გამარჯვებულ გუნდში ერთ-ერთი საუკეთესო იყო საყრდენი ნახევარმცველი მათე ცინცაძე, რომელმაც მოედნის ცენტრში მეტოქეს გასაქანი არ მისცა - მოწინააღმდეგე ფეხბურთელთა შეტევებს შლიდა, ხოლო თავისიანების იერიშებს დროულად იწყებდა.
"ახალი მწვრთნელის ხელმძღვანელობით, პირველი ტიტული მოვიპოვეთ და ეს ძალიან მახარებს. შესაძლოა იმიტომაც, რომ უფრო კომბინაციური ფეხბურთი ვითამაშეთ.
აქვე, არ მინდა დამსახურება დავივიწყო იმ მწვრთნელების, ვინც ჩვენ აქამდე მოგვიყვანა და მათაც
ამ გამარჯვებას ჩვენს გულშემატკივრებს ვუძღვნით. ისინი ყოველთვის გვერდში გვიდგანან და ნებისმიერ სიტუაციაში გვამხნევებენ", - ამბობს ცინცაძე.
საქართველოს თასის ფინალები სხვადასხვანაირი ხასიათის გვახსოვს, მაგრამ არასოდეს, არც ერთ გუნდს მეტოქე ასეთი დიდი ანგარიშით არ დაუმარცხებია. გია გეგუჩაძის შეგირდები ლაღად თამაშობდნენ. რა დასამალია და, საჩემპიონო ბრძოლაში დამარცხებული და ხასიათწამხდარი თბილისის "დინამოსგან" ამას ცოტა თუ ელოდა. თბილისელთა 20 წლის ნახევარმცველს ამაზეც ვკითხეთ:
"მწვრთნელისა და ბიჭების დამსახურებაა, სეზონი ლამაზად რომ დავასრულეთ. ეს ჩვენი პრესტიჟის საქმეც იყო და გულშემატკივრის გახარებაც გვსურდა. ამიტომ ძალიან მოვინდომეთ და, საბედნიეროდ, ყველაფერი ლამაზად დასრულდა.
თასის მოპოვება კარგია, მაგრამ არანაკლებად იმ ფაქტმა გამახარა, რომ სწრაფად და კომბინაციურად ვითამაშეთ და ხალხს ლაღი ფეხბურთი ვაჩვენეთ. თანაც, იმ გუნდთან, რომელიც ძლიერი და გამოცდილი მოთამაშეებითაა დაკომპლექტებული. ამიტომაც მიმაჩნია, რომ ეს მოგება დავიმსახურეთ".
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"