შეიძლებოდა, მასპინძლებს უფრო სოლიდურადაც მოეგოთ. არც ფრე იქნებოდა ალოგიკური, ხოლო სტუმარ -მასპინძელს რომ მეტად გამართლებოდა, შესაძლოა, მოულოდნელი შედეგიც დაფიქსირებულიყო.
ორივე გუნდში ბევრი ახალწვეულია და თითქოს შეთამაშების პრობლემა უნდა ყოფილიყო, მაგრამ გუნდებმა პირველი მატჩის კვალობაზე ნორმალური ბურთაობა გააჩაღეს.
თუ ფეროელთა ევროსაგზურის მთავარი ხაზი თასზე გადის, ლანჩხუთელთათვის
თუმცა "გურია" მალევე გამოერკვა და განსაკუთრებით მეორე ტაიმი თანაბრად ეთამაშა მეტოქეს. რიგ ეპიზოდებში კი ტერიტორიულ უპირატესობასაც ფლობდა.
"ევგრაფი შევარდნაძის" მოუწესრიგებლობის გამო სტუმრად ქცეული მასპინძლების წისქვილზე წყალი "ზესტაფონის" ორი წამყვანი მობურთალის (თორნიკე აფციაურმა და ალექსი ბენაშვილმა სუპერთასზე კი ითამაშეს, მაგრამ სათასო მატჩის განაცხადშიც არ იყვნენ) არყოფნამაც დაასხა.
მატჩის პირველი რეალური ხიფათის შექმნა "მასპინძლებმა" მოახერხეს, როცა კარგი კომბინაციის შემდეგ მიხეილ კაკალაძე ცარიელ კართან აღმოჩნდა, თუმცა მანამდე ლაინსმენმა თამაშგარე დააფიქსირა. ეს 29-ე წუთზე მოხდა.
ამ ეპიზოდიდან ორიოდ წუთში ფეროელებმა ანგარიში გახსნეს - მარცხენა ფლანგზე მეტად აქტიური დავით რაჟამაშვილის მორიგ აქტიურობას ბურთის შორეულ ძელთან ჩაკიდება მოჰყვა: ისე ჩანდა, რომ ბურთი კარს ასცდებოდა, მაგრამ ქარმა მასზე ისეთი გავლენა მოახდინა, გურულთა მეკარეს შეცდომა დააშვებინა - გიორგი ძაძამიას დაგვიანებულმა გამოსვლამ ის მოიტანა, რომ ზესტაფონელთა ახალწვეულმა ლევან კუტალიამ კოტდივუარელ ბოტი გოა დემელს ცარიელ კარში გატანის საშუალება მისცა.
სულ მალე ისევ რაჟამაშვილმა ცოტათი ააცილა, როცა საჯარიმოს მისადგომებიდან ურტყამდა. იქვე ძაძამიამ იმავე მანძილიდან სახიფათოდ დარტყმული მოიგერია.
ამას ტაიმში გურულთა საუკეთესო შანსი მოჰყვა - ლანჩხუთელთა მთავარმეგოლე გიგა კვერენჩხილაძე კარგადაც გაიხსნა და ბურთიც კარგად შეიგდო, მაგრამ მეკარესთან პირისპირ შეყრილმა როინ კვასხვაძეს ვეღარ აჯობა.
მეორე ნახევარი ფორმალურმა მასპინძლებმა მეტად აქტიურად დაიწყეს - მათგან საუკეთესო ალეკო გოგობერიშვილმა ორჯერ სცადა სტანდარტულის შორეულ ძელთან "ჩახვევა" - პირველად კვასხვაძემ გუნდის გადარჩენა მოახერხა, მეორედ კი იუბილარ გოგობერიშვილს (მატჩის დღეს იგი 36 წლის გახდა) მიზანმა უმტყუნა.
სულ მალე "ზესტაფონი" აშკარა გოლს გადაურჩა - მიხეილ კაკალაძე საჯარიმოში კარგად გაერკვა, წინგამოსულ კვასხვაძესა და მცველებს შანსი არ დაუტოვა, მაგრამ ფეროელები ძელმა გადაარჩინა.
გურულთა ახაწვეულს კიდევ ერთი შანსი უკვე 69-ე წუთზე მიეცა, მაგრამ საჯარიმოს ფლანგზე შეჭრილს ბურთის საგოლედ მიღება-დამუშავების შანსი "ზესტაფონის" მეკარის გონივრულმა მოქმედებამ არ მისცა.
ამ ორ ეპიზოდს შორის ანგარიშის გაზრდა "ზესტაფონს" შეეძლო, მაგრამ ჯერ მეკარემ და შემდეგ მცველებმა არ მისცეს ბურთს კარში შესვლის საშუალება. მალევე ფეროელებმა კარგი ფლანგური გარღვევისას მიღებული ჩინებული შანსი ვერ გამოიყენეს. აქვე უნდა ითქვას, რომ "გურიის" დაცვის საიმედო თამაშში დიდი იყო გამოცდილი ახალწვეულის, სევასტი თოდუას წვლილი.
ბოლოსკენაც გაცვალეს გუნდებმა ეპიზოდები - თუ კვასხვაძემ გოგობერიშვილის გასროლა კუთხურზე იმიტომ გადააგდო, რომ უბრალოდ, ზედმეტად არ გარისკა, "გურია" ორჯერ გადარჩა - პირველად იგორ იელიჩის ჩინებულ ჩაწოდებულს დემელი თავით ჩინებულად და სადუბლედ გამოეხმაურა, მაგრამ ძაძამიამ იმ კატეგორიის ბურთი უკუაგდო, როგორიც 2006 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში ჯიჯი ბუფონმა გენიალური ზიდანის დარტყმის შემდეგ.
სულ ბოლოს კი იმავე იელიჩმა მძლავრად გაისროლა და "გურია" ხარიხამ გადაარჩინა. მასპინძლები გოლის დაფიქსირებას ითხოვდნენ, მაგრამ მსაჯების აზრით, ბურთს კარის ხაზი არ გადაუკვეთია.
ამის გარდა, "თემიდის მსახურები" კიდევ ორჯერ მოექცნენ ყურადღების ცენტრში, ოღონდ მობურთალთა დამსახურებით - მართალია, ჯენერი ხორავას, ალბათ, ყვითელი ბარათების აქტიურად გამოყენება დაუგვიანდა, მაგრამ ეს არ ამართლებს ფეხბურთელებს; მეტიც - არბიტრი სამართლიანად მოიქცა, როცა ნახსენებ ორ ეპიზოდში მოუხეშე-მოკინკლავე 6 ფეხბურთელი გააფრთხილა, აქედან 4 - ერთდროულად.
Video
გურია - ზესტაფონი 0:1
გურია - ზესტაფონი 0:1
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"