კარლეს პუიოლი: მწვრთნელობა ჩემი საქმე არაა!

AutoSharing Option
39 წლის კარლეს პუიოლი ერთხელაც ჩავიდა მოსკოვში. ის რუსეთის დედაქალაქს "ალფა-ბანკის" სპეციალური მიწვევით ესტუმრა. ეს ბანკი რუსეთში გასამართავი კონფედერაციათა თასისა და მუნდიალის ოფიციალური სპონსორია.

ლეგენდარულმა ესპანელმა მცველმა ჟურნალისტებთან სასაუბროდაც გამონახა დრო (ინტერვიუ "იუვესთან" საპასუხო მატჩის წინ არის ჩაწერილი)...

- თქვენ რუსეთში სულ ცოტა ხნის წინ იყავით. მას შემდეგ მხოლოდ თვენახევარი გავიდა...
- თქვენ წარმოიდგინეთ, არც ამდენი დრო არ გასულა. მაშინ ჩემი ვიზიტი ძალიან ხანმოკლე გამოდგა. ვიყავი მხოლოდ მოსკოვში და სანკტ-პეტერბურგში. ახლაც ხანმოკლეა ჩემი ვიზიტი. სამწუხაროდ, ვერ მოვახერხე ქვეყნის ისე კარგად
გაცნობა, როგორც მინდოდა. არაუშავს, კონფედერაციათა თასზე აუცილებლად ჩამოვალ და ამ ნაკლს შევავსებ.

- საერთოდ, ბევრს მოგზაურობთ?
- კარიერის დასრულების შემდეგ ეს გაცილებით იოლი გახდა. მე აღარ მაქვს დროის დეფიციტი. ძალიან ბევრს ვმოგზაურობ. ვმონაწილეობ სხვადასხვა პროექტში და ამის გამო ძალიან ბედნიერი ვარ.

- არ გინდათ, რომ მწვრთნელი გახდეთ?
- არა, ამაზე საერთოდ არ ვფიქრობ. მას შემდეგ, რაც ივან დე ლა პენიასთან ერთად ახალგაზრდა ფეხბურთელების ინტერესების დამცველი ფირმა გავხსენი, საქმე თავზე საყრელად მაქვს. მწვრთნელობა ჩემი საქმე არაა.

- საინტერესოა, თუ იყო შეთავაზება სხვა კლუბებისგან?
- როდესაც აქტიური საფეხბურთო კარიერა დავასრულე, რამდენიმე გუნდმა შემომთავაზა სამსახური მთავარი მწვრთნელის ასისტენტის პოსტზე. მადლობელი ვარ ყველასი, ვინც ჩემი სამსახური მოისურვა, მაგრამ არ მინდა, ამ საქმეს გავყვე.

- მწვრთნელობაზე უარს მაშინაც იტყვით, თუ გუნდის გაძღოლას "ბარსელონას" ხელმძღვანელობა შემოგთავაზებთ?
- "ბარსელონას" შესანიშნავი ხელმძღვანელობა ჰყავს. მწვრთნელიც. მე მომწონს ლუის ენრიკეს მუშაობის სტილი. ძალიან საწყენია, მან წასვლა რომ გადაწყვიტა. ის საუკეთესო მწვრთნელია ამ ფორმაციის გუნდისათვის. "ბარსელონას" მიმდინარე სეზონში გარკვეული სირთულეები აქვს, მაგრამ მას ჯერ კიდევ შეუძლია, ტრიუმფალურად ჩაამთავროს სეზონი. მწვრთნელი ახალ სქემებს ეძებს და ხვეწს. თუნდაც, სამ-მცველიან სქემას.

- და მაინც, პრობლემები დარჩა. თუნდაც, ჟერემი მატიო ავიღოთ. როცა ის შეტევას იწყებს, აშკარად ღალატობს პირველი პასი და ამით მეტოქეები სარგებლობენ...
- მატიო ძალიან ხარისხიანი მცველია. მე მიმაჩნია, რომ ჩვენ მის მიმართ ძალიან დიდი მოწიწებით უნდა განვეწყოთ. ის პასის კულტურით "ბარსელონას" სხვა მცველებს არანაირად არ ჩამორჩება.

- ლუის ენრიკეს შემცვლელად არაერთ სპეციალისტს ასახელებენ - ხორხე სამპაოლიდან დაწყებული, ხუან უნსუეთი დამთავრებული. თქვენ რომელს ისურვებდით "ბარსელონას" სათავეში?
- მართლა არ ვიცი, რომელს ავირჩევდი. ამაზე მე არ მაქვს ზუსტი პასუხი. "ბარსელონას" მწვრთნელის შერჩევა ჩემი ამოცანა ნამდვილად არ არის. მე ვიტყვი ერთს: ძალიან მომწონს ის, თუ როგორ მუშაობს ლუის ენრიკე. მან წასვლა გადაწყვიტა და ჩვენ ვალდებულნი ვართ, პატივი ვცეთ მის გადაწყვეტილებას. სხვათა შორის, ძალიან მიხარია, რომ "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელი ჩემი დასანიშნი არ არის.

- არ გეჩვენებათ, რომ ლუის ენრიკე და გუნდი ერთმანეთისგან ცოტა დაიღალნენ?
- არა, ასე სულაც არ მეჩვენება. ჩვენ ამაზე მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ ვსაუბრობთ, რომ "ბარსელონა" "იუვენტუსთან" დამარცხდა. ეს წაგება რომ არ ყოფილიყო, დამიჯერეთ, ახლა ამაზე საერთოდ არ ვილაპარაკებდით. ასევე იყო "პარი სენ-ჟერმენთან" პირველი მატჩის შემდეგ, მაგრამ მორჩა საპასუხო შეხვედრა და ყველა ძალიან ბედნიერი იყო.

- გჯერათ, რომ ეს სასწაული შეიძლება მოხდეს?
- შანსი ყოველთვის არის!

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული