ამას ვის ვხედავთ, კეთილი იყოს შენი ფეხი ქარიმ!

AutoSharing Option

საფეხბურთო მოცარტის მასტერკლასი

"რეალმა" დაარსებიდან 109, ხოლო "ვალენსიამ" 92 წელიწადი ბრწყინვალე გამარჯვებებით აღნიშნეს. 27-ე ტურმა საჩემპიონო რბოლაში კორექტივები ვერ შეიტანა და ვერც - ბომბარდირთა დავაში. თუკი პირველში "ბარსელონა" კვლავ 7 ქულით უსწრებს "რეალს", "პიჩიჩისთვის" ბრძოლაში სრული პარიტეტია - ლეო მესისა და კრიშტიანო რონალდოს 27-27 გოლი აქვთ გატანილი. არგენტინელმა ვერ ისარგებლა პორტუგალიელის ტრავმით და წინ ვერ წაიწია. გაინტერესებთ, ვის უწოდეს მადრიდელთა საფეხბურთო მოცარტი? მაშ, ჩვენი მიმოხილვა წაიკითხეთ...

დამანახეთ ჩემი გუნდი

მიმოხილვას, ტრადიციულად, ორშაბათის მატჩით დავიწყებთ - "რიასორზე" მიგელ ანხელ ლოტინას "დეპორტივომ"
უმნიშვნელოვანესი სამი ქულა მოიპოვა "რეალ სოსიედადის" დამარცხებით (2:1) და "სამშვიდობო ზონას" მიუახლოვდა. მართალია, რიკისა და ადრიანის გოლებს ბასკმა იმანოლ აგირეჩემ თავურით უპასუხა, მაგრამ მეტის თავი ამ საღამოს "რეალ სოსიედადს" არ ჰქონდა. "დეპორს" ძვირი დაუჯდა ეს წარმატება - ჯერ ფორვარდი ლასადი დაემტვრა, შემდეგ მისი შემცვლელი - რიკი, ტრავმა მიიღო საყრდენმა ნახევამრცველმა ანტონიო ტომასმაც.
მარტინ ლასარტე (რეალ სოსიედადი): "ეს იყო ჩვენი ყველაზე ცუდი მატჩი სეზონში. ასეთ თამაშს ვერავითარი ლოგიკური ახსნა ვერ მოვუძებნე. მოედანს შევყურებდი და ჩემ გუნდს ვერ ვცნობდი. ასე თამაშით სერიოზულ მიზნებზე ლაპარაკი შეუძლებელია".
მიგელ ანხელ ლოტინა (დეპორტივო): "ეს იყო უმნიშვნელოვანესი მატჩი თავიდან დაბადებისთვის. დიდებულია, თამაშის წინ ვთქვით, რომ მხოლოდ გამარჯვება დაგვაკმაყოფილებდა და შევასრულეთ, თუმცა კი ძალიან ძვირი დაგვიჯდა".

9. რეალ სოსიედადი 27 11 2 14 38-44 35

13. დეპორტივო 27 7 10 10 23-36 31

ლეო ვს რონალდო, დუბლი 27...

...არ შედგა! ლეო მესიმ "სარაგოსასთან" ითამაშა და გამარჯვების გოლის მთავარი შემოქმედიც გახდა (სეიდუ კეიტამ მისი გარღვევის შემდეგ გაიტანა). აი, კრიშტიანო რონალდომ კი ვერ ითამაშა, პირველად ამ სეზონში. "უშუალო", ტურისეული დუელი არ შედგა, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია საინტერესო სტატისტიკა შემოგთავაზოთ:

ზედიზედ მესი რონალდო
მატჩი 11 26
გოლი 5 4
საგოლე პასი 4 3
უგოლო მატჩი 1 3

პირველი... თამაში, გოლი

პრიმერას 27-ე ტური არასოდეს დაავიწყდება მადრიდის "რეალის" 30-ე ნომერ ალეხანდრო ფერნანდესს (ალექსი), სანტანდერში ხომ მისი დებიუტი შედგა "სამეფო გუნდში". 88-ე წუთი იწყებოდა, როცა ჟოზე მოურინიომ დიდებულად მოთამაშე მესუთ იოზილის ნაცვლად მოედანზე ალექსი შეუშვა. ის "რეალის" აკადემიის მე-6 ფეხბურთელია, ვისაც ამ სეზონში მოურინიოს წყალობით "სამეფო კლუბში" დებიუტი ჰქონდა. სხვები კი ხუან კარლოსი, მატეოსი, ადანი, სარაბია და მორატა არიან. 18 წლის ნახევარმცველი ხეირინიად ბურთსაც არ შეხებია, თუმცა მთავარი ხომ ეს არ არის. ალექსი 2005 წლიდან "რეალის" აკადემიაშია. "რეალმა" წინასასეზონო სამზადისი ლოს ანჯელესში გაიარა და პორტუგალიელმა თავკაცმა იქ ალექსიც წაიყვანა. ალექსი ესპანეთის 19-წლამდელთა ნაკრების წევრია.
"ოსასუნას" 33 წლის მცველმა სერხიო ფერნანდეს გონსალესმა სეზონში პირველი გოლი გაიტანა, თან ამ გოლით მან გუნდს სტუმრად "მალაგასთან" მოაგებინა - 1:0. ტანმაღალმა სერხიომ გოლი თავურით გაიტანა.

ეგრე არა პაბლო, არც მასე ემანუელ

"ელ სარდინიეროზე" ემანუელ ადებაიორმა და პაბლო პინილიოსმა უფასო გაკვეთილი ჩაატარეს თემაზე - "როგორ არ უნდა დაარტყა პენალტი". ჯერ თავი "რასინგის" მარჯვენა მცველმა გამოიჩინა, მან პრაქტიკულად გაუგორა ბურთი იკერ კასილიასს, რომელმაც, ალბათ, კარიერაში ყველაზე იოლი თერთმეტმეტრიანი აიღო. გამეორება ცოდნის დედააო და... "რეალის" ტოგოელმა თავდამსხმელმაც ანალოგიურად დაარტყა პენალტი მეტოქის კარში, არც ტონიოს გასჭირვებია ბურთის აღება.
"რასინგი", თითქოს, დაწყევლილიაო - პინილიოსის გაცუდებული პენალტი ამ სეზონში მე-5 იყო კანტაბრიული კლუბისთვის. და იცით რამდენი პენალტი დაარტყეს ზღვისპირელებმა? - 6! "რეალისთვის" კი ეს პირველი წაფორხილება იყო მე-8 ცდიდან.

ტურის სიმბოლური ნაკრები

Gოალ.ცომ-ის მიხედვით
(მიზეზს კიდევ ერთხელ განვმარტავთ - ეს არის ნეიტრალური წყარო, ესპანური წყაროები კი ან პრომადრიდულია, ან პრობარსელონური)
4-4-2
მეკარე
ტონი დობლასი (სარაგოსა): იმისთვის, რომ "სარაგოსამ" მხოლოდ 0:1 წააგო და მეტი არა. ამ მატჩს ინტრიგა ბოლომდე დობლასის რეაქციამ შეუნარჩუნა.
მცველები
სერხიო (ოსასუნა): იმისთვის, რომ პირადად მოუტანა 3 ქულა ნავარულ კლუბს, 92-ე წუთზე გატანილი თავურით.
ირჟი იაროშიკი (სარაგოსა): იმისთვის, რომ "ჩელსის" ყოფილმა ფეხბურთელმა დაუძლეველი ზღუდე ამართა "ბარსას" ფორვარდებისთვის.
ნანო (ლევანტე): იმისთვის, რომ 31 წლის მცველი გმირულად ეომა "მალიორკას" ფორვარდებს და ეს ომი პირწმინდად მოიგო.
კოიკილი (ბილბაო): იმისთვის, რომ ბასკთა ერთ-ერთმა ყველაზე სტაბილურმა ფეხბურთელმა ამჯერადაც ასე ჩაატარა მატჩი, ფლანგზე ხესუს ნავასი ჩაკეტა, ხოლო ჩაწოდებით ფასიოს თავბრუ დაახვია და ამ უკანასკნელად საკუთარ კარში ჩაჭრა ბურთი.
ნახევარმცველები
ხოსე ანტონიო რეიესი (ატლეტიკო): ტურის მშვენება გოლის (შეიძლება, ჩემპიონატისაც) გატანისთვის, უზადო ტექნიკის დემონსტრირებისთვის.
მესუთ იოზილი (რეალი): იმისთვის, რომ თამაშის დასაწყისში მარცხენა ფეხზე "მიიწება" ბურთი და მატჩის ბოლომდე ვერ "მოაშორეს".
ხავიერ მასკერანო (ბარსელონა): იმისთვის, რომ, როგორც იქნა, დამკვიდრდა "ბარსელონაში". ვფიქრობთ, პირველად ითამაშა იმ დონეზე, როგორც "ბარსას" ფეხბურთელს ეკადრება.
პაბლო ერნანდესი (ვალენსია): დუბლისთვის, ბრწყინვალე ფორმაში ყოფნისთვის.
თავდამსხმელები
ქარიმ ბენზემა (რეალი): პირველად ტურის სიმბოლურში, მაგრამ სრულიად დამსახურებულად.
სერხიო აგუერო (ატლეტიკო): "ყვითელი წყალქვეშა ნავის" ჩაძირვისთვის.

ტურის გმირი
მესუთ იოზილი

ვინც "რეალის" პირველი გოლი ნახა ან მეორე, მიხვდება, რატომ არის გერმანელი ტურის საუკეთესო ფეხბურთელი. გარკვეულწილად, წვლილი ჟოზესაც მიუძღვის, მან 4 ნახევარმცველით ითამაშა და თან მხოლოდ ერთი საყრდენი იკმარა. ასევე აღსანიშნავია, რონალდოს არყოფნაც, ლიდერის ფუნქციები გერმანელმა ითავა. დანარჩენი კი ესპანურ და გერმანულ პრესას მივანდოთ:
"მარკა": "არავის მიუძღვის გამარჯვებაში იოზილის დარი წვლილი. პირველ ტაიმში გერმანელის თამაში ღირშესანიშნავი იყო. ბევრი ზუსტი პასი, დრიბლინგი, მოკლედ, მას ყველაფერი გამოსდიოდა. იოზილის ჩინებული საფეხბურთო და ადამიანური ნიუანსები საარაკოა".
Aშ: "იოზილი იყო ფანტასტიკური - ელეგანტური და ძალზე ეფექტური".
ABჩ: "იოზილის კრეატიულობამ ხელოვნების დონეს მიაღწია ამ თამაშში".
დიე ველტი: "მადრიდელებს ფეხბურთის მოცარტი ჰყავთ იოზილის სახით".

მესუთ იოზილმა ამ სეზონში 10 საგოლე პასი გააკეთა, ამის ნახევრით კრიშტიანო რონალდომ იხეირა.

ქარიმ -100

ქარიმ ბენზემას პირველი გოლი "რასინგის" კარში მე-100 იყო ჟოზე მოურინიოს ესპანურ კარიერაში. მას მერე, რაც ემანუელ ადებაიორმა ანგარიში გახსნა, სულ 4 წუთი იყო გასული, როცა თავი ფრანგმა გამოიჩინა. ჟოზემ საიუბილეო, მე-100 გოლს 42-ე თამაშში მიაღწია (27 ლა ლიგა, 7 ჩემპიონთა ლიგა, 8 კოპა).

ტურის ფრაზები

მე-5 ადგილი: მანუელ პელეგრინი: "აი, უბედობაც ამას ჰქვია - სამი ქულა ჩვენ გვეკუთვნოდა და მეტოქის საკბილო გახდა" - 92-ე წუთზე გაშვებული გოლით "ოსასუნასთან" წაგების შემდეგ.
მე-4 ადგილი: ხორხე ვალდანო: "შემდეგი ათწლეული "რეალში" მესუთ იოზილისაა, ეს უკვე ცხადზე უცხადესია".
მე-3 ადგილი: ჟოზე მოურინიო: "ბარსელონას" ფეხის დაცდენას არ ველი, თუმცა საშინაო მატჩში მის დამარცხებას ნამდვილად ვგეგმავ".
მე-2 ადგილი: ჟოზე მოურინიო: "4 წუთი რჩებოდა, პედრო ლეონი რომ შემომეყვანა, მისთვის ეს ვერაფერი შეღავათი იქნებოდა, ალექსისთვის კი ეს 4 წუთი ყველაფერია. მინდოდა, ის გამებედნიერებინა".
პირველი ადგილი: Aშ: "მესუთ იოზილი, თითქოს, წყლის ზედაპირზე დადიოდა, რაც სხვებს არ ძალუძთ".

ტურის მსხვერპლნი

ხაიმე გავილანი (ხეტაფე): "სპორტინგთან" მატჩში მუხლის იოგები ისე დაიზიანა, რომ 6 თვე უქმობა მოუწევს.
ტოტე (ერკულესი): მარჯვენა მუხლზე იოგები გაიწყვიტა და მასაც 6 თვე მოუწევს დასვენება.
ლუიშ ფაბიანო (სევილია): ბრაზილიელმა ისეთი ტრავმა მიიღო, რომ 6 კვირას ვეღარ ითამაშებს.
ხესუს დატოლო (ესპანიოლი): არგენტინაში მიდის კოჭზე ოპერაციის გასაკეთებლად.

ტურის სტატისტიკა

24 გოლი (2,4 მატჩში), 50 გაფრთხილება, 1 გაძევება
ყველაზე მეტი მაყურებელი: კამპ ნოუ, 78 965
ყველაზე ცოტა მაყურებელი: სიუტატ დე ვალენსია, 13 600
ყველაზე მეტი დარტყმა კარისკენ: 23 - ბარსელონა
ყველაზე მეტი დარტყმა კარში: 11 - ბარსელონა
ყველაზე მეტი ჯარიმა: 24 - ოსასუნა
ყველაზე მეტი კუთხური: 13 - ბარსელონა, ბილბაო
ყველაზე დიდი ბურთის ფლობის %: 80 - ბარსელონა

თOP-10 "დონ ბალონის" მიხედვით

1. მესი ბარსელონა 184 7,67
2. რონალდო რეალი 188 7,23
3. როსი ვილიარეალი 179 7,16
4. ბ. ვალერო ვილიარეალი 176 7,04
5. კასორლა ვილიარეალი 183 7,04
6. დ. ალვეში ალმერია 188 6,96
7. ინიესტა ბარსელონა 187 6,93
8. არანსუბია დეპორტივო 141 6,71
9. რეიესი ატლეტიკო 161 6,71
10. ვილია ბარსელონა 174 6,69

დაბოლოს, ამ სახალისო ფოტოზე "ელ სარდინიეროს" ვიპ-ლოჟაა, სადაც "რასინგის" ახალი მფლობელი, ინდოელი მილიარდელი ალი საიედი ფლორენტინო პერესის თანდასწრებით დიდგულობს. ცხადია, ფოტო "რასინგი"-"რეალის" დაწყებამდეა გადაღებული...



გვერდი მოამზადა ნიკოლოზ ნეფარიძემ

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული