გურია-დინამო 0:0 - ლანჩხუთი დიდი ფეხბურთის ღირსია! [VIDEO]

AutoSharing Option
"რას ხედავ, ძამა, მაქედან?" - თავის დროზე კორესპონდენტის მიერ დასმულ კითხვაზე "გურიის" სტადიონის ტრიბუნის უკან ხეებზე შემომსხდარმა პატარა ბიჭებმა უპასუხეს: "რას და უმაღლეს ლიგას!"

ამ მომენტიდან ათი წელიც არ იყო გასული, როცა "გურიამ" საბჭოთა კავშირი შეაზანზარა - "სოფლის გუნდმა" სსრკ-ის უმაღლეს ლიგაში თამაშის უფლება მოიპოვა.

შემდეგ იყო წარმატებული წლები და წარუმატებელი ათწლეულები, თუმცა "გურია" მისთვის უჩვეულო დაბალ ლიგებშიც იგივე "გურია" იყო და არის!

ეს მატჩი "ევგრაფი შევარდნაძეზე" რომ არ ჩატარებულიყო, დიდი საცოდაობა იქნებოდა - თამაშზე მოსული მრავალრიცხოვანი ქომაგი ასე მონატრებულ
საფეხბურთო ზეიმს დაკარგავდა. თითქმის პირთამდე გაივსო რეკონსტრუქციის შედეგად სტადიონზე დარჩენილი ერთადერთი - აღმოსავლეთის ტრიბუნა.

მატჩმა ისიც გამოაჩინა, რომ მხოლოდ ერთი ტრიბუნა, რომელზეც 4500-მდე ინდივიდუალური სკამი დამონტაჟდება, ლანჩხუთისთვის სამომავლოდ საკმარისი არ იქნება, რადგან ქომაგების ნაწილი მოედნის ირგვლივ მოაჯირთანაც იდგა.

Sportall.Ge

* * *
ერთ დროს "გურია"-"დინამოს" დაპირისპირება მთავარ მატჩად ითვლებოდა, მაგრამ აგერ, უკვე 20 წელია, გურულებს ქართული ფეხბურთის ფლაგმანისთვის არ მოუგიათ. ის კი არა, "ევგრაფი შევარდნაძეზე" ბოლოს ფრედ სულაც 22 წლის წინათ ითამაშეს.

13 მარტს გამართულ მატჩს იმ კითხვაზეც უნდა გაეცა პასუხი - რამდენად სენსაციური იყო გურულების მხრიდან მოქმედი ჩემპიონისა და სუპერთასის მფლობელი "ზესტაფონის" ძლევა!

Sportall.Geროგორც მატჩმა გვიჩვენა, ეს არ იყო შემთხვევითობა - "გურია" "დინამოს" ტოლ-სწორად ეთამაშა და თუ თბილისელები ბურთის ფლობასა და კლასში უპირატესობას ფლობდნენ, არ უნდა დაგვავიწყდეს ისიც, რომ მატჩის ყველაზე ხარისხიანი ეპიზოდი "დინამოს" კართან შეიქმნა. რაც მთავარია, მასპინძლებს არ ეტყობოდათ მრისხანე მეტოქის შიში.

პირველი სახიფათო მომენტი მე-10 წუთზე თბილისელებმა შექმნეს - ჩისკომ გიორგი მერებაშვილს კარგი გადაცემა გაუკეთა, მაგრამ ამ უკანასკნელს, რომელიც, ფაქტობრივად, მესამე თავდამსხმელად გვევლინებოდა, ბოლო მომენტში მასპინძელთაგან გამორჩეულმა - არნო ჩუენსუმ შეუშალა ხელი.

10 წუთში კი "დინამომ", რომელიც სწრაფად გადადიოდა შეტევაზე და ბურთს კარგად ათამაშებდა, ჩინებული კომბინაცია განახორციელა - დვალი-ჩისკო-მერებაშვილის შეტევის დამაგვირგვინებელ ფაზაში მცველმა საკუთარი კარისკენ ჩაჭრა ბურთი, გიორგი ძაძამიამ შესაშური რეაქცია გამოავლინა და კარის ხაზზე გააქვავა ბურთი, რომელსაც ჩისკომ ფეხი გაჰკრა და კარში გავიდა. თუმცა ლაშა სილაგავამ მეკარეზე უხეშობა დააფიქსირა და გოლი გააუქმა.

ამის შემდეგ კი ბრჭყალები "გურიამაც" გამოაჩინა და ტაიმის ბოლომდე სამჯერ რეალურად დაემუქრა სტუმრების კარს: ვიტალი დარჩიძეს მაკრატელა არ გამოუვიდა, მიხეილ კაკალაძეს ლორიას ჩინებულმა რეაქციამ არ მისცა გატანის საშუალება...

37-ე წუთზე "დინამოს" მეკარეც უძლური იყო - მასპინძელთა კაპიტანმა გიგა კვერენჩხილაძემ საჯარიმოს მისადგომებიდან ლორიას აუღებელი დაურტყა, მაგრამ სტუმარი ძელმა გადაარჩინა.

არც მეორე ტაიმში შეცვლილა თამაშის სცენარი - პირიქით, "გურია" კიდევ უფრო გაუშინაურდა მეტოქეს. მატჩის უდავოდ ერთ-ერთი გამორჩეული მოთამაშის, ერეკლე კილაძის პასით მახვილი კუთხიდან კვერენჩხილაძემ შეუტია და "დინამო" ისევ ლორიამ გადაარჩინა.

ამის შემდეგ იყო ათწუთიანი მონაკვეთი, როცა ძაძამიამ ორჯერ ითამაშა საიმედოდ - მერებაშვილისა და ჩისკოს დარტყმების შემდეგ.

ბოლო 20 წუთში კი მნიშვნელოვანი აღარაფერი მომხდარა ("გურია" საკუთარი კარის დაცვაზე ფიქრობდა, "დინამოს" შეტევებს კი სიმწვავე აკლდა), თუ არ ჩავთვლით ლორიასა და ლაშა ჯანგიძის შეკამათებას, რომელიც მათ შეჯახებას მოჰყვა - მსაჯმა მასპინძელი გააფრთხილა.

საბოლოოდ, 0:0 და ამ წყვილში უპირობო ფავორიტად "დინამო" რჩება, თუმცა გურულებისგან უკვე არაფერია გამორიცხული, მით უმეტეს, რომ განმეორებითი მატჩისთვის ლიდერი ალეკო გოგობერიშვილი უბრუნდებათ.

VideoSportall.Ge
გურია - დინამო 0:0


მატჩის შემდეგ:
დუშან უჰრინი ("დინამოს" მთავარი მწვრთნელი):
"ველოდით, რომ რთული თამაში იქნებოდა. ძლიერი მეტოქე გვყავდა, რომელმაც თავისი ძალა "ზესტაფონთან" თამაშში დაამტკიცა. ვცდილობდით, მთელი მატჩის განმავლობაში სათამაშო ინიციატივა ჩვენ ხელთ ყოფილიყო. საბოლოო შედეგიდან გამომდინარე, ჩვენ შეგვწევს ძალა, განმეორებითი შეხვედრა ჩვენთვის სასურველი ანგარიშით დავასრულოთ".

თემურ ლორია ("გურიის" მთავარი მწვრთნელი):
"ამ წყვილის ფავორიტი, თქმა არ უნდა, ჩვენი მეტოქე იყო. ამიტომაც ჩემს ფეხბურთელებს მინდა დიდი მადლობა გადავუხადო იმ თავდადებისთვის, რაც ქვეყნის საუკეთესო გუნდთან შეხვედრაში გამოავლინეს. რა თქმა უნდა, ფავორიტად "დინამო" რჩება, თუმცა ჩვენ ბოლომდე ვიბრძოლებთ თუნდაც იმ ათასობით ქომაგის გასახარად, დღეს რომ მოვიდა და ერთგულად დაგვიჭირა მხარი".

ზვიად სიჭინავა (სფფ-ის პრეზიდენტი):
"მისასალმებელია, როცა ასეთი ზეიმია ლანჩხუთში. როგორც იცით, ახალი მინდორი დავაგეთ, რომელიც იდეალურ მდგომარეობაშია. ამ დღეებში ინდივიდუალურ სკამებსაც გადავცემთ. ლანჩხუთი ღირსია კარგი სტადიონისა და კარგი გუნდის - ეს დღევანდელმა დღემაც დაადასტურა".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული