დინამო (თბ) VS სიონი - მეათე დუბლი თუ პირველი თასი?

AutoSharing Option
დღეს, 18 მაისს, ქუთაისში, რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის ფინალური შეხვედრა გაიმართება, რომელშიც ერთმანეთს თბილისის "დინამო" და ბოლნისის "სიონი" დაუპირისპირდებიან. მატჩი 19:00 სთ-ზე დაიწყება და მის პირდაპირ ტელერეპორტაჟს "მეორე არხი" წარმოადგენს.

აღსანიშნავია, რომ შეხვედრას საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილიც დაესწრება.


12 მოგებული და მხოლოდ 2 წაგებული ფინალი - მართლაც ძალიან დიდი დრო უნდა გავიდეს, რომ თბილისის "დინამოს" ეს მაჩვენებელი საქართველოს თასზე რომელიმე სხვა
გუნდმა გააუმჯობესოს. ისიც უნდა ითქვას, რომ "დინამოს" მშვენიერი შანსი ეძლევა, თასი ზედიზედ მეოთხედ მოიპოვოს; ამაზე უკეთესი შედეგი საქართველოში მხოლოდ და მხოლოდ ერთადერთ კლუბს..."დინამო თბილისს" აქვს: 1992-97 წლებში ზედიზედ ექვსჯერ რომ მოიგო თასი. "სიონი" კი თავის ისტორიაში მეორედ იასპარეზებს თასის ფინალში.

საქართველოს თასის ისტორიაში პირველად ხდება, რომ ამ საპატიო ტიტულის მფლობელი არა თბილისში, არამედ სხვაგან უნდა გამოვლინდეს - ქუთაისში! აქამდე კი, მოგეხსენებათ, რომ ფინალური მატჩები დედაქალაქის უმთავრეს სტადიონებზე იმართებოდა: "დინამო არენაზე" ან "მიხეილ მესხზე".

ანუ დღევანდელი ფინალი მართლაც ნეიტრალურ სტადიონზე ჩატარდება და იმის გარდა, რომ ორივე ფინალისტისათვის პრესტიჟული უნდა იყოს ამ ტიტულის მოპოვება, ამ ყველაფერს დამატებითი მოტივაციაც ემატება: თუ თასი "დინამომ" აიღო, ეს იქნება მეათე დუბლი! ხოლო მეტოქისთვის სულაც ორმაგი დატვირთვა ექნება დღევანდელ ფინალს: იმის გარდა, რომ ბოლნისურ გუნდს საქართველოს თასი აქამდე არასდროს მოუგია, დღევანდელ მატჩში გამარჯვება "სიონს" ევროპალიგის საგზურს მოუტანს.

მოკლედ, ყველა წინაპირობაა შექმნილი, რომ საინტერესო მატჩის მოლოდინი გვქონდეს და იმასაც ვიმედოვნებთ, რომ დღევანდელ ფინალისტებს სავსე ტრიბუნების წინ მოუწევთ გამოსვლა.

მწვრთნელები, ფეხბურთელები...
თბილისის "დინამოს" სლოვაკ თავკაცს, იურაი იარაბეკს მშვენიერი შანსი ეძლევა, დუბლი შეასრულოს და თუ ასე მოხდა, რევაზ ძოძუაშვილის, გივი ნოდიას, დავით ყიფიანის, ივო შუშაკის, დუშან უჰრინის (უმცროსის) და მალხაზ ჟვანიას შემდეგ მეშვიდე მწვრთნელი გახდება, ვისაც მსგავსი შედეგისათვის მიუღწევია.

აქვე, იმასაც დავამატებთ, რომ საუკეთესო შედეგი დავით ყიფიანს აქვს: სამი დუბლი, თანაც, ზედიზედ - 1995, 1996, 1997 წლებში!

იარაბეკი პირველად გამოიყვანს თავის გუნდს საქართველოს თასის ფინალში, ისე, როგორც მისი დღევანდელი ოპონენტი არმაზ ჯელაძე. თუმცა, "სიონის" ამჟამინდელ მწვრთნელს ერთხელ უკვე აქვს ფინალში მონაწილეობა მიღებული: 2010 წელს "ოლიმპმა" რომ დრამატულ მატჩში (პენალტების სერიაში) წააგო თბილისის "დინამოსთან", რუსთაველთა გუნდის მთავარი მწვრთნელის, ვარლამ კილასონიას ასისტენტი გახლდათ.

თბილისის "დინამოს" შემადგენლობაში ბევრი ფეხბურთელია, თასი სხვა დროს რომ მოუგია და ეს ფაქტი არც უნდა იყოს გასაკვირი: გუნდი ხომ ბოლო სამი წლის განმავლობაში ეუფლებოდა ამ საპატიო ტიტულს. თუმცა, ამათგან მხოლოდ გიორგი გველესიანი და მათე ცინცაძეა, თასის ორგზის მფლობელები რომ არიან.

აი, დანარჩენებს კი დღეს აქვთ შანსი, მეორედ მოიპოვონ თასი: ლიბორ ჰრდლიჩკას, რენე ფერეირას, ოთარ კაკაბაძეს, ვახტანგ ჭანტურიშვილს, გიორგი ჯანელიძეს, ლაშა პარუნაშვილს, საბა ლობჟანიძეს; ასევე ერთხელ აქვს თასი მოგებული უჩა ლობჟანიძეს, ოღონდ სხვა გუნდის შემადგენლობაში - 2010 წელს, "ზესტაფონში" რომ გამოდიოდა.

რაც შეეხება "დინამოს" ორ ლიდერს, ჯაბა ჯიღაურსა და გიორგი ქვილითაიას, ამათგან პირველს ერთხელ უკვე უთამაშია ფინალში ("ჩიხურაში" იჯარით რომ თამაშობდა) და მხოლოდ ფინალისტობას დასჯერდა. ჩემპიონატისა და თასის გათამაშების საუკეთესო ბომბარდირს, გიორგი ქვილითაიას კი, საერთოდ, პირველი ფინალი ელოდება.

"დინამოს" შემადგენლობაში კიდევ ორი ფეხბურთელია, თასი რომ მოუგია და ორივემ დიდი ხნის წინათ მოახერხა; ჯერ ალექსანდრე ამისულაშვილზე მოგახსენებთ, რომელმაც 2003 წელს მოიგო ეს ტიტული და დინამოელთა მეტოქე ფინალში მაშინაც "სიონი" იყო.

სხვათა შორის, ივო შუშაკის დამოძღვრილ იმ "დინამოში" ამისულაშვილთან ერთად ალექსანდრე გოგობერიშვილი და ლადო ბურდულიც გამოდიოდნენ; გოგობერიშვილი კვლავაც აგრძელებს აქტიურ კარიერას და დღესდღეობით "სიონში" თამაშობს, ბურდული კი, მოგეხსენებათ, ჯერ მთავარ მწვრთნელად მუშაობდა "სიონში", ამ სეზონიდან კი ბოლნისური კლუბის დირექტორი გახლავთ.

კიდევ ერთ ვეტერანზე ქვემოთ ვისაუბრებთ, მანამდე კი "სიონის" ის ფეხბურთელები უნდა ჩამოვთვალოთ, ალექსანდრე გოგობერიშვილის მსგავსად, სხვადასხვა დროს რომ უთამაშიათ ფინალში: დაჩი ფოფხაძეს (2011 წელს, "ტორპედოს" შემადგენლობაში) და კობა შალამბერიძეს (2008 წელს, "ამერის" შემადგენლობაში) წაგებული აქვთ გადამწყვეტი შეხვედრა.

სამაგიეროდ, "სიონის" შემადგენლობაში, ალექსანდრე გოგობერიშვილის მსგავსად, თასის სხვა ტრიუმფატორებიც თამაშობენ: ლუკა რაზმაძემ და გიორგი ვასაძემ 2010 წელს გაიმარჯვეს თასის ფინალში ("ვიტ ჯორჯიის" შემადგენლობაში). თუმცა ბოლნისურ კლუბში თასის სამგზის ფინალისტიც თამაშობს: დიმიტრი ტატანაშვილმა "ამერის" შემადგენლობაში ორჯერ იზეიმა თასის მოპოვება (2006, 2007 წლებში), 2008 წელს კი დამარცხდა.

დაბოლოს, დღევანდელი მატჩის ყველაზე ტიტულიან ფეხბურთელზეც, რომელიც დღეს თავის მეხუთე ფინალს ითამაშებს! ხვდებით, ალბათ, რომ "დინამოს" მართლაც უბერებელ კაპიტანზე, 37 წლის ალექსანდრე იაშვილზე ვსაუბრობთ, რომელიც შარშან "სამტრედიის" შემადგენლობაში ფინალისტობას დასჯერდა, სამაგიეროდ, 1994, 1995 და 1996 წლებში ზედიზედ სამჯერ გახდა თასის მფლობელი.

განსაკუთრებით, 1994 წლის ფინალი გვინდა გავიხსენოთ, თბილისის "დინამომ" მიხეილ ყაველაშვილის ერთადერთი გოლით რომ მოუგო რუსთავის "მეტალურგს": "იაშკა" იმ დროისათვის 16 წლის გახლდათ, ისე,  როგორც მეტოქე გუნდის უკვე შეუცვლელ ფეხბურთელად ჩამოყალიბებული, ასევე 16 წლის ლევან კობიაშვილი...

Sportall.Ge
ფოტოზე: თბილისის "დინამოს" მზადება მატჩისთვის
ურთიერთშეხვედრები თასზე
ისე, როგორც საქართველოს ჩემპიონატების ისტორიაში, "დინამოს" თასის გათამაშებაშიც სერიოზული უპირატესობა აქვს "სიონთან" ურთიერთშეხვედრებში. დღევანდელი ფინალისტების გზები ორჯერ (1996/97 და 2000/01 წლების სეზონებში) გადაიკვეთა მერვედფინალურ სტადიაზე და ორივეჯერ მომდევნო ეტაპზე "დინამო" გავიდა.

მესამე დაპირისპირება კი 2003 წელს იყო, როცა "სიონმა" თავის ისტორიაში პირველად გააღწია ფინალამდე. ის მატჩიც "დინამომ" მოიგო, ხოლო თემურ მახარაძის დამოძღვრილ "სიონს" იმის შანსი გაუჩნდა, რომ პირველად თავის ისტორიაში, ევროტურნირებზე გამოსულიყო. ამისათვის კი საჭირო იყო, რომ "სიონს" ჩემპიონატის" ბოლო ტურში... წაეგო! თანაც, მეტოქეს აღარ იკითხავთ?  - თბილისის "დინამოსთან"...

სიტუაცია კი ასეთი იყო: თასის ფინალი, როგორც იმ დროს ტრადიციად იყო ქცეული, 26 მაისს ჩატარდა; ოთხი დღის მერე კი იგივე მეტოქეები ამჯერად ჩემპიონატის ბოლო ტურში ხვდებოდნენ ერთმანეთს: "დინამოს" მხოლოდ გამარჯვება სჭირდებოდა, რათა ოთხწლიანი პაუზის მერე მოეპოვებინა ოქროს მედლები, "სიონი" კი ... წაგების შემთხვევაში უეფას თასის საგზურს ინაღდებდა!

ანუ, "დინამო" თუ დუბლს შეასრულებდა, ეს "სიონს" (როგორც თასის ფინალისტს) ევროპისაკენ გზას გაუხსნიდა. ბოლნისელთა გუნდის მოგების ან ფრის შემთხვევაში ჩემპიონი "ტორპედო" (ზედიზედ მეოთხედ!) ხდებოდა, უეფას თასის საგზურს "ვიტ ჯორჯია" დაეუფლებოდა, "ინტერტოტოს თასზე" თბილისის "ლოკომოტივი" უნდა გამოსულიყო, ხოლო "სიონი" კი ... ევროტურნირებს მიღმა რჩებოდა!

ანუ ყველა ვარიანტი იყო, გვეფიქრა, რომ "სიონი" მოედანზე წასაგებად (!) გამოვიდოდა, მაგრამ ბოლნისელები პირველ ტაიმში არნახული თავგანწირვით იცავდნენ საკუთარი კარის მისადგომებს, გამოცდილი მეკარე თეიმურაზ ვოლკოვი კი სასწაულებს სჩადიოდა და პირველი ტაიმიც 0:0 მორჩა.

აი, შესვენების შემდეგ კი მოედანზე სიტუაცია რადიკალურად შეიცვალა და ისე, როგორც ოთხი დღით ადრე ჩატარებულ თასის ფინალში, "დინამომ" ამჯერადაც 3:1 მოიგო.

ეს კი იმას ნიშნავდა, რომ "დინამო" ჩემპიონი ხდებოდა, "სიონს" კი ევროტურნირებზე დებიუტი ელოდა. სამწუხაროდ, 2003 წლის ზაფხულში ჩვენს გუნდებს კოშმარი ელოდათ ევროტურნირებზე: ყველა პირველსავე ეტაპზე გამოვარდა...

Sportall.Ge
ფოტოზე: ბოლნისის "სიონის" მზადება მატჩისთვის
გამორჩეული ფაქტები, რეკორდები...
გუნდები
საქართველოს თასის ფინალში აქამდე ჩვიდმეტ გუნდს უასპარეზია. აბსოლუტური რეკორდსმენი თბილისის "დინამოა": 14 ფინალი და 12 ტიტული!

დანარჩენი გუნდების მაჩვენებელი ასეთია:

"ტორპედო" - 6 ფინალი, 2 გამარჯვება; "დინამო" ბთ - 5 (1), "ზესტაფონი" - 5 (1), "ლოკომოტივი" - 4 (3), "ამერი" - 3 (2), "ცხუმი" - 2 (0), "ჩიხურა" - 2 (0), "გურია" - 1 (1), "გაგრა" - 1 (1), "დილა" - 1 (1), "მეტალურგი"("გორდა") - 1 (0), "ოლიმპი" - 1 (0), "სამგურალი" - 1 (0), "სიონი" - 1 (0), "ვიტ ჯორჯია" - 1 (0), "სამტრედია" - 1(0).

თბილისის "დინამო" და ბათუმის "დინამო" თასის ფინალში ერთმანეთს ხუთჯერ შეხვდნენ, "ტორპედო"-"ლოკომოტივი" და "ამერი"-"ზესტაფონი" კი - სამ-სამჯერ.

მწვრთნელები
თასის გათამაშების ისტორიაში აბსოლუტური რეკორდსმენი დავით ყიფიანია, რომელსაც ოთხჯერ აქვს ფინალი მოგებული (სამჯერ თბილისის "დინამოსთან", ერთხელ კი - "ტორპედოსთან" ერთად).

მართლაც უნიკალური შედეგით შეუძლია იამაყოს რევაზ ძოძუაშვილმა, რომელმაც საქართველოს თასი სამ სხვადასხვა გუნდთან (თბილისის "დინამო", "ტორპედო", "ლოკომოტივი") მოიგო.

ორ-ორჯერ აქვთ მოგებული საქართველოს თასი გივი ნოდიას (თბილისის "დინამო"), გია გეგუჩაძეს (თბილისის "დინამო") და გიორგი ჩიხრაძეს ("ამერი"), თითოჯერ - გიგლა იმნაძეს ("გურია"), შოთა ჭეიშვილს (ბათუმის "დინამო"), ჯემალ ხერხაძეს ("ტორპედო"), სერგო კოტრიკაძისა და გია ჯიშკარიანის ტანდემს ("ლოკომოტივი"), ნოდარ აკობიას ("ლოკომოტივი"), თემურ მახარაძეს ("ზესტაფონი"), კახა კაჭარავას (თბილისის "დინამო"), გელა გომელაურს ("ვიტ ჯორჯია"), თემურ შალამბერიძეს ("დილა"), მალხაზ ჟვანიას (თბილისის "დინამო") და სამ ლეგიონერ მწვრთნელს - ანატოლი პისკოვეცს ("გაგრა"), ივო შუშაკსა და დუშან უჰრინ-უმცროსს (ორივე - თბილისის "დინამო").

ცალკე უნდა ითქვას გიორგი ჩიხრაძეზე, რომელიც საქართველოს თასის ისტორიაში ერთადერთია, ეს ტიტული ფეხბურთელის (თბილისის "ლოკომოტივის" შემადგენლობაში) რანგშიც რომ მოუგია და როგორც მწვრთნელსაც...

ფეხბურთელები
ამ კატეგორიაში კი დიდი უპირატესობით ლიდერობს ირაკლი ზოიძე: თბილისის "დინამოსა" და ქუთაისის "ტორპედოს" ყოფილმა მეკარემ 9 ფინალი ითამაშა და შვიდჯერ გაიმარჯვა!

არანაკლებ შთამბეჭდავია სხვა რეკორდსმენთა მაჩვენებლებიც: გივი დიდავა - 8 ფინალი და 5 გამარჯვება, ზურაბ იონანიძე - 8 (3), სევასტი თოდუა - 8 (2).

არც თენგიზ ჩიკვილაძის მიღწევა უნდა დაგვავიწყდეს, რომელსაც 6 ფინალი აქვს ნათამაშები... 5 სხვადასხვა გუნდის (თბილისის "დინამო", "ტორპედო", "ზესტაფონი", "ოლიმპი", "ამერი") შემადგენლობაში და ორჯერ გაუმარჯვია.

გოლები, ანგარიშები, ბომბარდირები...
ყველაზე უხვგოლიანი და, ალბათ, ყველაზე გამორჩეული ფინალი 1992 წლის 26 მაისს ჩატარდა, როცა თბილისის "დინამომ" ბათუმის "დინამოს" 4:2 მოუგო.

აღსანიშნავია, რომ მეტოქის კარში ოთხივე გოლი ძმებმა არველაძეებმა გაიტანეს: რეზომ დუბლი შეასრულა, შოთამ და არჩილმა კი თითო შეაგდეს. სხვათა შორის, რეზო არველაძის იმდროინდელი შედეგი ძალიან დიდი ხნის განმავლობაში მიუწვდომელი იყო: არც მანამდე და არც მერე საქართველოს თასის ფინალში დუბლი არავის ჰქონდა შესრულებული.

და აი, 2015 წლის 26 მაისს თბილისის "დინამოს" ერთდროულად ორმა ფეხბურთელმა შეასრულა დუბლი - გიორგი პაპუნაშვილმა და მანუელმა.

არანაკლებ უცნაურია ის ფაქტიც, რომ საქართველოს თასის 26-წლიან ისტორიაში ფინალში გატანილი გოლების მიხედვით საუკეთესო ბომბარდირის, სულიკო დავითაშვილის შედეგს (3 გოლი) ჯერჯერობით ვერავინ აუმჯობესებს. ისიც საინტერესოა, რომ დავითაშვილმა ეს სამი გოლი სამი სხვადასხვა გუნდის ("ლოკომოტივი", "ამერი", "ტორპედო") მაისურით გაიტანა.

რაც შეეხება თასის ერთ გათამაშებაში საუკეთესო შედეგს, დღემდე მოუხსნელია 1990 წელს დამყარებული რეკორდი: ბუბა ტყავაძემ მეტოქეთა კარში 18 გოლი გაიტანა.

სევასტი თოდუას 6 ფინალი აქვს წაგებული და აქედან ერთ-ერთში (2011 წელს) მატჩის ბედი სწორედ მისმა "ავტოგოლმა" გადაწყვიტა - არც მანამდე და არც მერე ფინალში საკუთარ კარში გოლი არავის გაუტანია.

საქართველოს თასის ისტორიაში მხოლოდ ექვსჯერ მოხდა, როცა ფინალურ მატჩში ფეხბურთელი გააძევეს: ზვიად ჯელაძე, გურამ კაშია, უსტარიცი, გიორგი რეხვიაშვილი (ყველა - "დინამო", თბ), თეიმურაზ ღონღაძე, ჯაბა დვალი (ორივე - "ზესტაფონი").

არბიტრები
არბიტრებს შორის აბსოლუტური რეკორდსმენი სერგო კვარაცხელიაა, რომელმაც 6 ფინალი იმსაჯა. სამ-სამჯერ იმსაჯეს მერაბ მალაღურაძემ და ლაშა სილაგავამ, ორ-ორჯერ - თამაზ ლაცაბიძემ, ლევან ფანიაშვილმა და ლევან კვარაცხელიამ, თითოჯერ - მალხაზ კობიაშვილმა, ოთარ გუნთაძემ, კახა მესხმა, გიორგი ვადაჭკორიამ და თორნიკე გვანცელაძემ.

2007 წლის თასის ფინალს თურქი მსაჯები უძღვებოდნენ, დღესდღეობით უკვე ცნობილი არბიტრის, ჯიუნეთ ჩაქირის თავკაცობით. სხვათა შორის, ჩაქირმა ჩემპიონთა ლიგის შარშანდელი ფინალი ("ბარსელონა"-"იუვენტუსი") იმსაჯა.

ასევე უცხოელ (გერმანელ) მსაჯთა ბრიგადა ემსახურებოდა საქართველოს თასის შარშანდელ ფინალს - არბიტრი გახლდათ მარკო ფრიტცი.

დ. ყიფიანის სახელობის საქართველოს თასი. ფინალი
18 მაისი. ქუთაისი. რამაზ შენგელიას სახ. სტადიონი. LIVE რეპორტაჟი "II არხზე"
დინამო (თბ) VS სიონი
დინამო (სავარაუდო): ჰრდლიჩკა. უ. ლობჟანიძე, ამისულაშვილი, რენე ფერეირა, გ. თევზაძე, ჭანტურიშვილი, პარუნაშვილი, ჯიღაური, კიტეიშვილი, ა. იაშვილი, ქვილითაია.
სიონი (სავარაუდო): მერლანი, დ. ფოფხაძე, კილასონია, სვანიძე, გაფრინდაშვილი, კობახიძე, რაზმაძე, გოგობერიშვილი,
ვასაძე, მანჯგალაძე, ტატანაშვილი.
არბიტრი: გიორგი ყრუაშვილი

ურთიერთშეხვედრები თასზე
5: +4 =0 -1, 15:3

"დინამოს" და "სიონის" ყველა ფინალი
დინამო
1992 დინამო-ცხუმი 3:1
1993 დინამო-დინამო (ბთ) 4:2
1994 დინამო-მეტალურგი 1:0
1995 დინამო-დინამო (ბთ) 1:0
1996 დინამო-დინამო (ბთ) 1:0 დდ
1997 დინამო-დინამო (ბთ) 1:0
1998 დინამო-დინამო (ბთ) 1:2 დდ
2003 დინამო-სიონი 3:1
2004 დინამო-ტორპედო 2:1
2009 დინამო-ოლიმპი 1:1 პენ 2:0
2010 ვიტ ჯორჯია-დინამო 1:0
2013 დინამო-ჩიხურა 3:1
2014 დინამო-ჩიხურა 2:1
2015 დინამო-სამტრედია 5:0

სიონი
2003 სიონი-დინამო (თბ) 1:3

"დინამოს" გზა ფინალამდე
1/8-ფინალი
დინამო (თბ)-კოლხეთი (ფ) 1:0
(ჯიღაური)

კოლხეთი (ფ)-დინამო (თბ) 0:1
(ქვილითაია)

1/4-ფინალი
ტორპედო-დინამო (თბ) 0:1
(ქვილითაია)

დინამო (თბ)-ტორპედო 2:1
(ქვილითაია, ცინცაძე)

1/2-ფინალი
დინამო-ჩიხურა 3:0
(ჭანტურიშვილი, ჯიღაური, ქვილითაია)

ჩიხურა-დინამო 1:2
(ქვილითაია, გურული)

"სიონის" გზა ფინალამდე
1/16-ფინალი
სიონი-რუსთავი 0:0

რუსთავი-სიონი 1:1
(ბერუაშვილი - საკ. კარში)

1/8-ფინალი
გურია-სიონი 0:2
(მიქაბერიძე, მანჯგალაძე)

სიონი-გურია 1:1
(საჯაია)

1/4-ფინალი
სამტრედია-სიონი 0:0

სიონი-სამტრედია 0:0 (პენ 2:0)

1/2-ფინალი
სიონი-ვიტ ჯორჯია 2:2
(ლუის ალბერტო, ტატანაშვილი)

ვიტ ჯორჯია-სიონი 3:1
(ტატანაშვილი 3)

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
სიონი სიონი სიონი სიონისიონი დღეს ჩემპიონია
george
15:29 18-05-2016
0
მიუხედავად იმისა,რომ ამ ეტაპზე "სიონის" ქომაგი ვარ,მაინც მგონია,რომ "სიონს" მსაჯები არ მისცემენ გამარჯვების საშუალებას/მათი მოგებით "ჩიხურა" ვერ გავა ევრო ლიგაზე/,რადგანაც ამით ივანიშვილს და კალაძეს გაანაწყენებენ და ეს მათ არ უნდა აწყობდეთ.
ქომაგი
13:17 18-05-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული