თბილისის "დინამო" დუბლს უმიზნებს, საჩხერის "ჩიხურა" - პირველ ტიტულს

AutoSharing Option
22 მაისს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე საქართველოს თასის გათამაშების ფინალური შეხვედრა გაიმართება, რომელშიც ჩემპიონი თბილისის "დინამო" საჩხერის "ჩიხურას" დაუპირისპირდება.

თვალი გადავავლოთ მეტოქე გუნდებს და გავიხსენოთ განსაკუთრებული ფაქტები, რომლებიც სათასო პაექრობას უკავშირდება.

დინამო

საქართველოს ყველაზე ტიტულიანი გუნდისათვის ეს სეზონი მართლაც გამორჩეულია: თბილისის "დინამომ" ხუთწლიანი პაუზის მერე შეძლო ოქროს მედლების მოპოვება!

თუმცა "დინამოს" ხელმძღვანელობასა თუ მწვრთნელ-ფეხბურთელებს ასე ნანატრი ჩემპიონობა ჯერ არ "დაუსველებიათ": გუნდს ხომ საქართველოს თასის ფინალი აქვს სათამაშო და წარმატების შემთხვევაში, "დუბლიც" შესრულდება და ასეთი ტრიუმფალური სეზონის აღსანიშნავ საზეიმო სუფრაზე, ალბათ,
"განსხვავებულების" რაოდენობაც მოიმატებს...

..."დუბლი" ვახსენეთ და ასეთ წარმატებას "დინამომ" უკანასკნელად 2003 წელს მიაღწია: ივო შუშაკის ხელმძღვანელობით მოასპარეზე გუნდმა ჩემპიონატშიც გაიმარჯვა და თასიც მოიგო.

აი, ამის მერე იყო, "დინამომ" მხოლოდ ერთხელ რომ შეძლო თასის მოპოვება (2009 წელს, კახა კაჭარავას ხელმძღვანელობით), თორემ მანამდე "დუბლის" შესრულება მართლაც ჩვეულებრივ ამბად აღიქმებოდა. თავად განსაჯეთ: 1992-97 წლებში "დინამომ" ზედიზედ ხუთჯერ შეასრულა "დუბლი"!

აქვე იმასაც შეგახსენებთ, რომ "დინამომ" ამ წარმატებას სამჯერ მიაღწია დავით ყიფიანის, ორჯერ - გივი ნოდიას, ერთხელ კი - რევაზ ძოძუაშვილის ხელმძღვანელობით.

ცნობისათვის: "დინამოს" გარდა, "დუბლი" მხოლოდ ერთ გუნდს აქვს შესრულებული - 2001 წელს ქუთაისის "ტორპედო" საქართველოს ჩემპიონიც გახდა და თასიც მოიპოვა.

...ისე, როგორც ჩემპიონატში, "დინამო" საქართველოს თასის გათამაშების რეკორდსმენიცაა: გუნდი თერთმეტჯერ იყო ფინალში გასული, სადაც ცხრაჯერ გაიმარჯვა და ორჯერ დამარცხდა.

რაც შეეხება ამ სეზონს, დუშან უჰრინის გუნდს საწყის ორ ეტაპზე პრობლემები არ შექმნია: სტუ-სა და ფოთის "კოლხეთის" კარში "დინამომ" 18 გოლი გაიტანა. ერთი შეხედვით, არც მეოთხედფინალში უნდა გასჭირვებოდა გუნდს, რამეთუ მეტოქედ პირველი ლიგის წარმომადგენელი შეხვდა, თუმცა "დინამოსა" და "გურიას" ის ორრაუნდიანი დაპირისპირება თასის ამ გათამაშების მშვენებად უნდა მივიჩნიოთ!

ლანჩხუთში ჩატარებულმა პირველმა მატჩმა გადაჭედილი ტრიბუნების წინ ჩაიარა და პირველი ლიგის მართლაც დამსახურებულმა ლიდერმა "გურიამ" ტოლი არაფერში დაუდო მრისხანე მეტოქეს. "გურიას" სიძლიერე საპასუხო შეხვედრაშიც დამტკიცდა. არადა, მატჩის დასაწყისშივე გიორგი მერებაშვილმა ზედიზედ 2 გოლი რომ გაიტანა, ყველას ყველაფერი დამთავრებული ეგონა.

ყველას, გარდა მეტოქისა: "გურიამ" ერთი ბურთი პირველ ტაიმშივე გაქვითა, მეორე ტაიმში კი ბევრად უფრო გააქტიურდა და ეფექტური კომბინაცია არანაკლებ ეფექტური თავური დარტყმით გიგა კვერენჩხილაძემ დააგვირგვინა!

ამ დროს კი ძირითადი დროის დამთავრებამდე ბევრი აღარაფერი რჩებოდა; ანუ სეზონის მთავარ სენსაციასაც არაფერი უკლდა, მაგრამ მარცხენა ფლანგიდან დარკო გლიშიჩის ყოვლად "უწყინარ პარაშუტს" ალღო ვერ აუღო სტუმართა მეკარე გიორგი ძაძამიამ და მისი ავტოგოლის წყალობით "დინამომ" ნახევარფინალში გააღწია.

გურია-დინამო 0:0 - ლანჩხუთი დიდი ფეხბურთის ღირსია! [VIDEO]
დინამო თბ-გურია 3:2 - თასზე იღბალიც საჭიროა... [VIDEO]

იქაც არანაკლებ მოტივირებული მეტოქე ჰყავდა და რუსთავში ჩატარებულმა პირველმა მატჩმაც დაამტკიცა "სათასო კაპრიზები": ცოტა არ იყოს, უცნაური სცენარით წარმართულ შეხვედრაში "მეტალურგმა" მოიგო (2:1). ამ მარცხის ერთ-ერთ მიზეზად ქარიანი ამინდი დასახელდა.

სამაგიეროდ, საპასუხო შეხვედრაში კლიმატური პირობები აშკარად "საფეხბურთო" იყო და დინამოელებმაც ერთიმეორეზე ლამაზი გოლებით ერთგული ქომაგებიც გაახარეს და, რაც მთავარია, სამწლიანი პაუზის მერე ფინალში თამაშის უფლება მოიპოვეს!

ისე, "ჩიხურას" უკანახაზელებსა თუ მეკარეს 22 მაისს სერიოზული გამოცდა ელით: ბოლო ოთხი შეხვედრაა, "დინამოს" ოთხ ბურთზე ნაკლები არ გააქვს მეტოქეთა კარში!

მეტალურგი-დინამო თბ 2:1 - ერთადერთი გზა ევროტურნირებისკენ [VIDEO]
დინამო თბ-მეტალურგი 5:0 - ჩემპიონი მეორე ტიტულისთვისაც იბრძოლებს [VIDEO]

ფეხბურთელები
თბილისის "დინამოს" ლეგიონერთა აბსოლუტური უმრავლესობა პირველად იასპარეზებს საქართველოს თასის ფინალში. ასე რომ, ჩისკოს, მიკელ ალვაროს, კარლეს კოტოს, უსტარიცს (ყველა - ესპანეთი), პეტერ გრაიციარს (სლოვაკეთი), პატრიკ მილხრაუმსა (გერმანია) და დარკო გლიშიჩს (მაკედონია) მშვენიერი შანსი აქვთ, საქართველოს ჩემპიონის პირველ ტიტულს თასიც მიუმატონ.

სამაგიეროდ, "დინამოს" რამდენიმე ქართველ ფეხბურთელს უთამაშია თასის ფინალში და ზოგიერთისათვის აქ გამარჯვება "ნაცნობი სურათია": ორჯერ აქვთ თასი მოპოვებული "დინამოს" შემადგენლობაში გიორგი შაშიაშვილს (2003, 2004) და ლევან ხმალაძეს (2004, 2009), თითო-თითოჯერ - გიორგი მერებაშვილს (2009), გიორგი ლორიას (2009) და ოთარ ხიზანეიშვილს (2003).

ამათ გარდა, "დინამოში" ისეთი ფეხბურთელებიც არიან, სხვა გუნდების შემადგენლობაში რომ უასპარეზიათ ფინალში: დიმიტრი ტატანაშვილი "ამერის" მაისურით ორჯერ გახდა საქართველოს თასის მფლობელი (2006, 2007), ერთხელ კი ფინალისტობას დასჯერდა (2008); თავის მეოთხე ფინალს "უმიზნებს" გიორგი სეთურიძეც: "დინამოს" მარჯვენა მცველმა 2005 წელს თასი მოიგო ("ლოკომოტივის" შემადგენლობაში), ორჯერ კი ფინალი წააგო - 2009 წელს "ოლიმპის" ფეხბურთელის რანგში, 2011 წელს კი "ტორპედოს" შემადგენლობაში.

მეორედ მოუწევს თასის ფინალში ასპარეზობა ჯაბა დვალს, თუმცა ბოლო წლების ყველაზე შედეგიან ქართველ ფორვარდს შარშანდელი მართლაც სამარცხვინო ფინალის გახსენება დადებით ემოციებს ნამდვილად არ დაუტოვებს...

დაბოლოს, "დინამოს" კიდევ ერთ ფეხბურთელზე, რომელიც საქართველოს თასის ფინალში... 13-წლიანი პაუზის მერე ითამაშებს: გივი კვარაცხელია 2000 წელს თბილისის "ლოკომოტივის" შემადგენლობაში თასის მფლობელი გახდა!

ჩიხურა
თბილისის "დინამოს" წინაშე ყოველი სეზონის დაწყების წინ მხოლოდ და მხოლოდ მაქსიმალური მიზნებია: ჩემპიონობა და თასის მოპოვება; აი, "ჩიხურა" კი, უდავოდ, გამორჩეულ და განსაკუთრებულ სეზონს ატარებს თავის ისტორიაში: ჩემპიონატში მეორედ ასპარეზობდა და მართლაც საპატიო, მეოთხე ადგილი დაიკავა, თასის გათამაშებაში კი პირველად მოახერხა ფინალში გასვლა!

ჰო, "ჩიხურას" ფინალში გასვლა უკვე წარმატებად უნდა მივიჩნიოთ, რომ აღარაფერი ვთქვათ არანაკლებ მიღწევაზე - საჩხერელთა გუნდს ამ ზაფხულს ევროტურნირებზე დებიუტი ელოდება!

..."ჩიხურას" აღზევება და ამ სეზონში წარმატებული ასპარეზობა გუნდის მთავარი მწვრთნელის, სოსო ფრუიძის უდიდესი დამსახურებაა. ეს გამოცდილი სპეციალისტი უკვე 6 წელიწადია, "ჩიხურას" თავკაცობს და აი, შედეგიც მოიმკო.

ნურც ის დაგვავიწყდება, რომ თავისი ხანგრძლივი კარიერის განმავლობაში სოსო ფრუიძეს არაერთი გუნდი გაუწვრთნია: ქუთაისის "ტორპედო", ზესტაფონის "მარგვეთი", წყალტუბოს "სამგურალი", სამტრედიის "იბერია", ლანჩხუთის "გურია", "ბორჯომი".

...ფინალისკენ მიმავალ გზაზე "ჩიხურას" თავდაპირველად პრობლემა არ შეჰქმნია: 1/16 და 1/8-ფინალებში პირველი ლიგის წარმომადგენლებს შანსი არ დაუტოვა და იმ ოთხ მატჩში მეტოქეთა კარში 15 გოლი გაიტანა!

ბევრად კი არა, მართლაც სოლიდურზე-სოლიდური მეტოქე ჰყავდათ საჩხერლებს მეოთხედფინალში: თასის მოქმედი მფლობელი და ჩემპიონობის ერთ-ერთი ფავორიტი გორის "დილა". თუმცა, მოდით, ამ მეოთხედფინალურ "დაპირისპირებებზე" ნუ შევჩერდებით და ნურც ამავე გუნდების საჩემპიონო მატჩებზე.

ჩიხურა-დილა 3:0 - გამარჯვების ფორმულა: თავდადება [VIDEO]
დილა-ჩიხურა 1:2 - როცა მფლობელს თასი აღარ უნდა

შეგახსენებთ, რომ ორივე სათასო მატჩში "დილამ", ფაქტობრივად, სარეზერვო შემადგენლობა გამოიყვანა და "ჩიხურასაც" გამარჯვება არ გასჭირვებია, რასაც ვერ ვიტყვით ნახევარფინალზე, სადაც, უნდა ვაღიაროთ, რომ წილისყრისას ყველაზე მეტად სწორედ "ჩიხურას" გაუმართლა: თბილისის "დინამოსაც" ასცდა, რუსთავის "მეტალურგსაც" და მეტოქედ ბოლნისის "სიონი" შეხვდა.

ამ წყვილში ფავორიტად "ჩიხურა" მიიჩნეოდა (მით უფრო, რომ ბოლნისელებს ჩემპიონატშიც სერიოზული საფიქრალი ჰქონდათ) და პირველი მატჩის შედეგიც ამის დასტური იყო; თუმცა საპასუხო შეხვედრაში მოვლენები ისე განვითარდა, ცოტაც და, "სიონი" მეოთხედფინალში ჩადენილ გმირობას გაიმეორებდა (დღესაც უკვირს ბევრს, თუ როგორ შეძლეს ბოლნისელებმა ქუთაისის "ტორპედოსთან" ორბურთიანი ჩამორჩენის აღმოფხვრა).

8 მაისს ბოლნისში მართლაც დაძაბული და ნერვიული მატჩი იყო. შეხვედრის სირიელმა არბიტრმა აბდულა ბასლეჰლომ ორივე გუნდის 10 ფეხბურთელი გააფრთხილა, 65-ე წუთზე კი პენალტი დანიშნა სტუმართა კარში.

ეს პენალტი კოკა მიკუჩაძემ ზუსტად შეასრულა, "სიონიც" მთელი გუნდით წინ წავიდა და მატჩის მიწურულს რეალურზე-რეალური შანსიც მიეცა: ვილი ისიანი უაღრესად ხელსაყრელ პოზიციაზე აღმოჩნდა, მაგრამ მისი დარტყმული ბურთი მართლაც ჩინებული რეაქციით მოიგერია გიორგი სომხიშვილმა და "ჩიხურაც" ფინალში გავიდა!

ჩიხურა-სიონი 2:0 - მოახლოებული ფინალი [VIDEO]
სიონი-ჩიხურა 1:0 - ფრთხილად, სკამი მოფრინავს!

ფეხბურთელები
მეტოქისგან განსხვავებით, "ჩიხურას" დღემდე არც ერთი ტიტული არ მოუგია, თუმცა საჩხერელთა შემადგენლობაში მრავლად არიან ისეთი ფეხბურთელები, სხვადასხვა დროს სხვადასხვა გუნდის შემადგენლობაში თასის ფინალში რომ უასპარეზიათ.

ამათგან, უპირველეს ყოვლისა, შოთა კაშია უნდა ვახსენოთ, 22 მაისს თავის მეხუთე ფინალს რომ ითამაშებს!

ალბათ, ზედმეტია იმის შეხსენება, რომ შოთა კაშია თბილისის "დინამოს" აღზრდილია და ამ გუნდის შემადგენლობაში ორჯერ აქვს მოპოვებული საქართველოს თასი (2004, 2009), ერთხელ კი ფინალისტობას დასჯერდა (2010). კაშიამ შარშანაც მოიპოვა საქართველოს თასი, ამჯერად უკვე გორის "დილას" შემადგენლობაში.

კაშიას გარდა, "ჩიხურაში" მრავლად არიან გამოცდილი ფეხბურთელებიც: დავით ბოლქვაძე "ამერის" შემადგენლობაში ორჯერ დაეუფლა საქართველოს თასს (2006, 2007), ქუთაისის "ტორპედოს" მაისურით კი ფინალი ითამაშა (2004).

თავისი მეოთხე ფინალისათვის ემზადება ედიკ საჯაიაც: "ზესტაფონის" შემადგენლობაში ერთხელ გაიმარჯვა (2008), ორჯერ კი ფინალი წააგო (2007, 2012).

კაშიას, ბოლქვაძისა და საჯაიას გარდა, საქართველოს თასის ფინალში გამარჯვების "გემო" იციან "ჩიხურას" სხვა ფეხბურთელებმაც: დავით დიღმელაშვილი 2009 წელს თბილისის "დინამოსთან" ერთად ზეიმობდა, ნიკა კვასხვაძე კი 2008 წელს "ზესტაფონის" მოთამაშე გახლდათ.

ახლა კი "ჩიხურას" ის ფეხბურთელები ვახსენოთ, სხვადასხვა გუნდის შემადგენლობაში ფინალი რომ წაუგიათ: რევაზ გოცირიძე (2008 წელი - "ამერი", 2011 - "ტორპედო"), ლაშა ჭელიძე (2002, 2004 - "ტორპედო"), გაგა ჩხეტიანი (2007 - "ზესტაფონი", 2009 - "მეტალურგი"), ზურა ძამსაშვილი (2005 - "ზესტაფონი"), გიორგი სომხიშვილი (2005 - "ზესტაფონი") ...

Sportall.Ge

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
დუშან უჰრინი: "დინამოს" ყველა ტიტულის მოპოვება სურს!
ჯაბა დვალი: 6:0-ითაც რომ ვიგებდეთ, სანამ არ გავიტან, ვერ ვისვენებ
სოსო ფრუიძე: გვაქვს თავისუფლება და შევუტევთ
ედიკ საჯაია: ბრძოლაც იქნება და სანახაობაც
მკითხველის კომენტარები / 3 /
მერე იტყვიან თამაშებზე ხალხი არ დადისო ოხ თქვნი ფედერაცია .......... სუ ესე აკეტებთ ყოველთვის გაითვალისწინეთ და მომავალი ქვეყნის ჩემპიონატები შაბათ-კვირას დანიშნეთ.
bibo
12:27 22-05-2013
0
ვინც მოიფიქრა რომ ოთხშაბათ დღეს სამუშაო დღეს თასის ფინალი დაენიშნა ის საღად ის არის ყ...! მაგრად მინდოდა წასვლა და ვიგაც *** გამო ვერ წავალ თამაშზე, რადგან 7 საათზე ვამთავრებ სამსახურს. ჩემნაირი კიდევ რამდენი ადამიანი არის !
givi
11:27 22-05-2013
0

სიახლეები პოპულარული