარსულში მომავალს ვხედავთ, რომელიც ბევრისთვის ზღაპარია, ჩვენთვის კი - საფეხბურთო ცხოვრების მიზანი. ამას ცინიზმი ნამდვილად ვერ მოერევა.

ეს ყველაფერი რწმენაზეა დამოკიდებული - ზოგჯერ უნდა ირწმუნო და მერე ნამდვილად დაინახავ. მაგრამ მხოლოდ ნეგატივის ძიებით მომავალი ვერ გამოჩნდება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 27 /
ქართული ფეხბურთის ისტორია 90ან წლებში დაიწყო! რაც მალე მივხვდებით ამას, მით უკეთესი იქნება!
მანამდე, რაც არ უნდა სამწუხარო იყოს, საბჭოთა ფეხბურთის შემადგენელი ნაწილი ვიყავით. საბჭოთა ჩემპიონატის (და ზოგადად, საბჭოთა სისტემის - როდესაც პრაქტიკულად ნაკრები კლუბის სახით თამაშობდა) გარეშე დინამო ვერასდროს მიაღწევდა იმ სიმაღლეებს, სადაც იყო. ამიტომ იმ დროზე საუბრისას, ჟურნალისტებო, გაითვალისწინეთ ეს - თქვენც მოგეშვებათ და ჩვენც არ ვიდარდებთ, ეს სადამდე დავეშვითო.
პ.ს. ჩვენი ოფიციალური სანაკრებო სერია მოლდოვასთან მარცხით დავიწყეთ და არა კარლ ცაისზე გამარჯვებით - შემდეგ თამაშზე ამ ყველაფრის გათვალისწინებით უნდა გავიდეთ!
Kote
16 ოქტომბერი 2016 15:54
0
მეჭვოფი-ს - მესხი მსოფლიო ნაკრებში კომუნისტებმა არ გაუშვეს, ასეთი ხმები დადიოდა-ტყუილია, თუ მართალი არ ვიცი. ყიფიანის თამაში თავად ვნახე, ოღონდ არა მსოფლიოს, არამედ ევროპის ვარსკვლავთა ნაკრებში 1981წ.
mamuka kikabize
15 ოქტომბერი 2016 20:44
0
jumber-ს

ჯუმბერ ბატონო ეგ ცალკეული ფეხბურთელები კი არ აღწევდნენ წარმატებებს არამედ გუნდი, რომელშიც ისინი თამაშობდნენ. ინდივიდუალურად მსოფლიო ფეხბურთისთვის არც ერთ მათგანი ვარსკვლავი არ ყოფილა. ისე მსოფლიო ნაკრების რომელ მატჩში მიიღეს მონაწილეობა მესხმა და ყიფიანმა? ვის წინააღმდეგ თამაშობდნენ?
მეჭვოფი
15 ოქტომბერი 2016 17:59
0
"Sherlock"-ს. აი, სწორედ ეგ არის ყველაზე დიდი პრობლემა. რამდენიმე მაღალი დონის მომენტი შექმნა და მატჩი ჩაატარა, შეკრიბეს ვიდეოები, დადეს ლინკზე, ჰოდა ამაზე საუბრობთ 20 წელი. მთავარი კი ის არის, რას მიაღწია. რეალურად არაფერს. ერთი სეზონი ითამაშა ინგლისის პრემიერ ლიგაში, ისიც მაჩანჩალა "სიტიში". კი ბატონო, გეთანხმებით, ნიჭიერი და ბრწყინვალე მონაცემების ფეხბურთელი იყო, თუმცა ვერ განვითარდა და პრინციპში, არც ცდილობდა. კმაყოფილი იყო, კარგ ხელფასს რომ იღებდა. არც იმ "სიტიში" აღიარეს დიდად, რადგან კლუბის დიდების დარბაზში არ არის შეყვანილი, როდესაც, მის დროს მოთამაშე გერმანელი უვე რესლერია ამ დარბაზში. ასე რომ, თავს ნუ იტყუებთ და ზღაპრებსა და ოცნებებში ცხოვრებას მოეშვით. ვის ადარებთ, ბექჰემს, რონალდუს, კანტონას, სუარესს, თუნდაც რობერტ პირსს, ლე ტისიეს, ან სტივ მაკმანამანს? შეხედეთ მათ მიღწევებს და შემდეგ გიორგისას. კარგით რა... ქინქლაძე მაყურებელს მოწონდა, რადგან შეეძლო ლამაზი ფინტი გაეკეთებინა, რამდენიმე ფეხბურთელი მოეტყუებინა, მაგრამ ეს "აფეთქებები" მხოლოდ ეპიზოდური იყო და "სიტი"-ში ჩატარებულ სამ სეზონში, 100-ზე მეტ მატჩში სულ 20 გოლი აქვს გატანილი. ახალგაზრდა ფეხბურთელისტვის, ზოგადად, სპორტსმენისტვის გიო უნდა იყოს მაგალითი, როგორ არ უნდა გაანიავო ტალანტი. ანუ, ის უარყოფითი პერსონაჟია.
2015
15 ოქტომბერი 2016 15:58
0
მესხი,მეტრეველი,და ჩოხელი ევროპის პირველი ჩემპიონები იყვნენ,რომლებსაც სსრკ ს ნაკრებში შეეძლოთ მსოფლიოს ნებისმიერი გუნდის დამარცხება.ხურცილავა ევროპის ვიცე-ჩემპიონი.1970 წელს ნოდია,ასათიანი და კავაზაშვილი მსოფლიოს მეოთხედფინალში არაობიექტური მსაჯობის გამო დამარცხდნენ.მანამდე ხურცილავა,მეტრეველი და კავაზაშვილი ინგლისის მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოს მედალოსნები გახდნენ. მესხს და მეტრეველს იმ დროს მსოფლიოს ნაკრებში იწვევდნენ,ისევე როგორც ყიფიანს.მესხი და რეალელი ჰექტორ ჰენტო მსოფლიოს საუკეთესო მარცხენა გარემარბებად ითვლებოდნენ.
jumber
15 ოქტომბერი 2016 14:39
0
https://youtu.be/uURCXA7jlF0

ეს არ არის იმის დასტური, რომ მსოფლიო დონის იყო?
Sherlock
15 ოქტომბერი 2016 14:13
0
იმედიან-უიმედოობის საკითხს მინდა შევეხო რა. უიმედოდ სწორედ იმიტომ ვართ განწყობილი, რომ ვინც კი ბოლო პერიოდში ნორმალური ტალანტი გამოჩნდა ჩვენში, მათმა უდიდესმა უმრავლესობამ გართობას, გულაობას და საკუთარ უხიაგო ხასიათს გადააყოლა ტალანტი! მჭედლიძე, ოქრი, თარგამაძე, (სამწუხაროდ არაბიძეც მაგ გზას ადგას) და კიდევ ბევრი და ბევრი ასეთი მაგალითი გვაქვს. ნაკრების ლიდერად გვყავს ფეხბურთელი რომელიც ზამენის ფეხბურთელად მოიაზრება კრასნოდარში. რაზე უნდა ვილაპარაკოთ საერთოდ? ოქრი გულიანად თამაშობს ნაკრებში, რისთვისაც დიდი მადლობა მას, მაგრამ საკლუბო კარიერა ვერ აიწყო, ვერ გაუქაჩა საკუთარ ხასიათს.
pizunda
15 ოქტომბერი 2016 09:57
0
მსოფლიო დონის ვარსკვლავად როგორ შეიზლება ჩავთვალოთ აიაქსში ვერ დამკვიდრებული, გაზამენებული ფეხბურთელი? ქინქიმ მხოლოდ ორი სეზონი ჩაატარა ასე თუ ისე ნორმალურ დონეზე! დანარჩენი სეზონები ჩააგდო! ის ორი სეზონიც თამაშობდა საშუალოზე დაბალი დონის გუნდში, რომელიც ადგილის შენარჩუნებისთვის იბრძოდა. რაის მსოფლიო ვარსკვლავი ეგ გვყავდა! ეგეც მსოფლიო ვარსკვლავია და მესიც?)))
მეჭვოფი
15 ოქტომბერი 2016 09:50
0
აი ასე ხდება ხმების მიცემის ორგანიზება პატივცემულო ჟურნალისტებო:)ან არ გახსოვთ როგორ ვქაჩავდიტ ზაზა ფაჩულიას? NBA vote zaza paculia-ო რომ ვაქტიურობდით და დირკ ნოვიცკიზე მაღლა რომ დავაყენეთ გამოკითხვაში?))) თუმცა რას გიხსნით, თქვენც ხომ კარგად იცით რა როგორ ხდება, თავადაც არაერთხელ მიგიციათ ხმა ქართველი სპორტსმენებისათვის სხვადასხვა გამოკითხვებში.
მეჭვოფი
15 ოქტომბერი 2016 09:44
0
სრული არაპროფესიონალიზმი ჟურნალისტები და ფეხბურთელები ძალიან გვანან ერთმანეთს არასწორი ანალიზი არასწორი აქცენტები და რომელ ქართველს არ უნდა მათი წარმატება კითხეთ ერთი მცოდნე ხალხს ვინ და რამდენი ქართველი დაასახელა ყიფიანმა მსოფლლიოს დონის ფეხბურთელად.
კახა
15 ოქტომბერი 2016 01:49
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული