ტორპედო-დილა 1:2 - გორელები ნახევარფინალს მიუახლოვდნენ [VIDEO]

AutoSharing Option
შეხვედრა მასპინძლების უპირატესობით დაიწყო, ქუთაისელთა ტანმაღალმა ფორვარდმა ოთარ კვერნაძემ ორჯერ გაამწვავა სიტუაცია და კარში დარტყმის მცდელობაც ჰქონდა, მაგრამ სტუმართა დაცვა მოწოდების სიმაღლეზე იყო.

რიონისპირელებს ანგარიშის გახსნის რეალური შესაძლებლობაც მიეცათ, როცა თანაგუნდელებმა გრძელი გადაცემით ირაკლი ლექვთაძე გაიყვანეს მეკარესთან პირისპირ - ქუთაისელთა ნახევარმცველმა კარიდან გამოსულ მეკარეს კი დაასწრო, მაგრამ საჯარიმოს ხაზიდან დარტყმული ბურთი კარში ვერ მოათავსა.

ძალიან სახიფათო იყო თენგიზ ჩიკვილაძის საჯარიმო დარტყმაც, რომელიც მეკარემ გაჭირვებით მოიგერია. ამ ეპიზოდს კვლავ ქუთაისელთა შეტევა მოჰყვა და ჩიკვილაძის აქტიურობის შემდეგ ბურთს კვერნაძე თავით უცვლიდა მიმართულებას,
მაგრამ ააცილა.

Sportall.Geთანდათან გორელებიც გააქტიურდნენ და ბურთზე კონტროლიც დააწესეს. ძალზე აქტიურები იყვნენ კობა შალამბერიძე, დავით რაჟამაშვილი და ალექსანდრე კოშკაძე. დასამახსოვრებელი იყო ვახტან კვარაცხელიას საჯარიმო დარტყმა, რომელიც მცირედით ასცდა მიზანს.

შალამბერიძის აქტიურობისა და ცრუმოძრაობების შემდეგ კი რაჟამაშვილი ურტყამდა სახიფათოდ, მაგრამ მიზანმა მასაც უმტყუნა. შემდეგ იყო კოშკაძის დრიბლინგი და კარში დარტყმაც, მაგრამ ბურთი მცველს მოხვდა და კუთხურზე გადავიდა.

სტუმართა აქტიურობამ ნაყოფი გამოიღო - ჯარიმის გათამაშების შემდეგ კოშკაძემ საჯარიმოში ჩაუგდო ბურთი ლექსო კვახაძეს, რომელმაც ტორპედოელთა უკანახაზელებს დაასწრო და "დილა" თავური დარტყმით დააწინაურა.

მალე "ტორპედო" მეორე გოლს გადაურჩა - რაჟამაშვილის პასის შემდეგ სადაღაშვილი ახლო მანძილიდან ცდილობდა ქუთაისელთა დამწუხრებას, მაგრამ ააცილა. ბოლოს კი რაჟამაშვილის გადაცემას ახლო მახვილი კუთხიდან კოშკაძე აგვირგვინებდა, თუმცა ბურთი მეკარე როინ კვასხვაძემ მოიგერია.

აქვე უნდა ითქვას, რომ პირველი ტაიმი საკმაოდ უხეში გამოდგა. გუნდები ხისტ ორთაბრძოლებს არ ერიდებოდნენ. ამით უფრო "დილა" დაზარალდა. დაშავებულმა შალამბერიძემ თამაში ვეღარ გააგრძელა; მალე შესაცვლელი გახდა მის ნაცვლად შესული სადაღაშვილიც.

მატჩის მეორე ნახევარი გორელთა იერიშით დაიწყო. რაჟამაშვილის პასით კვარაცხელია გავიდა მეკარესთან პირისპირ, მაგრამ კვასხვაძემ ითამაშა შესანიშნავად და რთული ბურთი გააუვნებელყო.

მალე კვარაცხელიას კიდევ მიეცა გატანის შანსი, მაგრამ მისი სახიფათო დარტყმა ამჯერად გარედან მოხვდა ბადეს.

62-ე წუთზე ქუთაისელებს ანგარიშის გათანაბრება მართებდათ - ღონღაძის ჩაწოდების შემდეგ ადამაძე ხელსაყრელი პოზიციიდან ვარდნაში თავით ურტყამდა, მაგრამ მცდელობა ხეირიანი არ გამოდგა და მეკარე იოლად დაეუფლა ბურთს.

აი, სტუმრებმა კი თავიანთი მორიგი შანსი ხელიდან არ გაუშვეს - ლევან კორღალიძემ მასპინძელთა საჯარიმოში სევასტი თოდუას აართვა ბურთი და კვასხვაძესაც შანსი არ დაუტოვა.

დარჩენილ დროში "ტორპედომ" მხოლოდ ერთი ბურთის გაქვითვა მოახერხა - შეცვლაზე შესული გიორგი ჭედიას გადაცემის შემდეგ კვერნაძემ ზუსტად დაარტყა.

ქუთათურებმა ბოლო წუთები შეტევაში გაატარეს, მაგრამ ანგარიშის სათავისოდ შეცვლა ვეღარ მოახერხეს.

სტუმრად გამარჯვებით "დილამ" ნახევარფინალისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა, თუმცა საპასუხო შეხვედრაში მაინც ყველაფერი მოსალოდნელია.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული