რატომ მოგვენატრება ჩაბი ალონსო?

AutoSharing Option
დასრულდება ეს სეზონი და დასრულდება ჩაბი ალონსოს შესანიშნავი კარიერა. ბოლო წლების ერთ-ერთმა გამორჩეულმა ფეხბურთელმა ასე გადაწყვიტა. "მე ვცხოვრობდი და ვსუნთქავდი ფეხბურთით. მშვიდობით, დიდო თამაშო." - განაცხადა ჩაბიმ. რატომ მოგვენატრება ბასკი საყრდენი? ჩვენს წერილში სწორედ ამ კითხვას ვუპასუხებთ.

იდეალური კარიერისათვის
"რეალ სოსიედადში" ჯერ კიდევ მაშინ გამოჩნდა, როცა 18 წლის იყო. 2 წლის შემდეგ უკვე გუნდის კაპიტანი გახდა. ამის შემდეგ კი მსოფლიოს სამ გამორჩეულ გუნდში ითამაშა - "ლივერპულში", "რეალში" და "ბაიერნში". ჩაბიმ მხოლოდ ინგლისის ჩემპიონატი ვერ მოიგო.

"ყველაზე მეტად გული იმაზე მწყდება, რომ
"ლივერპულთან" ერთად პრემიერლიგის მოგება ვერ მოვახერხე. არადა, 2009 წელს ამასთან ძალიან ახლოს ვიყავით. მე ვერასოდეს შევიგრძნობ ამ სიხარულს. ვერ ვნახავ შეშლილ ქალაქს, როგორც ეს მოხდა ჩემპიონთა ლიგის სტამბოლური ფინალის შემდეგ.

მე ვიცი, რომ "ლივერპულის" ქომაგებისათვის ყველაზე მნიშვნელოვანია პრემიერიგის მოგება. და მაინც, ტიტულების გამო გული ვერაფრით დამწყდება. ახლა კი მინდა, "ბაიერნთან" ერთად ყველა შესაძლო ტიტული მოვიგო." - ამბობს ჩაბი.

ჩაბი ალონსო ესპანეთის ნაკრების შემადგენლობაშიც უმნიშვნელოვანესი ფეხბურთელი გახლდათ. იყო გუნდის კაპიტანი ევროპის ჩემპიონატზე, 2008 წელს. 2010 წლის მუნდიალზე ყველა შეხვედრა ჩაატარა.

სტამბოლის ქამბექისათვის
"ბარსელონას" მიერ განხორციელებული ეპოქალური "ქამბექის" მიუხედავად, ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში მთავარი "ქამბექი" მაინც სტამბოლში მოხდა, სადაც "ლივერპულმა" სასწაული თამაში მოუტრიალა "მილანს" ჩემპიონთა ლიგის ფინალში. ჩაბის გოლით გაათანაბრა ანგარიში "ლივერპულმა" და გადაიყვანა მატჩი დამატებით დროში.

დიდებული პასებისათვის
ჩაბის პასის მანერა მართლაც განსაკუთრებულია. თვით მეტოქე ინგლისური გუნდის გულშემატკივრებიც კი მას ტაშს უკრავდნენ ამის გამო. მართლაც, ყველას როდი შეუძლია 80 მეტრიანი პასის გაკეთება.

თანაც, როგორც დიაგონალზე, ისე პირდაპირ. თვითონ ჩაბისათვის იდეალი სტივენ ჯერარდია. "მე მიყვარს მისი ართმევები, მაგრამ ყველაზე დიდ სიამოვნებას ვიღებ, როცა ჯერარდის პასებს ვუყურებ." - აცხადებდა თავის დროზე ბასკი.

ცენტრიდან გატანილი გოლებისათვის
ინგლისში მან ორჯერ მოახერხა მინდვრის ცენტრიდან გოლის გატანა. თავიდან ჩაბის ჯადოსნური დარტყმის მსხვერპლი მოკრძალებული "ლუტონი" შეიქმნა, შემდეგ კი ბასკმა "ენფილდი" ააფეთქა, როცა "ნიუკასლის" მეკარეს ცენტრიდან ულამაზესი დარტყმით გაუტანა. სტივენ ჰარპერი ამ შემთხვევაში ვერაფერს გახდა.

"ცენტრიდან დარტყმა რისკი არაა. შენგან გოლს არავინ ელოდება და თუ ბურთი გავა, ყველა მხოლოდ და მხოლოდ მეკარეს დაადანაშაულებს. შენზე წნეხი საერთოდ არაა. რატომ არ უნდა სცადო, თუნდაც იშვიათად? მითუმეტეს, გამომდიოდა ეს. რაც ვიცი, იმას ვაკეთებ. გინახავთ, როდესმე ჩაბის ფინტების კასკადით თავბრუ დაეხვიოს მცველებისათვის?" - მსჯელობს ალონსო.

ოჯახის ერთგულებისათვის
ახალგაზრდა, გრძელთმიანმა ბასკმა ლამაზმანმა ნაგორე არანბურუმ და ჩაბიმ ერთმანეთი სან სებასტიანში გაიცვნეს. იქ გოგონა სტილისტად მუშაობდა ტელევიზიაში. ახლა წყვილს სამი შვილი ჰყავს. ჩაბისათვის ოჯახი ყველაფერს ნიშნავს. როცა პირველი შვილი იბადებოდა, მან ჩემპიონთა ლიგის გასვლითი მატჩი გამოტოვა "ინტერთან".

ქარიზმისა და ხასიათისათვის
"ძალიან ბედნიერი ვარ. მე შევძელი, მემუშავა ბენიტესთან, მოურინიოსთან, გვარდიოლასთან და ანჩელოტისთან. არცერთ მათგანთან მე არ მქონია უთანხმოება." - ამბობს ჩაბი და ეს ნათლად მეტყველებს მისი ხასიათის თვისებებზე.

ასე განსაჯეთ, ალონსო არც მაშინ დაჯახებია ბენიტესს, როცა რაფას ფეხბურთელის გაყიდვა სურდა, რათა "ლივერპულის" სალარო შეევსო. "მისი ყოფნა გასახდელში დადებით აურას ქმნის. ის იდეალური ხასიათის ფეხბურთელია." - ამბობს ჩაბის თაობაზე მისი ყოფილი მწვრთნელი, ჯონ ტოშაკი.

ჩაბის უახლოესი მეგობარია სტივენ ჯერარდი. "ყოველი წუთი, უშენოდ მინდორზე გატარებული, ჩემთვის მძიმეა." - ასე მიმართა ერთხელ ბასკმა ლეგენდარულ მეგობარს.

"ლივერპულის" ერთგულებისათვის
მას შემდეგ, რაც"ლივერპულის" მთავარ მწვრთნელად იურგენ კლოპი დაინიშნა, ჩაბიმ თქვა: "ძველი დიდება ახლოა". ის ოპტიმისტურადაა განწყობილი მერსისაიდული კლუბის მომავალთან დაკავშირებით. "ჩემი საყვარელი ფერი წითელია." - ამბობს ჩაბი.

ცნობილია, რომ თუ საშუალება და დრო აქვს, ის არასოდეს აცდენს "წითელი ეშმაკების" თამაშს. "მჯერა, გუნდი მოახერხებს პრემიერლიგის მოგებას." - ესეც ჩაბის სიტყვებია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ცნობილია, რომ თუ საშუალება და დრო აქვს, ის არასოდეს აცდენს "წითელი ეშმაკების" თამაშს. "მჯერა, გუნდი მოახერხებს პრემიერლიგის მოგებას." - ესეც ჩაბის სიტყვებია.m Manchesteris motamashe motamashe mgonia Alonso :p
Mushvan
19:37 18-03-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული