საქართველოს თასი. 1/8-ფინალი. წინათქმა: პრიორიტეტები ჯერ ნაადრევია...

AutoSharing Option
ფოტოზე: "სპარტაკმა" და "ტორპედომ" 1-ელ სექტემბერს ეროვნულ ჩემპიონატში ითამაშეს

თასის ნებისმიერ ეტაპზე სენსაციებს მიჩვეულები ვართ და წლევანდელ მერვედფინალებსაც დიდი ინტერესით ველოდებით.

თანაც, განსხვავებით მეოთხედფინალებისა თუ ნახევარფინალებისა, მერვედფინალები ხომ შემოდგომაზე ტარდება, ანუ ამა თუ იმ გუნდს "პრიორიტეტი არჩეული" ჯერ არ აქვს და "გატარება-გამოტარებასაც" ნაკლებად უნდა ველოდოთ.

ამბავი არახალია - გაზაფხულზე, როგორც კი მეოთხედფინალების წილისყრა ჩატარდება, სწორედ მაშინ იწყება ზემოთ ხსენებული "პრიორიტეტების არჩევა" - ზოგი ძირითად აქცენტს ჩემპიონატზე გააკეთებს და ამისთვის თასის მეოთხედფინალსა თუ ნახევარფინალში "დიდსულოვნად" დაუთმობს გზას მეტოქეს.

სამაგიეროდ, იმავე მეტოქისაგან
ჩემპიონატში ესოდენ საჭირო ქულები გარანტირებული აქვს...

...ისე, როგორც ევროპის სხვა ქვეყნებში, ამ ბოლო დროს ჩვენთანაც ჩვეულებრივ ამბად იქცა დაბალი რანგის გუნდების წარმატებული ასპარეზობა თასზე. ასე რომ, არავის გაუკვირდეს, მეოთხედფინალში პირველი ლიგის რომელიმე წარმომადგენელიც რომ ვიხილოთ.

1/8-ფინალში მოასპარეზე 16 გუნდიდან 11 უმაღლეს ლიგას წარმოადგენს (მხოლოდ "ზუგდიდი" გამოეთიშა ასპარეზობას 1/16-ფინალში), ხუთი გუნდი კი პირველი ლიგიდანაა: ბათუმის "დინამო", ფოთის "კოლხეთი", ქობულეთის "შუქურა", თბილისის "ლოკომოტივი" და ხობის "კოლხეთი".

აქვე იმასაც შეგახსენებთ, რომ მერვედფინალები ორრაუნდიანია. საპასუხო მატჩები 30 ოქტომბერს გაიმართება. ახლა პირველი შეხვედრების წინათქმასაც გაეცანით. რამდენიმე წყვილი გარკვეულ ინტრიგას გვპირდება.

25.09. თბილისი. მიხეილ მესხი. 16:00
სიონი-ზესტაფონი
მერვედფინალებიდან, ალბათ, ყველაზე არაპროგნოზირებადი წყვილი. "სიონი" და "ზესტაფონი" ჩემპიონატში არასტაბილურად გამოდიან და ძნელი სათქმელია, ამ კლუბების ხელმძღვანელები თასის გათამაშებას რა მნიშვნელობას მიანიჭებენ.

წინა სეზონიც გავიხსენოთ, როცა უმაღლეს ლიგაში ადგილის შენარჩუნებისთვის მებრძოლმა "სიონმა", ყველასთვის მოულოდნელად, 1/4-ფინალში ქუთაისის "ტორპედოს" აჯობა და 6-წლიანი პაუზის შემდეგ ნახევარფინალში გავიდა.

შეგახსენებთ, რომ "სიონს" ერთხელ აქვს თასის ფინალში ნათამაშები, "ზესტაფონი" კი ხუთჯერ იყო მიზანთან ახლოს და მხოლოდ ერთხელ შესწვდა ჯილდოს.

25.09. სამტრედია. ე. მანჯგალაძე. 16:00
გურია-მერანი
ამ სეზონის ორი აღმოჩენა - "გურია" და "მერანი" თასზე დაუპირისპირდებიან ერთმანეთს. აღსანიშნავია, რომ ორივე გუნდი საშინაო მატჩებს ნეიტრალურ მოედანზე ატარებს, მაგრამ, ამის მიუხედავად, ორივეს 100-პროცენტიანი შედეგი აქვს.

ძნელია იმის პროგნოზირება, თუ რად უღირთ ამ გუნდებს თასზე თავის გამოდება. სეზონის დაწყებამდე ხომ ყველას გვეგონა, რომ "გურიაც" და "მერანიც" უმაღლეს ლიგაში ადგილის შენარჩუნებისთვის იბრძოლებდნენ...

თასზე "მერანის" საუკეთესო შედეგი ნახევარფინალში გასვლაა. ეს იყო 2009/10 წლების სეზონში, როცა გუნდი I ლიგაში გამოდიოდა და "ვიტ ჯორჯიასთან" ორრაუნდიან დაპირისპირებაში დამარცხდა (1:0, 0:2). "მერანს" მაშინაც მალხაზ ჟვანია წვრთნიდა, ხოლო რაც შეეხება "გურიას", ლანჩხუთელებს მუდამ საამაყოდ ექნებათ, რომ სწორედ ისინი არიან საქართველოს თასის პირველი გათამაშების გამარჯვებულები!

25.09. ქუთაისი. ცენტრალური. 17:00
ტორპედო-სპარტაკი
უმაღლესლიგელთა კიდევ ერთი წყვილი, რომელშიც ფავორიტის გამოცნობა ძნელია. ერთი შეხედვით, "ტორპედოს" გაცილებით მეტი შანსი უნდა ჰქონდეს, თუმცა არ დაგვავიწყდეს, რომ ეს რაუნდი ორმატჩიანია.

აქვე შეგახსენებთ, რომ ეს გუნდები 1-ელ სექტემბერს ჩემპიონატის შეხვედრაში დაუპირისპირდნენ ერთმანეთს და გიორგი ხიდეშელის ერთადერთი გოლით ქუთაისელებმა იმარჯვეს.

"ტორპედოს" ორჯერ აქვს საქართველოს თასი მოგებული (ოთხჯერ ფინალში ყოფილა), ხოლო "სპარტაკის" საუკეთესო შედეგი იყო ნახევარფინალი - 2009/10 წლების სეზონში და მაშინაც გუნდს ვლადიმერ ხაჩიძე თავკაცობდა.

25.09. რუსთავი. ფოლადი. 16:00
მეტალურგი-კოლხეთი (ფ)
"მეტალურგს" ისეთი შემადგენლობა ჰყავს, ჩემპიონატსა და თასზე მაღალი მიზნებისთვის რომ შეუძლია ბრძოლა. ასე რომ, ნუ გამოვრიცხავთ, რუსთაველთა გუნდის მთავარმა მწვრთნელმა გელა სანაიამ 25 სექტემბერს გარკვეულ როტაციასაც რომ მიმართოს.

ისე კი, სანაიასათვის დღევანდელი მატჩი, ალბათ, პრინციპულიც იქნება: არცთუ დიდი ხნის წინანდელ ამბავს გაგახსენებთ, თუ როგორ მოექცნენ ახალგაზრდა სპეციალისტს ფოთში, როცა წინა დღეს "კოლხეთის" მთავარ მწვრთნელად დანიშნულს მეორე დღეს გუნდიდან წასვლა აიძულეს!

ამ სეზონში "კოლხეთის" მიზანი უმაღლეს ლიგაში დაბრუნებაა და ძნელი სათქმელია, ზაზა ინიაშვილის გუნდი ორ ფრონტზე რამდენად შეძლებს ძალების გადანაწილებას.

25.09. გორი. თ. ბურჯანაძე. 16:00
დილა-დინამო (ბთ)
ამ სათასო შეხვედრას "დილა" ნამდვილად ვერ შეხვდება ამაღლებული განწყობით. საკადრო პრობლემებით დახუნძლულმა გორელებმა ჩემპიონატის ბოლო სამ მატჩში მხოლოდ ერთი ქულა აიღეს.

ახლაც ძნელი სათქმელია, თუ რა შემადგენლობას დაეყრდნობა "დილას" მთავარი მწვრთნელი გიორგი დევდარიანი.

არ დაგვავიწყდეს, რომ თუ რომელიმე უმაღლესლიგელს არ გაუმართლა წილისყრისას, პირველ რიგში, ეს იყო "დილა" - ბათუმის "დინამოს" დღეს რომ შემადგენლობა ჰყავს, ბევრი უმაღლესლიგელი ვერ დაიკვეხნის. აღარაფერს ვამბობთ მწვრთნელის ფაქტორზე - კობა ჟორჟიკაშვილს ზედმეტი წარდგენა არ სჭირდება. გამოცდილი სპეციალისტის უმთავრესი მიზანი, რა თქმა უნდა, ბათუმის "დინამოს" უმაღლეს ლიგაში გადაყვანა უნდა იყოს.

ერთი შეხედვით, ბათუმელებს ეს არც უნდა გაუჭირდეთ, თუ მათ შემადგენლობას გადავხედავთ: ივან პიცანი, მიხეილ ალავიძე (ორივე - მეკარე), სევასტი თოდუა, გიგა ჟვანია (მცველები), ამირან მუჯირი, ირაკლი ჩირიკაშვილი (ნახევარმცველები), ბესიკ ჩიმაკაძე, გიგა კვერენჩხილაძე (თავდამსხმელები)...

25.09. ფოთი. ფაზისი. 16:00
კოლხეთი (ხ)-დინამო (თბ)
ადვილი წარმოსადგენია, რამხელა აჟიოტაჟი იქნებოდა, მატჩი ხობში რომ ჩატარებულიყო! მით უმეტეს, საქართველოს ყველაზე ტიტულოვანი გუნდი თითქმის 22 წელია, ხობში არ ჩასულა...

"დინამო" ამ შეხვედრას მშვენიერ განწყობაზე ხვდება: დუშან უჰრინის გუნდმა ჩემპიონატში ბოლო სამი მატჩი ისე მოიგო, საკუთარ კარში გოლი არ გაუშვია.

რაც შეეხება "კოლხეთს", ეს გუნდი წინა სეზონში, ერთი პერიოდი, უმაღლეს ლიგაში გადმოსასვლელად ცხინვალის "სპარტაკს" კონკურენციას უწევდა. "კოლხეთში" რამდენიმე ისეთი ფეხბურთელია, უმაღლეს ლიგაში თამაშის გამოცდილება რომ აქვს - დავით ჭითანავა, ლევან ვართაგავა, ცოტნე ბუკია.

თუმცა საქართველოს თასის ათგზის მფლობელი რომ ამ წყვილის აშკარა ფავორიტია, ამაში, ალბათ, ეჭვი არავის ეპარება.

25.09. მცხეთა. მცხეთა-პარკი. 16:00
ლოკომოტივი-ჩიხურა

26.09. ქობულეთი. ჩელე-არენა. 16:00
შუქურა-ვიტ ჯორჯია

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ადმინ, ეს ფოტო არა სპარტაკი-ტორპედოს თამაშის, არამედ სპარტაკი-სამგურალისაა, გთხოვთ, ჩაასწორეთ.
torpedo
15:45 25-09-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული