09:41 26-08-2015
დილა-დინამო (თბ) 0:1 - "დინამოს" ათიდან მეშვიდე სუპერთასი [VIDEO+PHOTO]
AutoSharing Option
რა დასამალია და, წლის ორი საუკეთესო გუნდის მატჩიდან შთაბეჭდილებები ძალიან დამთრგუნველი იყო. მიუხედავად იმისა, რომ ეპიზოდებში მომენტები ორივე კართან იქმნებოდა და მაყურებელი ტრიბუნაზე რამდენჯერმე გამოცოცხლდა, ტემპი მაინც მეტისმეტად დაბალი იყო, მოთამაშეები ნაკლებს მოძრაობდნენ...
მეორე თემაა მაყურებელთა სიმწირე. წლის უმნიშვნელოვანეს შეხვედრას, ქვეყნის საუკეთესო გუნდების მონაწილეობით, მხოლოდ 2000 მაყურებელი რომ დაესწრება, იქ რაზე უნდა ილაპარაკო?!.
...დასაწყისში "დილა" პრესინგის ხარჯზე მეტოქის შეტევების შეჩერებას ახერხებდა. პირველი ტაიმი დაიწყო იმით, რომ გორელთა თავდამსხმელმა ოთარ მარცვალაძემ ინდივიდუალურად გაიბრწყინა, მცველებს შორის გაძვრა და კარში სახიფათოდ დაარტყა, თუმცა მეკარე გიორგი ბეგაშვილს პრობლემა ვერ შეუქმნა.
სახიფათო გამოდგა ვახტანგ ჭანტურიშვილის მიერ შესრულებული საჯარიმო დარტყმაც, რომელიც გორელთა მეკარე ოლექსეი შევჩენკომ მოიგერია. დინამოელებმა შეტევა ფლანგზე გააგრძელეს, საჯარიმოში ჩაწოდებულ ბურთს კი გიორგი ქვილითაია შესწვდა და კარში გაგზავნა, მაგრამ ახლო მანძილიდან მიზანს ააცილა.
მერე საჯარიმო უკვე გიორგი თევზაძემ შეასრულა და კვლავ სტუმართა უკრაინელმა მეკარემ იყოჩაღა. ეს 19 წლის მარცხენა მცველი ერთდროულად გაუთამამდა "დინამოსა" და მთლიანად უმაღლეს ლიგას, მისი მწვავე ჩაწოდებები და შეტევებში ჩართვები კი თბილისური გუნდის თამაშს აშკარად მოუხდა.
მერე უკვე ბედი ლაშა პარუნაშვილმა სცადა, მაგრამ გუშინ შევჩენკო საიმედოდ იდგა. "დინამოში" დიდი როლი ჰქონდა ალექსანდრე იაშვილს, რომელიც ხშირად ცდილობდა მეტოქის დაცვაში სუსტი წერტილის მოძებნას, მაგრამ პირველ ტაიმში ეს ვერ მოახერხა.
ტაიმის შუაწელში "დილა" ისევ გააქტიურდა და ლამაზი კომბინაციაც გაითამაშა: გიორგი ნავალოვსკიმ საჯარიმოსთან მოძებნა მარცვალაძე, რომელმაც ქუსლით მასვე ლამაზად შეაყოლა ბურთი - ეროვნული ნაკრების მარცხენა მცველმა ძლიერად დაარტყა, თუმცა მიზანს ოდნავ ააცილა.
პირველი ნახევრის დასასრულს კი, დავით ხურცილავას მშვენიერი გადაცემის შემდეგ, "დინამოს" კარს ისლამ მაშუკოვი დაემუქრა, თუმცა მისი თავური კარს ოდნავ ასცდა.
მეორე ტაიმში გამოჩნდა, რომ პრესინგის ტაქტიკამ "დილას" ფეხბურთელებს დიდი ენერგია წაართვა. რეალურად, უჩა სოსიაშვილის შეგირდებმა ამიტომაც დათმეს თამაში. "დინამო" ოდნავ, მაგრამ მაინც უკეთ გამოიყურებოდა და შეტევებსაც უფრო სწრაფად ახორციელებდა.
ალბათ, 67-ე წუთზე ლაინსმენი შეცდა, როცა იაშვილის ჩინებული გადაცემის შემდეგ მეკარესთან პირისპირ დარჩენილ ჭანტურიშვილს თამაშგარე დაუფიქსირა. მაგრამ ამ უკანასკნელმა მიზანს მაინც მიაღწია - ჯაბა ჯიღაურმა ბურთი საჯარიმოსთან მიიღო და მშვენიერი გადაცემით ბურთი საჯარიმოში შეაყოლა ჭანტურიშვილს, რომელმაც წამით დააყოვნა, მეკარე დააწვინა და მახვილი კუთხიდან ბურთი შორეულ "ცხრიანში" ჩასვა - 1:0.
"დილა" მატჩის ბოლოსღა გააქტიურდა. ჩინებულად ჩაერთო თამაშში ვეტერანი რომან ახალკაცი. ის მარჯვენა ფლანგიდან დაიძრა, დინამოელ მცველებს გასცდა და საჯარიმოში შეჭრილმა ძლიერად დაარტყა. ბეგაშვილმა ბურთი უხერხულად მოიგერია, დამატებაზე კი მცველს ირაკლი მოდებაძემ დაასწრო, მაგრამ "დინამო" მეკარემ გადაარჩინა.
შემდეგ კიდევ ერთხელ სცადა კარის აღება მარცვალაძემ, რომელმაც ჯარიმა შორიდან შეასრულა, მაგრამ ბეგაშვილმა ბურთი კუთხურზე მოიგერია.
საბოლოოდ, თბილისის "დინამო" სუპერთასს ზედიზედ მეორედ დაეუფლა, სულ კი - მეშვიდედ! გია გეგუჩაძე კი მესამე ქართველი მწვრთნელია, ვისაც საქართველოში ყველა ტიტული აქვს მოგებული.
მაგრამ ამ ყველაფერზე მნიშვნელოვანი მაინც ეს კითხვა გვგონია - როდის დაიწყებენ ჩვენი გუნდები მეტ მოძრაობასა და ტემპში თამაშს? თუ ისევ ამ დონეზე დარჩებიან, ეს ტიტული ევროთასების პირველივე ეტაპზე ფასს დაკარგავს?!
საქართველოს სუპერთასი 2015
25.08.2015. თბილისი. მიხეილ მესხი. 2000 მაყურებელი
დილა-დინამო (თბ) 0:1
გოლი: 0:1 ჭანტურიშვილი (78. ჯიღაურის პასით)
დილა (4-4-2): შევჩენკო - ხურცილავა, კვახაძე, ქარქუზაშვილი, ნავალოვსკი - პაპავა, ფალავანდიშვილი, ლ. გვალია (56. კვირკვია), ძარია (81 ახალკაცი) - მაშუკოვი (73. მოდებაძე), მარცვალაძე.
სათადარიგოები: მუჯრიშვილი, ლომიძე, თ. ღონღაძე, ნონიკაშვილი
მწვრთნელი: უჩა სოსიაშვილი
დინამო (4-2-3-1): ბეგაშვილი - კაკაბაძე, გველესიანი, რენე ფერეირა, თევზაძე (89. გ. გურული) - ცინცაძე, პარუნაშვილი - ჭანტურიშვილი, ჯიღაური, იაშვილი (90. არაბული) - ქვილითაია (79. კიტეიშვილი).
სათადარიგოები: კულუა, ტვილდიანი, ზ. ჭელიძე, ჯანელიძე
მწვრთნელი: გია გეგუჩაძე
გაფრთხილება: გვალია (30), რენე ფერეირა (38), ნავალოვსკი (38), ჭანტურიშვილი (44), ძარია (48), პარუნაშვილი (49), ქარქუზაშვილი (81), ფალავანდიშვილი (83), ჯიღაური (90)
არბიტრი: გ. ვადაჭკორია.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული
კიდევ კარგი არაც"დინამო"წყვეტდა ვარსკვლავებს,თორემ ანგარიში უფრო მეტი იქნებოდა მათ სასარგებლოდ.