სერხიო ბუსკეტსი: "ბარსელონაში" ეგოისტები არ თამაშობენ

AutoSharing Option
28 წლის სერხიო ბუსკეტსი მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ნახევარმცველია. მისი კოზირი მოწინააღმდეგის იერიშების ჩაშლაა, მაგრამ უარს არც შექმნაზე ამბობს. "ბარსელონას" ჰყავს დიდი ვარსკვლავები, მაგრამ როცა საქმე ლიდერების დასახელებაზე მიდგება, ჩვენს გმირს ხშირად ახსენებენ ხოლმე.

"რა გამოარჩევს ჩვენს გუნდს? ეს არის არნახული ერთიანობა და საკუთარი ძალების რწმენა. "ბარსელონასათვის" არ არსებობს დაუძლეველი სირთულე. ეს კიდევ ერთხელ დადასტურდა "სენ-ჟერმენთან" ჩემპიონთა ლიგაზე გამართულ ორრაუნდიან შეხვედრაში. ჩვენ ბევრმა განწირულად ჩაგვთვალა პირველი მატჩის შემდეგ, მაგრამ დავამტკიცეთ, რომ საქმე სხვანაირად იყო", - ამბობს ბუსკეტსი.

ალბათ, საინტერესოა სერხიოს აზრი
ჩემპიონთა ლიგაზე "იუვენტუსთან" კარსმომდგარი შეხვედრის თაობაზე.

"ერთმანეთს ხვდება ორი დიდი გუნდი და, რა თქმა უნდა, ეს შეხვედრა უდიდეს ინტერესს იწვევს. ჩვენ გვაქვს საკუთარი თავის რწმენა, თუმცა ორი აზრი არ არსებობს იმის თაობაზე, რომ მოწინააღმდეგე ძალიან სახიფათოა და ჩვენ ბოლომდე უნდა დავაფასოთ ის. მე ასე ვიტყვი: მოიგებს ის, ვინც უკეთ იქნება მზად ორრაუნდიანი ბრძოლისათვის".

საინტერესოა, როგორ ეთვისება ერთმანეთს "ბარსელონას" შემადგენლობაში მოთამაშე ამდენი ვარსკვლავი. ამის თაობაზე ბუსკეტსს ძალიან საინტერესო და რეალობასთან მიახლოებული მოსაზრება აქვს.

"თუ ჩვენს თამაშს დააკვირდებით, ნახავთ, რომ ჩვენ გუნდისათვის ვთამაშობთ და არა საკუთარი თავისათვის. "ბარსელონას" თამაშში ეგოიზმი არ არის და ეს არ შეიძლება, არ გახარებდეს. ზოგადად, ეს უცხოა კლუბის ფილოსოფიისათვის", - ამბობს ბუსკეტსი.

მოგეხსენებათ, ესპანეთის ჩემპიონობისათვის დიდი ბრძოლაა გაჩაღებული "ბარსელონასა" და "რეალს" შორის.

"ჩვენ ბოლომდე უნდა ვიბრძოლოთ. ეს დიდი ბრძოლაა და ორივე მხრიდან იქნება შეცდომები. ჩვენ ისინი უკვე საკმარისად დავუშვით და აღარ გვინდა, რომ გავიმეოროთ", - ამბობს ბუსკეტსი, ვინც საფეხბურთო ოჯახიდანაა. მამამისი, კარლესი, მეკარე იყო და ცხრა წლის განმავლობაში "ბარსელონაში" თამაშობდა.

"ის ჩვენი გუნდის ხერხემალია. მისი იმედი შეიძლება ნებისმიერ სიტუაციაში გქონდეს. ის უბრალოდ შეუცვლელი ფეხბურთელია გუნდისათვის", - ასე ახასიათებს შეგირდს "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელი ლუის ენრიკე...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული