ერნესტო ვალვერდე: მინდა, "ბარსა" კიდევ უფრო დიდი კლუბი გავხადო, ვიდრე ახლაა

AutoSharing Option
ორშაბათს "ბარსელონამ" ოფიციალურად დაასახელა ლუის ენრიკეს მემკვიდრე მთავარი მწვრთნელის პოსტზე, ის 53 წლის ბასკი სპეციალისტი ერნესტო ვალვერდეა.

გუშინ ვალვერდე "კამპ ნოუს" პირველად ეწვია ახალი თავკაცის რანგში - დღეს მისი პრეზენტაცია მოეწყობა. ჯერ იქნება კონტრაქტის საზეიმო ხელმოწერა "კამპ ნოუს" ვიპ-კლუბში, შემდეგ ოფიციალური პრეზენტაცია, ფოტოსესია და ბოლოს, პირველი პრესკონფერენცია.

ბუნებრივია, ვალვერდეს გამოჩენას "ბარსას" ოფისში მედია დიდი ენთუზიაზმით ელოდა და არც ბასკს დაუწყვეტია გული ჟურნალისტებისთვის. სწორედ გუშინ გაიჟღერა ვალვერდეს პირველმა ხმამაღალმა ფრაზამ - მინდა, "ბარსა" კიდევ უფრო დიდი კლუბი გავხადო, ვიდრე ახლა არისო.

ასე შინაურულად ის "კამპ ნოუზე" 80-იანი წლების ბოლოს მერე არ ყოფილა, მაშინ ვალვერდემ ორი სეზონი გაატარა იოჰან კრუიფის "ბარსელონაში".

- ჩემთვის დიდი პრივილეგიაა, რომ აქ ვარ. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ კლუბმა მე ამირჩია და სამუშაო შემომთავაზა. ერთი სული მაქვს, როდის დაიწყება ჩემი კარიერის სულ ახალი ეტაპი. ძალიან დიდი გამოწვევაა ჩემთვის "ბარსელონას" გაძღოლა. მე მაქვს დიდი სურვილი, გავხადო "ბარსელონა" კიდევ უფრო დიდ კლუბად, ვიდრე ის ამჟამად არის.

- შეადარეთ ფეხბურთელობისას "ბარსელონაში" გატარებული დრო ახლანდელს...
- სულ სხვადასხვა რამაა. ჯერ ერთი, ძალიან დიდი დრო გავიდა მას მერე. აქ რომ ვთამაშობდი, ძალიან ახალგაზრდა ვიყავი. ახლა გაცილებით დაღვინებული ადამიანი ვარ და გადაწყვეტილება გონების კარნახით მივიღე. სხვა კლუბებშიც დავბრუნებულვარ და ახლა "ბარსას" ჯერი ყოფილა.

- რას ელით "ბარსელონაში" მწვრთნელობისგან?
- მე მინდა, რომ ყველაფერი კარგად წარიმართოს, მე ვიყო წარმატებული, ხოლო "ბარსას" ფანები - გახარებულები. მინდა, რომ ფანებმა ისეთი გუნდი ნახონ, რომელიც ყველაფერს დებს წარმატების მისაღწევად მოედანზე. რომ ეს გუნდი ყოველთვის ერთგული იყოს ფანების. მინდა, რომ ფანებმა ისიამოვნონ ცხოვრებით, ისე, როგორც ამ წლებში არაერთხელ ყოფილა "კამპ ნოუზე". ბოლო წლებში "ბარსელონამ" ფანებს დიდი მწვრთნელებისა და ფეხბურთელების ჩუქების ფუფუნება მისცა. იდეა ის არის, რომ ეს ტრადიცია გავაგრძელო. მინდა, რომ ფანებმა იამაყონ თავიანთი გუნდით.

* * *
ჯერ პრეზენტაციაც არ გამართულა და ძნელია იმის განსაზღვრა, რა საკადრო ცვლილებებს მოიმოქმედებს ვალვერდე, თუ აუნთებს რომელიმე ბილბაოელს მწვანე შუქს და გადაიყვანს "ბარსელონაში". ვალვერდეს გადასაწყვეტი აქვს ვეტერანი ანდრეს ინიესტას საკითხიც. ანდრესი თავმდაბალი ადამიანია, მაგრამ ახლა დიდი სურვილი აქვს, რომ თავისი მომავალი თავადვე გადაწყვიტოს. ანდრესს კონტრაქტით კიდევ ერთი სეზონი რჩება "ბარსელონაში".

სამუელ უმტიტის საკმაოდ ძლიერი სადებიუტო სეზონი ჰქონდა "ბარსელონაში", რაც თავისთავად კარგია, მაგრამ ამის გამო ხავიერ მასკერანოს სულ უფრო შეუმცირდა სათამაშო დრო. ვალვერდემ არგენტინელის საკითხიც უნდა გადაწყვიტოს, ისევე, როგორც ფრანგი ჟერემი მატიოსი. მატიომ და ვალვერდემ ერთად იმუშავეს "ვალენსიაში", მაგრამ ამ გადასახედიდან, მატიოს შანსები, დარჩეს კატალონიურ გრანდში, ფრიად საეჭვოა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული