ლა ლიგის 28-ე ტურის მშვენება უდაოდ "სანჩეს პისხუანზე" გამართული მატჩი იყო, სადაც ჩემპიონმა და ერთპიროვნულმა ლიდერმა "ბარსელონამ" ორი ქულა დაკარგა - "სევილიას" 1:1 დაუზავდა, მიუხედავად იმისა, რომ გოლის გაშვების შემდეგ უზარმაზარ უპირატესობას ფლობდა. რა იყო ამ ჩავარდნის მიზეზი, რომელი დეტალი გაჩერდა ხოსეპ გვარდიოლას შვეიცარიული საათივით აწყობილ მექანიზმში? შევეცდებით, ამ კითხვებს ვუპასუხოთ, თუმცა თავიდან მწვრთნელთა მატჩის შემდგომი ინტერვიუებით დავიწყოთ.
გრეგორიო მანსანო (სევილია): "ძალიან მნიშვნელოვანი გოლი გაიტანა ხესუს ნავასმა. ამ გოლმა მოგვცა რწმენა, რომ შეგვეძლო
"ბარსელონასთან"
ხოსეპ გვარდიოლა (ბარსელონა): "მსაჯის სიტყვა კანონია, ამიტომ მესის გაუქმებულ გოლზე არ ვილაპარაკებ. საერთოდ არ მაქვს სურვილი მსაჯის ქმედება განვსაჯო. ისედაც ყველამ ყველაფერი თავისი თვალით ნახა. დიდებული მეტოქე გვყავდა და ჩვენც ძალიან კარგად ვითამაშეთ. იმ თამაშით, რაც პირველ ტაიმში ვაჩვენეთ, აშკარად ქულაზე მეტს ვიმსახურებდით. მეორე ტაიმში "სევილიამ" მოუმატა და ქულები წაგვართვა. საერთო ჯამში, გუნდის თამაშით კმაყოფილი ვარ. ჩვენი მიზანი ყოველთვის მატჩის მიმდინარეობის სრული კონტროლი, მაგრამ ხანდახან ამ მიზნის მიღწევას ხელს ძლიერი მოწინააღმდეგე უშლის. რაც მთავარია, არ წაგვიგია და ერთი წამითაც არ შეგვიწყვეტია ბრძოლა".
როგორც ხედავთ, ორივე თავკაცი კმაყოფილია თამაშით, თუკი მანსანო გულწრფელი ჩანს, პეპის მხრიდან ეს ერთგვარი რევერანსია მეტოქე გუნდის წარმომადგენლრბისადმი. ამ ფრის შემდეგ "ბარსელონას" 75 ქულა აქვს, მის ერთადერთ მეტოქეს ტიტულისათვის ბრძოლაში, "რეალს" კი 70. ყველაფერი შეიძლება მოხდეს, მით უფრო, რომ დარჩენილია "კლასიკო", რომელიც "სანტიაგო ბერნაბეუზე" გაიმართება. საჩემპიონო რბოლა ხელახლა გამოცხადდა გახსნილად...
სხვათა შორის, იმ დღეს, როცა პეპმა "ბარსელონა" "სანჩეს პისხუანზე" საბრძოლველად გაიყვანა, ათასი დღე შესრულდა, რაც ის კატალონიური გრანდის მწვრთნელია.
მოკლედ, ვნახოთ, რას მისტირიან კატალონიაში. უპირველესად, ეს ლეო მესის გოლია, რომელიც მსაჯმა არ ჩათვალა. მე-9 წუთი მიმდინარეობდა, როცა პატარა არგენტინელმა ბრწყინვალედ შეასრულა საჯარიმო დარტყმა და ბურთი "სევილიას" კარის ბადეში აფრთხიალდა. მაგრამ მსაჯმა პერეს ლასამ (რომელსაც "მარკამ" 10-ბალიანი სისტემით 0 (!) დაუწერა) "ბარსას" სულ სხვა ფეხბურთელი დააჯარიმა იმ ეპიზოდში. საოცარი გადაწყვეტილება მიიღო არბიტრმა და ლეოს სეზონში 28-ე გოლი არ დაანება, რითაც ის "პიჩიჩისთვის" ბრძოლაში დაწინაურდებოდა. ამის გარდა, "ბარსელონას" ფეხბურთელებმა ორჯერ გაარტყეს ბურთი ხარიხას. 42-ე წუთზე მესის თავური (!) მოხვდა ხარიხას, მე-2 ტაიმში კი ანდრეს ინიესტას ბრწყინვალე დარტყმული კვლავ "სევილიას" კარის ხარიხამ უკუაგდო. 68-ე წუთზე "სევილია" გარი მედელის თავგანწირვამ გადაარჩინა, როცა მესის ბრწყინვალე დრიბლინგს ბოიან კრკიჩის დარტყმა მოჰყვა, ჩილელმა ცარიელი კარიდან გამოიტანა ბურთი. მალე კრკიჩი საჯარიმოში წააქციეს, თუმცა მსაჯის სასტვენი დუმდა. ამ შემთხვევაში, ვიტყვით, რომ გადაწყვეტილება საეჭვო იყო. ბოლოს მედელმა კიდევ ერთხელ იყოჩაღა და ცარიელი კარიდან, ახლა, ინიესტას დარტყმული გამოიტანა. მოკლედ, ფორტუნამ ზურგი შეაქცია კატალონიურ კლუბს, თუმცა, სადაც სტუმართა ამდენი შანსი ვახსენეთ, "სევილიას" ერთი ნაღდიც ვთქვათ - ხესუს ნავასს შეეძლო მეორე გოლის გატანაც, მაგრამ ხელსაყრელი პოზიციიდან მთლად კარგად ვერ დაარტყა.
ბოიან კრკიჩი (ბარსელონა): "იმდენი შანსი გვქონდა, რომ ფრეზე მეტისთვის უნდა მიგვეღწია. როგორც შემეძლო, ვეხმარებოდი გუნდს. გოლი კარგია, მაგრამ, იმის გამო, რომ ქულები დავკარგეთ, გაორებული გრძნობით ვტოვებ სევილიას. მართლაც დაძაბული მატჩი გამოდგა, მოგება კარგი იქნებოდა, მაგრამ 1 ქულა მაინც ხომ ავიღეთ. ლა ლიგა საკმაოდ გრძელი ტურნირია, აქ ყველაფერი შეიძლება მოხდეს. ამიტომ, ეს თამაში უნდა დავივიწყოთ, რაც შეიძლება მალე".
ტრადიციულად, ამ თამაშის სტატისტიკიდანაც მოვიყვანთ საინტერესო ფაქტებს.
* "ბარსელონას" ბურთის ფლობის 75% ჰქონდა ამ მატჩში.
* "ბარსელონას" ფეხბურთელებმა გააკეთეს 760 პასი, "სევილიას" - 228.
* ამ თამაშში ყველაზე კარგი მეპასე ანდრეს ინიესტა იყო, რომელმაც 144 პასიდან 132 ზუსტი გააკეთა. იშვიათი შემთხვევაა, მაგრამ მან
ჩავისაც კი აჯობა (143 პასი, 124 ზუსტი). შედარებისთვის, "სევილიას" საუკეთესო წარმომადგენელი გარი მედელია, რომელმაც 40 პასიდან 31 ზუსტი გააკეთა.
* "სევილია" ორჯერ მეტჯერ დაჯარიმდა, ვიდრე "ბარსა" - ოცი ათის წინააღმდეგ.
* მიუხედავად სტუმართა ამხელა უპირატესობისა, გუნდებმა კარში თითქმის ერთნაირად ურტყეს - 12 "ბარსელონამ", 11 - "სევილია".
* ბოლო გოლი ბოიან კრკიჩმა 3 თვის წინ გაიტანა "რეალ სოსიედადის" კარში. ახლა ახალგაზრდა ფორვარდის ანგარიშზე ჩემპიონატში 4 გოლია.
* ვიქტორ ვალდესი კლუბის მაისურით მატჩების რაოდენობით ლეგენდარულ ანტონი რამალეტსს დაეწია (288 მატჩი) და ახლა მხოლოდ ანდონი სუბისარეტას (301 მატჩი) ჩამორჩება.
* სერხიო ბუსკეტსის საოცარი სერია დასრულდა, აქამდე ბოლო 25 მატჩში, როცა ის მოედანზე იყო, "ბარსა" აუცილებლად იგებდა.
* "ბარსელონას" რამდენიმე ფეხბურთელს ემუქრება 1-მატჩიანი დისკვალიფიკაცია, თითო ყვითელი ბარათის მიღება დარჩათ ლიმიტის ამოწურვამდე ბუსკეტსს, ვალდესს, ჩავის, მესის და მასკერანოს.
* "ბარსელონამ" ლა ლიგაში რეკორდული წაუგებელი სერია (26 მატჩი) გაიმეორა, რეკორდი კი 1974 წლის სეზონზე მოდის.
ამასობაში, "ბარსელონა" მადრიდულ რადიოსადგურ "კადენა კოპეს" უჩივლებს, თუ ეს უკანასკნელი ბოდიშს არ მოიხდის კლუბისთვის დოპინგ-მაქინაციებში გარევის დაბრალებისგან. რადიოარხზე ერთ-ერთ გადაცემაში თქვეს, რომ "ბარსას" წარმატების საწინდარი აკრძალულ პრეპარატებზე დამყარებული მთელი ინსტიტუტია, რომლის წყალობითაც გუნდი საოცარ ფორმაშია.
"სევილიასთან" მატჩმა "ბარსას" ლაზარეთი გვარიანად შეავსო - სხვადასხვა ხარისხის ტრავმები მიიღეს: დანი ალვესმა, მესიმ, მაქსველმა, პედრომ და ადრიანომ.
დანი ალვეში: ბრაზილიელ მცველს მარჯვენა კოჭი დაუზიანეს. ითამაშებს თუ არა, "ხეტაფესთან" მატჩში უცნობია.
ადრიანო: მარცხენა ფეხის კუნთი გაიჭიმა. ჯერჯერობით არც მისი თამაშის საკითხია ცნობილი.
მაქსველი: კიდევ ერთი ბრაზილიელი მცველი თამაშის შემდეგ საზარდულში ტკივილს უჩიოდა. ტესტირებმა აჩვენა, რომ კუნთი არ არის დაზიანებული, თუმცა მისი თამაში ხეტაფესთან ეჭვქვეშაა.
პედრო: მან პირველივე ტაიმში მიიღო ტრავმა. ტესტირებამ სპორტული თიქარი დაადგინა, მისი თამაში "ხეტაფესთან" ძალზე საეჭვოა.
მესი: მარჯვენა მუხლზე დარტყმა მიიღო. არგენტინელს ექიმები დღეს ჩაუტარებენ ტესტირებას, რამდენად სერიოზულია დაზიანება.