საქართველოს თასი. 1/4-ფინალი. წინათქმა: დროა, აირჩიონ პრიორიტეტი...

AutoSharing Option
დღეს დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის პირველი მეოთხედფინალური მატჩებია.

როგორც წესი, სათასო პაექრობებს ყველგან და ყოველთვის განსაკუთრებული ხიბლი აქვს, თანაც მეოთხედფინალურ სტადიაზე სიტყვა "შემთხვევითობა", ალბათ, უადგილოა, ისევე, როგორც უადგილოა ოთხივე წყვილში რომელიმე გუნდის ფავორიტად შერაცხვა:

შეიძლება ითქვას, რომ ნახევარფინალში გასვლის შანსი რვავე გუნდს თანაბრად აქვს. და მთავარიც - ჩვენთან უკვე ტრადიციასავით დამკვიდრდა, რომ სწორედ მეოთხედფინალური სტადიიდან იწყება პრიორიტეტების არჩევა. ანუ, რომელ ტურნირს ენიჭება უპირატესობა - ჩემპიონატს თუ თასს?

თანაც, ამ პრიორიტეტების არჩევაში ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მეოთხედფინალისტთა (თუ ნახევარფინალისტთა) სატურნირო
მდგომარეობას ჩემპიონატში - ამ შემთხვევაში ხომ უკვე სათასო თუ საჩემპიონატო მატჩების შედეგების "გაცვლა-გამოცვლა" იქნება აქტუალური!..

რა თქმა უნდა, ასეთ საფეხბურთო ცუღლუტობებში ყველა გუნდი არ არის გარეული, მაგრამ იმასაც ვერავინ იტყვის, რომ ჩვენთან მსგავსი ფაქტები არ ხდებოდა.

თანაც, მხოლოდ ბოლოდროინდელ ამბებს არ ვგულისხმობთ - ამ "საფეხბურთო მიგნებას" ჩვენში 90-იანი წლების ბოლოდან დაედო სათავე და აგერ, ამდენი ხანია, გრძელდება.

იმედი დავიტოვოთ, რომ საქართველოს თასის ეს გათამაშება ამ მხრივ გამონაკლისი იქნება და მეოთხედფინალებიც, ნახევარფინალებიცა და ფინალიც სამართლიანი თამაშის პრინციპით ჩაივლის...

02.12. ზუგდიდი. "ბაიას ბაზა". 14:00
ზუგდიდი-ვიტ ჯორჯია
დისკვალიფიკაცია: ოთარ ჯავაშვილი (ზუგდიდი)
ურთიერთშეხვედრები თასზე
არ შეხვედრიან

აბა, ამ წყვილში როგორ გინდა, რომელიმე გუნდს ფავორიტის სტატუსი მიანიჭო? თანაც, არც ის ფაქტი იქნება მნიშვნელოვანი, უმაღლესი და პირველი ლიგის გუნდები რომ ხვდებიან ერთმანეთს. თანაც, პირველლიგელსაც ხომ გააჩნია: "ვიტ ჯორჯიას" თავის დროზე საქართველოს თასიც მოუგია (2010 წელს), ხოლო მეოთხედფინალში სულაც მეცამეტედ იასპარეზებს!

თენგიზ კობიაშვილის დამოძღვრილ ახალგაზრდულ "ვიტ ჯორჯიას" ჯერ კიდევ არ დაუკარგავს უმაღლეს ლიგაში აღზევების შანსი, თუმცა თასის გათამაშებასაც რომ მთელი სერიოზულობით ეკიდება, ამის დასტურად მერვედფინალში ბათუმის "დინამოს" ძლევაც გამოდგება.

მიმდინარე სეზონში "ზუგდიდი" წარუმატებლად კი ასპარეზობს, მაგრამ ეს მხოლოდ ჩემპიონატზე ითქმის, თორემ თასის ამ გათამაშებაში სწორედ "ზუგდიდმა" მოახდინა ყველაზე ხმაურიანი სენსაცია, როცა მერვედფინალში მოქმედ ჩემპიონ "დილას" აჯობა.

იმ დროისთვის "ზუგდიდს" ბესიკ შეროზია წვრთნიდა, რომელიც ცოტა ხნის წინ ლევან მიქაძემ ჩაანაცვლა. ვნახოთ, როგორი იქნება მიქაძის დებიუტი თასზე, თანაც, ნურც ის დაგვავიწყდება, რომ ზუგდიდის გუნდებს ("ოდიში", "დინამო") საქართველოს თასის 25-წლიან ისტორიაში მხოლოდ სამჯერ უთამაშიათ ნახევარფინალში (1992,1995 და 1997 წლებში)...

02.12. ივანწმინდა. 14:00
ჩიხურა-შუქურა
ურთიერთშეხვედრები თასზე
4: +4 =0 -0, 16:2

ამ შემთხვევაშიც აბსოლუტურად თანაბარი შანსები უნდა მივანიჭოთ ორივე გუნდს, მით უფრო, რომ "ჩიხურაც" და "შუქურაც" ჩემპიონატიდანაც ინარჩუნებენ ევროტურნირებზე მოხვედრის შანსს.

ისე, საინტერესო ფაქტია: ეს გუნდები დღეს თასზე ხომ ხვდებიან ერთმანეთს, 6 დეკემბერს ჩემპიონატის მატჩში დაუპირისპირდებიან, 16 დეკემბერს კი - საპასუხო სათასო შეხვედრა იქნება! "შუქურა" თავის ისტორიაში მესამედ არის გასული მეოთხედფინალში, "ჩიხურა" კი - მეექვსედ.

აქვე, ისიც უნდა ვთქვათ, რომ თასზე "შუქურას" საუკეთესო შედეგი ნახევარფინალში ერთადერთხელ გასვლაა. "ჩიხურამ" უკვე მოიპოვა "სათასო გუნდის" სახელი: უცვლელი მწვრთნელის, სოსო ფრუიძის ხელმძღვანელობით, საჩხერელთა გუნდი უკვე ზედიზედ მესამედ გადის ნახევარფინალში, 2013 და 2014 წლებში კი სულაც ფინალში იასპარეზა.

და კიდევ ერთი ფაქტი ამ წყვილზე: საქართველოს ჩემპიონატსა თუ თასზე "ჩიხურას" სარეკორდო მოგება სწორედ "შუქურასთან" აქვს: 2012/13 წლების თასის გათამაშების მერვედფინალის პირველ შეხვედრაში მეტოქეს 8:0 სძლია (იმ მატჩში "პოკერი" შეასრულა ბესიკ დეკანოიძემ).

თავის მხრივ, "შუქურასაც" არასდროს და არავისთან არ წაუგია მსგავსი ანგარიშით არც ჩემპიონატში და არც თასზე...

02.12. სამტრედია. "ე. მანჯგალაძე" 14:00
სამტრედია-სიონი
დისკვალიფიკაცია: გურამ გიორბელიძე (სიონი)
ურთიერთშეხვედრები თასზე
არ შეხვედრიან

ვერც ამ წყვილში მოძებნით გამოკვეთილ ფავორიტს: "სიონიც" და"სამტრედიაც" მშვენიერ სეზონს ატარებენ და ჩემპიონატში პირველ სამეულში მოხვედრასაც უმიზნებენ. ვარლამ კილასონიას ხელმძღვანელობით მოასპარეზე "სიონში" გამოცდილი და ახალგაზრდა ფეხბურთელების ჩინებული სინთეზი ჩამოყალიბდა, გია ცეცაძის დამოძღვრილ "სამტრედიაში" კი, ძირითადად, ახალგაზრდები ჭარბობენ.

ეგ კი არა, გიორგი დათუნაიშვილის გარდა, ფაქტობრივად, ყველა პერსპექტიული ახალგაზრდაა. "სამტრედია" მეხუთედ არის გასული მეოთხედფინალში, ამ გუნდის საუკეთესო შედეგი კი ფინალში გასვლაა (2014/15 წლების სეზონში).

რაც შეეხება "სიონს", ქვემოქართლელები მეათედ არიან მეოთხედფინალში და მეტოქის მსგავსად, საუკეთესო შედეგი ფინალში გასვლაა (2002/03 წლების სეზონში). აღსანიშნავია, რომ ამ გუნდებს ზედიზედ... 2 მატჩი ელოდებათ ბოლნისში: 16 დეკემბერს თასის საპასუხო შეხვედრაა, მანამდე კი (12 დეკემბერს) "სიონმა" ჩემპიონატის პირველი წრის ბოლო მატჩში უნდა უმასპინძლოს "სამტრედიას"...

02.12. ქუთაისი. "რამაზ შენგელია". 17:00
ტორპედო-დინამო (თბ)
ურთიერთშეხვედრები თასზე
5: +0 =2 -3, 3:9

ყოველთვის ასე იყო: თასის ნებისმიერი ეტაპის წილისყრის წინ ყველა გუნდი იმას ნატრობს, როგორმე თბილისის "დინამოს" არ გადაეყაროს; გამონაკლისი არც წლევანდელი მეოთხედფინალების წილისყრა იქნებოდა, სადაც ყველაზე მეტად "ტორპედოს" არ გაუმართლა! თუმცა, სათასო პაექრობებში ხომ ყველაფერია მოსალოდნელი (მით უფრო, ორრაუნდიანი დაპირისპირების პირობებში).

"ტორპედო" საქართველოს თასის ორგზის მფლობელია და ოთხგზის ფინალისტი, მეოთხედფინალში მეთვრამეტედ არის გასული; თბილისის "დინამო" კი, მოგეხსენებათ, ჩემპიონატის მსგავსად, თასის გათამაშებაშიც რეკორდსმენია: თორმეტჯერ მოიპოვა ეს საპატიო ტიტული.

აი, რაც შეეხება მეოთხედფინალებს, საქართველოს თასის მიმდინარე გათამაშება რიგით ოცდამეექვსეა და 1990 წლიდან მოყოლებული, მხოლოდ ორჯერ მოხდა, როცა ჩვენი ქვეყნის ყველაზე ტიტულიანი გუნდი ამ სტადიამდე ვერ მივიდა: 1998/99 წლების გათამაშებაში მერვედფინალში გამოეთიშა ასპარეზობას, 2004/05 წლების სეზონში კი - მეთექვსმეტედფინალში...

"ტორპედოსა" და თბილისის "დინამოს" ნებისმიერი დაპირისპირება (განსაკუთრებით, 90-იანი წლების ბოლოდან) მუდამ გამორჩეულ ინტერესს იწვევდა და ძალიან დიდი ალბათობით, ასეთ საინტრიგო პაექრობებს უნდა ველოდოთ ახლაც.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს თასის ისტორიაში, "ტორპედოს" არც ერთი მატჩი არ მოუგია "დინამოსთვის": ორჯერ ნახევარფინალში და ერთხელაც ფინალში ჰქონდა ამის შანსი, მაგრამ...

..."ტორპედოსა" და თბილისის "დინამოს" წინა ხუთივე სათასო დაპირისპირება საინტერესო და დასამახსოვრებელი იყო, თუმცა, მოდი, ამ თემაზე საპასუხო მატჩების წინ ვისაუბროთ. მანამდე კი იმას შეგახსენებთ, რომ ამ გუნდებს შორის ჩატარებული ბოლო მატჩი (ჩემპიონატში) ფრედ, 1:1 დასრულდა.

დაბოლოს, იმასაც ვიტყვით, რომ "დინამოს" მთავარმა მწვრთნელმა გია გეგუჩაძემ თავისი პირველი სამწვრთნელო ტიტული სწორედ "ტორპედოსთან" გამარჯვებით მოიპოვა: 2004 წელს, თასის ფინალში თავდაპირველად ქუთაისელები დაწინაურდნენ (გოლი სულიკო დავითაშვილმა გაიტანა), მეორე ტაიმში კი დინამოელთა მცველებმა იყოჩაღეს და შოთა კაშიასა და ლევან სილაგაძის გოლებით თასის ფინალიც მოიგეს. იმის შემდეგ "დინამომ" თასი კიდევ ოთხჯერ მოიგო, "ტორპედო" კი ერთხელ გავიდა ფინალში (2011 წელს) და ის მატჩიც წააგო...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული