დინამო თბ-გურია 3:2 - თასზე იღბალიც საჭიროა... [VIDEO]

AutoSharing Option
ბოლო წუთების დრამა
...მატჩის ძირითადი დროის დამთავრებას 3 წუთი უკლდა, დინამოელთა მარცხენა მცველმა დარკო გლიშიჩმა თავისი ფლანგიდან მეტოქის საჯარიმოში ბურთი მაღალი ტრაექტორიით რომ გაგზავნა; "დინამოს" მაკედონიელი ლეგიონერის პასი იმდენად არაზუსტი და უხიფათო იყო, სტუმართა ცენტრალურ მცველებს არც უცდიათ დინამოელთა ფორვარდების მეურვეობა და ცენტრისკენ დაიძრნენ.

ანუ, თუ ფეხბურთში რაიმე კანონზომიერება არსებობს, ეს ბურთი სტუმართა მეკარისათვის უადვილესად ასაღები უნდა ყოფილიყო.

ყველაფერი აქეთკენაც მიდიოდა: მთელი მატჩის განმავლობაში ჩინებულად მოასპარეზე გიორგი ძაძამია მაღალ ბურთზე გამოვიდა, ბურთს დაეუფლა და მერე, უცბად... ხელიდან გაუვარდა და ისე
შეგორდა დაუცველ კარში!

Sportall.Geარადა, მანამდე ტაბლოზე ისეთი ანგარიში "ენთო", თასის ნახევარფინალში "გურია" რომ უნდა გასულიყო და ვერც იმას იტყოდა ვინმე, ლანჩხუთელებმა ეს არ დაიმსახურესო; ბოლოს და ბოლოს, თბილისში, "დინამოს" წინააღმდეგ პირველ რვა წუთში ორ ბურთს რომ გაუშვებ და ფარ-ხმალს არ დაყრი, მხოლოდ ამიტომაა დასაფასებელი "გურიას" ფეხბურთელთა მონდომება.

მოკლედ, ძალიან ცოტაც და კარგა გვარიანი სენსაციის მომსწრენი გავხდებოდით: 2:2 ხომ სტუმრებს აძლევდათ ხელს და ძნელი სათქმელი იყო, ქაოტურად მოასპარეზე დინამოელები შეძლებდნენ თუ არა დარჩენილ სამიოდ წუთში მართლაც გადამრჩენელი მესამე გოლის გატანას.

თუმცა, მოგეხსენებათ, რომ გამარჯვებულებს არ ასამართლებენ, მაგრამ ისიც ნათლად გამოჩნდა, რომ დღევანდელ "დინამოში" რამდენიმე პოზიცია აშკარად გაძლიერებას საჭიროებს.

ცალკე თემაა, როცა ძირითადში მოხვედრილმა რამდენიმე ფეხბურთელმა თავისი შესაძლებლობები ვერ გამოავლინა. ანუ დიდი იყო იმის ალბათობა, რომ დუშან უჰრინს ძირითადი შემადგენლობის როტაცია მეტად და მეტად ძვირად დაჯდომოდა...

შემადგენლობები და ტაქტიკა
მასპინძელთა ჩეხმა მწვრთნელმა, წინა მატჩებთან შედარებით, სერიოზული ცვლილებები მოახდინა და ბევრი ისეთი ფეხბურთელი გამოიყვანა, ძირითადში თამაში ხშირად რომ არ უწევს.

ამასთან, დებიუტი ჰქონდა სენეგალელ ემანუელ მენდის, რომელმაც დაცვის მარჯვენა ფლანგზე დაიკავა ადგილი. სამაგიეროდ, ცენტრში გადაინაცვლა გიორგი შაშიაშვილმა.

გარკვეული გადაადგილებები მოხდა წინა ხაზშიც: ხანგრძლივი პაუზის შემდეგ თავის საყვარელ პოზიციაზე (ცენტრფორვარდის უკან) დაბრუნდა გიორგი მერებაშვილი და ეს ცვლილება თავდაპირველად მართლაც ეფექტიანად მოჩანდა.

რაც შეეხებათ სტუმრებს, "გურიას" მთავარმა მწვრთნელმა თეიმურაზ ლორიამ დისკვალიფიკაციის გამო ლაშა ჯანგიძე მოისაკლისა. ამას გარდა, ძირითადში გაამწესა კობა შალამბერიძე, რომელიც მარცხენა გარემარბად მოგვევლინა.

ისე, "გურიას" ძირითად შემადგენლობას თუ გადახედავდით, უკვე ნახსენები ძაძამიასა და შალამბერიძის გარდა, იმ ფეხბურთელების სიმრავლეც თვალში მოგხვდებოდათ, უმაღლესი ლიგის სხვადასხვა გუნდში არაერთი სეზონი რომ გაუტარებიათ: სევასტი თოდუა, ალექსანდრე გოგობერიშვილი, მიხეილ კაკალაძე, გიგა კვერენჩხილაძე, ვიტალი დარჩიძე, დავით მაისაშვილი...

შთამბეჭდავი დასაწყისი და მერებაშვილის შოუ
...მასპინძელთა პირველი შეტევა შედეგიანი აღმოჩნდა: გიორგი მერებაშვილი მარცხენა ფლანგიდან შეიჭრა სტუმართა საჯარიმოში, სადაც "გურიას" მარჯვენა მცველთან, არნო ჩუენსუსთან ("სიონის" ყოფილი ფორვარდის, ერიკ-რომეო ჩასემის ძმა გახლავთ - გ.ტ.) ორთაბრძოლისას წაიქცა და არბიტრმაც უყოყმანოდ დანიშნა პენალტი, რომელიც დაზარალებულმა ზუსტად შეასრულა.

ხუთიოდ წუთში კი მერებაშვილმა ისეთი გოლი გაიტანა, ნეიტრალურ ქომაგსაც რომ აღაფრთოვანებდა: სწრაფი დრიბლინგით შეიჭრა მეტოქის საჯარიმოში, მოხდენილი ფინტებით მეურვეები ჩამოიცილა და საბოლოო დარტყმაც უნაკლოდ შეასრულა!

არადა, ასეთი გოლები "მერებას" არაერთხელ გაუტანია, ოღონდ იმ დროს (2007-10 წლებში) ვიხსენებთ, ვიდრე სერბულ "ვოივოდინაში" გადავიდოდა...

ასეთი შოკისმომგვრელი დასაწყისის შემდეგ ნებისმიერი გუნდი გატყდებოდა: როგორი საქმეა, საწყის რვა წუთში ორ ბურთს რომ გაუშვებ; თუმცა, "გურია" ამ შოკიდან მალე გამოვიდა და პირველივე კონტრშეტევა ეფექტურიც გამოდგა და გოლის მომტანიც!

გიორგი სალარიძემ ძალიან ადვილად "ჩაუქროლა" ემანუელ მენდის და მეტოქის საჯარიმოში გამჭოლი გადაცემა გააკეთა; იქ კი ყველას მიხეილ კაკალაძემ დაასწრო და 2004 წელს ეფექტური გოლებით თუ "დინამოს" ქომაგებს ანებივრებდა, ახლა უკვე ამ გუნდის კარში გაიტანა არანაკლებ ეფექტური გოლი.

მოკლედ, ჩინებული დასაწყისი გამოდგა, თუმცა ამის შემდეგ პირველი ტაიმის ბოლომდე მოედანზე მთლიანად "დინამო" დომინირებდა და რამდენიმე ხელსაყრელი მომენტიც შექმნა. ყველას ჩამოთვლას არ შევუდგებით და მხოლოდ იმ მომენტებს ვახსენებთ, აი, რეალურს რომ უწოდებენ ხოლმე; ყოველ შემთხვევაში, სწორედ ასეთთა კატეგორიას მიეკუთვნებოდა ჯაბა დვალის მეკარესთან პირისპირ გასვლა (პეტერ გრაიციარის ჩინებული პასიც აღსანიშნავია), გიორგი პაპავას (ამ 20 წლის საყრდენს ურიგოდ ნამდვილად არ უთამაშია) მზაკვრული დარტყმა, ბურთი ძელს რომ მოხვდა და ასე შემდეგ.

ჰო, გიორგი ძაძამიაც არ უნდა გამოგვრჩეს: "ვიტ ჯორჯიაში" როცა თამაშობდა, ეს მეკარე "დინამოს" წინააღმდეგ ყოველთვის მოტივირებულად ასპარეზობდა და ასე იყო ახლაც: "გურიას" კარის დარაჯმა პირველ ტაიმში მიკელ ალვაროსა (ორჯერ) და კარლეს კოტოს არცთუ იოლი დარტყმები მოიგერია.

თამამი სტუმრები
მეორე ტაიმიც პირველის მსგავსი "სცენარით" დაიწყო: ცოტაც და, დინამოელთა პირველივე შეტევა გოლით დასრულდებოდა! თუმცა ჯაბა დვალის პასის მერე კარლეს კოტოს ძლიერ დარტყმას კვლავაც გიორგი ძაძამიას ჩინებული რეაქცია მოჰყვა.

აი, ეს იყო და ეს: მატჩის ბოლომდე "დინამომ" მხოლოდ ერთი მეტ-ნაკლებად სახიფათო მომენტი შექმნა (დვალის თავური სტუმართა კარის ხარიხას ზემოდან გადაევლო) და ისეთი შთაბეჭდილება დაგვრჩა, რომ ჩვენი ყველაზე ტიტულიანი გუნდი ანგარიშის შენარჩუნებაზე თამაშობდა.

"დინამომ" ტემპი დააგდო, დუშან უჰრინმა ცვლილებებსაც მიმართა. სამაგიეროდ, სტუმრები გააქტიურდნენ და, უპირველეს ყოვლისა, ფლანგებზე აგრესიული და სწრაფი მოქმედებებით მეტოქის ნახევარზე უპრობლემოდ გადადიოდნენ. მარჯვნიდან ალექსანდრე შენგელია გააქტიურდა, მარცხნიდან - მოუღლელი კობა შალამბერიძე. ერთ ეპიზოდში გიგა კვერენჩხილაძემ ურთულესი მდგომარეობიდან თავით სცადა გოლის გატანა, მაგრამ მცირეოდენ არაზუსტად დაარტყა.

მერე ზედიზედ ორჯერ კობა შალამბერიძემ "გაისროლა" საშუალო მანძილიდან და ორივეჯერ გიორგი ლორიამ იყოჩაღა.

მოკლედ, "გურიას" დასაკარგი არაფერი ჰქონდა და შტურმიც მოაწყო, რომელიც საბოლოოდ აბსოლუტურად ლოგიკურად დასრულდა: ალექსანდრე შენგელიამ პოზიციურად დაჯაბნა თავისი მეურვე დარკო გლიშიჩი და მარცხენა ფლანგიდან გამჭოლი გადაცემა გააკეთა მეტოქის საჯარიმოში, სადაც ყველას დაასწრო გიგა კვერენჩხილაძემ და მოხდენილი თავურით გიორგი ლორიას შანსი არ დაუტოვა!

აი, ამ დროს გაირკვა, რომ "დინამო-არენაზე" ბევრად უფრო მეტი ქომაგი... სტუმრებს ჰყავდათ და მართლაც გვარიან სენსაციასაც აღარაფერი უკლდა. დუშან უჰრინსაც აღარაფერი დარჩენოდა, გუნდის (და, საერთოდ, საქართველოს ჩემპიონატის) საუკეთესო ფეხბურთელის, ჩისკოს გამოყვანის გარდა, მაგრამ ესპანელის ოსტატობა საჭირო აღარ გახდა: ბოლოს რაც მოხდა, ამაზე ხომ სტატიის დასაწყისში მოგახსენეთ...

VideoSportall.Ge
10.04.13. დინამო - გურია 3:2


მატჩის შემდეგ
თემურ ლორია, "გურიას" მთავარი მწვრთნელი:
"ძალიან დასანანი შეხვედრა წავაგეთ, არადა, შესაძლებელი იყო თასის ნახევარფინალში გასვლა და გულშემატკივრების გახარება. სამწუხაროდ, ასე არ მოხდა, მაგრამ მარცხის მიუხედავად, მადლობა ჩემს ბიჭებს თავდადებისა და ღირსეული თამაშისთვის; გულშემატკივრებს კი - იმისთვის, ჩვენი თანადგომისთვის შორი გზა რომ გამოიარეს. თბილისის "დინამოს" წინსვლას და წარმატებებს ვუსურვებ".

დუშან უჰრინი, "დინამოს" მთავარი მწვრთნელი:
- დრამატული თამაში იყო და კარგი მოწინააღმდეგე გვყავდა. ვერ ვიქნები ჩემი გუნდის თამაშით კმაყოფილი, რადგან საქმე ძალიან გავირთულეთ. 4 სერიოზული შეცდომა დავუშვით და კინაღამ დავისაჯეთ.

თუმცა, მიმაჩნია, რომ მაყურებელმა კარგი სანახაობა იხილა.

დღევანდელმა მეტოქემ კარგი შთაბეჭდილება დატოვა. ასე რომ, "გურიას" მომავალ წელს უმაღლეს ლიგაში ველით.

- 14 აპრილს "ზესტაფონთან" საპასუხისმგებლო შეხვედრა გელით - ამის ფონზე, "გურიასთან" მატჩის მნიშვნელობამ ხომ არ იკლო? ამით ხომ არ იყო გამოწვეული დღეს შემადგენლობაში მომხდარი ცვლილებები?
- 22 მოთამაშე გვყავს და ყველამ უნდა ითამაშოს, მაგრამ ეს არავითარ შემთხვევაში არ ნიშნავს, რომ მეტოქე არ დავაფასეთ. "გურია" ძალიან საინტერესო გუნდია. მხოლოდ მენდი არის ფორმაში შესასვლელი, თორემ სულ ძირითადის მოთამაშეები გვყავდა - ლორია, კვარაცხელია, მერებაშვილი, ალვარო, დვალი, პაპავა...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
სიონი-ტორპედო 2:0 - დამსახურებული სიხარული [VIDEO]
სპარტაკი-მეტალურგი 1:1 - სენსაციის გარეშე, გაიმარჯვა გამოცდილებამ [VIDEO]
დილა-ჩიხურა 1:2 - როცა მფლობელს თასი აღარ უნდა
მკითხველის კომენტარები / 5 /
რა უხაროდა დინამოს, როგორ დაეცნენ არც შერცხვათ ასეთი მოგებით, ფუუ მაგ გამარჯვებას.
vaxo
15:13 13-04-2013
0
რამდენი გადაიხადა დინამომ მსაჯებში? ტფუ ეგ იყო მსაჯთა სისტემა საღოლ რა მართლა
სიმონი
15:02 11-04-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული