საქართველოს თასის 1/2 ფინალების წილისყრა: ევროპული შანსი სამისთვის

AutoSharing Option
12 აპრილს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ოფისში საქართველოს თასის ნახევარფინალის წილისყრა გაიმართა.

კლუბების წარმომადგენლებმა აკვარიუმიდან "ქინდერის" ბურთულები ჩემპიონატში სადღეისოდ დაკავებული ადგილების თანმიმდევრობით ამოიღეს. საბოლოოდ, წილისყრა ასეთი შედეგით დასრულდა.

მეტალურგი (რუსთავი) - დინამო (თბილისი)
ჩიხურა (საჩხერე) - სიონი (ბოლნისი)

პირველი მატჩები პირველად დასახელებული გუნდების მოედნებზე 23 აპრილს გაიმართება, ხოლო საპასუხო შეხვედრები - 8 მაისს. მატჩები 16 საათზე დაიწყება.

წილისყრის დაწყებამდე სფფ-ის პრეზიდენტმა ზვიად სიჭინავამ კლუბების წარმომადგენლებს სთხოვა, ფინალის თარიღი ტრადიციული 26 მაისის ნაცვლად, 22 მაისისთვის გადმოეტანათ. ამის მიზეზი ის არის, რომ იმ
დღეებში უეფას კონგრესი იმართება და ფედერაციის ხელმძღვანელები მასზე დასასწრებად უნდა გაემგზავრონ.

წილისყრის შედეგები თავად შეგიძლიათ შეაფასოთ, ჩვენის მხრივ მხოლოდ იმას დავძენთ, რომ ნახევარფინალისტებიდან მხოლოდ "დინამოს" აქვს იმის გარანტია, რომ ევროთასების საგზურს ჩემპიონატიდან მოიპოვებს.

საამისო შანსი "ჩიხურასაც" აქვს, "მეტალურგსა" და "სიონს" კი, რომლებიც უმაღლესი ლიგის ზედა ექვსეულს მიღმა დარჩნენ, ევროსარბიელზე გასასვლელად მხოლოდ და მხოლოდ თასის გათამაშებაღა დარჩათ.

ასე რომ, ნახევარფინალისტების უდიდეს მოტივაციაზე ლაპარაკი ზედმეტიც კი არის...

ამ ოთხეულიდან ყველაზე ტიტულოვანი, რა თქმა უნდა, "დინამოა", რომელსაც საქართველოს თასი 9-ჯერ აქვს მოპოვებული. დანარჩენ ნახევარფინალისტებს ეს ჯილდო არასდროს მოუგიათ. "მეტალურსა" და "სიონს" ფინალში თითოჯერ უთამაშიათ, სადაც ორივე მათგანი სწორედ "დინამოსთან" დამარცხდა. "ჩიხურა" ფინალში აქამდე არასდროს გასულა.

წილისყრის შემდეგ კომენტარებიც გაკეთდა.

ბუბა ტყავაძე (თბილისის "დინამოს" მმართველი დირექტორი):
"ნახევარფინალში გასული თითოეული გუნდი დაფასების ღირსია, ამიტომაც ჩვენთვის არ ჰქონდა გადამწყვეტი მნიშვნელობა იმას, თუ ვინ იქნებოდა მეტოქე.

"მეტალურგი" ღირსეული მოწინააღმდეგეა, მაგრამ მისი დამარცხებისა და ფინალში გასვლისთვის ვიბრძოლებთ".


ლადო ბურდული ("სიონის" სპორტული დირექტორი):
"ბევრი არც იმას ელოდა, რომ ნახევარფინალამდე მივიდოდით, მაგრამ "ტორპედოსთან" მეოთხედფინალურ დაპირისპირებაში ჩვენი ძალა დავამტკიცეთ.

შევეცდებით, მიღწეულზე არ შევჩერდეთ და ეს ეტაპიც გადავლახოთ. მეტოქე ძლიერი გვყავს, მაგრამ წარმატების შანსი "სიონსაც" აქვს.

კარგია, რომ პირველ მატჩს სტუმრად ვატარებთ".


გიორგი ყიფიანი ("მეტალურგის" მთავარი მწვრთნელი):
"თბილისის "დინამოს" ჩემგან შეფასება არ სჭირდება, ყველამ კარგად ვიცით, რომ ძლიერი გუნდია. მე დღეს ჩემს ფეხბურთელებთან მქონდა საუბარი. ყველა კარგად აცნობიერებს, რა მნიშვნელობა ენიჭება თასს ჩვენთვის.

ყველა ფეხბურთელი ბოლომდე დაიხარჯება და მაქსიმუმს გააკეთებს ფინალში გასასვლელად. ორრაუნდიან ბრძოლაში მე რეალურად მესახება ამ ბარიერის გავლა".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული