10 აპრილს, 18:00 სთ-ზე, ზესტაფონში ეს გუნდები ერთმანეთს საქართველოს თასის ნახევარფინალში დაუპირისპირდებიან.
ზესტაფონელთა და რუსთაველთა ურთიერთშეხვედრებს დიდი ისტორია აქვს, მიმდინარე ჩემპიონატში კი ისინი უკვე სამჯერ შეხვდნენ ერთმანეთს. "ზესტაფონმა" შინ ჯერ 2:0, შემდეგ კი 2:1 მოიგო, შუალედში კი რუსთავში გამართული მატჩი 0:0 დასრულდა.
ამ სეზონში "ზესტაფონსა" და "მეტალურგს" შორის კიდევ სამი საინტერესო ბრძოლა გველის.
10 აპრილს
- ამ მატჩისთვის აბსოლუტურად მზად ვართ, როგორც ფიზიკურად, ისე ფსიქოლოგიურად. "დინამოსთან" მატჩმა დიდი ენერგია წაგვართვა, მაგრამ დღეისთვის ფეხბურთელებს კონდიციები უკვე აღდგენილი აქვთ. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ზესტაფონში ოპტიმალური შემადგენლობით ვითამაშებთ.
- ხომ არ ფიქრობთ, რომ სათასო მატჩებში ორივე გუნდის ფეხბურთელები ბოლომდე არ დაიხარჯებიან და აქცენტს ჩემპიონატში დარჩენილ შეხვედრებზე გააკეთებენ?
- ჩვენი მხრიდან ეს გამორიცხულია და, სავარაუდოდ, ასე ფიქრობენ ზესტაფონშიც. რა თქმა უნდა, ჩემპიონობას განსაკუთრებული ფასი აქვს, მაგრამ ჩვენთვის თასიც არანაკლებ მნიშვნელოვანი ტურნირია. "მეტალურგსა" და "ზესტაფონს" შორის ამ სეზონში ორი სათასო და ერთი საჩემპიონატო მატჩი გაიმართება, რომელთა შედეგებიც ძალიან ბევრს გადაწყვეტს.
- როგორ ფიქრობთ, საქართველოს ჩემპიონობის ბედი "მეტალურგისა" და "ზესტაფონის" შეხვედრაში გადაწყდება?
- ძნელი სათქმელია. პლეი ოფში რვავე გუნდი საკმაოდ ძლიერი და ბრძოლისუნარიანია და ქულების დაგროვება ურთულესი საქმეა. გულშემატკივრისთვის კარგი იქნება, თუ ჩვენს შეხვედრას სეზონის გადამწყვეტი მატჩის სტატუსი ექნება.
- "ზესტაფონისა" და "მეტალურგის" სამწვრთნელო შტაბებს მეტოქეთა ავ-კარგის შესახებ ამომწურავი ინფორმაცია უნდა ჰქონდეთ...
- რა თქმა უნდა, ასეა. ერთმანეთს კარგად ვიცნობთ. ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ის ფაქტია, რომ რაც დრო გადის, "ზესტაფონს" სულ უფრო და უფრო უკეთ ვეთამაშებით. თუმცა ფაქტია, რომ "ზესტაფონი" გამორჩეული კლუბია და უდავოდ ჩვენი ყველაზე ძლიერი კონკურენტია.
- პირველი ნახევარფინალური მატჩისთვის კონკრეტული მიზანი თუ გაქვთ დასახული?
- ორმატჩიან დაპირისპირებას თავისებური სტრატეგიით მომზადება სჭირდება და, ვფიქრობ, ამისთვის მზად ვართ. ზესტაფონში ფინალისკენ პირველი ნაბიჯი უნდა გადავდგათ, მაგრამ ყველაფერი მაინც რუსთავში გადაწყდება.
- სეზონის მეორე ნახევარში "მეტალურგი" უფრო ხარისხიან და შედეგიან ფეხბურთს თამაშობს. რის ხარჯზე მიაღწიეთ ამას?
- ბრძოლისუნარიანი გუნდის ჩამოყალიბებას ყოველთვის დრო სჭირდება. ჩვენ ეს დრო ნაყოფიერად გამოვიყენეთ. სწორად დაგეგმილმა მოსამზადებელმა ეტაპმაც დიდი სამსახური გაგვიწია, ტრავმირებული ფეხბურთელებიც დაგვიბრუნდნენ და ბოლოდროინდელ წარმატებებსაც კანონზომიერად მივაღწიეთ.
- ჩემპიონატის ახალ სისტემას ალღო ყველაზე უკეთ სწორედ "მეტალურგმა" აუღო...
- ამაში დასაძრახი არაფერია. რა სისტემაც შემოგვთავაზეს, იმის მიხედვით ვიმოქმედეთ. ყველა მატჩში გამარჯვებისთვის ვიბრძვით, მაგრამ მთელი ენერგია მხოლოდ იმ შეხვედრებს შევალიეთ, სადაც სამი ქულა აუცილებლად გვჭირდებოდა. მთელი სეზონის განმავლობაში ერთ დონეზე ვერავინ ითამაშებს და არაფერია მიუღებელი იმაში, თუ ენერგია საჭირო მომენტებში დავზოგეთ. მოდით, ასე ვთქვათ - "მეტალურგმა" საკუთარი ძალები გონივრულად გამოიყენა.
- სეზონის წინ "მეტალურგს" ჩემპიონობა კატეგორიულად არ დაუსახავს...
- ჩვენი მიზანი სეზონის წინაც და ახლაც არის ევროსაგზურის მოპოვება. ბუნებრივია, ჩემპიონობისთვის მთელი ძალებით ვიბრძოლებთ. ჩემ მიერ ნახსენები ამოცანა კი, ფაქტობრივად, უკვე შესრულებულია, რაც ფეხბურთელებს საჩემპიონო ბრძოლაში ყოველგვარი ფსიქოლოგიური წნეხისგან ათავისუფლებს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"