გორელებმა ყინული და ნახევარფინალი გაჭრეს - დილა-ბაია 5:2

AutoSharing Option
07. 12. ქართლი 400 მაყურებელი
დილა-ბაია 5:2 (პირველი მატჩი 2:2)
1:0. რაჟამაშვილი (14), 2:0 დ. ჩაგელიშვილი (20. რაჟამაშვილის პასით), 3:0. ახალკაცი (27), 3:1. პაჭკორია (54), 4:1. ახალკაცი (60. ჩაგელიშვილის პასით), 5:1. პ. ხორგუაშვილი (72), 5:2. ეხვაია (90).

დილა ბაია
4-5-1 4-5-1
შეყრილაძე ჯომიდავა
ი. ლომიძე რიგვავა
ბაქრაძე აფაქიძე
ქარქუზაშვილი მგელაძე
ვ. ხორგუაშვილი აკობია
რაჟამაშვილი გუგუჩია
ჯოჯუა სიხარულია
პ. ხორგუაშვილი შონია
დ. ჩაგელიშვილი ტყემალაძე
გოგინაშვილი სამუშია
ახალკაცი ეხვაია
მწვრთნელი: მწვრთნელი:
თ. მახარაძე ე. ქომეთიანი

დილა
46. რაჟამაშვილი - ნემსაძე
70. ახალკაცი
- სადაღაშვილი
80. ლომიძე - ჭითანავა
სათადარიგოები: კეჩხუაშვილი, გველესიანი, ნოზაძე, გ. თოდუა

ბაია
17. მგელაძე - პაჭკორია
სათადარიგოები: სომხიშვილი, ვეკუა, ქვარცხავა, ქობალია, კ. ახალაია, ფარჯიკია

არბიტრი: ო. ხეცაძე

ზუგდიდში 2:2-ზე დაზავება გორელ ქომაგს პრინციპულ მატჩს ჰპირდებოდა, მაგრამ ასე არ მოხდა - თასზე შესანიშნავად მოასპარეზე "დილამ" მეტოქეს დიდი ანგარიშით, პირწმინდად მოუგო.

დაძაბული (ისიც პირობითად) უფრო მატჩამდელ წუთებს ეთქმოდა, როდესაც მოედნის საფარით უკმაყოფილო ზუგდიდელები სათამაშოდ გასვლას უარობდნენ, თუმცა სფფ-ის ოფიციალური პირების გადაწყვეტილებით, თამაში მაინც დაიწყო, ოღონდ ნახევარი საათის დაგვაინებით. დათოვლილი არენა წინა დღეს კი გაიწმინდა, მაგრამ, ზუგდიდელთა აზრით, იგი იმ მდგომარეობაში მაინც არ იყო, რომ ფეხბურთელებს ბურთი რიგიანად გაეგორებინათ.

სხვათა შორის, მერვედფინალის შემდეგ "დინამოს" ფეხბურთელებმა დაიჩივლეს, "დილამ" ყანაში მოგვიგოო, ახლა კი ზუგდიდელებმა ყინული ახსენეს. ისე, "დილამ" გუშინ მართლაც "ყინული გაჭრა" - თასის ნახევარფინალში პირველად გავიდა.

მოედნის მდგომარეობიდან და პირველი მატჩის შედეგიდან გამომდინარე, გუნდებმა მატჩი ფრთხილად დაიწყეს, თუმცა თემურ მახარაძეს მოედანზე მეტი შემტევი ჰყავდა და მეტოქის კარს თავიდანვე მასპინძლები უფრო მიეძალნენ. მიუხედავად ამისა, პირველი საგოლე მომენტი მე-5 წუთზე შეყრილაძის კართან დაფიქსირდა, მაგრამ სიხარულიამ ვერ ივარგა.

ცხრა წუთში ქარქუზაშვილ-გოგინაშვილის კომბინაცია ამ უკანასკნელის სახიფათო დარტყმით დასრულდა, ბურთი მეკარემ მოიგერია, დამატებულზე კი დავით რაჟამაშვილმა ანგარიში გახსნა. სტუმრებმა მეტოქეს სახიფათოდ ჩაწოდებული სტანდარტულით უპასუხეს და, საერთოდაც, ამ დღეს საჯარიმოში ასეთ ჩაწოდებებს თუ შორეულ დარტყმებს ბევრი ხიფათი მოჰქონდა, რადგან მეკარეებისთვის ძალიან ჭირდა ბურთის ფრენის ტრაექტორიის გამოცნობა და მისი მოხელთება. ამიტომ, ნუ გაგიკვირდებათ, თუ შვიდი გაშვებული გოლის მიუხედავად, მეკარეების სუსტ თამაშზე აქცენტს არ გავაკეთებთ. პირველი გოლიდან მალევე, დავით ჩაგელიშვილმა და რომან ახალკაცმა ზუსტი დარტყმებით ჯერ კიდევ ფარ-ხმალდაუყრელ "ბაიას" კიდევ ორჯერ გაუტანეს. 3:0-ზე ზუგდიდელები გატყდნენ და ბოლო ორი გოლის ავტორებს თითოჯერაც გადაურჩნენ.

სტუმრებს მხოლოდ გუგუჩიას ახლოდან დარტყმისას შეეძლოთ ეხეირათ, მაგრამ შეყრილაძემ საიმედოდ ითამაშა. მეორე ტაიმის დასაწყისში ზუგდიდელებმა მაინც მოახერხეს გატანა - "დილას" საჯარიმოში შექმნილი არეულობით პაჭკორიამ იხეირა. სტუმართა გულშემატკივრებმა ალბად იფიქრეს რომ, ჯერ კიდევ ყველაფერი წინ იყო, მაგრამ მასპინძლები, განსაკუთრებით მათი გამოცდილი ფორვარდი ახალკაცი ასე არ ფიქრობდა. მე-60 წუთზე სწორედ მან გაიფორმა დუბლი: ჩაგელიშვილისგან მიღებული ბურთი საჯარიმოსთან დაამუშავა, გასცდა მცველებს და - 4:1.

ცოტა ხანში პავლე ხორგუაშვილმაც თითქმის ასევე გააბითურა მეტოქე მცველები, მეკარე და ანგარიშში სხვაობა ოთხამდე გაზარდა. "დილას" კიდევ რამდენჯერმე შეეძლო გატანა, განსაკუთრებით ვაჟა ნემსაძის ორი მეტად სახეირო ეპიზოდი უნდა აღვნიშნოთ... მაყურებლებმა და ფეხბურთელებმაც ბოლო ათი წუთი ოთარ ხეცაძის საფინალო სასტვენის ლოდინში გალიეს. მხოლოდ ირაკლი ეხვაიამ არ მოისვენა და ბოლო წამებზე გატანილი გოლით ქომაგებს სადარდებელი ოდნავ შეუმსუბუქა.

მატჩის შემდეგ
ელგუჯა ქომეთიანი (ბაია): "ორი მატჩის ჯამში ძლიერმა გაიმარჯვა და შემდეგ ეტაპზეც ის გავიდა. უკმაყოფილო ვარ ჩვენი ფეხბურთელების გარჯით. ალბათ, სამი-ოთხი მოთამაშე თუ ცდილობდა საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენას. ბიჭებს, ეტყობა, განწყობა ჰქონდათ ისეთი, რომ არ უნდა ეთამაშათ ამ მინდორზე და მერე ვეღარ განეწყვნენ საასპარეზოდ. მოედანთან დაკავშირებით ჩვენ კი არა, ფეხბურთს ჰქონდა პრობლემა და ძალიან ცუდი, თუ ვინმეს ეს პრობლემად არ მიაჩნია"

თემურ მახარაძე (დილა): "სტადიონზე მოსვლისას თავიდან მეც დავეთანხმე ჩემს კოლეგას მოედნის მდგომრეობის შეფასებაში, თუმცა მერე მზე გამოვიდა და მატჩის დასაწყისში საგანგაშო აღარაფერი იყო, თამაში შეიძლებოდა. კმაყოფილი ვარ ჩემი ფეხბურთელებით. ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა მოვიგეთ"

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ვასიკო, თუ სიმართლე გინდა წერო ბიძია მისხალი არ უნდა მოაკლო ფაქტს თორემ ხომ გაგიგია მილიონს თუ კაპიკი აკლია მილიონი აღარაა. თუმცა აქ კაპიკებზე არაა საუბარი, უფრო მძიმედ გვაქ საქმე რაც ალბათ თქვენ შეამჩნიეთ იქ,მაგრამ აქ არ სხვას წერთ... მე ბევრად მერჩივნა და ყოველთვის მოსურნე ვიქნები გორის დილამ მოიგოს და მოეგო ეს თამაში, მაგრამ ბაიას მოუგო არ დილამ არამედ ვიიიიიინ? ზუსტად ასეა და შენი ენაკვიმატობით ფაქტს ვერ შეცვლი ძმაოოოო
lesa
00:51 09-12-2011
0

სიახლეები პოპულარული