ჯაბა დვალი: 6:0-ითაც რომ ვიგებდეთ, სანამ არ გავიტან, ვერ ვისვენებ

AutoSharing Option
22 მაისს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე თბილისის "დინამო" საჩხერის "ჩიხურას" საქართველოს თასის ფინალში დაუპირისპირდება.

თბილისის "დინამოს" თავდამსხმელი ჯაბა დვალი ფინალისთვის ემზადება და იმედოვნებს, რომ მისი გუნდი სეზონში მეორე ტიტულის მოპოვებას მოახერხებს.

- ჩემპიონატის შემდეგ დინამოელები ჩვეულ რეჟიმში ვარჯიშობდით თუ რამდენიმე დღე დაისვენეთ?
- ჩვეულებრივად ვვარჯიშობთ და სხვათა შორის, თასის ფინალამდე ჩემპიონობის აღნიშვნაც გადავდეთ, რადგან სეზონში მეორე ტიტულის მოპოვება ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

თუ ვინმეს ჰგონია, რომ "დინამოს" მოტივაცია ჩემპიონობით ამოიწურა, ძალიან ცდება. ჩვენი მიზანი ჯერ დუბლის შესრულებაა, მერე კი სუპერთასის აღება
და ჩემპიონთა ან ევროპის ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გასვლა - "დინამოს" ტიტულები ძალიან მოენატრა.

- დასრულებულ სეზონში საჩხერის "ჩიხურას" 4-დან სამი შეხვედრა მოუგეთ და ერთი ფრედ დაასრულეთ. მოკლედ, აშკარა უპირატესობა გაქვთ - ვითომ, ფინალშიც არ გაგიჭირდებათ?
- ჩვენმა სამმა მოგებამ არავინ მოატყუოს. ფინალი ერთი მატჩისგან შედგება და კარგად მომზადება ნებისმიერ გუნდს შეუძლია, მით უფრო, "ჩიხურას".

- შენი აზრით, რა არის "ჩიხურას" მინუს-პლუსები?
- საჩხერელთა აშკარა მინუსს ვერც ვხედავ. ამ გუნდმა დაამტკიცა, რომ საქართველოში ერთ-ერთი საუკეთესოა და ნებისმიერი გუნდისთვის ანგარიშგასაწევი ძალაა.

დადებითი მხარე ისაა, რომ გამოცდილი და მაღალ დონეზე ნათამაშები გამოცდილი ფეხბურთელები და ძლიერი მწვრთნელიც ჰყავთ. მთლიანობაში, ძალიან კარგი გუნდია.

- მათგან ვის გამოარჩევ?
- ცალკე არავის დავასახელებ, რადგან "ჩიხურას" ბევრი კარგი მოთამაშე ჰყავს. ამიტომ დიდი სიფრთხილე და მონდომება დაგვჭირდება.

- 2006-07 წლებში "ჩიხურაშიც" გითამაშია...
- მაშინდელი შემადგენლობიდან დღეს გუნდს არავინ შემორჩა.

- როგორც ვიცი, 22 მაისს მესამე ფინალს ითამაშებ...
- დიახ, მესამე ფინალია - 2004 წელს "დინამოში" ქუთაისის "ტორპედოს" მოვუგეთ, შარშან კი "ზესტაფონის" შემადგენლობაში გორის "დილასთან" წავაგეთ. იმედია, წლეულს თასს კიდევ ერთხელ ავწევ.

- თასი კი აგიწევია, მაგრამ აქამდე ფინალში არ გაგიტანია...
- მართალს ამბობთ და ძალიან მინდა, რომ ეს ამჯერად მაინც მოვახერხო. ესეც დამატებითი სტიმულია. თამაშის დროს, 6:0-ითაც რომ ვიგებდეთ, სანამ არ გავიტან, ვერ ვისვენებ.

ეს ყველა თავდამსხმელის თვისებაა. მოედანზე იმიტომაც ვარ, გუნდს გოლით რომ დავეხმარო. ფინალსაც ამ განწყობით ველოდები.

- სტადიონის შევსების იმედი გაქვს?
- საქართველოს თასის ფინალი წლის ყველაზე კარგი და ემოციური თამაშია და ხალხის მოსვლა ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. ისე, ფინალზე მაყურებელი ყოველთვის მოდის, მაგრამ სტადიონი არასოდეს შევსებულა.

ცოტა მეეჭვება, ახლა სხვაგვარად იყოს, რადგან ბოლო დროს ხალხი ჩვენს ფეხბურთს ნაკლებად ეტანება, მაგრამ ძალიან მინდა, ვცდებოდე. როდესაც ტრიბუნები შევსებულია და საღამოს განათებაზე თამაშობ, მოედანზე სულ სხვა მუხტით გადიხარ. ამიტომ მაყურებელს მოვუწოდებ - მოდით სტადიონზე, მჯერა, რომ კარგ თამაშს იხილავთ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
თბილისის "დინამო" დუბლს უმიზნებს, საჩხერის "ჩიხურა" - პირველ ტიტულს
ჯაბა დვალი: თბილისის "დინამო" ევროტურნირის ჯგუფურ ეტაპზე მოხვდება
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული