ტორპედო-გაგრა 1:1 - გაგრული სიურპრიზი და სენსაციის სუნი [VIDEO]

AutoSharing Option
თასის შეხვედრებს თავისებური სპეციფიკა აქვს და აქ სიურპრიზებს ნებისმიერი გუნდისგან უნდა ველოდოთ.

მართალია, "ტორპედო" პირველლიგელ "გაგრაზე" უფრო გამოცდილი და ძლიერი ფეხბურთელებითაა დაკომპლექტებული, მაგრამ ზვიად ჯელაძის ახალგაზრდულ გუნდს უმაღლესი ლიგის ერთ-ერთ ლიდერთან თავის გამოჩენის შესაძლებლობა მიეცა და "გაგრამაც" "ტორპედოსთან" უდიდესი მოტივაციით ითამაშა...

ქუთაისელთა ერთგული გულშემატკივრები უხვგოლიანი მატჩის მოლოდინში იყვნენ. ბევრი ფიქრობდა, რომ გია გეგუჩაძის შეგირდები პირველივე მატჩში შეძლებდნენ სასურველი ჰანდიკაპის შექმნას, მაგრამ გაგრელებმა ბოლომდე იბრძოლეს, მეტოქეს არ შეუშინდნენ და ბოლო წამებზე უაღრესად ხელსაყრელი მომენტი რომ გამოეყენებინათ, ფრე კი არა, ქუთაისიდან მოგებულნი
გაემგზავრებოდნენ...

თუმცა, ფრეც არ არის ურიგო შედეგი, თანაც, როცა ამას მეტოქის მოედანზე მიაღწევ.

Sportall.Geშეხვედრა ორივე გუნდმა მძიმედ დაიწყო. ტემპი დაბალი იყო და ბურთი ძირითადად მოედნის ცენტრში ტრიალებდა. ტაიმის შუაწელიდან მასპინძლები გააქტიურდნენ; განსაკუთრებით, ეს გიორგი ბერიაშვილზე ითქმის, რომელიც ბევრს მოძრაობდა და სტუმართა მცველებს დაძაბულობაში ამყოფებდა.

მისი აქტიურობის შედეგად ქუთაისელებმა რეალური საგოლე მომენტი შექმნეს. სახიფათო ეპიზოდს ბექა ტუღუში ვარდნაში აგვირგვინებდა, მაგრამ კარს მცირედით ააცილა.

შემდეგ თავად ბერიაშვილს მიეცა შანსი. იგი მეკარესთან პირისპირ აღმოჩნდა, მაგრამ გიორგი ბეგაშვილმა გამოსვლაზე კარგად ითამაშა და ტორპედოელთა ფორვარდს კარში დარტყმის საშუალება არ მისცა.

მომდევნო ეპიზოდისას გიორგი დათუნაიშვილის გადაცემის შემდეგ კვლავ ბერიაშვილი ურტყამდა ძლიერად, მაგრამ სიზუსტე დააკლდა.

გიორგი დოლიძის უხერხული დარტყმის შემდეგ კი ბეგაშვილმა ბურთი ხელებში ძლივს შეიმაგრა.

შეხვედრის მეორე ნახევარი გაცილებით უკეთესი სანახავი გამოდგა. "გაგრაც" უფრო გააქტიურდა და თუ პირველ ტაიმში ძირითადად "სტანდარტულების" და დავით ვოლკოვის აქტიურობის იმედად იყო, შესვენების შემდეგ უფრო თამამად ათამაშდა.

ჯერ ბენჯამინ ტეიდმა დაარტყა სახიფათოდ, შემდეგ კი ზარნაძის ჩაწოდებულ ბურთზე ვოლკოვს თავი რომ არ აეცილებინა, ანგარიშიც გაიხსნებოდა.

ჯელაძეს ცვლილებებმაც გაუმართლა, ძალიან კარგად ჩაერთვნენ თამაშში ჯონ ჯერემია და ალექსანდრე ივანიშვილი, რომლებმაც 68-ე წუთზე სახიფათო შეტევა განახორციელეს. ჯერემიას პასის შემდეგ ივანიშვილმა საჯარიმოს მისადგომებიდან კარში ძლიერად დაარტყა, თუმცა მეკარე ომარ მიგინეიშვილიც შესანიშნავად გაისარჯა.

ტერიტორიულ უპირატესობას კვლავ ქუთათურები ფლობდნენ, მაგრამ გოლამდე ტუღუშისა და შეცვლაზე შესული ნიკა საბანაძის სახიფათო დარტყმების მეტი გამოსარჩევი არაფერი შეუქმნიათ.

გოლი კი მართლაც შესანიშნავი იყო: გიორგი ონიანმა დაახლოებით 30 მეტრიდან ჯარიმა ბრწყინვალედ შეასრულა და ბეგაშვილს შანსი არ დაუტოვა.

მასპინძელთა სიხარული დიდხანს არ გაგრძელებულა, სტუმრებმა ანგარიში სამ წუთში გაათანაბრეს: თანაგუნდელებმა ჯერემია გაიყვანეს მეკარესთან პირისპირ და აფრიკელმა ლეგიონერმა მიგინეიშვილს ახლო დაბალ კუთხეში გაუტანა.

დარჩენილ დროში ორივე გუნდს შეეძლო ანგარიშის შეცვლა. ქუთაისელთაგან მიზანთან ახლოს ტუღუში იყო, "გაგრელთაგან" კი ჯერემიას შეეძლო თავის გამოჩენა, რომელსაც მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში მიგინეიშვილმა ურთულესი ბურთი აუღო.

მატჩი მართლაც მოულოდნელი ანგარიშით დასრულდა და ამ წყვილის გამარჯვებულის ვინაობა განმეორებით შეხვედრაში გაირკვევა, რომელიც 2 მარტს გაიმართება.

VideoSportall.Ge
ტორპედო - გაგრა 1:1


ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
თბილიში მოვიგებთ
torpedo@chempion
16:09 28-02-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული