ფლორენტინო პერესი: რონალდოს ველაპარაკებით, ვნახოთ, როგორ დასრულდება ყველაფერი

AutoSharing Option
ამ დღეებში კრიშტიანო რონალდოს სავარაუდო ტრანსფერზე ლამის ყველა ლაპარაკობს. ამიტომაც თემა ორ დღეში ვერაფრით ამოიწურებოდა. რა გაირკვა გუშინ? "მანჩესტერ იუნაიტედის" პოზიციები არც ისე მყარი ჩანს რონალდოს ფრონტზე, ხოლო "რეალის" პრეზიდენტი აცხადებს, რომ რონალდოს შესახებ ჯერ ერთი კლუბიც კი არ დაკავშირებია.

ფლორენტინო პერესი კიდევ ერთხელ გახდა "სამეფო კლუბის" პრეზიდენტი. მას მედიასთან "რონალდოს საკითხზე" საუბარი მოუწია:

"არავის შემოუთავაზებია წინადადება რონალდოს შესახებ. ჩვენს გუნდში ყველაზე მნიშვნელოვანი და ყველაზე ძლიერი ფეხბურთელი სწორედ კრიშტიანოა. პირადად ყველაფერი გაზეთებიდან შევიტყვე. ჯერჯერობით, ამ პრობლემების მოგვარების გზა არ მაქვს
მოფიქრებული. კრიშტიანოს კლუბთან კონტრაქტი აკავშირებს, ის "რეალის" ფეხბურთელია. ჩვენ ველაპარაკებით მას და ვნახოთ, როგორ დასრულდება ყველაფერი".

პრეზიდენტის განცხადებიდანაც კარგად ჩანს, რომ პრობლემა ნამდვილად არის და რონალდოს წასვლაზე უჭირავს თვალი.

პერესმა ისიც განაცხადა, რომ დარწმუნებულია რონალდოს უდანაშაულობაში (გადასახადების დამალვასთან დაკავშირებულ საქმეში). სხვათა შორის, კრიშტიანოს საქმის პირველი სასამართლო განხილვა მადრიდში 31 ივლისს არის ჩანიშნული.

რადგან პერესი ვახსენეთ, აქვე მის ნათქვამს მოვიყვანთ ჯანლუიჯი დონარუმას ტრანსფერთან დაკავშირებითაც. ევროპაში ახლა ნომერ მეორე სალაპარაკო თემა ხომ დონარუმას საკითხია: "ვადასტურებ, რომ დონარუმას ვაკვირდებით, მაგრამ მეტს ამის შესახებ ჩემგან ვერ შეიტყობთ", - ასეთი იყო "რეალის" ბოსის პასუხი.

ჟოზე სასტიკი წინააღმდეგია
"მარკა" კი ამტკიცებს, რომ კრიშტიანოს ტრანსფერს "მანჩესტერ იუნაიტედში" წყალი შეუდგა, რადგან გუნდის თავკაცმა ჟოზე მოურინიომ ხელმძღვანელობას პირდაპირ მიანიშნა, რომ ის წინააღმდეგია. ყოფილ შეგირდთან და თანამემამულესთან ურთიერთობა მას "რეალში" მუშაობის ბოლო სეზონში დაეძაბა, თუმცა ღია კონფლიქტამდე საქმე არ მისულა, მაგრამ მოურინიოს წასვლის მერე, რონალდოს ყველანაირად ეტყობოდა, რომ შვებით ამოისუნთქა და "რეალში" მისი მნიშვნელობა კიდევ უფრო გაიზარდა.
ინგლისური კლუბისთვის მეორე შემაკავებელი ფაქტორი კი პორტუგალიელი სუპერვარსკვლავის ასაკია - კრიშტიანო უკვე 32 წლისაა.

მაგალითად, ინგლისელ სპეციალისტ სტიუარტ პირსს მიაჩნია, რომ ამ ასაკში მხოლოდ თავისუფალი აგენტის სტატუსით უნდა გადადიოდნენ ფეხბურთელები და რონალდო გამონაკლისი სულაც არ არის.

მესი, რონალდო, ახლა მოურინიო?
ამასობაში ესპანურ მედიაში დაიწერა, რომ საგადასახადო მაქინაციებთან დაკავშირებით ესპანეთის პროკურატურას ახალი ეჭვმიტანილი ჰყავს - ჟოზე მოურინიო. "რეალის" ექსთავკაცს 3,3 მილიონი ევროს გადასახადების დამალვას ედავებიან. პროკურატურამ მადრიდის სასამართლოში შესაბამისი განაცხადი უკვე შეიტანა.

"განსაკუთრებულს" ორ ეპიზოდში ადებენ ხელს (2011 და 2013 წლებში). შეგახსენებთ, რომ ესპანეთში მსგავსი ბრალდებები დაუმტკიცდა ლიონელ მესის, ხოლო კრიშტიანო რონალდოს საქმის განხილვა მალე დაიწყება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
32 წლის ვეტერანი ალბათ 30 მილიონის გასროლა შეიზლება რონალდოა მაგრამ ბებერია უკვე
აბც
18:26 21-06-2017
0
აბც რონალდოს მაისურები მოიტანს მარტო მილიონობით მოგებას ახალი გუნდისთვის, პლუს ეგ კაცი კიდევ 3 წელს ივარსკვლავებს მინიმუმ (უნივერდალია შეტევით პოზიციებზე). მაურინიოს იმიტომ არ უნდა რომ დაიჩრდილება - გუნდში მასზე უფრო "ვარსკვლავი" არ უნდა იყოს - ეს არის მისი კრედო
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული