"ლელოს" რესპონდენტი საჩხერელთა 32 წლის მცველი ედიკ საჯაიაა, რომელიც იმედოვნებს, რომ მისი გუნდი წარმატებულ სეზონს საქართველოს თასის მოპოვებით დააგვირგვინებს.
- რას ნიშნავს პირადად შენთვის ეს მატჩი?
- ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი შეხვედრაა და მისთვის განსაკუთრებული მონდომებით ვემზადები. ყველაფერს გავაკეთებ საიმისოდ, რომ ჩემი გუნდის გამარჯვებაში წვლილი შევიტანო.
- გუნდში როგორი განწყობაა?
- განწყობა საბრძოლო და ოპტიმისტურია. თითოეული ჩვენგანი ფინალის მნიშვნელობას კარგად აცნობიერებს და გვაქვს იმედი, რომ ტიტული ჩვენ დაგვრჩება.
"ჩიხურამ" შესანიშნავი სეზონი ჩაატარა და უკვე ბევრს მიაღწია, მაგრამ ტიტულს სულ სხვა ფასი აქვს.
- "ჩიხურამ" ევროსაგზური უკვე დაიბევა. ამის გამო ხომ არ არის იმის საშიშროება, რომ გუნდი ფინალზე მაქსიმალურად არ იყოს კონცენტრირებული?
- ეს აბსოლუტურად გამორიცხულია. ფინალამდე მეც და ჩემი თანაგუნდელებიც დავივიწყებთ იმას, რომ ევროპის ლიგაზე თამაში გარანტირებული გვაქვს და მხოლოდ თასის მოსაპოვებლად ვიბრძოლებთ.
- "ჩიხურას" გულშემატკივრები არც თბილისში უნდა მოაკლდეს...
- ჩვენი ერთგული ქომაგები "მიხეილ მესხზე" მრავლად მოვლენ და თავს სტუმრად ნამდვილად არ ვიგრძნობთ. საჩხერელი გულშემატკივრები "ჩიხურას" წარმატებაში დიდ როლს თამაშობენ და გვჯერა, ისინი ფინალშიც აქტიურ დახმარებას გაგვიწევენ.
- სხვადასხვა მიზეზის გამო "ჩიხურას" ფინალში რამდენიმე მნიშვნელოვანი ფეხბურთელი დააკლდება...
- ეს ძალიან ცუდია, მაგრამ არც მათი შემცვლელები არიან ურიგო შემსრულებლები და ჩვენს ხელთ არსებული ძალებით მაინც შევეცდებით მეტოქის წინააღმდეგობის დაძლევას.
- "დინამოზე" რას იტყვი?
- საქმე ძლიერ და გამოცდილ მოწინააღმდეგესთან გვაქვს. "დინამოს" დიდ პატივს ვცემთ, მაგრამ მისი არ გვეშინია. ბრძოლისთვის მზად ვართ. შანსებს 50/50-ზე შევაფასებდი.
- ბრძოლასთან ერთად, სანახაობრივ მატჩსაც თუ ელი?
- იმედი მაქვს, რომ სანახაობაც კარგი გამოვა. მოვუწოდებ როგორც ჩვენს, ასევე ნეიტრალურ გულშემატკივრებს, მობრძანდნენ სტადიონზე. ფინალისტები მათ კარგ ფეხბურთს აჩვენებენ. მჯერა, რომ ფინალში ბრძოლაც იქნება და სანახაობაც.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
თბილისის "დინამო" დუბლს უმიზნებს, საჩხერის "ჩიხურა" - პირველ ტიტულს