[ოთხშაბათის საკითხავი] როდის უნდა წავიდეს ფეხბურთელი საქართველოდან?

AutoSharing Option
ახლოვდება სატრანსფერო პერიოდი და კითხვა, რომელიც ჩვენი წერილის სათაურში დავსვით, განსაკუთრებულ აქტუალურობას იძენს. ვერ ვიტყვით, რომ ქართველ ფეხბურთელებზე ტაციაობაა, მაგრამ ჩვენი რამდენიმე ახალგაზრდა მოთამაშე მაინც გემრიელი ლუკმაა ევროპული კლუბებისთვის...

მითი იმის თაობაზე, რომ საქართველოს დაბალი დონის ჩემპიონატიდან ევროპულ კლუბებში გადასულ ჩვენებურებს არაფრის გაკეთება არ შეუძლიათ, დანგრეულია. გიორგი ქვილითაია თბილისის "დინამოდან" მივიდა ვენის "რაპიდში" და საშუალოევროპული კლუბის ძირითადში თანდათან მკვიდრდება, თან გოლებიც გააქვს.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ეს უკვე კარგი ამბავია მთლიანად საქართველოს ჩემპიონატისთვის, თუმცა ისიცაა, რომ ქვილითაიამ უნგრეთში თამაშიც მოასწრო და ევროპული
წესრიგი იმთავითვე დააჭაშნიკა.

...თავის დროზე, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას უმცროსი ნოდარ ახალკაცი რომ ხელმძღვანელობდა, ფეხბურთის ფედერაციის შეფობამ უცხოეთში წასვლის მოსურნეთათვის ასაკობრივი ცენზის შემოღებაზე დაიწყო ფიქრი.

საერთო განწყობა დღეს ჩვენში ისეთია, რომ მაშინდელმა ფედერაციამ მეტი დააშავა, ვიდრე გააკეთა. რა თქმა უნდა, იმ ფედერაციას თავისი შეცდომები ეყოფა, მაგრამ არ იყო და არ არის ის ხალხი მთლად ხაზგადასასმელი. ეს სულ სხვა წერილის თემაა, მაგრამ იმ ფორმაციის ფედერაციის რამდენიმე პლუსის ჩამოთვლა ახლავე შეიძლება. დღეს ჯანო ანანიძეს საქართველოს ნაკრების მაისურა რომ აცვია, სწორედ იმ ხალხის დამსახურებაა, რა თქმა უნდა, ჯანოსთან და მის მშობლებთან ერთად...

კალამი რომ არ გაგვექცეს, ისევ პირველთქმულს მივხედოთ. მაშინ, ეს აზრი რომ მომწიფდა, პირადულ საუბრებში ჩვენი მოსაზრებითაც დაინტერესდნენ და მე ჩემი ვთქვი - კი, შესაძლოა, ზედმეტი სიხისტეა, მთლად ჰუმანურიც ვერ არის, დაუშალო ადამიანს ის, რისი გაკეთებაც სურს, მაგრამ მაშინ მომხრე ვიყავი ასაკობრივი ცენზის დაწესების.

ჩემი არგუმენტებიც მქონდა. ქართული საკლუბო ფეხბურთი მთლად ასე დაქცეულ-დაჩაჩანაკებული არ იყო. ევროთასებზე მთებს ვერ ვდგამდით, მაგრამ არა გვიშავდა და უკეთესობის იმედიც გვქონდა. თამაში ერთი იყო და, რატომ ათ ვაიმენეჯერს არ ნახავდით ჩვენი სტადიონების ტრიბუნებზე, როგორც მშიერი მგლები, ისე კბილებაკაწკაწებულები რომ დაძრწოდნენ იოლი საშოვრის იმედით და მოლოდინით.

ახალგაზრდა ფეხბურთელს, საქართველოს ჩემპიონატში ჯერ პირველ ნაბიჯებს რომ დგამდა, მიადგებოდნენ, დაჰპირდებოდნენ "ოქროს მთებს", ჭკუას აურევდნენ და გაუყენებდნენ სომხეთ-აზერბაიჯან-ყაზახეთ-რუსეთის (თან პირველი და მეორე ლიგა) გზას.

მაშინ შიდა ქართულ ბაზარზეც სხვა რეალობა იყო. რამდენიმე ინვესტორი ფულს გვარიანად ხარჯავდა და ყველანაირად ცდილობდა კლუბის შენება-შენარჩუნებას. ეს ხალხი კი ამ მეცენატების ჩანაფიქრს ძირშივე სპობდა.

ბოლოს და ბოლოს, ადამიანურ მოვალეობად მიმაჩნდა იმ ხალხის გვერდით დგომა, რომელიც მაშინ ქართული ფეხბურთისთვის ბლომად ფულს ხარჯავდა, ხელში კი თითქმის არაფერი რჩებოდა. აქსიომაა: ქართული კლუბი რიგიანად ვერ იარსებებს, თუ მან თავისი აღზრდილი ფეხბურთელი დროულად არ გაასხვისა.

ასე იყო მაშინ და ახლა სხვა დროა. ქართულ საკლუბო ფეხბურთს რომ ვუყურებ, ცალკე უიმედობის განცდა მიპყრობს და ცალკე - სურვილი, რომ კერძო ინვესტორები, ქართულ ფეხბურთს ერთად რომ გაეცალნენ, დაბრუნდნენ და ამ ახალ რეალობაში საქმე აკეთონ. ცალკე კიდევ, ეს ვაიმენეჯერებიც აღარ არიან. მათ ფეხბურთი ერთჯერადი ქალივით გამოიყენეს და ბევრი თბილ ადგილზეც მოეწყო მას შემდეგ, რაც ახალი ნაცნობები გაიჩინა.

რა თქმა უნდა, ფეხბურთის განვითარების სახელმწიფო პროგრამა და ის მილიონები, ქართული საკლუბო ფეხბურთის უკეთეს ხვალინდელ დღეს რომ ხმარდება, ძალიან კარგია, მაგრამ თუ ამ დროში ძველი, მხარჯველი ხალხი არ მობრუნდა ქართული ფეხბურთისკენ, ან არა და, ახალი კასტა არ "გამოიჩეკა", ისე ხელოვნური ელფერი დაჰკრავს ამ ყველაფერს.

მე რომ ვუყურებ, დღეს ქართულ ფეხბურთში მოტრიალე ხალხის უმრავლესობამ კარგად შეირგო ეს მილიონები, მოირგო კომფორტი, გაჩნდა ახალი კასტა კერძო ინვესტორებისა, ძველი სახეები კი ჯერაც არ ჩანან. ხელოვნური ელფერი დაჰკრავს-მეთქი ყველაფერს - მორჩება ეს პროგრამა, მოსწყინდება სახელმწიფოს მეწველი ძროხის როლში ყოფნა და დაინახავს რა, რომ ამ პროგრამამ მხოლოდ ის შედეგი გამოიღო, რომ ჩემპიონატი შენარჩუნდა, დაიხურავს ქუდს და წავა. ვინმე დაუშლის თუ რა?!

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ ეს ხალხი მოაბრუნოს ქართული ფეხბურთისკენ. ზემოთ ნათქვამის ყველაზე მკაფიო მაგალითი ზესტაფონია.

ამ ფედერაციის ერთ-ერთ ყველაზე დიდ ზადად ის მიმაჩნია, რომ ჯერაც არ დაფიქსირებულა პოზიცია "ზესტაფონთან" დაკავშირებით. თავის დროზე, სამართლიანად მოიხსნა თუ არა გუნდი საქართველოს ჩემპიონატიდან? ეს კითხვა დღეს ბევრს აწუხებს, ყველაზე მეტად კი - გუნდის გულშემატკივარს.

სანამ "ზესტაფონის" ქართულ ფეხბურთში დაბრუნებაზე მიდგება საქმე, ამ კითხვას უნდა გაეცეს პასუხი.

აფერუმ "ზესტაფონის" ჩვიდმეტწლამდელებს და "მარგვეთს". ამ ქალაქში ფეხბურთს ისინი აცოცხლებენ, მაგრამ ჩვენ საქმე ერთ-ერთ ყველაზე ტიტულოვან ქართულ კლუბთან გვაქვს. საქმე გვაქვს საქართველოში ერთ-ერთ საუკეთესო სტადიონთან და ბაზასთან, რომელიც დღეს თითქმის უფუნქციოდაა დარჩენილი. და ვინ თქვა, რომ დღეს ქართულ ფეხბურთს აქვს ამის ფუფუნება?

რა თქმა უნდა, კარგია, საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ახალგაზრდული ნაკრებისა და თასის ფინალის მატჩებს რომ ატარებს ზესტაფონში, მაგრამ ადგილობრივ გულშემატკივარს თავისი გუნდის ნახვა ურჩევნია ყველაფერს. ვის სიამოვნებს, მხოლოდ შირმა იყოს,  თუნდაც დიდი ზეიმისა?!

კიდევ ერთი: დასავლეთ საქართველოში აუცილებელია, არსებობდეს ძლიერი საფეხბურთო ცენტრი. ანომალიაა, როცა 7-8 წლის ყველა გამორჩეული ფეხბურთელი თბილისურ კლუბებში მიდის და ეს კარგად უნდა ესმოდეთ თვით ამ კლუბების მესვეურებს...

მაგალითი შემთხვევით როდი მოვიყვანეთ. სწორედ ძლიერი კლუბები აკავებდნენ ფეხბურთელს საქართველოში. დღეს ჩვენ აღარ გვყავს ასეთი კლუბები. ერთი თბილისის "დინამო" და... მორჩა, ისიც - ეულად დარჩენილი. გადის ევროთასებზე და კონკურენციას რომ აწყდება, მარცხდება.

სხვისი არ ვიცი და, უახლოესი 2-3 წლის განმავლობაში პირადად მე ქართული საკლუბო ფეხბურთის განსაკუთრებული პროგრესის იმედს და საფუძველს ვერ ვხედავ. სხვა თუ არაფერი, ეს დრო მარტო ჩვენი ფეხბურთის გაწმენდას მოუნდება იმ ელემენტებისგან, წლების განმავლობაში რომ ჭამენ მას.

ყველაფრის გათვალისწინებით, მე ასე მგონია: თუ საქმე გვაქვს განსაკუთრებულ ტალანტთან, ის რაც შეიძლება ადრე უნდა წავიდეს საქართველოდან. ამით ასცდება ჩვენს საშინელ მოედნებს, ათას საეჭვო მატჩს და ხალხს, მწვრთნელის ხუშტურებს, "გამატარე-გაგატარებ"-ს და მილიონ ქართულ საფეხბურთო სიმახინჯეს.

ეგაა, ტრანსფერის შემთხვევაში ბოლომდე უნდა იყოს დაცული ფეხბურთელის აღმზრდელი კლუბის ინტერესები. ეს უკვე ჩვენი საერთო საქმე და საკეთებელია. არ უნდა მოხდეს ისე, რომ დიდი კლუბის ინტერესმა პატარის მიერ გაწეული შრომა ჩაყლაპოს.

ჩვენი ჩემპიონატისთვის ცუდი ნამდვილად არ გვინდა. იკითხავთ, მაშ, ჩვენში დონე ვინ უნდა ასწიოსო? ჯერ გავსუფთავდეთ და დონეზე მერე ვიფიქროთ.

და კიდევ: ფულის გასათეთრებლად ჩამოყვანილ ლეგიონერებს კარგი ლეგიონერები ჯობიან. კვიპროსსა და აზერბაიჯანს არ ჰყავთ ტალანტები, მაგრამ ლეგიონერებს იქაური გუნდები ევროთასების ჯგუფურ ეტაპებზე გაჰყავთ.

სათაურში დასმულ კითხვაზე კი ჩემი პასუხია: რაც ადრე, მით უკეთესი!

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 8 /
საღოლ ავტოროოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოო
;leqso
16:08 30-11-2016
0
რაც შეიძლება მალე უნდა დაუბრუნდეს ზესტაფონი ქართულ ფეხბურთს,კლუბს აქვს სტადიონი და პლიუს 2 ბაზა 1 მაგივრად,ასეთი ინფრასტრუქტურის კლუბი აუცილებლად უნდა იყოს ქართულ ფეხბურთში ეს ქართულ ფეხბურთს ძალიან წინ წაწევს,კონკურენცია აუცილებელია ჩემპიონატში,ახლანდელი მდგომარეობით კი არცერთ ქართულ კლუბს სამწუხაროდ არა აქვს შანსი ევრო ტურნირებზე.
bebeto
17:43 02-12-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული