"ბარსელონა" და "რეალი": ჭირში ერთად

AutoSharing Option
ლა ლიგის 28-ე ტურმა ჩემპიონობისთვის ბრძოლა დაძაბა - "ბარსელონას" უპირატესობა 5 ქულაღაა "რეალთან". სირცხვილი ჭამა "ვალენსიამ", რომელიც პრიმერას მესამეადგილოსნისთვის შეუფერებელი ანგარიშით, 0:4 წააგო "სარაგოსასთან" მატჩში.


მანუ აქა, მანუ იქა
ტრადიციულად, ორშაბათის მატჩით დავიწყებთ: მადრიდის გარეუბანში ცოცხალი და საღსალამათი, 38 წლის ალფონსო პერესის სახელობის სტადიონზე "ხეტაფეს" ბოლოს დაუძვრა ბილბაოს "ატლეტიკი" - 2:2. შედეგი, რომელიც არც მასპინძელთა თავკაც მიჩელს და არც სტუმართა დამრიგებელ ხოაკინ კაპაროსს გაახარებს.

ამ მატჩის მთავარი მოქმედი პირი მადრიდელთა 27 წლის გარემარბი
მანუელ დელ მორალ ფერნანდესი, ანუ მანუ იყო. მან 25 წუთში ჰეთ-თრიკი შეასრულა, ოღონდ უჩვეულო ჰეთ-თრიკი (ამას მარკ პოტერის ჰეთ-თრიკს ეძახიან) - ორი გოლი მეტოქის კარში გაიტანა, ერთი კი საკუთარში. ბილბაოელები ფორვარდმა ურკო ვერამ იხსნა - ბოლო წუთზე დავიდ ლოპესის პასს მან დროულად დაახვედრა თავი.

ხოაკინ კაპაროსი (ბილბაო): "თამაშის მიმდინარეობის გათვალისწინებით, ქულა მონაპოვარია, რადგან ცუდად ვითამაშეთ, მაგრამ ჩვენ ძალიან გულნატკენები ვართ, მადრიდში 3 ქულისთვის ჩამოვედით".

6. ბილბაო 28 13 3 12 44-40 42
11. ხეტაფე 28 9 7 12 38-43 34


ლეო VS
რონალდო, დუბლი 28...
...ც არ შედგა - ისევ კრიშტიანო რონალდოს ტრავმის გამო. ის კი არა, ცუდი ამბავი გვაქვს ამ დაუსწრებელი დუელის მოყვარულთათვის - ლეო მესიმ ტრავმა მიიღო და მისი თამაში მომდევნო ტურში, "ხეტაფეს" წინააღმდეგ საეჭვოა. მოკლედ, მესიმ ხელიდან გაუშვა კიდევ ერთი შანსი და კრიშტიანო რონალდოს ბომბარდირთა დავაში ვერ გადაუსწრო (ისევ 27-27 გოლი აქვთ). ისე, პორტუგალიელი პერეს ლასას უნდა უმადლოდეს, ბასკმა არბიტრმა არგენტინელს ნაღდი (საჯარიმო დარტყმით გატანილი) გოლი არ ჩაუთვალა.


პირველი...
...გოლი გაიტანა პრემიერლიგაში ბილბაოს "ატლეტიკის" 23 წლის ფორვარდმა ურკო ვერა მატეოსმა. იანვარში მოკრძალებულ "ლემონაში" აღმოჩენილმა ტალანტმა სულ მესამედ მოირგო ბასკური გრანდის ფორმა და მატჩის მიწურულს თავური დარტყმით გუნდს ქულა გადაურჩინა. ბარაკალდოელი ჭაბუკი ფერნანდო ლორენტეს შესაძლო შემცვლელად განიხილება, ის 190 სმ სიმაღლისაა, დღემდე მისი საბაზრო ფასი 400 ათას ევროს არ აჭარბებდა.


დოპინგ-ბრალდებები
რადიოსადგურმა "კადენა კოპემ" დიდი აურზაური გამოიწვია ესპანეთში - ამ მადრიდულმა FM რადიომ "ბარსელონა" დოპინგომანიაში დაადანაშაულა, რის გამოც ახლა კატალონიური კლუბი აპირებს ჩივილს. ბევრი კატალონიაში, "კადენა კოპეს" უკან "რეალის" ინტერესებს ხედავდა, თუმცა ესპანეთის ორმა გრანდმა ამ შემთხვევაში საერთო, საფეხბურთო ინტერესები დაიცვეს. "ბარსას" წარმომადგენელმა განაცხადა, რომ მალევე კლუბის ოფისში ფერნანდო პერესმა დარეკა, რომელმაც აღშფოთება ვერ დაფარა ამ ბრალდების გამო: "სანდრო როსელს არა აქვს მიზეზი არ დაუჯეროს პერესს, ჩვენ გვჯერა "რეალის".


ტურის სიმბოლური ნაკრები
4-4-2 (Goal.com)
დე ხეა (3) - არბელოა, იაროშიკი (3), კატა დიასი, ფ. ნავარო - ხესუს ნავასი (2), ინიესტა (7), გაბი, კალეხონი (2) - ბენზემა (2), აგუერო (5)

მეკარე

დავიდ დე ხეა (ატლეტიკო): "ალმერიასთან" ქულა დიდი ბედენა არაა, მაგრამ ვინც მატჩი ნახა, დაგვეთანხმება, რომ... რომ არა "ატლეტიკოს" 20 წლის გოლკიპერი დედაქალაქელები სულაც დიდი ანგარიშით წააგებდნენ.

მცველები
ალვარო არბელოა (რეალი): იშვიათად უწევს თამაში, ამიტომაც მან ყოველი შანსი უნდა გამოიყენოს. ყოფილმა ლივერპულელმა უკბილო "ერკულესს" ფლანგი აუწიოკა.
ირჟი იაროშიკი (სარაგოსა): ზედიზედ მეორე ტურია, რაც "ჩელსის" ყოფილი მცველი სიმბოლურ ნაკრებს არ სცილდება. სწორედ მისმა თავურმა დაუდო სათავე ხავიერ აგირეს გუნდის მოულოდნელმა და შთამბეჭდავმა გამარჯვებამ.
კატა დიასი (ხეტაფე): ამ მცველმა მთლიანად გამოთიშა თამაშიდან ფერნანდო ლორენტე, რომელსაც მეორე სართულზეც კი აჯობა.
ფერნანდო ნავარო (სევილია): გრეგორიო მანსანოს ბიჭებმა სული და გული ჩადეს "ბარსასთან" მატჩში. ნავარო გამორჩეული იყო "სანჩეს პისხუანზე".

ნახევარმცველები
ხესუს ნავასი (სევილია): "სევილიას" ლიდერმა თამაშამდე თქვა, რომ "ბარსას" დაამარცხებდა და კინაღამ შეასრულა მუქარა, ერთი გოლი გაიტანა, მეორემდე კი სულ ცოტა დააკლდა, ღონივრად რომ მოექნია ბურთისთვის ფეხი, ვიქტორ ვალდესი "ბარსას" გადამრჩენი არ იყო.
ანდრეს ინიესტა (ბარსელონა): მიუხედავად იმისა, რომ "ბარსელონამ" ვერ მოიგო, ანდრესმა ბრწყინვალედ ითამაშა. მას ფორტუნამ შეაქცია ზურგი, თორემ "სევილიას" კარში გადამწყვეტი გოლის ავტორი უნდა ყოფილიყო.
გაბი (სარაგოსა): არაგონელთა მამაცი კაპიტანი ამ სეზონში პირველად მოხვდა სიმბოლურში, მან ორი გოლი გაიტანა "ვალენსიას" კარში, ორივე პენალტით.
ხოსე კალეხონი (ესპანიოლი): "ესპანიოლის" მარგალიტმა კიდევ ერთხელ დაგვამახსოვრა თავი კარგი თამაშით. როცა "ბლანკ ი ბაუს" მომენტების შექმნა უჭირდა, სწორედ მაშინ გამოცოცხლდა კალეხონი, ერთი საგოლე პასიც მიითვალა და მოედანზეც ყველას სჯობდა.

თავდამსხმელები
ქარიმ ბენზემა (რეალი): არა მარტო, სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა, არამედ, ტურის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა. ფრანგი დუბლის გარეშე აღარ ტოვებს მოედანს და ის "რეალის" ერთ-ერთ ლიდერად იქცა. ერთი თვის წინ, ამ სიტყვებს გონიერი ადამიანი არ იტყოდა...
სერხიო აგუერო (ატლეტიკო): არგენტინელმაც ზედიზედ მეორედ მოიპოვა სიმბოლურში ადგილი. მის ანგარიშზე დუბლია "ალმერიას" კარში.


ტურის სტატისტიკა
28 გოლი (2,8 მატჩში), 53 გაფრთხილება, 5 გაძევება
ყველაზე მეტი მაყურებელი: 71 000, "სანტიაგო ბერნაბეუ"
ყველაზე ცოტა მაყურებელი: 6 000, "ალფონსო პერეს კოლისეუმი"
ყველაზე მეტი დარტყმა კარისკენ: 23 - რეალი
ყველაზე მეტი დარტყმა კარში: 11 - რეალი
ყველაზე მეტი ჯარიმა: 23 - რეალ სოსიედადი
ყველაზე მეტი კუთხური: 10 - ესპანიოლი
ყველაზე დიდი ბურთის ფლობის %: 75 - ბარსელონა


ტოპ-10 "დონ ბალონის" მიხედვით
1. მესი ბარსელონა 190 7,60
2. რონალდო რეალი 188 7,23
3. როსი ვილიარეალი 186 7,15
4. ალვეში ალმერია 196 7,00
5. კასორლა ვილიარეალი 189 7,00
6. ვალერო ვილიარეალი 182 7,00
7. ინიესტა ბარსელონა 195 6,96
8. რეიესი ატლეტიკო 168 6,72
9. არანსუბია დეპორტივო 147 6,68
10. ალვეში ბარსელონა 147 6,68

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული