ერეკლე კილაძე: ჩემი შანსი "დინამოსთან" გამოვიყენე და არც "გურიაა" უშანსოდ!

AutoSharing Option
ბოლო დროს "გურია" გულშემატკივარს წარმატებებით ახარებს. მოქმედი ჩემპიონის და სუპერთასის მფლობელი "ზესტაფონის" სათასო მარათონიდან გამოთიშვისა და თბილისის "დინამოსთან" ტოლ-სწორად თამაშის გარდა, თემურ ლორიას შეგირდები გათამაშებას ერთპიროვნულად ლიდერობენ და უახლოეს მდევარ სასკოს 6-ქულით უსწრებენ.

ლანჩხუთელთა რიგებში უკვე ბევრი ფეხბურთელი გამოირჩა კარგი თამაშით. მათ შორისაა ერეკლე კილაძე, ვისაც დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებდნენ, თუმცა ტრავმებმა ძალიან გააწამეს.

ამის მიუხედავად, 23 წლის მობურთალს ახლაც შეუძლია, თავისი სიტყვა თქვას. ამჟამად მშობლიური "გურიას" ღირსებას იცავს და მიმდინარე წელს პირველი მატჩი თბილისის "დინამოსთან" სათასო მეოთხედფინალში ჩაატარა. მას არცთუ
პატარა მისია დაეკისრა - გუნდის ლიდერი ალეკო გოგობერიშვილი უნდა შეეცვალა.

ერეკლემ ჩინებულად დაიკავა გამოცდილი თანაგუნდელის ადგილი და შეიძლება ითქვას, თავის კარიერაში ერთ-ერთი გამორჩეული მატჩიც ჩაატარა.

ამიტომაც გადავწყვიტეთ მასთან გასაუბრება:

- ერეკლე, ვიცი, ბავშვობიდან გქონდა ფეხბურთის ნიჭი და სპეციალისტები შენში დიდ ტალანტს ხედავდნენ. რამ შეგიშალა ხელი, რომ უფრო დიდი ფეხბურთი გეთამაშა?
- ამის მიზეზი სხვადასხვა იყო. მთავარი ისაა, რომ, როცა კარიერაში გადამწყვეტი ნაბიჯი უნდა გადამედგა, ტრავმებმა შემაბრკოლეს. თუმცა ხელი არ ჩამიქნევია და ვაპირებ, ის იმედები გავამართლო, რაც მწვრთნელებს ჩემ მიმართ ჰქონდათ.

- საფეხბურთო ოჯახიდან ხარ. ალბათ, ამან იქონია გავლენა შენს არჩევანზე...
- რა თქმა უნდა. მამაჩემი, გია კილაძე "გურიაში" თამაშობდა. მას სურდა, რომ ბიჭები ჰყოლოდა და ფეხბურთი ეთამაშათ. ჩემს მშობლებს 7 წელი შვილი არ ეყოლათ და ხომ წარმოგიდგენიათ, ჩემი ძმის დაბადება რამხელა ბედნიერება იყო. ნიკუშა უკვე რამდენიმე წელია, ფინეთში თამაშობს. სხვათა შორის, ცოტა ხანი მეც ვიყავი ჩასული და ერთ გუნდში ვთამაშობდით.

ჯერ კიდევ სამი წლის ვიყავი, როცა მამამ ფეხბურთზე მიმიყვანა. ცუდი დრო იყო, გაჭირვება, ბურთები ძნელად იშოვებოდა. მამა ფიშკების ნაცვლად აგურებს დააწყობდა ხოლმე და თვითონ გვავარჯიშებდა. ორი წლის შემდეგ "ნორჩ დინამოელში" მიმიყვანა, თამაზ სამხარაძესთან, რომელიც ახლა "დინამოში" მუშაობს. არაჩვეულებრივი მწვრთნელი და ბრწყინვალე ადამიანია. ჯერ კაცობა და ადამიანობა გვასწავლა, ამის მერე იყო ფეხბურთი. მისი მადლიერი ვიქნები მთელი ცხოვრების მანძილზე.

მახსოვს, როცა მასთან მივედი, გუნდში იყო გადასახადი, ამის საშუალება კი ჩემს ოჯახს არ ჰქონდა. ბატონი თამაზი მივიდა დირექტორთან და სთხოვა, გადასახადი მოეხსნათ ჩემთვის. მეც სულ ვცდილობდი, ვარჯიშზე არ დამეგვიანა, უმიზეზოდ არასდროს გამიცდენია.

არ დამავიწყდება, წვიმაში, ქარში როგორ დაგვყვებოდა მამა. მთელი პლეხანოვი გვცნობდა, მამა გზაში თეორიულად გვამზადებდა.

პარალელურად, მამიდამ ცეკვაზე შემიყვანა სუხიშვილების სტუდიაში. მსუქანი ვიყავი და დამცინოდნენ, ცალ ხელში ხაჭაპური მეჭირა და მეორეში - ლიმონათი. ცეკვა გამომადგა, დავიკელი და რადგან ჩემთვის მთავარი ფეხბურთი იყო, ცეკვას მალევე დავემშვიდობე.

- შემდეგ როგორ წარიმართა შენი კარიერა?
- როცა ჩემი პირველი მწვრთნელი "ავაზაში" გადავიდა, მთელი გუნდი წაგვიყვანა. ერთხელაც პრინციპული მატჩი გვქონდა, შანსი გამოვიყენე და "დინამოში" აღმოვჩნდი. შემდეგ კარგი სეზონი ჩავატარე თბილისის "ლოკომოტივში", რის შემდეგაც უკრაინაში გადასვლის შანსი გამიჩნდა, კერძოდ კი, ოდესის "ჩერნომორეცი" მეპატიჟებოდა, მაგრამ რიგი მიზეზების გამო მოლაპარაკება ჩაიშალა.

შემდეგ კობა კობიაშვილმა, რომელიც ჩემი დიდი გულშემატკივარია, "ჩიხურაში" წამიყვანა. მერე იყო "ორბები". სხვათა შორის, ჩემი მწვრთნელი გახლდათ დღევანდელი პარლამენტარი, "გურიის" ლეგენდარული კაპიტანი თემურ ჩხაიძე. მას და გიგლა იმნაძეს ძალიან ვემადლიერები, მათგან ბევრი ვისწავლე. ასევე, დიდი ამაგი აქვთ ჩემზე იმ დიდი "გურიის" კიდევ ერთ წევრს - მერაბ თევზაძეს და კობა მჟავანაძეს.

ფინეთის გარდა, უკრაინაშიც ვიყავი - ლუგანსკის "ზარიაში". შემდეგ იყო "გაგრა" და "სპარტაკი"...

- შენი ოჯახი გაგრაში ცხოვრობდა და "გაგრა" შენთვის ჩვეულებრივი გუნდი არ იქნება...
- გეთანხმები. გაგრაში დავიბადე. ჩემი დიდი ოცნებაა, ვნახო ის სილამაზე, რასაც მშობლები მიყვებიან. მამა ბოლომდე იბრძოდა სოხუმში, ასეულის უფროსი იყო. რამდენჯერმე დაგვირეკეს, თითქოს მამა დაიღუპა. დედამ მძიმე პერიოდი გადაიტანა, მამა მოუკლეს. ჩვენს სახლში ახლა აფხაზები ცხოვრობენ. ვოცნებობ იმ დროზე, როცა საქართველო გამთლიანდება და ჩვენს ჩემპიონატში ჩაერთვებიან "ცხუმი", "გაგრა", "მზიური" და სხვები.

- "გურიაში" ბოლო ერთ წელიწადში ორჯერ მიხვედი...
- როცა პირველად ლანჩხუთში ჩავედი, მამამ მითხრა - ახლა შენ ორმაგი პასუხისმგებლობა გეკისრება, როგორც ლანჩხუთელს და როგორც ჩასულსო. სამწუხაროდ, მაშინ შანსი არ მომეცა და ვემადლიერები გია გურულს, რომელმაც ბათუმის "დინამოში" გადამიყვანა. ტრავმამ ამჯერადაც შემიშალა ხელი, მაგრამ რამდენიმე კარგ შეხვედრაში მივიღე მონაწილეობა.

- ერეკლე, "გურიაში" დაბრუნებულმა პირველი თამაში "დინამოსთან" ჩაატარე და მიუხედავად იმისა, რომ ტრავმა ახალმორჩენილი გქონდა, თავი კარგად წარმოაჩინე...
- ძალიან სასიამოვნოა, პირველი მატჩი "დინამოსთან" რომ მომიწია და კარგი დებიუტიც გამომივიდა. რაიმე შიში და კომპლექსი არ მქონია, რადგან "დინამოსთან" აქამდეც არაერთხელ მითამაშია. უბრალოდ, ეს იყო ჩემი შანსი, რომელიც უნდა გამომეყენებინა.

ვფიქრობ, ეს მოვახერხე. რაც მთავარია, მთელმა გუნდმა კარგად ითამაშა და მაყურებელი გავახარეთ. პატარა საქმე ხომ არ იყო, 5 ათასი გულშემატკივარი პირველიდან ბოლო წუთამდე მხურვალედ გვქომაგობდა. ბიჭები ვამბობთ, რომ იმ დღეს 5018 კაცი ერთად ვიბრძოდით.

- რას ელი საპასუხო მატჩიდან?
- ვთვლი, რომ ორივე გუნდს აქვს ამბიცია და შანსიც, შემდეგ ეტაპზე გასვლის. რაიმეს დათმობას არ ვაპირებთ. ჩვენ დავამტკიცეთ, რომ "დინამოს" დარ გუნდებთანაც შეგვიძლია თამაში. როცა თასიდან გამოთიშავ მოქმედ ჩემპიონს და თანაბრად ეთამაშები ამ დროისთვის საუკეთესო გუნდს, აქ შემთხვევითობაზე ლაპარაკი ზედმეტია. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ თავში აგვივარდა ან რაიმე მსგავსი. "დინამო" ფავორიტია, თუმცა უშანსოდ არ ვართ - გოლი გვინდა, რომელიც თამაშს ინტრიგას შესძენს!

- საუმაღლესლიგო შანსები გაცილებით მაღალი გაქვთ...
- აქ თითქმის გადაწყვეტილია - გაისად უმაღლესში უნდა ვითამაშოთ. კარგი გუნდი გვყავს, დიდია კონკურენცია, ყველას უნდა თამაში. მეც კიდევ მაქვს დასამტკიცებელი და ვეცდები, ყველა მატჩი წინაზე უკეთ ჩავატარო.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

გურია-დინამო 0:0 - ლანჩხუთი დიდი ფეხბურთის ღირსია! [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 2 /
მამიკოს წყალობით ხომ არ ხდება ეს შემთხვევით. უპატრონოეები კი გარეთ რჩებიან.
ninia
15:18 29-03-2013
0
ნინია მამამისი მაგას რომ დახმარებოდა სათანადოდ და ხალხი შეეწუხებინა ერეკლე ბევრად დიდ ფეხბურთს ითამაშებდა.
Levani kipiani
16:29 30-03-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული