ბურთი მოედნის ცენტრში ნაკლებად ჩერდებოდა და ძირითადად, ერთი ან მეორე კარის მისადგომებთან ვითარდებოდა მოვლენები. პირველი ხიფათი მე-15 წუთზე "მეტალურგმა" შექმნა, როცა სიხარულიძემ ახლო მანძილიდან ბეგაშვილს ვერ აჯობა.
ისე კი, თუ ვინმე იმსახურებდა ამ დღეს გოლის გატანას ორივე გუნდის შემადგენლობაში, სწორედ სიხარულიძე იყო. ხელსაყრელი პოზიციებიდან მის მიერ დარტყმული ბურთები ხან მიზანს მცირედით სცდებოდა, ხან მეკარის ლუკმა ხდებოდა, ხოლო ძელმა
გამოკვეთილ ფორვარდ სიხარულიძეს შეტევაში აქტიურად ეხმარებოდნენ ფლანგელები - ქავთარაძე და კირკიტაძე. თავის მხრივ, "გაგრას" საგოლედ ჯონ ჯერემია ჰყავდა მომართული, რომელსაც ოდნავ უკან დახეული ოვონიკოკო ეხმარებოდა.
ვიდრე ნომინალური მასპინძლები დასამახსოვრებელ მომენტს შექმნიდნენ, "მეტალურგი" კიდევ ორჯერ იყო ახლოს მიზანთან. მე-20 წუთზე ქავთარაძის შორეული დარტყმა ძელს მოხვდა, კიდევ 8 წუთში სიხარულიძემ 11-მეტრიანის ნიშნულთან ბურთი კარგად ჩამოიღო მკერდით, შემოტრიალდა, მაგრამ ბეგაშვილს გაარტყა.
32-ე წუთზე, გაგრელთა სწრაფი კონტრშეტევისას, ჯერემია გაიყვანეს სახეირო პოზიციაზე. მან ვარდნაში სცადა ბურთის კარში გადაგზავნა, თუმცა კარიდან წინ გამოსულმა ბედიაშვილმა შეძლო მოგერიება, უკუგდებული კი ჭკუასელმა გაგზავნა დაუცველი კარისკენ, მაგრამ ოდნავ ააცილა მიზანს.
შესვენების შემდეგ უფრო აქტიურნი ისევ სტუმრები იყვნენ და გოლიც მალევე შეაგდეს. 54-ე წუთზე ლევან კაკუბავამ კარის გასწვრივ ჩააწოდა. სიტუაცია ვერც გაგრელმა მცველებმა განმუხტეს და ვერც - მეკარემ, რითიც ისარგებლა საჯაიამ და ბურთი ბადეში შეაგორა - 0:1.
მალევე "მეტალურგმა" სახიფათო შეტევა განავითარა. რუსთაველებმა მეტოქის საჯარიმოს მისადგომებთან მრავალსვლიანი კომბინაცია გაითამაშეს, რაც სიხარულიძის ძლიერი დარტყმით დასრულდა, თუმცა საქმეში ძელი ჩაერია. 67-ე წუთზე მისივე შორეული დარტყმა ბეგაშვილმა ეფექტური ნახტომით კუთხურზე გადააგდო.
ორ წუთში სიხარულიძე ფიფიას პასით კვლავ დასარტყმელ პოზიციაზე აღმოჩნდა და... ისევ ძელს გაარტყა ბურთი. ცოტა ხანში ოვონიკოკოსაც მიეცა გატანის შანსი, თუმცა იმ ეპიზოდში ვერ იხეირა. სამაგიეროდ, 86-ე წუთზე მაინც შეძლო გატანა, მის მიერვე მონადირებული 11-მეტრიანით - 1:1.
მატჩის ბოლო აკორდი 90-ე წუთზე, ოვონიკოკოს მიერ ახლო მანძილიდან შესრულებული თავური იყო, რომელიც, ფაქტობრივად, დაუცველი კარის ჩარჩოში ვერ მოახვედრა.
საქართველოს თასი. 1/16-ფინალი. საპასუხო მატჩები
მერანი-სამტრედია 0:0 (4:2)
სქური-შუქურა 1:2 (პ. მ. 0:1)
საპოვნელა-გურია 2:3 (1:5)
ლოკომოტივი-ალგეთი 3:1 (2:1)
სტუ-სიონი 2:5 (1:6)
მერცხალი-დინამო (ბთ) 1:3 (0:6)
კოლხეთი (ფ)-სამგურალი 1:0 (2:1)
კოლხეთი (ხ)-ზუგდიდი 2:1 დ.დ. (1:1)
ზესტაფონი-სულორი 5:0 (5:0)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"