ჩიხურა-ზესტაფონი 0:0 - საპასუხო მატჩში გაირკვევა

AutoSharing Option
ყველასათვის გასაგები მიზეზის გამო სათასო მატჩებს სხვა, უფრო მაღალი დანიშნულება უნდა ჰქონდეს "ჩიხურასთვის", თუნდაც იმიტომ, რომ სწორედ აქედან ვიხილეთ ორჯერ გუნდი ევროპის ლიგაზე.

ბუნებრივია, მაყურებლის მოლოდინიც ოპტიმისტური იყო, თუმცა ასეთი თამაშით ფონს გასვლა ძალიან გაძნელდება. ამის ერთ-ერთ მიზეზსაც ვერ უგულებელვყოფთ - საჩხერელებს ტრავმების გამო აკლდათ ჯიღაური, კუჭუხიძე და მუმლაძე, ხოლო წინა თამაშში ასევე ტრავმირებული კორიფაძე რისკის ზღვარზე თამაშობდა.

სათვალავში ჩასაგდები იყო ისიც, რომ შესუსტებული შეტევითი პოტენციალით გაჭირდებოდა შემადგენლობის მხრივ საქართველოს ერთ-ერთი საუკეთესო გუნდის ძლევა, რომელიც, თავის მხრივ, სათასო შეხვედრებში შედეგიანობით
გამოირჩევა.

ასე იყო თუ ისე, მატჩმა დასაწყისშივე გააცხადა გუნდების მიზანი: "ჩიხურა" გამარჯვებისკენ ისწრაფვოდა და შესაძლებლობის ფარგლებში უტევდა, "ზესტაფონი" კი მოედნის ცენტრში აკადემიური სტილით მოქმედებდა და ფრეს ურიგო შედეგად არ მიიჩნევდა. ამას თუნდაც ის გარემოებაც მოწმობს, რომ სტუმრებმა პირველ ტაიმში მხოლოდ ერთხელ და ისიც მე-40 წუთზე (დვალი) მოახერხეს ქვილითაიას კარისკენ დარტყმა.

რაც შეეხება "ჩიხურას", მან უკვე მე-2 წუთზე შექმნა ხიფათი: ღონღაძის დარტყმა გაჭირვებით მოიგერია პავლოვიჩმა. მოწინააღმდეგეს დროგამოშვებით ავიწროებდნენ დეკანოიძე, კორიფაძე, ღონღაძე, ქიმაძე, მაგრამ ხან მეკარე იდგა მოწოდების სიმაღლეზე, ხან კიდევ დარტყმებს აკლდა სიზუსტე.

მეორე ტაიმში ამდენიც აღარ გააბედვინეს სტუმრებმა მასპინძლებს, კარგად დაიჭირეს ბურთი მოედნის ცენტრში და თუ შემთხვევა ეძლეოდათ, შეტევებსაც აღარ ერიდებოდნენ. 65-ე წუთზე ასპროცენტიანი შანსი გაანიავა ასეთი მომენტების გამოყენების დიდოსტატმა დვალმა, როცა მეკარესთან ერთი-ერთზე დარჩენილმა ბურთი მაინცდამაინც ქვილითაიას "დაუმიზნა".

81-ე წუთზე კიდევ უფრო ხელსაყრელი მდგომარეობიდან ააცილა კარს სარდალიშვილმა. მანამდე, 55-ე წუთზე, ჭელიძე იყო ვალდებული, ახლო მანძილიდან თავით დაემწუხრებინა მეტოქეები.

მართალია, ფრე უფრო კომფორტულ მდგომარეობაში აყენებს "ზესტაფონს", მაგრამ საკმარისი იქნება თუ არა ის ამ ეტაპის სათასო ბარიერის გადალახვისთვის, ეს საპასუხო მატჩში გაირკვევა.

საქართველოს თასი. 1/8-ფინალი. I მატჩი
17.11.14. ივანწმინდა. 300 მაყურებელი
ჩიხურა-ზესტაფონი 0:0
ჩიხურა: ქვილითაია, ღონღაძე, ბაჯელიძე, ჭელიძე, ქიმაძე, სიხარულია (86. ბაჯელიძე), კორიფაძე, ჩიკვაიძე, დობროვოლსკი, კაშია, ოდიკაძე, დეკანოიძე.
სათადარიგოები: მწყერაშვილი, ზ. ნადირაძე, თ. ნადირაძე, იაკობაშვილი, ივანიშვილი.
მწვრთნელი: სოსო ფრუიძე
ზესტაფონი: პავლოვიჩი, გაგოშიძე, ხიდეშელი, ფერეირა, თედ. გრიგალაშვილი, ფანცულაია (68. ენდელაძე), შარიქაძე, ჭანტურიშვილი, სარდალიშვილი, ჭანკოტაძე (18. გვალია), დვალი.
სათადარიგოები: კუპატაძე, გრიგალაშვილი, ილურიძე, კაპანაძე, მიქელთაძე.
მწვრთნელი: გია გეგუჩაძე
არბიტრი: დ. ხარიტონაშვილი

სხვა მატჩები:
მერანი-ტორპედო 0:3 - ერთი ნაბიჯით წინ! [VIDEO]
სპარტაკი-საპოვნელა 3:0 - ცალი ფეხით
დილა-კოლხეთი 0:0 - მშრალი კარი და ცარიელი ტრიბუნები

ვიტ ჯორჯია- სიონი 1:0
გოლი: 1:0 კახაბრიშვილი (58)

ზუგდიდი-მეტალურგი 0:2
გოლი: 0:1 ქავთარაძე (9), 0:2 დ. გელაშვილი (22)

დინამო (ბთ)-სამტრედია 4 :1
გოლები: 1:0 ბერიაშვილი (4), 1:1 დათუნაიშვილი (8), 2:1 ბერიაშვილი (58), 3:1 შონია (39), 4:1 ტატანაშვილი (64)

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული