დილა-დინამო 0:0 - დილაო, ჰოუ დილაო...

AutoSharing Option
02. 11. ქართლი 600 მაყურებელი
დილა-დინამო 0:0
პირველი მატჩი 2:2

დილა დინამო
4-5-1 4-3-3
შეყრილაძე ლორია
ლომიძე კაშია
ბაქრაძე ჰომოლა
ქარქუზაშვილი რეხვიაშვილი
გველესიანი ოდიკაძე
რაჟამაშვილი ალვარო
ჯოჯუა კვეკვესკირი
პ. ხორგუაშვილი კოშკაძე
გოგინაშვილი კოტო
სადაღაშვილი ჩისკო
ახალკაცი კახელიშვილი

დილა
46. პ. ხორგუაშვილი - ნოზაძე
57. გოგინაშვილი - დ. ჩაგელიშვილი
84. სადაღაშვილი - თოდუა
სათადარიგოები: მერლანი, მაჭავარიანი, ვ. ხორგუაშვილი, ი. ბერაია

დინამო
50. ალვარო - იაგუე
60. კოტო - ლექვთაძე
69. კახელიშვილი - რობერტინიო
სათადარიგოები: ნადირაძე, გ. ბერაია,

გაფრთხილება: რაჟამაშვილი (88)
არბიტრი: დ. ხარიტონაშვილი

სათაურში ცნობილ სიმღერას ტყუილად არ დავესესხეთ, გუშინ გორში მართლაც სასიმღეროდ ჰქონდათ
საქმე. "დინამოსთან" მატჩის შემდეგ მეოთხედფინალში გასვლით გახარებული გორელი ფეხბურთელები და მათი ფანები დიდხანს ულოცავდნენ ერთმანეთს.

აქაური ფეხბურთის ქომაგები ასეთი გახარებული იმის მერე არ გვინახავს, ხუთი თვის წინ გადათამაშებით უმაღლეს ლიგას რომ დაუბრუნდნენ. აქვე იმასაც დავძენთ, რომ ამ შეხვედრის მიმართ დიდი ინტერესის გამო "ქართლზე" სპორტული თუ არასპორტული მედიის იმდენი წარმომადგენელი შეიკრიბა, რამდენიც 2006 წელს ჯონ მაკკეინის შიდა ქართლში სტუმრობისას, როდესაც ამერიკელი სენტორის ვერტმფრენი "ქართლის" მოედანზე დაჯდა და იქიდან გაემგზავრა ლიახვის ხეობაში. მაყურებელმა სტადიონის 500 კაციანი ტრიბუნაც გაავსო და არენას ირგვლივაც შემოერტყა.

მასპინძლებმა თამაში იმის მიხედვით წარმართეს, რის საშუალებასაც მეტოქის ძალა და ორრაუნდიანი დაპირისპირების პირველი, 2:2-ით დასრულებული შეხვედრა აძლევდათ. რამაზ სოღოლაშვილს თავისი გუნდისთვის, მოლოდინისამებრ, დაცვაში განსაკუთრებული ყურადღებით გარჯა დაევალებინა, შეტევა კი ეულ ფორვარდ რომან ახალკაცისთვის მიენდო, რომლის უკანაც მისივე სეხნია და ასევე ნომინალური თავდამსხმელი გოგინაშვილი მოქმედებდა.

ალექს გარსიამ მიზნის მისაღწევად, ანუ გოლის გასატანად ფლანგებიდან კახელიშვილი და კოტო, ცენტრში კი ჩისკო გაამწესა. საკმაოდ დაძაბული შეხვედრა დიდად სანახობრივი ვერ გამოდგა. განსაკუთრებით პირველ ტაიმში იგრძნობოდა სახიფათო მომენტების სიმცირე. უპირატესობას "დინამო" კი ფლობდა, მაგრამ სტუმრებს რეალური ხიფათის შექმნა გვარიანად უჭირდათ.

გორელების დაცვა ქარქუზაშვილისა და ბაქრაძის მეთაურობით ამ დღეს თითქმის გაუვალი იყო. არ გადიოდა თბილისელთა პასები მასპინძელთა დაცვის ზურგს უკან. მართალია, ესპანელებმა რამდენჯერმე ინდივიადუალური რეიდით შეძლეს შეყრილაძის კართან მიახლოება, მაგრამ "დილას" მეკარემაც უშეცდომოდ ითამაშა.

უნდა აღინიშნოს მოედნის ცენტრში ორივე ტაიმში გარსიას გუნდის ნახევარმცველთა დომინირებაც. თამაშგარეს ზღვარზე მოთამაშე მათი დაცვის ხაზს კი შესვენებამდე რამდენჯერმე კინაღამ დაუსხლტა ახალკაცი და იძულებულნი გახდნენ, მოედნის ამ მონაკვეთშიც მაქსიმალური ყურადღებით ყოფილიყვნენ, რაც დიდი ძალებით შეტევაში ჩართვას გამორიცხავდა.

პირველ ტაიმში ყველაზე რეალური საგოლე მომენტი 37-ე წუთზე შეიქმნა, როდესაც ჩისკო აღმოჩნდა კართან, მაგრამ ვერ იხეირა. ისე, არა მარტო ამ ეპიზოდის გამო, ზოგადადაც, ჩისკო "დინამოს" ამ შეხვედრაში ვერაფრით დაეხმარა. მეორედ გორელები რობერტინიოს შემოსვლიდან რამდენიმე წამში მისი ახლოდან დარტყმისას გადარაჩნენ. ეს იყო და ეს, თუ არ ჩავთვლით შეყრილაძის კართან შექმნილ რამდენიმე მეტ-ნაკლებად სახიფათო მომენტს, საქართველოს ყველაზე ტიტულიან გუნდს გატანის შანსი აღარ ჰქონია.

არ იფიქროთ, რომ "დილას" ერთადერთი საქმე კარის უსაფრთხოება იყო, გორელები შეტევაზეც ზრუნავდნენ, მეორე ნახევრის შუაწელში ისინი ერთგვარად "გათამამდნენ" კიდეც და რამდენჯერმე მწვავედაც მიეძალნენ ლორიას კარს, თუმცა მათ მოქმედებაში აშკარად ჩანდა გუნდის უმთავრესი მიზანი: როდესაც მეტოქე "დინამოა" და ნულოვანი ფრე გყოფნის სათასო ეტაპის გადასალახავად, ზედმეტად არ უნდა გარისკო.

ყველაზე ზედგამოჭრილი კი, რაც "დილას" თამაშზე ითქმოდა - უდიდესი მონდომებაა. თავდაუზოგავი თამაშით გორელებმა შეხვედრის ბოლოს "დინამოს" კიდევ უფრო მოჭერილ მარწუხებსაც გაუძლეს და ღირსეულად გადალახეს მერვედფინალი.

გუნდის ახალი მთვარი მწვრთნელის რამაზ სოღოლაშვილის ხელმძღვანელობით "დილამ" ორი მატჩი გამართა და, მართლია, ორივე ფრით დაასრულა, მაგრამ ნიშანდობლივია, რომ პირველი მათგანით ოთხმატჩიანი მარცხიანი სერია შეწყვიტა, მეორით კი საქართველოს მრავალგზის ჩემპიონს დაუსხლტა და მეოთხედფინალში გააღწია. უმადურობა იქნება გია ცეცაძის დავიწყებაც, პირველი სათასო ყაიმი "დინამოსთან", თანაც სტუმრად, გორელებმა ხომ სწორედ მისი თავკაცობით მოახერხეს.

მატჩის შემდეგ
ალექს გარსია (დინამო): "სამწუხაროა, რომ სათამაშო უპირატესობა გოლში ვერ გარდავსახეთ და მართალია, არ წაგვიგია, მაგრამ თასის გათამაშებას მაინც გამოვეთიშეთ. არადა, გვქონდა საგოლე მომენტები, რომლებითაც აუცილებლად უნდა გვესარგებლა"

რამაზ სოღოლაშვილი (დილა): "ძალიან მძიმე მატჩი იყო. მეტოქედ დიდი კლუბი გვყავდა და სათამაშო ტაქტიკაც იმის მიხედვით ავირჩიეთ, რაც ამ ეტაპის გადასალახავად იკმარებდა. ფეხბურთელებმა დავალება კარგად შეასრულეს და წარმატება უდავოდ დაიმსახურეს"

საქართველოს თასი. 1/8 ფნალი. საპასუხო მატჩები
სპარტაკი-მერანი 1:1 (პირველი მატჩი 0:2)
გოლები: 0:1 სამადაშვილი (62), 1:1 მეტრეველი (76)

ვიტ ჯორჯია-ჭიათურა 2:0 (3:2)
გოლები: 1:0 ჩიმაკაძე (7), 2:0 ჩიმაკაძე (11)

სიონი-ბაია 1:2 (0:3)
გოლები: 1:0 გ.ოქროპირიძე (60), 1:1 შ.ლომაია (62), 1:2 აფაქიძე (70)

გაგრა-სულორი 4:0 (2:1)
გოლები: 1:0 ხოჯაშვილი (26), 2:0 შარიქაძე (54), 3:0 ჯერემია (70), 4:0 კვანტალიანი (90)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 6 /
გარსია თუ დატოვეს პოსტზე დაიღუპება გუნდი . არც ლამაზ ფეხბურთს თამაშობს და შედეგიც არ აქვს ბოლოს როდის გამოვარდა 1/8 ფინალიდან გუნდი გახსოვთ?? დაღუპავს ეს კაცი გუნდს
dato
10:37 03-11-2011
0
გაუშვით გარსია სანამ დროა ხელმძღვანელობას თუ ტვინი აქვს მალე უნდა აბარგოს გარსია გუნდიდან
beso
10:38 03-11-2011
0

სიახლეები პოპულარული