დინამო-ჩიხურა 0:1 - საჩხერული სიხარული [VIDEO+PHOTO]

AutoSharing Option
საჩხერის "ჩიხურამ" 22 დეკემბერს პირველი ტიტული მოიპოვა.

სუპერთასით ვერ გახვალ ევროსარბიელზე და ვერც იმდენ ფულს მოინაგრებ, რომ კლუბის განვითარებას მნიშვნელოვნად შეუწყოს ხელი, მაგრამ ამ ფაქტორებზე უფრო სხვა რამეში იყო საქმე - სუპერთასი პერიფერიის გუნდმა ასწია და იქნებ ამას ისიც მოჰყვეს, რომ "ჩიხურა" უფრო მსუყედ დააფინანსონ, საჩხერეში საფეხბურთო კერა კიდევ უფრო გაღვივდეს და გუნდმა სუპერთასზე უფრო სერიოზული მიზნებისთვის იბრძოლოს.

22 დეკემბერს თბილისის "დინამოს" რომ მოეგო, ეს არავის გაუკვირდებოდა, ტიტულების კოლექციას ერთ თასსაც მიუმატებდა, თუმცა შეხვედრას "დინამოსთვისაც" ჰქონდა სხვა, განსაკუთრებული მნიშვნელობა -
გუნდს ახალი მწვრთნელი ჰყავს და საკუთარი თავის დასამკვიდრებლად ტიტულის მოგება ძალიან სჭირდებოდა...

Sportall.Ge"ჩიხურას" ნახევარი ყოფილი დინამოელებითაა დაკომპლექტებული - ცხადია, ეს ფაქტორი ფეხბურთელებს მოტივაციას კიდევ უფრო უღვივებდა.

გუნდმა, რომელიც უმაღლეს ლიგაში მეორე სეზონს თამაშობს, წლეულს ევროსარბიელზე ითამაშა და სუპერთასით საახალწლო საჩუქარიც გაიმზადა.

მატჩის გმირი დიმიტრი ტატანაშვილი გახდა, მიმდინარე ჩემპიონატის მთავარმეგოლე, ვინც დავით ოდიკაძის კუთხურს შორეულ ძელთან ჩაუსაფრდა და ვაჟა ლომაშვილის პასს ახლოდან ზუსტი დარტყმა მიაყოლა.

იყო არასასიამოვნო ინციდენტიც: "ჩიხურას" გულშემატკივრების მიერ გამოფენილ ტრანსფარანტს მავანი შესწვდა, ჩამოგლეჯა დაუპირა და ტრიბუნიდან გადმოვარდა. ტრავმა სერიოზული გამოდგა - სავარაუდოდ, ფეხის მოტეხილობა, - გვითხრა დაცვის ერთ-ერთმა თანამშრომელმა.

თამაშს რაც შეეხება, პირველი წუთები "დინამოსი" იყო. გიორგი მერებაშვილის დარტყმა მეკარე გიორგი სომხიშვილმა უპრობლემოდ მოიგერია. მერე ჩისკო, ფაქტობრივად, პირისპირ დარჩა საჩხერელთა მეკარესთან, მაგრამ მასთან მიახლოებას დარტყმა არჩია და ბურთი ხარიხას გადაავლო.

სომხიშვილმა მოიგერია დორინ გოგას საჯარიმო დარტყმაც, რომელსაც ჩისკო ამატებდა, მაგრამ მიზანი ვერ გაისწორა.

"ჩიხურამაც" შექმნა სახიფათო მომენტი - გიორგი გაბედავა "დინამოს" კარიდან 7-8 მეტრში აღმოჩნდა და მის დარტყმას გიორგი გველესიანი გადაეფარა.

პირველი ტაიმის შუაწელიდან "ჩიხურამ" თამაში გამოაკეთა, მეტოქეზე უფრო დალაგებულად და აზრიანად აგორებდა ბურთს.

შესვენების შემდეგ სოსო ფრუიძის გუნდი უფრო შლეგი და შეუპოვარი ჩანდა. საჩხერელებმა აგრესიას მოუმატეს. გიორგი დათუნაიშვილის დარტყმა გიორგი ლორიამ მოიგერია, კუთხურიდან მოწოდებულ ბურთს კი ლომაშვილმა უთავაზა თავური, მაგრამ დარტყმა ძლიერი ვერ გამოვიდა.

ტატანაშვილის გოლის შემდეგ თამაში უკეთესი სანახავი გახდა, ტემპი გაიზარდა, ბრძოლის ჟინიც თითქოს გაორმაგდა. ცხადია, "დინამოს" მარცხთან შეგუება არ უნდოდა, "ჩიხურა" კი პირველ ტიტულს უახლოვდებოდა - დაახლოებით 10-წუთიანი მონაკვეთი მართლაც თვალსასეირო გამოდგა, დეკემბრის სუსხსა და ქარს დაგავიწყებდათ.

კონტრშეტევაზე, ჯაბა ჯიღაურის პასის შემდეგ, გაბედავა მარცხნიდან შეიჭრა "დინამოს" საჯარიმოში, მაგრამ ბურთი მარჯვენა ფეხზე ვერ დაისვა, ცაციათი კი უხეიროდ დაარტყა და ლორიამ ხიფათი იოლად გააუვნებელყო.

მალხაზ ჟვანიამ მერებაშვილი დარკო გლიშიჩით შეცვალა. გლიშიჩი მერებაშვილზე უკეთესი დრიბლიორი ნამდვილად ვერ არის და ფლანგური ჩაწოდებებით ცდილობდა "ჩიხურას" საჯარიმოში ხიფათის შექმნას. შეცვლამ ვერ გაამართლა.

დავით ხურცილავამ გარე ტერფით ძალიან სახიფათოდ დაარტყა და სომხიშვილმა ერთხელაც იმარჯვა.

მატჩის მიწურულს შეტევაში გადასულ გივი კვარაცხელიას ჰქონდა ანგარიშის გათანაბრების შანსი, მაგრამ ახლო მანძილიდან ძლიერად ვერ დაარტყა.

თასი საჩხერეში წავიდა...
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

მატჩის შემდეგ
მალხაზ ჟვანია ("დინამოს" მწვრთნელი):
"მოწინააღმდეგეს გამარჯვებას ვულოცავ. კარგი თამაში გამოვიდა - ტემპიანი და სანახაობრივი. პირველ ტაიმში ბევრი მომენტი ვერ გამოვიყენეთ და როცა ასე ხდება, მერე აქეთ იღებ გოლს... ვცადეთ სიტუაციის გამოსწორება, მაგრამ გოლი ვერ გავიტანეთ. დაღლა არაფერ შუაშია, უბრალოდ, სწორად ვერ განვახორციელეთ შეტევები".

სოსო ფრუიძე ("ჩიხურას" მწვრთნელი):
"მატჩის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე ხუმრობით ვთქვი - "დინამოსთან" იმდენჯერ წავაგეთ, ახლა აუცილებლად მოვიგებთ-მეთქი. ეს წარმატება მეტი სტიმული იქნება საჩხერისთვის, სადაც ფეხბურთში ფული იხარჯება. მატჩის დასაწყისი ჩვენთვის რთული გამოდგა, "დინამომ" გარკვეული გადაადგილებები განახორციელა და ამისთვის უცბად ალღოს აღება გაგვიჭირდა"
.

იხილეთ ფოტოგალერეა
Sportall.Ge

თამუნა ყულუმბეგაშვილის ფოტოები
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული