მეტალურგი-დინამო თბ 2:1 - ერთადერთი გზა ევროტურნირებისკენ [VIDEO]

AutoSharing Option
"მეტალურგმა", ბოლო წლების მსგავსად, წლეულსაც რომ ევროტურნირებზე იასპარეზოს, ამისათვის ერთადერთი გზა არსებობს: საქართველოს თასის მოპოვება!

თუმცა ფინალში გასასვლელად ჯერ ხომ ნახევარფინალური ბარიერის გავლაა საჭირო; თანაც, წილისყრისას თუ ვინმეს არ გაუმართლა, ეს, რაღა თქმა უნდა, რუსთაველებზე ითქმის: დარჩენილი სამი მეტოქიდან "მეტალურგს" ხომ ყველაზე ძლიერი მოწინააღმდეგე შეხვდა!

არ დაგვავიწყდეს ის ფაქტიც, რომ ტიტულებდანატრებულ "დინამოს" ჩემპიონატში ორი ურთულესი მატჩი ელოდება (სტუმრად - "დილასთან", შინ - "ტორპედოსთან") და იმის ალბათობაც იყო, რომ დუშან უჰრინის შეგირდები 23 აპრილის სათასო მატჩზე შედარებით ნაკლებად კონცენტრირებულნი გამოსულიყვნენ. შესაძლოა,
ესეც იყოს დინამოელთა მარცხის ერთ-ერთი მიზეზი.

VideoSportall.Ge
23.04.13. მეტალურგი - დინამო 2:1


ნურც ის დაგვავიწყდება, რომ წინ საპასუხო მატჩია და "დინამოს" კვლავაც რჩება ფინალში გასვლის რეალური შანსი.

საკადრო პრობლემებიც უნდა ვახსენოთ: ტრავმირებულია გიორგი შაშიაშვილი, ხოლო ჩისკოს სამმატჩიანი დისკვალიფიკაციის ათვლა სწორედ "მეტალურგთან" მატჩიდან დაიწყო.

Sportall.Geთუმცა ყოველივე ზემოთქმული სულაც არ აკნინებს მასპინძელთა დამსახურებულ წარმატებას: გიორგი ყიფიანის გუნდი "დინამოსთან" მატჩში მეტოქესთან შედარებით ბევრად უფრო მოტივირებულად გამოიყურებოდა და წაგებული პირველი ტაიმის მერე, შესვენების შემდეგ თამაშიც "შემოატრიალა".

ჰო, ფეხბურთში მოტივაცია ყველაფერს თუ არა, ბევრ რამეს წყვეტს და ასე მოხდა ამჯერადაც: ისეთი შთაბეჭდილება გვრჩებოდა, თითქოსდა "დინამოს" ფეხბურთელთა უმრავლესობისათვის "მეტალურგთან" დაპირისპირება ნაკლებად მნიშვნელოვანი იყო.

ვინმემ შესაძლოა, რთული კლიმატური პირობები ახსენოს: მთელი მატჩის განმავლობაში ისეთი ძლიერი ქარი იყო, ერთ-ორ ეპიზოდში გიორგი ლორიას ბურთის თამაშში შემოტანა გაუჭირდა!

თუმცა, რთული კლიმატური პირობები მხოლოდ სტუმრებისთვის იყო? ან, როგორ ფიქრობთ, "მეტალურგს" არ ჰქონდა საკადრო პრობლემები? შეგახსენებთ, რომ ტრავმის გამო რუსთაველებს კვლავაც ვერ ეხმარება გუნდის ახალწვეული ლევან კორღალიძე; ასევე ტრავმირებულია გუნდის ლიდერი რევაზ გეწაძე, გიორგი მიქაბერიძემ კი გასული წლის 22 სექტემბრის მერე პირველი მატჩი ჩაატარა მშობლიურ სტადიონზე...

* * *
ახლა კი უშუალოდ თამაშის შესახებ, უცნაური სცენარით რომ წარიმართა. თავდაპირველად მასპინძლები აქტიურობდნენ, განსაკუთრებით კი 33 წლის ზურაბ მენთეშაშვილის ენერგიული და სასარგებლო თამაში იყო თვალშისაცემი.

საწყისი ათი წუთის მერე უპირატესობა უკვე სტუმართა მხარეს გადავიდა. გიორგი მერებაშვილის სახიფათო ფლანგურ ჩაწოდებას მიხეილ ალავიძემ პოზიცია ზუსტად შეურჩია, ბოლო მატჩებში გოლის იშტაზე მოსულ ლევან ხმალაძეს კი სულ მცირედი დააკლდა, რომ თავური დარტყმით მორიგი ბურთი გაეტანა.

თუმცა, დინამოელებმა მაინც შეძლეს ამ მონაკვეთში მოპოვებული უპირატესობის რეალიზება: "მეტალურგის" კაპიტანმა ლუკა რაზმაძემ, ერთი შეხედვით, სრულიად უწყინარ სიტუაციაში ბურთი დაკარგა და ჯაბა დვალიც ჩინებულად გაერკვა სიტუაციაში, როცა დაახლოებით 25 მეტრიდან ზუსტი და მოჭრილი დარტყმით თავისი გუნდი დააწინაურა.

ათი წუთის მერე გოლი უკვე სტუმართა კარში გავიდა: "დინამოს" მცველებისგან რატომღაც "მიტოვებულმა" გოგა ფიფიამ ჯერ თავით სცადა ბურთის ზუსტად გადაგზავნა, მერე - ფეხით, თუმცა შეხვედრის სირიელმა არბიტრმა აბდულა ბასლეპლომ გოლი გააუქმა და "მეტალურგის" ენერგიული შემტევი ხელით თამაშისათვის გააფრთხილა!

* * *
მეორე ტაიმში მოედანზე, ფაქტობრივად, მხოლოდ ერთი გუნდი იყო! თავად განსაჯეთ: 45 წუთის განმავლობაში "დინამოს" მასპინძელთა კარში კი არა, კარის მიმართულებითაც არ დაურტყამს!

სამაგიეროდ, "მეტალურგს" დაუფასდა აქტიურობა და რუსთაველთა მთავარი მწვრთნელის მიერ განხორციელებული შეცვლებისა თუ გადაადგილებების ეფექტიანობაც უნდა ვახსენოთ: გიორგი ყიფიანმა გამოცდილი რომან ახალკაცი მარჯვნივ გაამწესა, მანამდე ამ პოზიციაზე მოასპარეზე დავით საჯაია კი საპირისპირო ფლანგზე გადასწია.

33 წლის ახალკაცმა მართლაც "ცეცხლი დაანთო" თავის ფლანგზე და თავისი მეურვე დარკო გლიშიჩი აშკარად დაჩაგრა. ახალკაცი მხოლოდ ფლანგზე არ აქტიურობდა: გოგა ფიფიას შორეული დარტყმის მერე გიორგი ლორიამ ბურთი უხერხულად რომ მოიგერია, საჭირო ადგილას სწორედ რუსთაველთა მარჯვენა გარემარბი გაჩნდა და ანგარიშიც გაათანაბრა.

თუმცა, მასპინძლები ამით არ დაკმაყოფილდნენ: ახალკაცმა მორიგ ფლანგურ გარღვევას ზუსტი გამჭოლი გადაცემა მოაყოლა და 19 წლის დავით საჯაიამ "მეტალურგის" შემადგენლობაში პირველი, ამ მატჩში კი გადამწყვეტი გოლი გაიტანა.

თუმცა, შეხვედრის დასრულების შემდეგ მოზეიმე რუსთაველი ქომაგებიც იმ აზრის გახლდნენ, რომ ამ წყვილში ყველაფერს საპასუხო მატჩი გაარკვევს...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული