დათმობა არ იქნება. მავანი იტყვის, გუნდების კლასში სხვაობააო. ეს იქნებ მართალიც იყოს, მაგრამ ფინალი ერთი მატჩია. იქ ბევრი რამ ნიველირდება და მილიონჯერ გვინახავს, როგორ ჩახლართულა სათამაშო სიუჟეტი ძლიერსა და სუსტს შორის.
დაახლოებით ვხვდები, რატომ დაგეგმა ფეხბურთის ფედერაციამ ფინალი 18 მაისს. ამაში არის ლოგიკა, მაგრამ მე მაინც 26 მერჩივნა. შეიძლება მხოლოდ მიჩვევის გამო, მაგრამ მაინც...
დღევანდელ ჩვენს რუბრიკაში არ განვიხილავთ ფინალისტების შანსებს. ამას ჩვენს გაზეთში სხვა წერილი დაეთმობა. უნდა დავწეროთ იმ პრობლემაზე, რასაც არაერთი წერილი მივუძღვენით და თუ ასე გაგრძელდა, ჩვენთვის მტკივნეულ თემას გვერდს ვერც მომავალში ავუვლით.
ალბათ, მიხვდით, გულშემატკივრებზე უნდა დავწეროთ, უფრო ზუსტად - გულშემატკივრობის კულტურაზე. მე ვნახე ამ გუნდების მატჩი ბოლნისში. იქ მინდორზე ნაღდი ბრძოლა იყო, მაგრამ აღარ მინდა ვნახო ის, რაც სტადიონის ტრიბუნებზე ხდებოდა.
მე შეიძლება საკუთარი ვერსია მქონდეს იმის თაობაზე, თუ ვინ იყო იმ დღეს მართალი და ვინ - მტყუანი, მაგრამ ამ ვერსიას დღის სინათლეზე ვერ გამოვიტან, რადგან შესაძლოა, ამან მდგომარეობა კიდევ უფრო დაძაბოს.
მართალი და მტყუანი გვერდით გადავდოთ და, ბოლო დროს ერთ ტენდენციას აშკარად ვხედავ - ცალკე "დინამოს" ფანები არიან და ცალკე - თითქმის ყველა დანარჩენი გუნდისა. რა თქმა უნდა, ეს ტრაგედია არ არის. იქნებ "დინამოს" ფანს, როგორც ყველაზე ტრადიციული გუნდის ქომაგს, ეს ეამაყებოდეს კიდეც, მაგრამ საქმე მხოლოდ ამაში არ არის.
ჩვენ ვხედავთ აშკარა, დაუფარავ სიძულვილს გულშემატკივრებს შორის. დიახ, თუ ყველაფერს თავის სახელს დავარქმევთ, საქმე სწორედ ასეა. მე მინდა, რომ თასის ფინალში ვნახო ალალი ქომაგობა და არა - ერთმანეთის სიძულვილი.
საერთოდ, ბოლო დროს ჩვენ "დენთის კასრზე" ვსხედვართ და თუ საქმეს ჭკუა არ მივატანეთ, ადრე თუ გვიან ეს "დენთის კასრი" აუცილებლად აგვიფეთქდება. ჯერ ურემი არ გადაბრუნებულა და თუ გადაბრუნდა, მერე გვიან იქნება.
ძველებისგან გამიგონია, ადრე ფეხბურთის დაწყებამდე ქომაგები მტრედებს ააფრენდნენ ხოლმე ჰაერშიო. მოდი, ქუთაისში ბევრი მტრედი წავიყვანოთ. ფეხბურთს არ უყვარს ჩარჩოები, მაგრამ ტრიბუნებზე ჩარჩოებში ჩავსხდეთ. მინდორზე იყოს ნაღდი საფეხბურთო ომი და ეს ყველას ძალიან გაგვახარებს.
ადრე, ამ თემაზე რომ დავწერე, რამდენიმე მკითხველმა უცხოური მაგალითები მომაგონა - ხომ იცი, უცხოეთში რა და როგორ ხდებაო. ეს ყველაფერი ვიცი და რაღაც საკუთარი თვალითაც მინახავს, მაგრამ იმათი რეალობა სხვაა, ჩვენი კი - სულ სხვა.
ღმერთმა ნუ ქნას და, აქ რომ რამე სერიოზული მოხდეს, ქომაგი სამუდამოდ, საშვილიშვილოდ უნდა გადაეკიდოს ერთმანეთს. საქართველო პატარა ქვეყანაა. ქუჩაში გამოხვალ და ისეთი ვინმე შეგხვდება, წამით ადრე რომ ვერაფრით წარმოიდგენდი...
ესეც არ იყოს, ჩვენში რა პრობლემაა, ამა თუ იმ ქომაგის ადგილსამყოფელი დაადგინო. მოკლედ, თუ ერთხელ გადაბრუნდა ურემი, მერე ამ ამბავს არც არაფერი უშველის. იმედია, ასე არ მოხდება...
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"