ჟოზე მოურინიო: მთავარია სიმშვიდე

AutoSharing Option

ქარიმ ბენზემა და ემანუელ ადებაიორი - აი, ეს ორი მოულოდნელი გმირი ჰყავდა "რეალს" მისთვის საიუბილეო მატჩში სანტანდერში. კლუბის 109 წლისთავი ფრანგისა და ტოგოელის გოლების წყალობით "რეალმა" შესანიშნავ სტილში მოიგო - 3:1 და კვლავ 7 ქულამდე შეამცირა "ბარსელონასთან" ჩამორჩენა. მოკლედ, "სამეფო კლუბმა" აჩვენა, რომ კრიშტიანო რონალდოს გარეშეც შეუძლია წარმატების მიღწევა.

თამაშის შემდეგ განსაკუთრებით გახარებული დუბლის ავტორი ქარიმ ბენზემა იყო, რომელიც ამ ბოლო დროს მართლაც კარგად ათამაშდა: "თავს შესანიშნავად ვგრძნობ, ფიზიკურადაც კარგ ფორმაში ვარ. ჩემს თავს ვატყობ, რომ ყოველ მორიგ მატჩში ვუმატებ.
ამას სხვებიც მეუბნებიან და მამხნევებენ. ეჭვიც არავის შეეპაროს - გავაგრძელებ თავდაუზოგავ შრომას და კიდევ ბევრ გოლს გავიტან "რეალის" მაისურით. მე ვთამაშობ უდიდეს გუნდში, რომლისათვისაც თავგანწირვა ნამდვილად ღირს. ადებაიორთან ერთად თავს შესანიშნავად ვგრძნობ და მეიმედება, რომ მწვრთნელი კიდევ მოგვცემს ერთად თამაშის საშუალებას. არ მინდა დაეკარგოს ჩვენს ის შრომა, რაც მან მხოლოდ ჩემთვის გასწია - მოურინიო ძალიან დამეხმარა, როგორც სასარგებლო რჩევებით, ასევე ფსიქოლოგიურად. ახლა, როცა მოედანზე კარგად ავთამაშდი, მას ეს გარჯა დაუფასდა. აღმოჩნდა, რომ მართალი იყო, როცა ლამის ყველამ ჩაიქნია ხელი ჩემზე, მან არ გამწირა", - განაცხადა ფრანგმა ფორვარდმა.

"რასინგთან" თამაში განსაკუთრებული იყო სერხიო კანალესისათვის. მოგეხსენებათ, თინეიჯერი სწორედ "რასინგიდან" წაიყვანა "რეალმა": "ყოველთვის მადლიერი ვიქნები სანტანდერელი ფანებისთვის. სწორედ აქ დავფრთიანდი და ჩამოვყალიბდი ფეხბურთელად. საკმაოდ გაგვიჭირდა, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვება ვიზეიმეთ. თამაშს მუდმივად ჩვენ ვაკონტროლებდით და უფრო დიდი სხვაობით მოგებაც შეგვეძლო. ლა ლიგის დასრულებამდე ჯერ კიდევ ბევრი დარჩა, ამიტომაც არ ვაპირებთ დანებებას. ჩვენი მიზანია, სამ ტურნირში
გავიმარჯვოთ".
ჩვენ ორი ისეთი ფეხბურთელის გამონათქვამები გაგაცანით, რომელთათვისაც ეს მატჩი ბევრს ნიშნავდა, ახლა დროა ჟოზე მოურინიოსაც "მოვუსმინოთ":

"სტუმრად ადრეც გვითამაშია კარგად. ახლაც ბრწყინვალედ გავართვით თავი მოვალეობას, საგოლე მომენტები თავიდანვე გვქონდა. მეტოქეს კი თავის გამოჩენის შანსი ნაკლებად ჰქონდა, ამის მიზეზი ჩვენი ფანტასტიკური თამაშია. ყოველთვის ჩვენ ვთამაშობდით უკეთ. ყველაზე მეტად ის მიხარია, რომ გუნდმა 90 წუთის განმავლობაში შეინარჩუნა სიმშვიდე.

ორი ფორვარდით თამაშმა, შეტევაში მეტი ალტერნატივა გააჩინა, ბენზემამ და ადებაიორმა დიდებულად გაუგეს ერთმანეთს. სხვათა შორის, ამავე სისტემით ვითამაშეთ "მალაგასთანაც" სტუმრად, მაშინ დი მარია ინსაიდის პოზიციაზე ვათამაშე, ხოლო კრიშტიანო შეტევაში იგუაინს შეუერთდა. ვფიქრობ, ამ სისტემით ორი დაცვითი ტიპის ნახევარმცველი საჭირო არ არის. მაგრამ, როგორც კი კრიშტიანო დაბრუნდება, გუნდი დაუბრუნდება აქამდე ბრწყინვალედ მორგებულ სისტემას".

სიმართლე გითხრათ, არ შევყურებ იმედით "ბარსელონას" თამაშებს და არ ველი, რომ მათ ფეხი დაუცდებათ. მე ჩემი ლიგა და ჩემი მატჩები მაქვს სათამაშო. ამიტომ, შევეცდები ავიღო ქულების მაქსიმალური რაოდენობა. მოგებისთვის კი საჭიროა, იყო მეტოქეზე უკეთესი, როცა მეტოქე შენსავით ძლიერია, მაშინ დეტალები წყვეტენ ყველაფერს. კიდევ ერთხელ ვიტყვი, არ ველი, რომ "ბარსელონა" სადმე წააგებს ან ფრეს ითამაშებს, თუმცა უშუალო შეხვედრაში ამ გუნდის დამარცხებას ვაპირებ".

ამის შემდეგ ჟოზე მოურინიომ ახსნა თუ რატომ ათამაშა ახალგაზრდა ალექსი და სკამზე დატოვა პედრო ლეონი: "ოთხი წუთი რჩებოდა და ეს ოთხი წუთი ძალიან ბევრს ნიშნავს ალექსისთვის, ასევე იქნებოდა იმ შემთხვევაში, თუ კასადოს შევიყვანდი, მაგრამ პედროსთვის 4 წუთი თამაში არაფერია. ამიტომ, გადავწყვიტე, ერთ-ერთი მათგანი გამეხარებინა - ალექსს გაუმართლა, მას ბრწყინვალე საღამო ჰქონდა. ამ თამაშში განსაკუთრებით კმაყოფილი გრანეროთი ვარ. ის სწორედაც რომ საჭირო ფეხბურთელია, რომელსაც შეუძლია გუნდისთვის სარგებლიანი იყოს. გრანერო მალე სწავლობს და თამაშის მანერით ინტელიგენტი ფეხბურთელია".

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული