ჩაბი ალონსო - ჯენტლმენი სუპერკომპიუტერით თავში

AutoSharing Option
ჩაბი ალონსომ თავისი შესანიშნავი კარიერის დასრულების გადაწყვეტილება მიიღო. ესპანელმა ვარსკვლავმა არაერთი დაუვიწყარი მატჩი ჩაატარა. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ფეხბურთს კიდევ ერთი დიდი ვარსკვლავი გამოაკლდა. ის ნამდვილად იმსახურებს ლამაზ გამოთხოვებას თუნდაც ჩვენგან, დაუსწრებლად რომ გვატკბობდა წლების განმავლობაში თავისი ლამაზი თამაშით.

ყველაზე ადეკვატური ფეხბურთელი
ძალიანაც რომ ვეცადოთ, ჩვენ ვერაფრით გავიხსენებთ ბინძურ, მდაბალ საფეხბურთო ისტორიას, რომლის მონაწილეც არის ჩაბი ალონსო. ის არის მაგალითი, თუ როგორ უნდა იყო სპორტში ჯენტლმენი. ის ყოველთვის იყო გუნდის ხერხემალი. კავშირი შეტევასა და დაცვას შორის.

მისი გადაწყვეტილებები, ერთი შეხედვით, არცთუ
მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები, მუდამ არეგულირებდა თამაშის ტემპს, განსაზღვრავდა მას. ის ამბობდა, რომ იყო მეკავშირე დაცვასა დაშეტევას შორის, მაგრამ ეს ჩაბისათვის ნაცნობი და შინაური თავმდაბლობაა. ის სინამდვილეში თამაშის უბადლო არქიტექტორი იყო.

"ჩემი თამაშის სტილი არასოდეს ყოფილა ბრწყინვალე. თითქმის არასოდეს გამიკეთებია ისეთი რამეები, რაც იპყრობს განსაკუთრებულ ყურადღებას. მე არ ვატყუებ სამ მოწინააღმდეგეს და ჩემი სურათები არ არის გაზეთების პირველ გვერდებზე მორიგი ჰეთ თრიკის შემდეგ. ეს ჩემი სტილი არ არის. ამავე დროს, სწორედ ესაა ფეხბურთი - გაერთიანდეს სხვადასხვა ხასიათის ფეხბურთელების შესაძლებლობები მინდორზე. სწორედ ამას მოაქვს ტიტულები." - ამბობს ჩაბი.

ჩაბის კარიერა მხოლოდ იმიტომ არ იყო იდეალური, რომ მან ჩემპიონთა ლიგა მოიგო და გაიტანა სტამბოლის ლეგენდარულ ფინალში. ის უნიკალური ფეხბურთელია იმით, რომ იმუშავა ბენიტესთან, მოურინიოსან, ანჩელოტისთან და გვარდიოლასთან. და ის ყველა მწვრთნელისათვის იყო უაღრესად ფასეული ფეხბურთელი, ჯადოქარი, რომელიც მინდვრის შუაში ტრიალებდა.
"თუ შენ იგებ ბრძოლას ნახევარდაცვაში, დიდი ალბათობით, იგებ მატჩსაც, სწორედ იქედან იმართება თამაში. და მაინც, ჩემი თამაში რომ სასარგებლო ყოფილიყო, ჩემს გვერდით უნდა ყოფილიყვნენ ჩემზე უკეთესი ხარისხის ფეხბურთელები. რაც უფრო უკთესები იყვნენ ისინი, მით უფრო უკეთესი იყო ჩემი თამაში. მე მათ უბრალოდ ვეხმარებოდი." - კიდევ ერთი თავმდაბლობის ნიმუში ჩაბისაგან.

"ლივერპულში ის სტივენ ჯერარდის მეწყვილე იყო. "რეალში" გრძელი გადაცემებით ამარაგებდა კრიშტიანო რონალდოს. "ბაიერნში" კი მის შესახებ პეპ გვარდიოლამ თქვა: "თუ ყველაფერს იმით გავზომავთ, თუ როგორ დასდევს მეტოქეს ფეხბურთელი, მაშინ ჩაბი უარესი ფეხბურთელია მსოფლიოში, მაგრამ ეს მე არ მაინტერესებს. ის ბურთით უბრალოდ საუკეთესოა."

"ჩემი მიზანი არ არის ის, რომ ერთხელ გავიბრწყინო თამაშში და ამით მოვრჩე. ჩემი მთავარი ამოცანა სტაბილურად თამაშია. ნებისმიერ სიტუაციაში მაქსიმალურად სწრაფად უნდა მივცე ბურთი შემტევ ფეხბურთელებს." - ამბობდა ალონსო.

ჭკვიანური თამაში
ჩაბის ძალისმიერი ფეხბურთი არასოდეს სძულდა, მაგრამ ყოველთვის ინტელექტუალურ მოდელს არჩევდა. მან რამდენჯერმე თქვა, რომ საბავშვო აკადემიებში კიდევ უფრო უკეთესად უნდა აუხსნან მოზარდებს შემოქმედებითი თამაშის საიდუბლოებები.

მას მაგალითებად ყოველთვის მოჰყავდა სერხი ბუსკეტსი, სანტი კასორლა, ჩავი, დავიდ სილვა და ხუან მატა. ამ ფეხბურთელებმა ყოველთვის იციან, როდის დაიჭირონ ბურთი და როდის მისცენ ის პარტნიორს. "სათამაშო ინტელექტი ფეხბურთელის მთავარი თვისებაა. ის ბავშვობაში უნდა განავითარო." - ეს ჩაბის სიტყვებია.

მას ძალიან საინტერესო მოსაზრება აქვს ფეხებში ვარდნასთან დაკავშირებით. "თუ მე, ან ვინმე სხვა აკეთებს ამას, გამოდის, რომ ჩვენი პოზიცია არ იყო სწორი მოძრაობის დაწყებისას. ყოველი ასეთი ეპიზოდი არ მახარებს, პირიქით. "ბაიერნში" და სხვაგანაც სულ ვცდილობდი, წამითაც არ მოვდუნებულიყავი. სულ ვეუბნებოდი საკუთარ თავს, ფორმაში უნდა იყო - მეთქი."

ფესვები
ჩაბის იოლად როდი გამოუვიდა ფეხბურთელობა. არადა, მამა ცნობილი ფეხბურთელი ჰყავდა - პერიკო ალონსომ "ბარსელონაში" ითამაშა და იყო "სოსიედადის" ვარსკვლავი. სამჯერ მოიგო ლა ლიგა. ერთხელ ჩაბიმ სკოლაში ესპანურ ენაში გამოცდა ჩააფლავა და დედა მას მთელი თვის განმავლობაში არ აძლევდა ფეხბურთის თამაშის უფლებას.

"საერთოდ ვერ წარმოვიდგენდი, თუ ფეხბურთელი გავხდებოდი. 16 წლამდე ჩემი ცხოვრება ჩვეულებრივი იყო. ვსწავლობდი და დამატებით მივდევდი სპორტს. მე გამიმართლა, რომ ბავშვობიდანვე მხოლოდ ფეხბურთში არ ვიყავი. ასეთ შემთხვევაში შეიძლებოდა, ძალიან ბევრი რამ ვერ შემეცნო მსოფლიოში. ესეც დამეხმარა ცხოვრების აწყობაში." - მიიჩნევს ჩვენი გმირი.

ჩაბის დედამ შეასწავლა ანალიტიკური აზროვნება. "თუ შენ არჩეულ კურსს შემთხვევითობის იმედად გადაუხვევ, მაშინ ვერაფერს მაღწევ." - მსჯელობს ის. 9 წლის ალონსოს შეემთხვა ისტორია, რომელიც კარგად უსვამს ხაზს დედამისის სიხისტეს.

ესპანელი კინორეჟისორი ხულიო მედემი იღებდა მისთვის სადებიუტო სრულმეტრაჟიანს ფილმს "ძროხები". ჩაბი მან ქუჩაში შენიშნა. რეჟისორი სწორედ ასეთ ტიპაჟს ეძებდა. ფილმის კასტინგ-დირექტორი ბიჭუნას გაეცნო და დედასთან შეხვედრა სთხოვა. რამდენიმე წუთში მტკიცე უარი მოისმა: "ბიჭს ხელი არ უნდა შევუშალოთ სწავლაში." - ასეთი იყო დედის არგუმენტი.

მეგობრობა მიკელ არტეტასთან
ბავშვობაში ჩაბი ძალიან ხშირად თამაშობდა ფეხბურთს სან სებასტიანის პლაჟებზე. სწორედ იქ გაიცნო მან მიკელ არტეტა. შაბათ-კვირას ბავშვები პატარა საფეხბურთო სასწაულებით ართობდნენ საზოგადოებას. ბიჭები მაგრად დამეგობრდნენ. ისინი ერთ გუნდში თამაშზე ოცნებობდნენ და მალე ჩაირიცხნენ კიდეც "ანტიგუოკოში".

დუეტი დაიშალა, როცა მათ 16 წელი შეუსრულდათ. ჩაბი ირლანდიაში წავიდა სკოლის გაცვლითი პროგრამით, რათა უბრალო ოჯახში ეცხოვრა, უკეთ ესწავლა ინგლისური და ბრიტანული ფეხბურთი ეგრძნო. არტეტა კი ზუსტად ამ დროს წაიყვანა "ბარსელონამ".

ჩაბი ალონსოს პირველი მწვრთნელი, რობერტო მონტიელი იხსენებს: "ჩაბი ყოველთვის ძალიან მორიდებული, თავის თავში ჩაკეტილი იყო. ის საერთოდ არ შეცვლილა. თავიდან მას არ ჰქონდა ლიდერის თვისებები, როგორც არტეტას. დროთა განმავლობაში გამაგრდა. მას ლიდერობისთვის არ სჭირდება ბევრი საუბარი, მისი რამდენიმე სიტყვაც საკმარისია. მთავარი კი ისაა, რომ მას თავში სუპერკომპიუტერი აქვს".

ჩაბის და არტეტას არ უთამაშიათ ერთ გუნდში პროფესიონალურ დონეზე, მაგრამ ერთ ქალაქში კი იცხოვრეს. სწორედ ალონსოს რჩევით, ვინც იმჟამად "ლივერპულში" თამაშობდა, გადავიდა არტეტა "ევერტონში".

Sportall.Ge

სტილი
ჩაბი ალონსოს სტილი - ეს კლასიკაა. "სტილი პიროვნებაზე ბევრს მეტყველებს. მე თავდაჭერილი, აკადემიური სტილის მომხრე ვარ. ჩემი ჩაცმულობა არასოდეს იქცევს ყურადღებას. კი, მე ვარჩევ საათებს და ჩასაცმელს, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ ვარ მოდის მსხვერპლი. მე არასოდეს ვნადირობ ბოლო კოლექციებზე. ბოლო დროს ბევრ რამეს ინტერნეტის მეშვეობით ვყიდულობ." - ყვება ალონსო.

ჩაბის დიდი გატაცებაა საათები. ის საათებს ჯერ კიდევ იმ დროიდან აგროვებდა, როცა "ლივერპულში" თამაშობდა. 2016 წელს წარმოადგინა კიდეც საკუთარი კოლექცია. "საათები ბევრს ამბობენ მის მეპატრონეზე. ეს რაღაც განსაკუთრებულია." - მიიჩნევს ალონსო.

ის მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში იკეთებს ორ განსაკუთრებულ საათს. ერთი ჩემპიონთა ლიგის მოგებული ფინალის შემდეგ მიიღო "ლივერპულისაგან", მეორე კი ცოლის საქორწინო საჩუქარია.

ხელოვნება
2010 წლის ზაფხულში მადრიდის მუზეუმმა ვიპ-საშვებით დაასაჩუქრა ესპანეთის ნაკრების ფეხბურთელები. მათ შეეძლოთ პირადი კოლექციებისა და ყველა სამუზეუმო ექსპონატის დათვალიერება სპეციალური გიდის მეშვეობით.

მუზეუმში შეხვდებით რუბენსის, რაფაელის, კარავაჯოს, რემბრანდტისა და სხვათა შედევრებს. მსოფლიოს 23 ჩემპიონიდან საშვი მხოლოდ ერთმა გამოიყენა. მისი გამოცნობა არ უნდა გაგვიჭირდეს...

მომავალი
2016 წელს ჩაბიმ განაცხადა, რომ სერიოზული ინვესტიციის გაკეთებას აპირებს მობილურების სფეროში. "მე ვაკონტროლებ ჩემს ფინანსურ მდგომარეობას დაბიზნეს - გეგმას. მთავარია, შენ არ გააკეთო ინვესტიცია მხოლოდ ერთ კონკრეტულ რეგიონში, რათა არ იყო დამოლიდებული გარკვეულ რყევებზე. მაგალითად, ვადევნებ თვალს ჩინურ ბაზარს, სადაც ასეთი რამეები ხდება.
არ ვიცი, რას გავაკეთებ მომავალში. მწვრთნელი რომ გახდე, ამისთვის სერიოზული მომზადებაა საჭირო. ვფიქრობ, გავაკეთო ინვესტიცია მობილურების, ან კომპიუტერების სფეროში." - ამბობს ჩაბი.

ის სამაგალითოა. არ შეიძლება, ასეთი ფეხბურთელი არ გიყვარდეს.
გმადლობთ, არქიტექტორო!

Sportall.Ge

დოსიე
ჩაბი ალონსო ოლანო
დაიბადა: 1981 წელს ტოლოსაში (ესპანეთი)
ამპლუა: ნახევარმცველი
კარიერა: 1999-2004 - რეალ სოსიედადი; 2000-2001 - ეიბარი (იჯარით); 2004-2009 - ლივერპული; 2009-2014 - რეალი; 2014-2017 - ბაიერნი.
ესპანეთის ნაკრები: 114 მატჩი, 16 გოლი

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ფეხბურთის მოკრძალებული გენიოსი
llcl
15:43 28-05-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული