დილა-კოლხეთი 0:0 - მშრალი კარი და ცარიელი ტრიბუნები

AutoSharing Option
გორის თენგიზ ბურჯანაძის სახელობის არენამ დისკვალიფიკაციის გამო ამ მატჩსაც უმაყურებლოდ უმასპინძლა. "დილას" მთავარმა მწვრთნელმა უჩა სოსიაშვილმაც თამაშს ისევ ტრიბუნებიდან ადევნა თვალი და გუნდის წამყვანი ფეხბურთელებიც დისკვალიფიკაციის გამო კვლავ ვერ გავიდნენ მინდორზე.

"დილა" და "კოლხეთი" ათი დღის წინაც დაუპირისპირდნენ ერთმანეთს და გორელებმა სტუმრად გიორგი სეთურიძის გოლით 1:0 გაიმარჯვეს. სეთურიძე ამჯერადაც ახლოს იყო მიზანთან, მაგრამ მის მიერ 25 მეტრიდან შესრულებული საჯარიმო დარტყმა ძელმა უკუაგდო.

ცოტა ხანში მანვე ხელსაყრელ პოზიციაში მყოფ ირაკლი მოდებაძეს უპასა, რომლის თავურიც ხარიხას მოხვდა და "კოლხეთი" კიდევ ერთხელ გადარჩა.
ორივე ეს საგოლე მომენტი დაახლოებით 15-წუთიან მონაკვეთში შეიქმნა, რაც მატჩის ერთგვარი კულმინაცია იყო.

ამ დროისთვის მასპინძლებს გამოკვეთილი უპირატესობა ჰქონდათ და ფოთელებიც იშვიათად თუ აკითხავდნენ მოწინააღმდეგის საჯარიმოს მისადგომებს.

მეორე ტაიმში, შეცვლების გზით, იმავე სეთურიძის და რომან ახალკაცის მოედანზე შესვლამ "დილას" შეტევებს სიმწვავე შემატა. მოდებაძეც, რომელიც პირველ ნახევარში გარკვეულწილად ჩრდილში იყო, მეორე ტაიმში გააქტიურდა და ფოთელთა დაცვის ხაზს სამუშაო გაუზარდა.

ისე კი, სტუმრები, მეტადრე მეორე ტაიმში, მთელი ყურადღებით საკუთარი კარის უსაფრთხოებაზე იყვნენ გადართულები, კონტრშეტევებს კი არცთუ მაღალი ტემპით ახორციელებდნენ. შესაბამისად, მოულოდნელი არ ყოფილა, რომ მასპინძელი გუნდის მცველებისთვის მათი იერიშების განეიტრალება დიდ თავსატეხს არ წარმოადგენდა. შეტევაში მყოფ გორელებს კი არაერთხელ მიეცათ შანსი მეტოქის საჯარიმოსთან აქტიური მოქმედებისთვის, ოღონდ ამის იქით შეტევა იშვიათად გრძელდებოდა.

აღსანიშნავია, რომ საპირისპირო ნახევრიდან კოლხთა შუახაზელმა ამირან გუგუშვილმა საშუალო დისტანციიდან დარტყმებით რამდენჯერმე სცადა ბექა შეყრილაძის შეწუხება, თუმცა მის დარტყმებს სიზუსტე აკლდებოდა, მეორე მხრივ კი გორელების მეკარე უშეცდომოდ თამაშობდა.

ფოთელთა მხრივ, უშედეგო აღმოჩნდა მეორე ტაიმში შოთა ჯიქიას შეცვლაზე შეყვანა და მისი ეულ ფორვარდად გამწესება. სტუმართა გამოცდილმა მობურთალმა ამჯერად ღირებული ვერაფერი შექმნა და სულაც ნაადრევად დატოვა მინდორი. ჯიქიამ ჯერ 81-ე წუთზე მიიღო ყვითელი ბარათი, ექვს წუთში კი, კონტრშეტევისას, "დილას" საჯარიმოში წაქცეულს არბიტრმა სიმულაციისთვის მეორე ყვითელი ბარათი უჩვენა და იქვე "გააწითლა".

მატჩის შემდეგ ფოთელთა თავკაცები ფრით კმაყოფილები იყვნენ, მასპინძლები კი თავს იმით იმშვიდებდნენ, რომ საპასუხო მატჩის წინ კარი "მშრალად" შეინახეს.

საქართველოს თასი. 1/8-ფინალი. I მატჩი
17.11. გორი. "თენგიზ ბურჯანაძე". უმაყურებლოდ
დილა-კოლხეთი 0:0
დილა (4-1-4-1): შეყრილაძე - ხურცილავა, ადამაძე, ქარქუზაშვილი, ჯაფარიძე - ფალავანდიშვილი - ერისთავი (82. სადაღაშვილი), წიქარიძე, კვეკვესკირი (58. სეთურიძე), ბერიძე (64. ახალკაცი) - მოდებაძე.
სათადარიგოები: ზარქუა, ბაჩიაშვილი, ჭეჭელაშვილი, ბუზალაძე
მწვრთნელი: უჩა სოსიაშვილი
კოლხეთი (4-5-1): სეფიაშვილი - კილასონია, თევზაძე, ფარულავა, კაკულია (46. ჯიქია) - გოგონაია, გუგუშვილი (62. გუგუჩია), ბარამიძე, ამბროლაძე - ნ. სიჭინავა (80. დ. სიჭინავა).
სათადარიგოები: ძაგანია, ჩადუნელი, ლემონჯავა, ბეჩეხია.
მწვრთნელი: ზაზა ინაშვილი
გაფრთხილება: გუგუჩია (81), ჯიქია (81)
გაძევება: ჯიქია (87)
არბიტრი: გ. დოგრაშვილი

სხვა მატჩები:
მერანი-ტორპედო 0:3 - ერთი ნაბიჯით წინ! [VIDEO]
ჩიხურა-ზესტაფონი 0:0 - საპასუხო მატჩში გაირკვევა
სპარტაკი-საპოვნელა 3:0 - ცალი ფეხით

ვიტ ჯორჯია- სიონი 1:0
გოლი: 1:0 კახაბრიშვილი (58)

ზუგდიდი-მეტალურგი 0:2
გოლი: 0:1 ქავთარაძე (9), 0:2 დ. გელაშვილი (22)

დინამო (ბთ)-სამტრედია 4 :1
გოლები: 1:0 ბერიაშვილი (4), 1:1 დათუნაიშვილი (8), 2:1 ბერიაშვილი (58), 3:1 შონია (39), 4:1 ტატანაშვილი (64)

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული