რამდენი მილიონი დაახარჯა უკვე სახელმწიფომ ქართულ კლუბებს - ფონდის დოკუმენტაცია

AutoSharing Option
ფეხბურთის განვითარების ფონდმა 2016 წლის მარტში დაიწყო საქმიანობა. Sportall.ge დაინტერესდა ფონდის ფინანსური აღრიცხვით, რამდენი კლუბი მოხვდა ფონდის დაფინანსების პროგრამაში და რა თანხები გაიცა ამ დრომდე. ამასთან დაკავშირებით ფეხბურთის განვითარების ფონდიდან ფინანსური დოკუმენტაცია გამოვითხოვეთ.

დოკუმენტაციიდან ირკვევა, რომ წელს საფეხბურთო კლუბებს ფეხბურთის განვითარების ფონდიდან 29 მილიონ ლარზე ცოტა მეტი უკვე გადაერიცხათ, სულ კი ჯამში ფონდიდან 77 კლუბი დაფინანსდა.

ფონდის 2016 წლის პროგრამის მიხედვით, ქართულმა კლუბებმა 31 663 025 ლარი უნდა მიიღონ. 29 ნოემბრის მდგომარეობით, 77-მა ქართულმა კლუბმა 29 042 125 ლარი მიიღო.
თანხის გაცემა ორ ეტაპად ხორციელდება.

აღსანიშნავია, რომ კლუბების უმრავლესობამ კონკრეტულად მისთვის განკუთვნილი დაფინანსებიდან გარკვეული თანხა ფონდის ამოქმედებამდე მუნიციპალიტეტებისგან მიიღო, რაც შემდგომში აისახა ფონდის აღწერაში. ამ თანხამ ჯამში 5 947 744 ლარი შეადგინა. შესაბამისად, უშუალოდ ფონდიდან საერთო ჯამში კლუბებს 23 094 381 ლარი გადაერიცხათ. წლის ბოლომდე კი კლუბები დარჩენილ 2 620 899 ლარსაც მიიღებენ.

ფონდიდან ყველაზე დიდი დაფინანსება უმაღლესი ლიგის კლუბებს აქვთ. თითო კლუბის დაფინანსება 2016 წელს 1 400 000 ლარით განისაზღვრება, თუ არ ჩავთვლით ქობულეთის "შუქურას" (1 373 323) და ფოთის "კოლხეთს" (1 320 000). ხოლო თუ რატომ აქვს ამ ორ კლუბს ნაკლები დაფინანსება, ფეხბურთის განვითარების ფონდის თავჯდომარის, ზაზა დოლიძის თქმით, კლუბებს ბიუჯეტი უკვე დაგეგმილი ჰქონდათ და შესაბამისად, აღნიშნულ თანხაზე მეტი აღარ სჭირდებოდათ.

"ჩვენ რომ მარტში ჩავერთეთ ამ პროგრამაში, მათ 90% ფიქსირებული ხარჯი ჰქონდათ, ფეხბურთელების კონტრაქტებიც გაფორმებული იყო, შესაბამისად, ხელფასებს ვეღარ გაუზრდიდნენ. ანუ მათი დაგეგმილი ხარჯი 800 000-ზე ნაკლები იყო", - გვეუბნება დოლიძე.

29 ნოემბრის მდგომარეობით, უმაღლესი ლიგის კლუბებმა 18 482 636 ლარი უკვე მიიღეს, 2016 წლის ბოლომდე კი 1 010 687 ლარს მიიღებენ. საბოლოო ჯამში, უმაღლესი ლიგის კლუბებისთვის 2016 წელს ფონდიდან გაცემული თანხა 19 493 323 ლარს შეადგენს.

რაც შეეხება პირველი ლიგის კლუბებს, დაფინანსება აქაც არათანაბარია, რაც დოკუმენტიდან ჩანს. ჯამში, ფონდიდან პირველი ლიგის 18 კლუბისთვის წელს განკუთვნილი თანხა 8 027 341 ლარს შეადგენს. აქედან ფონდმა 7 125 858 ლარი უკვე გასცა, დარჩენილ 901 483 ლარს კი კლუბებს წლის ბოლომდე ჩაურიცხავს.

რაც შეეხება არათანაბარ დაფინანსებას, პირველ ლიგაში იგივე სიტუაციაა, რაც უმაღლესში. კლუბებს უკვე ჰქონდათ გაწერილი ხარჯები და შესაბამისად, მეტი თანხა არ დაერიცხათ.

"აქაც იგივე სიტუაციაა. მათ 300 000 იმიტომ არ ჩაერიცხათ, რომ ფიქსირებული ჰქონდათ უკვე თანხები. დამატებითი რესურსი როცა გაგვიჩნდა, რაღაც გამონაკლისები დავუშვით - ზოგმა ფორმის საყიდლად გვთხოვა თანხა, ზოგმა სხვა რამისთვის... ჩვენთან შეათანხმეს და მივეცით თანხა, მაგრამ იმ დაგეგმილი ხარჯის გაზრდის უფლება, რაც ჰქონდათ, აღარ მივეცით.

62 გუნდიდნ 59 იმაზე მეტს იღებს, ვიდრე გეგმაში ჰქონდა. სიტყვაზე, გუნდს ბიუჯეტი ჰქონდა 220 000 და მიიღო 480 000 ლარი", - განმარტავს დოლიძე.

უმაღლესი და პირველი ლიგის კლუბებს, ჯამში, ფონდმა 2016 წლის ბოლომდე პროგრამის მიხედვით 27 520 664 ლარი უნდა ჩაურიცხოს.

დოკუმენტის მიხედვით, დანარჩენ 45 კლუბს, რომელიც მეორე ლიგაში ასპარეზობს, წლის ბოლომდე 4 142 361 ლარი ეკუთვნის. აქაც, რა თქმა უნდა, თანხის გარკვეული ნაწილი კლუბებს ფონდის ამოქმედებამდე ჩაერიცხათ, ზოგს კი მთლიანი დაფინანსება უკვე მიღებული აქვს.

აღსანიშნავია, რომ ამჟამად მეორე ლიგაში 65 გუნდი თამაშობს, თუმცა მხოლოდ 45 დაფინანსდა. დოლიძე ამ საკითხსაც განმარტავს:

"შარშან, ჩემპიონატის დამთავრებისას რომელი გუნდებიც იღებდნენ მონაწილეობას, მხოლოდ ისინი დავაფინანსეთ. ეს იმიტომ, რომ გარდამავალ ჩემპიონატში ლიგას 24 გუნდი დაემატა და 24X50 000-ზე რომ გაამრავლო, 1 200 000 ლარით მეტი გამოდიოდა და ასეთი ბიუჯეტი არ გვქონდა. ამიტომ სფფ-მ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ეს გუნდები შუამდგომლობით მოსულიყვნენ - კი, ჩვენ დავუშვებთ მათ ჩემპიონატში, მაგრამ დაფინანსების პროგრამაში ვერ მოხვდებიან".

გარდა ამისა, ფონდმა 2016 წლის დაფინანსების პროგრამაში კლუბების ფინანსური სტიმულირებაც შეიტანა. 2016 წელს 6-მა კლუბმა განახორციელა ფინანსური აქტივობები (ინვესტიცია, ტრანსფერი და ა.შ.), რის სანაცვლოდ მიიღებს ფონდისგან გარკვეულ თანხებს.

კერძოდ კი, ფინანსური სტიმულირებიდან თანხები შემდეგ კლუბებს ჩაერიცხებათ:

თბილისის "დინამო" - 400 000 ლარი
საჩხერის "ჩიხურა" - 400 000
"საბურთალო" - 400 000
"ლოკომოტივი" - 400 000
ბათუმის "დინამო" - 250 000
"გაგრა" - 50 000

აღსანიშნავია, რომ სამ კლუბზე გასაცემი თანხის ნაწილი უკვე ჩარიცხულია. ესენია: "საბურთალო" - 100 000, "ლოკომოტივი" - 100 000, ბათუმის "დინამო" - 145 000.

საპრიზო და პრემიალური ფონდიდან 2015/16 წლების სეზონში 150 000 ლარი გაიცა, ხოლო 2016 წლის გარდამავალ ჩემპიონატში და თასზე 750 000 ლარია გათვალისწინებული.

ასევე აღსანიშნავია, რომ ფონდმა 2016 წელს სამოყვარულო ფეხბურთის ასოციაციას 10 935 ლარი გადაურიცხა.

ქვემოთ გთავაზობთ დოკუმენტაციას:

Sportall.Ge
Sportall.Ge

Sportall.Ge
ასევე იხილეთ თემები ქართულ ფეხბურთზე, რომელიც დაგაინტერესებთ:

- გარიგებული მატჩები - "საოცრებები", რომლებიც ჩვენი ჩემპიონატის ქვედა ლიგებში ხდება
- როგორ ხდება საქართველოში გარიგებული მატჩის ამოცნობა - სფფ-ის მოქმედების პრინციპი
მკითხველის კომენტარები / 15 /
მეცოდება საქართველო, მგონი დაგვერხა ყველაფერში.
ვეტერანი
16:03 01-12-2016
0
მერე ამდენი ფული რომ დაიხარჯა,რაიმე წინსვლა,თუნდაც მიზერული დაეტყო ქართულ ფეხბურთს? ასე იფლანგება მშიერი ხალხის ფული.
mamulo
16:28 01-12-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული