ჟორდი ალბა - ლუის ენრიკეს სქემებს შეწირული

AutoSharing Option
საკლუბო ტურნირების შესვენებისას ყველაზე მეტად მომავალ ტრანსფერებზე ლაპარაკობენ, მით უფრო, როცა საქმე "ბარსელონას" ეხება. მედიაში ბოლო დროს ბევრი რამ დაიწერა. რომელია ჭორი და რომელი მართალი, ზაფხული გვიჩვენებს...

ესპანური მედიის ცნობით, "ბარსელონა" კვლავ ცდილობს "რეალის" ნახევარმცველის, ისკო ალარკონის ხელში ჩაგდებას.

წყარო ამტკიცებს, რომ ესპანეთის ნაკრების ნახევარმცველს "ბარსა" ბონუსად 20 მილიონ ევროს სთავაზობს, თუ იგი ტრანსფერზე დათანხმდება და კატალონიაში თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავა.

"ბარსელონას" წინადადება ასეთია: ისკომ უნდა დაიცადოს, არ გააფორმოს "რეალთან" ახალი კონტრაქტი და მომავალ ზაფხულს (2018 წელს) თავისუფალი აგენტის სტატუსით
გადავიდეს. ამის შემდეგ "ბარსა" მასთან 5-წლიან ხელშეკრულებას გააფორმებს საკმაოდ მაღალი ხელფასით, რომელსაც დაემატება ეს 20 მილიონი.

წინადადება მართლაც მომხიბლავია, მით უფრო, ისკოსთვის, რომელსაც "რეალში" ნაკლებად ენდობიან. ერთი ეგაა, რომ "რეალიდან" "ბარსელონაში" გადასვლა ძალზე ძნელად მისაღები გადაწყვეტილებაა. ამიტომაც ისკოს "ბარსელონასთვის" ჯერ პასუხი არ გაუცია. ამ სეზონში ისკომ 22 მატჩში 6 გოლი გაიტანა და 4 საგოლე პასი გააკეთა, თუმცა მატჩების მხოლოდ ნახევარი დაიწყო სასტარტო შემადგენლობაში.

* * *
ამასობაში "ბარსელონაში" ლუის ენრიკეს მიერ განხორციელებულ ტაქტიკურ ცვლილებას ერთი ფეხბურთელის უკმაყოფილება მოჰყვა - ჟორდი ალბას არ მოსწონს, რომ გუნდი 3-4-3 სისტემაზე გადავიდა. ეს ბუნებრივიცია, ამ სისტემამ სწორედ ალბა დააზარალა ყველაზე მეტად, რადგან სამ მცველს შორის მისი ადგილი აღარ არის. ბოლო მატჩებში მან სასტარტოში ადგილი დაკარგა:

"ესპანეთის ნაკრებში მწვრთნელები ბოლომდე მენდობიან და ეს ამბავი ძალიან მსიამოვნებს, მაგრამ სწორედ ეს მაკლია "ბარსელონაში". როცა სტაბილურად ვთამაშობდი გუნდში მწვრთნელისთვის არ მითხოვია ამის ახსნა. ახლა, როცა აღარ ვთამაშობ, არ ვაპირებ, მოვთხოვო ახსნა-განმარტება. მესმის, რომ ასეთია მწვრთნელის გადაწყვეტილება", - განაცხადა ალბამ.

* * *
"ბარსას" სატრანსფერო გეგმებზე ბოლო დღეებში განსაკუთრებით ბევრს წერენ. ძირითადად, საუბარია ყოფილი ფეხბურთელების დაბრუნებაზე - კატალონიელებს "ევერტონიდან" ჟერარდ დეულოფეუს გამოსყიდვა სურთ, "არსენალიდან" კი - ექტორ ბელერინის, ხოლო "ბაიერნიდან" უკან ტიაგო ალკანტარას ეპატიჟებიან. ალკანტარას კონტრაქტი 2019 წლამდე აქვს "ბაიერნში" და თავად არ არის წინააღმდეგი, კიდევ უფრო დიდი ხნით დარჩეს ბავარიულ გუნდში. ამ სეზონში მან ბუნდესლიგის 21 მატჩში 3 გოლი გაიტანა და 4 საგოლე პასი გააკეთა.

* * *
კატალონიური "სპორტი" წერს, რომ "ბარსელონა" ახალი ბუსკეტსის შეძენას აპირებს - გუნდი ძალიან ახლოს ყოფილა "ჟიმნასტიკის" ნახევარმცველის, ხოსეპ კალავერას შეძენასთან. კალავერა ჯერ 18 წლისაც არ არის, თუმცა ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისთვის სრულწლოვანიც გახდება. თავიდან მას "ბარსას" სარეზერვო გუნდში გაამწესებენ, საბოლოო მიზანი კი სწორედ ბუსკეტსის შეცვლა იქნება. კალავერა, "ბარსას" გარდა, "რეალსა" და "ვალენსიასაც" აინტერესებთ.

* * *
გუნდის ერთ-ერთმა ლიდერმა ანდრეს ინიესტამ "ბარსელონასთვის" რონალდინიოს მნიშვნელობაზე ილაპარაკა: "რონალდინიო უნიკალური ფეხბურთელი იყო. მან "ბარსელონას" კურსი შეცვალა. გუნდში სიხარული შემოიტანა და კიდევ ბევრი სხვა მნიშვნელოვანი რამაც დაამატა". შეგახსენებთ, რომ რონალდინიო 2003 წელს გადავიდა "ბარსელონაში" "პარი სენ-ჟერმენიდან".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული